„კემბრიჯ კოლეჯი“ - ქვიზები ინგლისურად, ხელოვნური ინტელექტი და ცენტრის დამფუძნებლის „ნოუ ჰაუ“

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ, შარშან, მარტის ბოლოს დაიწყო - ინგლისური ენის პროფესიონალურად შესწავლა გადავწყვიტე და Facebook-ში საკმაოდ საინტერესო ცენტრი ვიპოვე. „დავგუგლე“ და გავარკვიე, რომ უცხო ენების შემსწავლელი ეს ცენტრი 2007 წელს შექმნილა, გამომწერებს შორის კი იმდენი ნაცნობი აღმოვაჩინე, ბევრი აღარ მიფიქრია და ტესტირება გავიარე, რათა გამერკვია, რა დონეზე ვიცოდი ინგლისური. საკმაოდ რთული ტესტი იყო, რაღაც ეტაპზე გამიჭირდა კიდეც, მაგრამ ისე ახლოს ვიყავი მიზანთან - ჩემი ბავშვობის ოცნების ახდენასთან, რომ ადვილად არ დავნებდი. ტესტირებით გაირკვა, რომ ინგლისურს A.2 დონიდან შევისწავლიდი, ჰოდა, დავიწყე და ახლა B.2 დონეზე ვაგრძელებ სწავლას.

აქამდე არ მითქვამს, რომ „კემბრიჯ კოლეჯზე“ ვსაუბრობ და არც ის იცით, რომ „ქართულ-ჯიგრული“ გაგებით, იმ ასაკში ვარ, რაღა დროს ჩემი ინგლისურია, ხომ? ყური არავის დაუგდოთ, ვინც ასე ფიქრობს, მე დამიჯერეთ, გამომყევით და ნამდვილ ამბავს მოგიყვებით, როგორ დავიწყე ჩემი ოცნების ახდენა - ინგლისური ენის ონლაინ შესწავლა 48 წლის ასაკში (ახლა 49 წლის ვარ) „კემბრიჯ კოლეჯში“, რომელიც 2007 წლიდან, ერთგულად უზრუნველჰყოფს უმაღლესი ხარისხის კურსებს და ინგლისური ენის შემსწავლელ, პირველ ციფრულ პლატფორმას საქართველოში!

 

ერთ ოთახში დაწყებული დიდი საქმე

„კემბრიჯ კოლეჯს“ თავის საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული პროფესიონალი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი, ყველაზე პოზიტიური, ენერგიული, გადმოცემის საოცარი უნარის მქონე, პედაგოგად დაბადებული გიორგი ბათიაშვილი ხელმძღვანელობს. 17 წლის წინ, ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი თავის უფროს მეგობართან ერთად, თბილისის ცენტრში, ვაკის შუაგულში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მათი საერთო მეგობრის ანალოგიური ცენტრის (რომელსაც, თურმე, თავს ვერ ართმევდა) ერთ ოთახში გახსნეს.  

„ყველაფერი ერთი ოთახიდან დავიწყეთ, რომელიც მაქსიმუმ 15 კვადრატული მეტრი იყო, 10 სკამი იდგა და ერთი დაფა გვქონდა. ზუსტად ერთ თვეში, 100 მოსწავლე მივიღეთ, რაც მართლაც მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი იყო. ბევრს ვმუშაობდით, მე და ჩემი მეგობარი ვიყავით დამლაგებლებიც, მენეჯერებიც, მასწავლებლებიც... ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ჩვენი საქმე წინ წასულიყო. ვისგანაც ფართი ვიქირავეთ, გაოგნებული იყო, რადგან ეს საქმე დიდი ხნის წინ დაუწყია და მხოლოდ 20 სტუდენტი ჰყავდა. ჩვენ კი ერთ თვეში, ჯერ მეორე ოთახი მოვითხოვეთ, შემდეგ - მესამე, მეოთხე, ბოლოს მთლიანი შენობა დავიკავეთ და მისი ცენტრიც გაუქმდა. ბევრი მოსწავლე შევიძინეთ და თანამშრომლებიც ავიყვანეთ. ამის შემდეგ უფრო დიდ ფართში გადავედით, მოგვიანებით ჩემი მეგობარი საზღვარგარეთ გაემგზავრა და ასე შემოვრჩი ამ საქმეს, რომელსაც 13 წელია, დამოუკიდებლად ვხელმძღვანელობ“, - მიამბობს გიორგი ბათიაშვილი.  

ვეკითხები, მასწავლებლობა თქვენი ბავშვობის ოცნება იყო-თქო და იქვე ვაზუსტებ, იმიტომ მაინტერესებს, რომ მეც კი, რომელსაც ვერცერთი მასწავლებელი ვერ მაჩერებდა გაკვეთილზე სკოლაში, ვერც სტუდენტობის დროს ლექციაზე - ლექტორი, სუნთქვაშეკრული ვუსმენ ხოლმე. ხომ გითხარით, გადმოცემის საოცარი და იშვიათი უნარი აქვს, შანსს არ გვიტოვებს, რომ რამე ვერ გავიგოთ.

