"პერსონალური სანქციები უკმაყოფილებას გამოიწვევს რუსულ ისტებლიშმენტში და დაიწყება პუტინის "ტახტის" რყევა "- რა სანქციებით სჯის დასავლეთი პუტინის გარემოცვას

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის .. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, რუსეთმა დასავლეთისგან სანქციების პირველი ეტაპი უკვე მიიღო. ევროკავშირი, აშშ, იაპონია, კანადა, ავსტრალია და დიდი ბრიტანეთი - ეს ის ქვეყნებია, რომლებმაც მკაცრი შეზღუდვები რუსეთის აგრესიის საპასუხოდ უკვე განახორციელეს. 351 რუსი დეპუტატი ევროკავშირის ქვეყნებში ვეღარ ჩავა. "შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში , ბრილიანტები ანტვერ-პენში და სრიალი კურშაველის კურორტებზე დასრულდა," - უთხრა ევროკავშირმა უკრაინის ოკუპაციებზე ხელმომწერებს. ვაშინგტონი პერსონალურ, ფინანსურ სანქციებს უწესებს პუტინთან დაახლოებულ პოლიტიკური ელიტის წევრებსა და მათი ოჯახის წევრებს. სანქციები ასევე ეხება რუსეთის 2 მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტს. იაპონიის პრემიერ- მინისტრის განცხადებით, ის აკრძალავს ქვეყანაში რუსული ობლიგაციების გამოშვებას და გარკვეული ინდივიდების ანგარიშებს გაყინავს. გარდა ამისა, ეს პირები იაპონიაში შესვლას ვეღარ შეძლებენ, რადგან სანქციები მათ ვიზებსაც შეეხებათ. კანადა თავის მოქალაქეებს აუკრძალავს ყველა ფინანსურ ურთიერთობას აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ აღიარებულ დონეცკსა და ლუგანსკში. კანადელებს ასევე აეკრძალებათ რუსული ობლიგაციების შესყიდვა.

საინტერესოა, რა შედეგებს გამოიღებს ეს სანქციები, რას უნდა ველოდოთ და როგორ შეიძლებაიმოქმედოს ამ ყველაფერმა საქართველოზე? - ამ საკითხებზე „ვერსია“ „ევროპელი დემოკრატებისერთ-ერთ ლიდერს, მამუკა გამყრელიძეს ესაუბრა.

 _ბატონო მამუკა, რუსეთის მიმართ დაწესებული ამჟამინდელი სანქციები რომ განვიხილოთ, რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და რას გამოიწვევს ეს შეზღუდვები?

 _ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები ბორის ჯონსონის მიერ იყო გაჟღერებული, რომელიც რამდენიმე ძირითადი ბანკისთვის და სამი ადამიანისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ეხებოდა. ისინი ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრები არიან, კონკრეტულად, ძმები რუტენბერგები და გენადი ტიმჩენკო. ეს თავისთავად სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მათ ოჯახებს, ისინი ვერ მიიღებენ ვიზებს და ინგლისში მათი ქონება დაყადაღდება. გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის გადაწყვეტილებაც, გაუუქმოს ვიზები დუმის დეპუტატებს და მათ ოჯახებს. სანქციების პერსონალიზება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან რუსეთში ამას ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ. მშვენივრად გვესმის, რომ ის ლანძღვა - გინება, რაც რუსების მხრიდან მოდის ევროპის და დასავლეთის მიმართულებით, მხოლოდ სიტყვებია და სინამდვილეში ისინი საშოპინგოდ, გასართობად, სამკურნალოდ თუ შვილების სასწავლებლად დასავლეთს მიაშურებენ ხოლმე. ეს შეზღუდვები მათთვის იქნება ძალიან მტკივნეული. ეს ერთგვარ უკმაყოფილებას შეუქმნის რუსულ ელიტას, პუტინის გარემოცვას. პერსონებისთვის ქონების გაყინვა, ვიზების გაუქმება, გაზრდის უკმაყოფილებას რუსულ „ისტებლიშმენტში“. თუ ამას რუსეთის რიგითი მოქალაქეების უკმაყოფილებასაც დავამატებთ, რაც მსხვერპლით იქნება გამოწვეული, დაიწყება პუტინის „ტახტის“ შერყევა. უკვე არის საუბრები მის ჩანაცვლებაზე, განიხილება რამდენიმე პრეტენდენტი, მათ შორის, მიხეილ მიშუსტინი, სერგეი კირიენკო და ა.შ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ფაქტია, ეს ყველაფერი პრობლემებს შეუქმნის პუტინს, მას ეტყობა კიდეც ძალიან მძიმე გაღიზიანების კვალი. ამერიკელების დაწესებული სანქციებიც მნიშვნელოვანი იყო, განსკუთრებით, ორი ბანკის მიმართ დაწესებული სანქციები, რომლებიც იმდენად მნიშვნელოვანი ბანკებია რუსეთში, შეიძლება დიდი რყევები გამოიწვიოს.

