„სპექტაკლები ანშლაგით მიმდინარეობს...“ - რა მდგომარეობაა თეატრებში მწვანე პასპორტის ამოქმედების შემდეგ

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

1-ელი დეკემბრიდან საქართველოში საზოგადოებრივ სივრცეებში შესასვლელად „მწვანე პასპორტების“ სისტემა ამოქმედდა. მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ: ის არის სრულად აცრილი; გადატანილი აქვს კოვიდ-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე; ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი; ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი.

კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას. „ვერსია“ დაინტერესდა, რა მდგომარეობაა თეატრებში მწვანე სტატუსის გააქტიურების შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით მოზარდ მაყურებელთა თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერ თათია პაქსაშვილს ვესაუბრეთ:

_ მწვანე პასპორტების შემოღების შემდეგ რა მდგომარეობაა თეატრებში?

_ მწვანე პასპორტის შემოღების შემდეგ შესამჩნევი ნამდვილად არ არის მაყურებელთა კლება. ჩვენ ყოველდღიურად აღარ ვთამაშობთ კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე სპექტაკლებს. გვაქვს მხოლოდ სამი დღე - პარასკევი, შაბათი, კვირა. იმ რეგულაციების გათვალისწინებით, რომელიც სახელმწიფომ დააწესა, ერთი ადგილის გამოტოვებით მაყურებლის განთავსება ხდება, აქედან გამომდინარე ბევრ სპექტაკლზე ბილეთსაც ვერ იშოვის მაყურებელი, ისეთი ანშლაგით მიდის სპექტაკლები.

მაყურებლის ის სეგმენტი, რომელსაც მწვანე პასპორტი არ აქვს, რა თქმა უნდა, დანაკლისია ნებისმიერი თეატრისთვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, კატასტროფული ვითარება არ არის. მართალია, ადამიანების ნაწილი თავიდან კრიტიკულად მოეკიდა მწვანე პასპორტს, ძალიან დიდი თავდასხმები იყო, მაგრამ უმეტეს ნაწილს მადლობა, რომ გაგვიგეს და იმ რეგულაციებით მოქმედებენ, რომელიც სახელმწიფომ დააწესა. აქ მხოლოდ მწვანე პასპორტზე საუბარი არ არის, მაყურებელს შეუძლია, შემოვიდეს პისიარის და სწრაფი ტესტით. ბოლო დროს პრემიერაზე რამდენიმე ადამიანი იმ დღეს გაკეთებული ტესტით გვესტუმრა.

_ მწვანე პასპორტის დაშვების შემდეგ გრძნობენ თუ არა თავს შედარებით უსაფრთხოდ მსახიობები და მაყურებლები?

_ რა თქმა უნდა, მაყურებელი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, როდესაც რეგულაციის მიხედვით სკამის გამოტოვებით სვამ და დამატებით მწვანე პასპორტის გაკონტროლება ხდება. ნაწილობრივ ეს ყოველივე უსაფრთხოების გარანტია, რა თქმა უნდა, აცრილებსაც ემართებათ კოვიდი, მაგრამ გაცილებით უსაფრთხოა აღნიშნული წესების დაცვით მოქმედება. გარკვეულწილად, ფსიქოლოგიური ფაქტორიც არის, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რომ საკუთარი და სხვისი უსაფრთხოების გამო უნდა აიცრას, გააკეთოს ის რაც სახელმწიფომ დააწესა, ჩვენ თუ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, მისი წესებითაც უნდა ვიმოქმედოთ.

_ფინანსური თვალსაზრისით პრობლემები ხომ არ შეგქმნიათ რეგულაციების გამო?

_ ამ თვალსაზრისით აისახა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩაკეტილები ორი წელი ვიყავით, რაც თეატრისთვის დიდი დარტყმა იყო. კოვიდის დასაწყისში მომდევნო 2 წელი პანდემიურად გამოცხადდა და სახელმწიფო გვეხმარებოდა კომუნალურების დაფარვაში გარკვეული დოზით, რაც შეეხება მესამე წელიწადს, ეს უკვე აღარ არის კოვიდ წლად გამოცხადებული და რა თქმა უნდა, გადასახადების გადახდა ჩვეულებრივად ჩვენ გვიწევს, კვირაში სამი დღე რომ თამაშობ, ბუნებრივია ეს გავლენას ახდენს ეკონომიკური თვალსაზრისით, ამიტომ არის ფინანსები შემცირებული.

კონკრეტულად მწვანე პასპორტების შემოღების პერიოდშიც იკლო ფინანსებმა. შედარებაც არ არის, რადგან პანდემიის გამო გარკვეული რეგულაციების შემდეგ სხვა დატვირთვით ვმუშაობთ და პანდემიის შემდეგ გადავედით შედარებით ნაკლებ დატვირთვაზე.

 

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი