მსოფლიო მუნდიალის წილისყრისთვის ემზადება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ცოტას თუ ახსოვს, რომ წელს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს. უკვე გაირკვა, რომ მუნდიალზე წასვლას ზედიზედ მეორედ ვერ ახერხებს იტალიის ნაკრები, რომელიც პლეი-ოფის შეხვედრაში, საკთარ მოედანზე, მაკედონიასთან დამარცხდა. ახლა მაკედონიელები საგზურისთვის პორტუგალიას შეხვდებიან, იტალია კი გახდა მეორე ნაკრები დანიის შემდეგ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო და შემდეგ მსოფლიოზე გასვლა ვერ მოახერხა.

ისტორიაში პირველად, ტურნირი ზაფხულის ნაცვლად, ზამთარში გაიმართება, რადგან მასპინძელი ყატარია და იქ ზაფხულში ფეხბურთის თამაში კი არა, მზეზე 10 წუთით დგომაც კი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. რაც შეეხება უშუალოდ შეჯიბრს - ის 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. წესისამებრ, მუნდიალზე მონაწილეობას 32 ქვეყნის ნაკრები მიიღებს, თუმცა საბოლოო შემადგენლობა ჯერ გარკვეული არაა. საინტერესოა, რა პრინციპით შედგება ფინალური ეტაპის კენჭისყრა. ფიფამ ოფიციალური განმარტება გასულ კვირას გამოაქვეყნა.

ტურნირზე მონაწილე 32 ნაკრები ოთხ კალათში გადანაწილდება, თითოში კი 8 გუნდი იქნება მოთავსებული. ამის გარდა, იქნება ცალკე კალათებიც, რომლებიც ნაკრებებს ჯგუფებში ნუმერაციის მიხედვით დააწყობს - A-დან H ჯგუფამდე. კენჭისყრით დაკომპლექტდება 8 ჯგუფი. პირველ ეტაპზე, 8 ჯგუფში, სრულად გადანაწილდება პირველ კალათში მყოფი გუნდები, შემდეგ იქნება მეორე, შემდეგ მესამე და ბოლოს მეოთხე.

წილისყრის დროს იქნება რამდენიმე შეზღუდვაც. ყატარს, როგორც მასპინძელ ქვეყანას მიენიჭება A-1 ნომერი, რომელიც ავტომატურად A ჯგუფში ჩაჯდება, შემდეგი 7 ჯგუფის ლიდერი გუნდი კი ტოპ-7 გუნდიდან გაირკვევა.

FIFA-ს წესებით, თითო ჯგუფში, თითო კონტინენტიდან თითო კვალიფიცირებული გუნდი უნდა იყოს. ასე, მაგალითად, არგენტინის ან ბრაზილიის ნაკრების ჯგუფში ვერ მოხვდება  რომელიმე სხვა სამხრეთ ამერიკული ნაკრები, თუმცა ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ევროპულ გუნდებზე. თითო ჯგუფში უნდა იყოს მინიმუმ ერთი და არაუმეტეს ორი ევროპული ნაკრები. ვინაიდან, ევროპიდან მსოფლიო ჩემპინატზე 13 გუნდი იქნება კვალიფიცირებული, მსოფლიო ჩემპიონატის 8 ჯგუფიდან 5-ში ევროპის კონტინენტს ორ-ორი გუნდი ეყოლება.

კალათის წევრები 31 მარტის შემდეგ გაირკვევა, როდესაც FIFA მარტის თვის მსოფლიო რეიტინგს განაახლებს. პირველ კალათში, რეიტინგის მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიცირებული 7 საუკეთესო გუნდი ჩაჯდება, შემდეგ მეორე კალათი შეივსება მომდევნო 8 საუკეთესო კვალიფიცირებული გუნდით, მესამეც ამ პრინციპით დაკომპლექტდება, მეოთხეში კი 5 ყველაზე მაღალ რეიტინგული გუნდი ჩაჯდება, რომელსაც ორი საკონტინეტთაშორისო ფლეი-ოფის და ასევე UEFA-ს ფლეი-ოფის გამარჯვებული დაემატება.

ჯგუფური ეტაპი 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.

 

1/8 ფინალი – 3-5 დეკემბერი;

1/4 ფინალი – 9-10 დეკემბერი;

1/2 ფინალი – 13-14 დეკემბერი.

 

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს, 18 დეკემბერს, „ლუსაილის“ არენა უმასპინძლებს, სტადიონზე 80 ათასი მაყურებელი ეტევა.