 _დეპუტატების და მათი ოჯახებისადმი დაწესებულმა სანქციებმა, მათი პიროვნული უკმაყოფილების გარდა, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს რუსეთს?

_პირველი რეაქცია რუსეთის ბაზარზე იყო აქციების ფასების მკვეთრი ვარდნა, რაც მალე გამოსწორდა. რუსებს საკმაოდ სერიოზული რესურსები აქვთ, ასე მარტივად მათი ეკონომიკის დანგრევა შეუძლებელია, მაგრამ ვფიქრობ, თუ რუსები შეუტევენ ლუგანსკის და დონეცკის იმ რეგიონებს, რომლებიც ახლა არ არის ოკუპირებული, ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს უკრაინის ძალიან სერიოზული შეიარაღება, სანაპირო და საჰაერო დაცვის სისტემებით, რომლებიც ისეთ მტკივნეულ დარტყმას მიაყენებენ რუსეთს, რომ ის მსხვერპლი გამართლებული აღარ იქნება, რომლის დახარჯვასაც რუსეთი აპირებს ამ შეტაკებაში. სამხედრო დაპირისპირებით, მათი მიზანი უკრაინელებში უკმაყოფილების გამოწვევა და იქ ზელენსკის ხელისუფლების შეცვლაა, რუსებისთვის მისაღები ხელისუფლებით. ამისთვის ისინი ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ ამას უნდა გაუძლოს უკრაინამ და მას აუცილებლად უნდა დაეხმაროს დასავლეთი, როგორც ეკონომიკურად, ასევე შეიაღების თვალსაზრისით.

_როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, მკვეთრად დაიძაბოს ვითარება და სერიოზულ ომში გადაიზარდოს, რომელიც უკრაინის სხვა რეგიონებსაც დააზარალებს?

_აბსოლუტურად გამორიცხულად მიმაჩნია დიდი ომი, კიევზე შეტევა და ა.შ. თუ დაპირისპირება მოხდება, ეს იქნება შეტაკებები ლუგანსკის და დონეცკის ოლქების საზღვრებში. მეტი შესაძლებლობა რუსეთს არ აქვს. მათ ძალიან გაუჭირდებათ, რადგან უკრაინის არმია დღეს ძალიან მრავალრიცხოვანია, გამოცდილი და კარგად აღჭურვილი. ახლა ჩვენ რასაც ვხედავთ დასავლეთის მხრიდან, ეს არის დასავლეთის ერთიანობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. რუსეთის დიდი ომის შემთხვევაში საქმე რთულად აქვს - მისთვის ფართომასშტაბიანი ომის წარმოება დაკავშირებულია დიდ ფინანსურ, ადამიანურ და ტექნიკურ რესურსთან, რისი საშუალებაც რუსეთს ამ ეტაპზე არ აქვს. მე ვერ ვხედავ რუსეთის მხრიდან მძლავრი შეტევის შესაძლებლობას, სიტუაცია მხოლოდ დაიძაბება ამ საოკუპაციო რეგიონების საზღვრებთან, სადაც რუსეთი ახლა იკავებს პოზიციებს და ამით უკრაინის ხელისუფლებაში დაპირისპირების გამოწვევას ეცდებიან.

_ამ შემთხვევაში როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ და რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს მიმდინარე მოვლენებმა ჩვენი ქვეყნისთვის?

_მთავრობა ძალიან პასიურობს, გაცილებით უფრო სერიოზული მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს უკრაინას. სადაც იაპონია უწესებს მას სანქციებს, ჩვენც რაღაც სახის შეზღუდვები უნდა ავამოქმედოთ, თუნდაც ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში. ხელისუფლებაში არის შიში, თუ ხმას ამოვიღებთ რუსეთი რამეს დაგვიშავებს, მაგრამ მეტი როგორ უნდა დაგვსაჯონ, მათ უკვე მოახდინეს ჩვენი ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაცია, ამიტომ არ მესმის შიშის საფუძველი. ის რომ რუსეთი შემოიჭრება და თბილისს წაიღებს, ბოდვაა, მათ ეს არ სჭირდებათ. კარგი იქნება სასწრაფოდ დავიწყოთ თანამშრომლობა ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ბრიტანეთი, თურქეთი, პოლონეთი. პარტნიორული ურთიერთობების გამყარების მიზნით, უნდა ჩავერთოთ ყველა მცირე ფორმატში და ალიანსში, მაგალითად, ისეთ ისეთ ფორმატებში, როგორიც არის, ბრიტანეთის, უკრაინის და პოლონეთის ახალშექმნილი ალიანსი.

ავტორი: ია გრიგალაშვილი