„ფენერბაჰჩეს“ ბოიკოტი - ასეთი რამ არასოდეს მომხდარა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ის, რაც თურქეთის სუპერთასის შეხვედრაში მოხდა, არა მარტო თურქულ, არამედ, ფეხბურთის ისტორიას არ ახსოვს. სუპერთასს ერთმანეთს „გალათასარაი“ და „ფენერბაჰჩე“ ეცილებოდნენ. ორივე გუნდი საუცხოო ფორმაშია და შიდა ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე, მათ პირველ-მეორე ადგილები განაღდებული აქვთ, რადგან მესამეზე მყოფ „ტრაბზონს“ 30 ქულით უსწრებენ. დღეის მდგომარეობით, პირველზე „გალაა“ 84 ქულით, ხოლო „ფენერს“ 2 ქულით ნაკლები აქვს.

მოკლედ, „ფენერბაჰჩემ“ ფეხბურთის ფედერაციას ორი მოთხოვნა წაუყენა - ან შეხვედრა გადაიტანეთ და ცოტა დაგვასვენეთ, ან კეთილი ინებეთ და, უცხოელი მსაჯი მოიწვიეთ, რადგან ადგილობრივს არ ვენდობითო. ფედერაციამ არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მატჩი მაინც ჩანიშნა. მოედანზე „გალათასარაი“ საბრძოლო შემადგენლობით გამოვიდა, „ფენერბაჰჩემ“ კი 19-წლამდელთა გუნდი გამოიყვანა და... ერთ წუთში, ყველა ფეხბურთელი, პროტესტის ნიშნად მინდვრიდან გავიდა და კლუბმა შეხვედრის გაგრძელებაზე უარი თქვა. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, იმ ერთ წუთში, „გალათასარაის“ ფეხბურთელებმა გოლის გატანა მოასწრეს და დაწინაურდნენ. ფედერაციას ბევრი არ უფიქრია, ბოიკოტის მიუხედავად, ერთწუთიანი ანგარიში მატჩის საბოლოო შედეგად გამოაცხადა და სუპერთასი „გალათასარაის“ გადასცა. ფეხბურთელები და გულშემატკივრები გამარჯვებას მთელი ღამის განმავლობაში ამაყად აღნიშნავდნენ.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე