"6 წლის ვიყავი აფხაზეთიდან რომ წამოვედი და ახლა არაფერს აღარ დავთმობ, მზად ვარ შევაკლა თავი უკრაინას...“ - ქართველი სპორტსმენები უკრაინაში

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ლამის ყველა სპორტულმა ორგანიზაციამ რუს სპორტსმენებს კარიერა დაუსამარა, რადგან რუსული კლუბები თუ ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, სოციალურ ქსელში ნამდვილი ომი გაიმართა. არაერთ რუს სპორტსმენს მათი მეგობრები მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ და ეს ყველაფერი ხშირად ზღვარგადასულადაც ხდება. ჯერჯერობით, არცერთი რუსი სპორტსმენი ღიად არ ამბობს, რომ თავისი ქვეყნის მოქმედებებს არ ამართლებს, შეფარვით წერენ, ომი ცუდიაო. არიან ისეთებიც, რომლებიც ღია აგრესიაზე გადმოდიან და მათ შორის არის ქართველი თინა კანდელაკიც, რომელიც წლებია, სპორტული არხის, „მატჩ ტვ“-ს გენერალური დირექტორია. თუმცა, სანამ თინას ამბავს გეტყვით, ვიტალი კლიჩკოზე ვთქვათ. კიევის მერმა აუქციონზე თავისი ოლიმპიური ოქროს მედალი გაიტანა გასაყიდად და განაცხადა, რომ მიღებულ თანხას მთლიანად უკრაინის დახმარების ფონდში გადარიცხავდა. მყიდველმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია და მილიონი დოლარი გადაიხადა, მედალი მფლობელს დაუბრუნა და აღნიშნა, რომ კლიჩკოს მედალი უკრაინაში უნდა დარჩეს.

რაც შეეხება კანდელაკს: „ამ რთულ პერიოდში მინდა, რომ რუს სპორტსმენებს სოლიდარობა გამოვუცხადო. „სპორტი პოლიტიკიდან გასულია“ - ამ სლოგანს საერთაშორისო ოლიმიურმა კომიტეტმა უღალატა. უკვე 6 წელია რაც სპორტულ არხს ვხელმძღვანელობ, ამიტომ ამ ყველაფერს მშვიდად ვერ ვუყურებ. ოდესმე ყველაფერი დაწყნარდება და სპორტი ისევ დაიწყებს გაერთიანებას. გარე სამყაროსთან ინტეგრირებას სწორედ სპორტსმენები დაიწყებენ. მჯერა, რომ ისინი უფრო მეტნი იქნებიან, ვიდრე უბრალოდ სპორტმენები“,-განაცხადა მან.

რა თქმა უნდა, თინას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდა და განსაკუთრებით ქართულ წრეებში, ის ძალიან, ძალიან ბევრმა გააკრიტიკა (რბილად ნათქვამია), თუმცა გვეეჭვება, ამ კრიტიკას კანდელაკი შეეწუხებინა. მისი ქონება 60 მილიონ დოლარად არის შეფასებული და სავარაუდოდ, ის სწორედ ამ ქონებას უფრთხილდება. ამ განცხადების გარდა, კანდელაკმა რუსეთის საომარ ქმედებებს ღიად დაუჭირა მხარი. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიკტოვამ განაცხადა, თინა კანდელაკზე საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების პროცესი დაიწყეს, რადგან მან ღიად დაუჭირა მხარი უკრაინაში რუსეთის არმიის ინტერვენციას. კანდელაკი დანაშაულში ეჭვმიტანილის სტატუსის მქონეა, რუსეთის საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში დააკავებენ და უკრაინაში მის ექტრადირებას მოახდენენ.

რაც შეეხებათ დანარჩენებს.

სერგეი ბუბკა (უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, მსოფლიოს 10-გზის ჩემპიონი, მსოფლიოს 35-გზის რეკორდსმენი, ოლიმპიური და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი): „ძვირფასო უკრაინელებო, ოლიმპიურმა ოჯახმა კარგად გაიგო ჩვენი ტკივილის შესახებ. როგორც ნებისმიერი უკრაინელი, მეც ვერ ვიძინებ ღამ-ღამობით. ყველაფერს გავაკეთებ, რაც პირადად შემიძლია, რომ დავიცვა ჩემი სამშობლო, გამოვიყენებ ჩემს ყველა კავშირს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ომი უნდა დასრულდეს და მშვიდობამ გაიმარჯვოს. მთელი გულით მიყვარს უკრაინა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“. სხვათა შორის, ბუბკას ძეგლი დონეცკში დგას და ჯერჯერობით მას ჭურვი არ მოხვედრია.

ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, უკრაინაში სამშობლოს დასაცავად არაერთი სპორტსმენი დაბრუნდა. უკრაინელმა გულშემატკივრებმა ხმამაღლა გამოხატეს უკმაყოფილება იმით, რომ სამშობლოში საბრძოლველად არ წავიდა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი, ოლეკსანდრ ზინჩენკო. უკმაყოფილების ტალღა იმდენად დიდი იყო, რომ ზინჩენკო იძულებული გახდა, ახსნა-განმარტება გაეკეთებინა და რამდენად მისაღებია მისი პასუხი, თავად განსაჯეთ. აი, რა თქვა მან: „გულრწფელი ვიქნები... რომ არა ჩემი ქალიშვილი და ოჯახი, მეც ახლა იქ, ომში ვიქნებოდი. ძალიან ვამაყობ, რომ უკრაინელი ვარ და სიცოცხლის ბოლომდე ასე ვიქნები. ძალიან კარგად ვიცნობ ჩემს ხალხს, ჩემს საშობლოს... როდესაც მათ ვუყურებ, თუ როგორ იბრძვიან სიცოცხლისთვის... ჩემი ხალხის მენტალიტეტი ასეთია - სჯობს დაიხოცონ, ვიდრე დანებდნენ! ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრე, ვინც ჩვენ მხარეზეა და მათ მითხრეს, რომ ის, რასაც რუსული ტელევიზია გვაჩვენებს, სასაცილოა. ჩემი მისიაა, ვაჩვენო მთელს მსოფლიოს, თუ რა ხდება რეალურად ამ მომენტში...“

სამწუხაროდ, უკრაინის ომი დანაკარგების გარეშე არ მიდის და ხარკოვში ომს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დანიური „კოპენჰაგენის“ მცველის, დავით ხოჭოლავას სიმამრი ემსხვერპლა. აღნიშნული ჩვენთან თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ დაკარგა ადამიანი, რომელიც გვერდში მამასავით ედგა.

კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა თავს უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, აანატოლი ტიმოშჩუკს. ის ამჟამად სანქტ-პეტერბურგის „ზენიტში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს და უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე განცხადება რ გაუკეთებია და არც რუსეთი დაუტოვებია. მისგან განსხვავებით, სხვა უკრაინელებმა, ანდრეი ვორონინმა („დინამო“ მოსკოვის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი) და იაროსლავ რაკიცკიმ („ზენიტის“ ფეხბურთელი) რუსეთი და რუსული კლუბები პროტესტის ნიშნად უკვე დატოვეს. ტიმოშჩუკს ყოფილმა თანაგუნდელებმა უკვე ღიად მიმართეს:

იევჰენ ლევჩენკო: „ტოლია, ასე როგორ შეიძლება? შენ უკრაინელი ხარ. როგორ შეგიძლია, ჩუმად იყო და მანდ მუშაობას აგრძელებდე? ჩვენ ერთად ვთამაშობდით უკრაინის ნაკრებში, მის ფორმას ამაყად ვატარებდით, ერთად ვმღეროდით ჰიმნს, ერთად ვიგებდით და ვაგებდით. ახლა კი უბრალოდ მშვიდად და ჩუმად ხარ? ტოლია, ასე ცხოვრებას როგორ აპირებ?!“

ოლეკსანდრ ალიევი: „ტომოშუკ! შენ სად დიკარგე? ენა უკანალში შეიყავი, თუ ის ვინმეს უკანალშია? ჩვენო პატრიოტო, უკრაინელო. ლოყებზე დროშას როცა იხატავდი, „პონტაობდი“?! პენისისებრო პატრიოტო. მე შენ მამაკაცად გიცნობდი და დარჩი მამაკაცად. მე ვიცი, რომ შენ ამ ქვეყნის პატრიოტი ხარ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ, აქ ყველაფერი კარგად გვექნება“.

არ გეგონოთ, რომ ომს მხოლოდ პროტესტს უცხადებენ. აგერ, რუსმა ტანმოვარჯიშემ მსოფლიო გააღიზიანაა, მაგრამ ამის მიუხედავად, პოდიუმზე ბედნიერი სახით იდგა. მოკლედ, ყატარის დედაქალაქ  დოჰაში სპორტულ ტანვარჯიშში მსოფლიო თასი გაიმართა. რუსმა ტანმოვარჯიშემ ივან კულიაკმა ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონიისას, მას მაისურზე Z ასო დაიწერა სწორედ იმ ადგილას სადაც რუსული დროშა უნდა ყოფილიყო. მოგეხსენებათ, Z ასო არის გამოსახული რუსულ ტანკებზე და სამხედრო ტექნიკაზე, რომლითაც ამჟამად უკრაინას უტევენ. კულიაკის ქმედება ორმაგად გამაღიზიანებელი იყო, რადგან მის გვერდით პოდიუმზე უკრაინელი სპორტსმენი ილია კოვტუნი იდგა, რომელიც ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ რუს და ბელარუს სპორტსმენებს დროშისა და ჰიმნის გამოყენება აუკრძალა, მაგრამ საერთაშორისო ტურნირებზე ისინი მაინც დაუშვა.

სამშობლოს სსადარაჯოზე დგას უკრაინელი ჩოგბურთელი ცნობილი ჩოგბურთელი სერგეი სტახოვსკი. რამდენიმე დღის წინ მან საკუთარი ტელეფონიდან მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანთან, ნოვაკ ჯოკოვიჩთან მიმოწერა გამოაქვეყნა: „სტაკო, როგორ ხარ მეგობარო? ფრონტზე იმყოფები? შენზე ვფიქრობ. იმედი მაქვს, ყველაფერი მალე დაწყნარდება. გამაგებინე, როგორ შეიძლება დახმარება გაგიწიო... გინდა ფინანსური და გინდა სხვა რამ“. მიმოწერის სქრინზე, მისი პასუხის ნაწილიც სჩანს: „ნოლე, დიდ მადლობას გიხდი. კიევში ვარ და ახლა, სიმშვიდეა“. სხვათა შორის, სტახოვსკიმ ისიც აღნიშნა, როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალსაც ძალიან კარგად ვიცნობ, მაგრამ ჯერჯერობით არცერთს არ მოვუკითხივარო. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩის სამშობლოს მთავრობა ერთ-ერთია იმ იშვიათთაგან, რომელიც რუსეთს ღია მხარდაჭერას პირდაპირ უცხადებს.

სანქციები შეეხოთ პარაოლიმპიელებსაც. რუსეთი და ბელორუსი ამჯერად პეკინის ზამთრის პარალიმპურ თამაშებს ჩამოაშორეს. საერთაშორისო პარალიმპურმა კომიტეტმა თამაშებამდე ერთი დღით ადრე, რუსეთი და ბელარუსი პარალიმპური თამაშებიდან მოკვეთა. საქმე ის გახლავთ, რომ არაერთმა ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, გუნდმა და სპორტსმენმა რუსებთან და ბელარუსებთან ასპარეზობებზე უარი განაცხადეს, რაც თავის მხრივ, პარალიმპური თამაშების ჩაშლის საფრთხეს ქმნიდა. ითქვა ისიც, რომ ოლიმპიურ სოფელში რუსებთან და ბელარუსებთან ერთ ჭერქვეშ ყოფნა სხვათა უკმაყოფილებას იწვევდა და დაძაბულ ვითარებას ქმნიდა.

დასასრულ - უკრაინაში იარაღით ხელში იბრძვის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, უკრაინის სახელით მოასპარეზე გიორგი ზანთარაია. ის წარმოშობით აფხაზეთიდანაა და... „6 წლის ასაკში აფხაზეთიდან წამოვედი და ახლა არაფერს აღარ დავთმობ და აღარსად აღარ წავალ, მზად ვარ ბოლომდე შევაკლა თავი უკრაინას...“