დისკვალიფიკაცია - მაყურებელს, ჯარიმა - კლუბს

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქართულ ელ-კლასიკოდ წოდებული ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ დაპირისპირებას არაერთხელ ჩაუვლია დაძაბულ ფონზე, თუმცა მეათე ტურში გამართული მატჩი მაინც უცნაურად დასრულდა. დედაქალაქური კლუბი ქუთაისში 2:1-ს იგებდა, მსაჯმა ძირითად დროს 7 წუთი დაამატა და დამატებული დროის ამოწურვამდე 50 წამი იყო დარჩენილი, როცა ჯერ ტრიბუნებზე შეიქმნა უმართავი სიტუაცია, შემდეგ მოედანზე, საბოლოო ჯამში, არბიტრმა შეხვედრა აღარ გააგრძელა და მატჩი ჩაიშალა. შესაბამისად, მომხდარზე სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა და სასჯელი ორივე კლუბს ერგო. მაშ ასე, დავიწყოთ:

„ტორპედოს“ აღნიშნულ შეხვედრაში 0:3 ტექნიკური წაგება ჩაეთვალა. ამასთან ერთად, ქუთაისური კლუბი მომდევნო 5 საშინაო შეხვედრას მაყურებლის გარეშე ჩაატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, გულშემატკივარი 20 აგვისტომდე ვერ მივა. „ტორპედოდან“ ფულადი ჯარიმა და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრათ მოთამაშეებს - ბაქარ მირცხულავას, დინო ჰამზიჩს, ლევან მჭედლიძესა და ვაჟა ტაბატაძეს. იგივე სასჯელი მიიღო მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, შოთა ბაბუნაშვილმა. ფულადი ჯარიმა და 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო ქუთაისური კლუბის ფიზ-მომზადების მწვრთნელმა, თემურ ჯანაშიამ.

3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა „დინამოს“ ფეხბურთელს გიორგი პაპავას 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო „დინამოელმა“ დიმიტრი ანტილევსკიმ, ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისური კლუბის მეკარეების მწვრთნელს ევგენი ტაიკევიჩს. საერთო ჯამში, ჯარიმის სახით, „ტორპედოს“ 6 900 ლარის გადახდა მოუწევს, „დინამოს“ - 2 400 ლარის.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, გადადგომაზე განცხადება დაწერა ქუთაისელთა თავკაცმა, გია ცეცაძემ და მის ნაცვლად, „ტორპედოში“ კახა ჩხეტიანი დანიშნეს. რასაც ახლა ვიტყვით, შესაძლოა, ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ... სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება ზედმეტად რბილი გვგგონია. რატომ? - იმიტომ, რომ ყოველი მატჩის წინ, რომელშიც „ტორპედო“ „დინამოს“ მასპინძლობს, არსებობს ვარაუდი, რომ შეხვედრა ჩხუბისა და არეულობის გამო ჩაიშლება და პროგნოზი ხშირად მართლდება. ჰოდა, ეს ამბავი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე