ART-ვერსია: ყველაზე თბილი ქვეყანა - რუბენ ჰოვსეფიანი

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყველაზე თბილი ქვეყანა - რუბენ ჰოვსეფიანი (1939-2016)

ცნობილი სომეხი მწერალი, პროზაიკოსი, დრამატურგი და მთარგმნელი

 დაძინებამდე, დედამ ღუმელი ქვანახშირით პირამდე გაავსო, ნაცარი განზრახ ჩატოვა, რომ ცეცხლს დილამდე გაეძლო. ვერ გაძლო. გრძელ, დამუხლულ კვამლსადენს შუაღამის ყინვა და ქარის ღმუილი სახლში შემოჰქონდა, ოთახს უფრო აციებდა, ვიდრე თავად სიცივე. აკანკალებული პაპაჩემი თავის პაპას, პაპის პაპასა და ყველაზე პირველ პაპას ლანძღავდა, ღუმელს უჩიჩხინებდა, რომ ცეცხლი გაეჩაღებინა და აგური გაეთბო, მე კი - თავზე საბანგადაფარებული - ხარხარს ძლივს ვიკავებდი, რადგან იმაზე უფრო სიცილის მომგვრელი სანახაობა რა უნდა ყოფილიყო, ვიდრე თეთრ პერანგსა და ქვედა საცვალში გამოწყობილი მობუზღუნე, მცივანა მოხუცი, რომელიც თავის დიდი ხნის გარდაცვლილ პაპებს ლანძღავდა.

- ვირისთავებო, - ამბობდა ის, - თბილი, მდიდარი, საცხოვრებლად ხელსაყრელი ქვეყნები დატოვეთ და აქ გაჩნდით, შთამომავლობაც აქ შვით, ამ მკაცრზამთრიან მდელოზე. რატომ არ დაფიქრდით, რას ჰგავს თქვენი საქციელი? გემი აგეგოთ, მდინარეები, ზღვები გადაგელახათ და ახალი მიწები გეპოვნათ ან ცხენით, სულაც ფეხით წასულიყავით. სადაც დაიბადეთ, წიწილებიც იქ გამოიყვანეთ. მაშ, ასეთ დიდ ერს, ერთი ჭკვიანი მოგზაური არ უნდა ჰყოლოდა?

- კოლუმბთან ერთად, პაპა, ერთი სომეხი ბერიც იყო, - ვუთხარი მე.

- ის საცოდავი, იმის მაგივრად, რომ კოლუმბს თავად გაძღოლოდა, თვითონ გაჰყვა. არა რაა, შენ რაც გინდა ის თქვი, მე ჩვენს ერს გეოგრაფიის საგანში „ორიანს“ ვუწერ.

პაპამ ღუმელიდან სავსე ტაშტი ნაცარი გამოიღო, ახალი ქვანახშირი შეუკეთა და აგურზე ხელდადებული ელოდებოდა, სითბოს როდის აკრეფდა გამომწვარი თიხა.

- პაპა, - ვუთხარი მე, - ნაზანი წაიყვანე. მართალია, ისე ვერ გაგათბობს, როგორც აგური, მაგრამ აგურივით მაინც არ იყინება.

საბანი გადავიწიე და ჩემს ფეხებთან მოკალათებული მთვლემარე კატა დავანახე.

- მის კრუტუნში დაძინება შეიძლება, რო?

- ძალიანაც კარგად მძინავს.

- ვნახოთ, - პაპა დამთანხმდა და ნაზანი უბეში ჩაიხუტა, - ვცადოთ. ძილში ხომ არ დამჩხაპნის?

- რატომ უნდა დაგჩხაპნოს?

- ვინ იცის, - პაპა მთვლემარე კატასთან ერთად, საბნის ქვეშ შეწვა, - ერთიც ვნახოთ და, ნაზანმა ძილში, სხვა კატებთან ჩხუბი ატეხა.

- მოეფერე, - ვურჩიე მე, - არ შეგეშინდეს, ნაპერწკლებს თუ შენიშნავ. შენ რატომ არ ააგე გემი, მდინარეები, ზღვები რატომ არ გადალახე, ახალი მიწები რატომ არ იპოვნე? ან ცხენით, ფეხით რატომ არ წახვედი? ერთი ციცქნა კუნძული მაინც რომ ყოფილიყო შენს სახელზე.

- მე ვიბრძოდი, - თქვა პაპამ, - მოგზაურობის დრო არ მქონდა.

- ბრძოლით გემოგზაურა.

- ბრძოლით არ მოგზაურობენ, ვირისთავო. ბრძოლით კვდებიან ან ცოცხლობენ. მომაშტერდა...

- დაელაპარაკე, პაპა, თავზე მოეფერე. მაშ ესპანელები, თურქები ბრძოლით როგორ მოგზაურობდნენ?

- შენს მასწავლებელს ჰკითხე. კატას თმები ყალყზე დაუდგა.

- ყურის ქვეშ მოფხანე.

- ვეფხვივით მიღრენს.

- ნაზან, - შევეხმიანე მე, - ჭკვიანად იყავი, ნაზან.

- ვაი... მე შენი პაპის პაპა! - წამოიყვირა პაპამ და საწოლზე წამოჯდა. სიბნელეში, ჰაერში ნაზანის წყვილმა თვალმა გაიელვა, ცოტა ხანში, ეს თვალები უკვე ჩემი საბნის ქვეშ ბრწყინავდნენ. ნაზანი მთელი ტანით კანკალებდა და მოუსვენარი კუდით ფეხებზე მიღიტინებდა.

- ხომ არ დაგჩხაპნა, პაპა?

- სისხლი გამომწოვა, სისხლი... გეგონება, ბევრი სისხლი მქონდეს. სად გაიქცა? შენთან ხომ არ მოვიდა?

- არა, - მოვატყუე მე და გამხეცებულ კატას ფერებით ვამშვიდებდი.

პაპამ ნათურა აანთო, ცოცხს ხელი მოავლო, ღუმელის, საწოლის, კარადის ქვეშ და კუთხეებში მიუსვ-მოუსვა, - სად დაიკარგა, ჰა? სად დაიკარგა ეს უტიფარი მზაკვარი?

- მამა, დაგვაძინე რა, - გვერდითა ოთახიდან მამაჩემის უკმაყოფილო ხმა გაისმა, - შენ დღე გძინავს, ჩვენ კი ღამე დაძინებას არ გვაცლი.

- მოხუცთა თავშესაფარში ჩამაბარეთ და შვებით ამოისუნთქავთ, - ცხვირში ჩაიდუდღუნა პაპამ, - ღამე მშვიდად დაგეძინებათ, დღისითაც ერთი კაცის სამყოფ ულუფას დაზოგავთ. ეგებ, გამდიდრდეთ.

- მოხუცთა თავშესაფარი რა არის, პაპა?

- სახელმწიფო სახლია, თბილი, წყნარი. იქ არც კატაა, არც ძაღლი, მარტო ბებრები არიან. თავის დროზე ჭამენ, საპირფარეშოშიც თავის დროზე დადიან, თავის დროზე იძინებენ და თავის დროზე კვდებიან. კატას შეეხმიანე, გამოვიდეს. შენ მოგისმენს.

- ნაზან, - ჩურჩულით ვეძახი.

- ხმამაღლა, - მიბრძანა პაპამ.

- ფუი! - მამაჩემის ხმა გაისმა, - ეს ხომ სახლი არაა! ჯოჯოხეთის ბაზარია, - ფლოსტების ფრატუნით, ჩვენს ოთახში შემოვიდა და პაპაჩემის წინ დადგა. პირველად შევნიშნე პაპა და მამა ერთმანეთს როგორ ჰგვანან - იგივე მსხვილი ცხვირი, ფართო შუბლი, ფუმფულა თმები და კეთილი თვალები. მარცხენა ყურზე, დაბადებიდანვე გამოზრდილი ბებერაც იგივე ჰქონდათ, რომელიც დღის განმავლობაში, რამდენჯერმე, ხან წითლდებოდა, ხან თეთრდებოდა. ერთი და იგივე თეთრი პერანგ-საცვალი ეცვათ და სიმაღლეც ერთნაირი ჰქონდათ, მაგრამ პაპა უფრო დაბალი მოსჩანდა, რადგან მხრებში ოდნავ მოხრილიყო.

- ნახე! - პაპამ დასისხლიანებული თითი ცხვირწინ  დაუტრიალა, - ნახე, რა ქნა ამ უტიფარმა მზაკვარმა.

- მაშ, მე რატომ არ მკბენენ თითზე? - ჰკითხა მამამ.

- შენ რატომ უნდა გიკბინონ? - გაიკვირვა პაპამ, - შენ გვერდითა ოთახში, ცოლთან ერთად არ გეძინა?

- მეძინა და გამაღვიძე. ამხელა კაცი, ბავშვივით ჭყივი.