„ადამიანმა შეიძლება იოცნებოს სიმდიდრეზე, დიდებაზე, პოპულარობაზე, მაგრამ მასწავლებლობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ყოველთვის მინდოდა, მცოდნოდა ისეთი რამ, რასაც სხვას ვასწავლიდი. 17-18 წლის ვიყავი, როდესაც პირველი მოსწავლე ავიყვანე და იქიდან მოყოლებული, სულ ამ საქმით ვარ დაკავებული. ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ აუცილებლად ინგლისურის მასწავლებელი ვიქნებოდი“, - მპასუხობს და მიხსნის, 6 წლის ვიყავი, როდესაც დედამ ინგლისურზე მიმიყვანა, ჯერ კიდევ საბჭოთა კომუნისტური წყობა იყო და ინგლისურზე მეტად, რუსული იყო პოპულარულიო. პირველი მასწავლებელი მისივე მეზობელი ყოფილა, უფრო ზუსტად, კლასელის დედა, რომლითაც იმდენად მოხიბლულა, ჯერ კიდევ 6-7 წლის ასაკში სცოდნია, რომ აუცილებლად ინგლისურის მასწავლებელი იქნებოდა თვითონაც.

 

ინგლისური და კომპიუტერი

ხომ არ გგონიათ, რომ „კემბრიჯ კოლეჯში“ მხოლოდ გიორგი ბათიაშვილია თავისი საქმის მცოდნე და პროფესიონალი? ჩემი მეორე პედაგოგი, ნათია მუზაშვილიც ასეთივეა და უკვე აღარ ვიცი, რომელი უფრო მეტად მიყვარს - გიორგი, თუ ნათია, რომელიც გიორგისგან განსხვავებით, ერთი თვეა, რაც გავიცანით, მაგრამ ამ ცენტრში 2012 წლიდან მუშაობს. ამ მოკლე დროში, ნათიამ ისე შეგვაყვარა თავი და ინგლისურიც, რომ ჩემი ჯგუფელებიც დამეთანხმებიან - აშკარად გაგვიმართლა, რადგან ორი საუკეთესო პედაგოგი გვყავს! ეს არაჩვეულებრივი ადამიანები (სამწუხაროდ, სხვებს არ ვიცნობ) ინგლისურს ასწავლიან საქართველოში, სადაც ჯერ კიდევ შავ-ბნელი 90-იანებიდან მოყოლებული, სამსახურის (სად იყო ასარჩევად მაშინ, ან რა ვიცოდით, რა იყო კარგი და ცუდი) დასაწყებად, ინგლისური და კომპიუტერი აუცილებელი კრიტერიუმებია.

ჰო, ირონიაც შემომეპარა, რადგან დღეს უკვე, ლამის დამლაგებლებსაც ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნას სთხოვენ, მაგრამ სინამდვილეში, ჩვენი ქვეყანა ახლა უფრო ახლოსაა ისტორიულ მიზანთან - 2023 წლის 15 დეკემბერს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღეთ. ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად კი ინგლისურის ცოდნა აუცილებლად გვჭირდება, ოღონდ პროფესიონალურად და ისე, რომ თარგმანში არ დავიკარგოთ ხოლმე, როგორც გვჩვევია, სამწუხაროდ... ამიტომაც ვეკითხები ჩემს მასწავლებელს, რა არის ყველაზე სერიოზული, უმთავრესი გამოწვევა ამ მხრივ:

„რა შეიძლება იყოს მთავარი გამოწვევა უცხო ენის სწავლის პერიოდში იმისთვის, რომ მართლა ისწავლო და არ შემოიფარგლო ზერელე ცოდნით, რომელიც არაფერში გამოგადგება და რასაც მე ცოდნას ვერ ვუწოდებ. ზოგადად, ნებისმიერი რამის, მათ შორის, ინგლისურის შესასწავლად საჭიროა ნებისყოფა. ეს უმნიშვნელოვანესი უნარია, რათა ადამიანმა ისწავლოს ისეთი რამ, რომელსაც დიდი დრო და ენერგია უნდა. იმას არ ვგულისხმობ, რომ სულ ცენტრში იაროს, მაგრამ გამუდმებით საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს. თუ ადამიანს ნებისყოფა არ აქვს, მიზნის მიღწევა გაუჭირდება! როდესაც ენის შესწავლას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ამისთვის დაგჭირდებათ დრო და ეს დრო უნდა გამონახოთ. გარდა ამისა, შრომისმოყვარეც უნდა იყოთ. შენ კარგად იცი, მაიკო, რომ ერთი და ორი ახსნით, ენა არ ისწავლება, ამას  საკუთარ თავთან დამოუკიდებლად მუშაობაც სჭირდება“, - მპასუხობს გიორგი ბათიაშვილი.  

