ლელა ჯეჯელავა: „საქართველოში შეიძლება, ისეთი პროცესები განვითარდეს, რომელიც ეკლესიას დაუკავშირდება და რომელსაც პოლიტიკაც მიებმება!

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საიდუმლო ვიზიტი რუსეთიდან და საპატრიარქოს კულუარული თამაშები 

 უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა „ტვ პირველთან“  ექსკლუზიურ ინტერვიუში სკანდალური განცხადება გააკეთა. კერძოდ, თქვა, რომ რამდენიმე წლის წინ, საქართველოში რუსეთიდან, სახელდობრ, პეტერბურგიდან, ორი ადამიანი ჩამოვიდა, რომელთაც უნდა გაეზომათ მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირებისა და პოლიტიკური პარტიების რეიტინგი. ამავე ინტერვიუდან ირკვევა, რომ ამ ორი პირის მიერ საქართველოში ჩატარებულ კვლევას დაემთხვა საქართველოს პატრიარქის მოსაყდრედ მეუფე შიოს გამორჩევა. ამ თემაზე „ვერსია“ „ეთნიკურ და კონფენსიურ ურთიერთობა ცენტრის“ ხელმძღვანელ ლელა ჯეჯელავას ესაუბრა:

 

- ქალბატონო ლელა, როგორც ცნობილი ხდება, რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული ადამიანები მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირების რეიტინგს ზომავდნენ. ეს რაზე მიგანიშნებთ?

- ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესიის, როგორც პოლიტიკური ბერკეტის გამოყენება, რუსეთს სურს...

- რუსეთიდან ამ ორი პირის ჩამოსვლას დაემთხვა მეუფე შიოს მოსაყდრედ გამორჩევა. რა ლოგიკურ ბმას ხედავთ ამ ორ ფაქტს შორის?

- არ ვიქნები გამონაკლისი, ვინც საუბრობს საპატრიარქოში რუსული ინტერესების რეალიზაციაზე და შესაბამისად, იქ მეუფე შიო იქნებოდა, თუ რომელიმე სხვა მეუფე, რომელსაც გამოარჩევდნენ, არსებითი მნიშვნელობა არ ექნებოდა ანუ აპრიორი, ვიცით, რომ იმის მიხედვით გამოარჩევდნენ, რამდენად მოემსახურებოდა იმ ამოცანებს, რაც რუსეთს, საქართველოსთან დაკავშირებით ჰქონდა.

- მეუფე შიოს რა ტენდენციას ამჩნევთ? რამე ისეთი განცხადება გაუკეთებია, რაც რუსეთის ინტერესს შეასრულებდა?

- ჩვენ შეგვიძლია, შეფასებები გავაკეთოთ მხოლოდ იმაზე, რაც გარეთ გამოდის, მაგრამ ძალიან ბევრი რამ, რაც ხდება საპატრიარქოს წიაღში - გადაჯგუფება, სასულიერო პირების დანიშვნა - ყველაფერი ეს, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მეუფე შიომ გაიმაგროს თავისი პოზიცია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ საბოლოო გათვლა მაინც მეუფე შიოზეა. მგონია, რომ იქ ძალიან მნიშვნელივანი პროცესები განვითარდება და შეიძლება, ძალიან დიდი სიურპრიზებიც გველოდოს. არ მაქვს მოლოდინი, რომ პოსტპატრიარქისეულ ეპოქაში, გათვლა გაკეთდება რომელიმე პროდასავლურ მეუფეზე, თუმცა ასეთები იქ ნაკლებად არიან. ყველას აქვს გარკვეული პრეფერენციები რუსეთის მიმართ, რასაც მისი ერთმორწმუნეობით ხსნიან, უმრავლესობას გარკვეული კავშირები აქვს, რადგან განათლება იქ მიიღეს, ზოგი მსახურობდა და ა.შ. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის შიგნით, რომელსაც მეუფე შიო, რაღაც გუნდის დახმარებით, წყნარად და უხმაუროდ აკეთებს.

ამიტომ, სულ არ ვფიქრობ, რომ მისგან რაიმე ტიპის ხმამაღალი დეკლარაციებია აუცილებელი და საჭიროა, ვიფიქროთ, არის თუ არა რუსეთის პროექტი.

ჩვენ ვიცით, რომ რუსული პოლიტიკისთვის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ქართულ პოლიტიკაზე ზემოქმედების ერთ-ერთი ბერკეტია.

ამ ინტერვიუდან ჩანს, რომ საქართველოში შეიძლება განვითარდეს პროცესები, რომელიც დაუკავშირდება ეკლესიას და რომელსაც მიებმება ახალი პოლიტიკური პროცესი...

ნუ დაგავიწყდებათ მეუფე იაკობის სულ ახლახან გაკეთებული განცხადება, ჩვენ რომელ ძალასაც დავუჭერთ მხარს, ის მოვა პოლიტიკაშიო. არ გამოვრიცხავ, რომ ეკლესიასთან დაკავშირებულ პროცესებს მიებას პოლიტიკური პროცესი.