- თოვლი და ყინვაც მე გამოვიგონე, გაზაფხული რომ იგვიანებს, ამაშიც მე ვარ დამნაშავე. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მოხუცთა თავშესაფარი... ყველაფერში მე ვარ დამნაშავე. პაპაშენი ვარდაზარი კი უცოდველია, არმენაკიც, ჰოვსეფიც... შენთვის რომ ეკბინა თითზე, შენც იჭყივლებდი...

- ვინ?

- შენ, მეტი ვინ?

- არა, გეკითხები - ვინ? ვის ეკბინა?

- ვინ, ვინ, ვინ... ისევ ძილში ხარ და არ იცი, რას ლაპარაკობ. შავი დღისთვის გადანახული არაყი გექნება, მომიტანე, ჭრილობა დავიმუშაო.

მამა უთქმელად შეტრიალდა და სამზარეულოსკენ წავიდა.

- და ორი ჭიქაც გამოაყოლე, - მიაძახა პაპამ, - კატას შეეხმიანე, ვირისთავო.

- ნაზან, - ოდნავ ხმამაღლა დავიძახე, კატა ფეხებს შორის მოვიმწყვდიე, რომ შემთხვევით, გარეთ არ გამომძვრალიყო და პაპას ხელში არ ჩავარდნოდა. ნაზანისთვის კანკალს უკვე გაევლო, სხეული დაპატარავებოდა, მოშვებულიყო და საცაა, კრუტუნს ამოუშვებდა.

- პაპა, - ფრთხილად ვკითხე, - ნაზანს თუ იპოვი, რას უზამ?

- დანერწყვილ ცხვირ-პირს დავუკოცნი. აბა, შენ რა გეგონა?

- მეგონა, უნდა მიგებეგვა ან გარეთ გაგეგდო.

- მიბეგვა არ აწყენდა, მაგრამ გარეთ როგორ გავაგდებ? დილამდე გარეთ რომ დარჩეს, ძეგლი გახდება. ხომ ნახე, არ ვუთხარი, რომ პური, ყველი და მჟავეც წამოიღე მეთქი. თვითონ მოიფიქრებს?

- მოიფიქრებს, - ვუთხარი, - პირველად ხომ არ არის? მოხარშული ლობიოც გვაქვს და შემწვარი კარტოფილიც.

- მაშინ ადექი, ადექი, - მიბრძანა პაპამ, - ნერწყვის ყლაპვით იხრჩობი და მაინც წევხარ?

ნაზანი რომ არ გამეღვიძებინა, ლოგინიდან ფრთხილად გამოვძვერი, შარვალი, წინდები და ჩუსტები ჩქარ-ჩქარა ჩავიცვი.

ღუმელი უკვე გავარვარებულიყო, ოთახში სითბო იღვრებოდა. კვამლსადენი კვლავ ღმუოდა, მაგრამ ამჯერად, არა ქარისგან, არამედ - ალისგან. ახლა, ალბათ, სახურავზე, გაყინული ბეღურები და ყვავები, სოკოს ფორმის ჩვენს საკვამურს შემოსხდომიან და ყინულივით ცივ და კრიალა ცისკენ სვეტად აღმავალ კვამლში ნაპერწკლებს ითვლიან. ორთქლი ასდის, ალბათ, სახურავსაც, გარგარის, ატმის შიშველ ტოტებს ათბობს და დილამთე თრთვილად იქცევა. დილით კი გამჭვირვალე თრთვილის ქვეშიდან, ხის ფისი აბრჭყვიალდება და ბეღურებს გააგიჟებს.

- პაპა, რატომ არის, რომ ბეღურის ჩანისკარტებული თუთა ყველაზე ტკბილია?

- ბეღურის ნისკარტი თაფლიანია.

მამამ, ღრმა ჭურჭლით, მჟავეში ჩადებული ბლომად კომბოსტო, პომიდორი, კიტრი და წიწაკა მოიტანა, ასევე, მოხარშული ლობიო, ერთი თავი ხახვი, ლავაში, ყველი, არაყი და ორი ჭიქა. მაგიდა გააწყო და ლავაშები ღუმელზე გასაფიცხებლად გადაფინა. ოთახში თონის სურნელი დატრიალდა, მოლურჯო ბოლი ჭერის ქვეშ ღრუბლად გადაიქცა.

- კეთილი დილა გაგვთენებოდეს, - თქვა პაპამ და თავისი წილი არაყი დალია. - სახლში კატაა, - ტუჩების ლოკვით განაგრძო, - სუფთა პირუტყვი. რასაც ჩვენ ვჭამთ, ისიც იმას ჭამს. რაღამ შეაშინა?

მე მჟავე პომიდვრები და კიტრები მოვასუფთავე. მსხვილი, ყვითელი წიწაკები სავსე იყო მჟავე წვენით. წიწაკის ხორციან კანს კბილებით ვჩხვლეტდი, მის მარილიან, მჟავე, მწარე, სურნელოვან წვენს ვსვამდი და ვთვრებოდი იმიტომ, რომ თვრებოდნენ, ასევე, პაპა, მამა. წითური ხახვის თავი, მამამ მუშტის დარტყმით გაჭყლიტა, დააცემინა, მერე მე დავაცემინე, მერე პაპამ და ვიდრე ხახვის სიცხარე ჰაერში დაცურავდა, რიგრიგობით ან ერთდროულად ვაცემინებდით, ვიცრემლებოდით.

- ოხაი! - სიამოვნებისაგან პაპამ მუცელზე ხელი დაიტყაპუნა, - ნაწლავები გამითბა.

- ცხენი მომგვარეთ, - იბღავლა მამამ, - ცხენი მომგვარეთ, რომ გზები დავლაშქრო...

- დაჭედილი, შეკაზმული ცხენი, აგერ, ეზოში ჭიხვინებს, - ამბობს პაპა. - კოლუმბი, მაგელანი, მიკლუხო-მაკლაი, პრჟევალსკი - შენ რომელი ერთი ხარ?

- ეგენი ჭირსაც წაუღია...

- ყოჩაღ! რიგგარეშედ - შენი სადღეგრძელო.

- ისევ გაგიჟდით? - ძლივს გასაგონად გაისმა დედის ხმა.

- ხმა! - დატუქსა პაპამ.

- ხმა! - იღრიალა მამამ და სიმღერა დასცხო, მაგიდის კუთხეზე დოლს უკრავდა.  – „მიჯნური ვარ, მიჯნური, მე შენს მკერდზედ ხალი ვარ, დაგიკოცნი ლამაზ ლოყებს, ჩემი გულის ვარდი ხარ“

- „მიჯნური ვარ, მიჯნური..., - აჰყვა პაპა, - რას დამდგარხარ, ვირისთავო, იცეკვე...

საწოლი ფანჯარასთან მივწიე, ადგილი რომ გათავისუფლებულიყო და ცეკვა დავიწყე. მამა მღეროდა, მაგიდაზე ხელებს ურტყამდა, პაპა ტაშს უკრავდა, შემდეგ ვეღარ მოითმინა და თავადაც საცეკვაოდ გამოვიდა.

- ჰოპ, ჰოპ, ჰოპ!.. - ფრუტუნებდა პაპა, - ეხლა სიხარულისგან მოვკვდები.

- კაცი სიხარულისგან უნდა მოკვდეს, მაშ, როგორ! - დაემოწმა მამა. - დარდისგან კაცის სიკვდილი იქნება? ცხენი მომგვარეთ, ცხენი...

- აი, რა თბილი სახლი გვაქვს, - ამაყად თქვა პაპამ, როცა ოფლმა შუბლი და მკერდი დაუსველა, - შენ კი, ვირისთავო, კუნძული გინდოდა, გემი, თბილი ქვეყნები. ჰოპ, ჰოპ, ჰოპ!..

- თბილი ქვეყნები შენ გინდოდა, - ქოშინით ვუთხარი. - დაგავიწყდა? როგორ ლანძღავდი ვარდაზარს, არმენაკს, ჰოვსეფს.

- ძალიანაც მინდოდა. ძალიანაც ვლანძღავდი. ასაკოვანი ადამიანი ვარ, მეპატიება. შენ რატომღა გინდოდა კუნძული?

- ჩვენი სახლი კუნძული არ არის? - მკითხა მამამ.

- კუნძული რომელია? - ეშხში შევიდა პაპა, - მთელი ქვეყანაა.

- ყველაზე თბილი ქვეყანა, - დაამატა მამამ და ისიც შემოგვიერთდა.

- და ყველაზე მდიდარი, - თქვა პაპამ.

- ნეტაი ჩვენ, რაღა გვიჭირს, - გაისმა დედის ხმა.

- ხმა! - იღრიალა პაპამ.

- ხმა! - იღრიალა მამამ.

ახლა უკვე სამივე ვცეკვავდით - პაპა, მამა, მე. ფეხქვეშ იატაკი ქანაობდა, ველური ცეკვისგან მაგიდა ირყეოდა, ძველი კარადა ჭრიალებდა, არყის ცარიელი ბოთლი დაგორავდა, ახალი დღის სინათლე კი ფანჯრის მინებს მოტმასნოდა და შინ შემოსვლას ვერ ბედავდა.                              

 

სომხურიდან თარგმნა გელა გელაშვილმა