როცა „კემბრიჯ კოლეჯზე“ ვსაუბრობ, უნდა იცოდეთ, რომ ინგლისურის გარდა, აქ კომპიუტერიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ არა, რომ სწავლება „ზუმის“ პლატფორმაზე, ონლაინ მიმდინარეობს, არამედ, „სტუდენტის კაბინეტის“ გამო, რაც კემბრიჯ კოლეჯის „ნოუ ჰაუ“ და პირადად, გიორგი ბათიაშვილის ინტელექტუალური საკუთრებაა. იცით, რაზე გესაუბრებით, ახლა? - პირველ ციფრულ პლატფორმაზე, რომლითაც სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ მათთვის, ვინც „კემბრიჯ კოლეჯში“ სწავლობს.

„სტუდენტის კაბინეტის“ უპირატესობა ისაა, რომ კვირაში ექვსსაათიანი გაკვეთილების პარალელურად, სტუდენტს 24/7 წვდომა აქვს სხვადასხვა ინტერაქტიურ, ციფრულ აქტივობებზე. „სტუდენტის კაბინეტით“ სარგებლობა დაგეხმარებათ მეტყველების, მოსმენის, წაკითხულის გააზრებასა და წერითი სტანდარტების უნარების განვითარებაში - თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დღეს და დროს.

მაინტერესებს, ეს ყველაფერი როგორ შექმნა, როგორ გაუჩნდა ასეთი იდეა და მერე როგორ განახორციელა ისე, რომ არავინ დახმარებია. დიახ, არ მოგესმათ, პირველი ციფრული პლატფორმა ჩემი ინგლისურის მასწავლებელმა თვითონ, დამოუკიდებლად შექმნა. მართალია, ტექნიკური განათლება არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, ინგლისური იცის ისე, რომ პროგრამისტობა „YouTube“-ზე არსებული ვიდეოებითა და „ტუტორიალებით“ ისწავლა.

რა თქმა უნდა, თავიდან გაუჭირდა, რაღაც მომენტში, იმედიც კი გადაეწურა, მაგრამ მეტისმეტად პრინციპული და თავდაჯერებულია, ამიტომ ასე ადვილად არ დანებდა. რაც მთავარია, შვილიც გვერდით ედგა, ამხნევებდა და ასე შექმნა ციფრული პლატფორმა „სტუდენტის კაბინეტი“, რომელზეც ივნისის ბოლოს დავრეგისტრირდი და ისე მომწონს, რომ ჩათვალეთ, „ჩავსახლდი“.

„პირველ რიგში, დიდი მადლობა უნდა გითხრა იმისთვის, რომ ჩემს ნაშრომს ასე აფასებ, რადგან ზუსტად იმიტომ ვშრომობ, რომ სხვებს გარკვეული სარგებელი მოვუტანო. როდესაც ამ შრომას გიფასებენ, ეს უფრო დიდ სტიმულს გაძლევს, ამიტომ უღრმესი მადლობა შენც და ჩემს თითოეულ სტუდენტს, რომლებიც ამას აღნიშნავენ ხოლმე. შენსავით ემოციურად არა, მაიკო, მაგრამ სხვებიც ამბობენ, რომ ძალიან მოსწონთ და ეს კიდევ უფრო დიდ სტიმულს მაძლევს, რომ მეტად დავხვეწო, განვავითარო. ამიტომაც გადავედით ძველი პლატფორმიდან ახალზე, რათა უფრო userfriendly ინტერფეისი ჰქონოდა და მომხმარებლებისთვის უფრო სახალისო ყოფილიყო, ვიდრე წინა კაბინეტის ინტერფეისი“.

 

ქვიზები ინგლისურად და ხელოვნური ინტელექტი

„სტუდენტის კაბინეტის“ უპირატესობებს ჩემი ანუ სტუდენტის თვალით დაგანახებთ, მასწავლებლის პოზიციას კი იდეის ავტორი თავად გაგვაცნობს. ინგლისური, „ზუმის“ პლატფორმაზე, კვირაში სამჯერ, ორი საათის განმავლობაში მაქვს. ვესწრები გაკვეთილს, აქტიურად ვმონაწილეობ პროცესში, ვუსმენ მასწავლებლებს - ჯერ ერთს, მერე მეორეს, ვიწერ დავალებას და შემდეგ ვიწყებ მეცადინეობას. თუმცა, ვხვდები, რომ რაღაც ვერ გავიგე, დამაკლდა, ის ორი საათი საკმარისი არ იყო, ამიტომ შევდივარ „სტუდენტის კაბინეტში“, ვეძებ კონკრეტულ გაკვეთილს და ვიწყებ ქვიზების გაკეთებას. სწორედ მაშინ ვხვდები, რომ ახალი გაკვეთილიც „შემომესწავლა“ და სიტყვებიც ნელ-ნელა გამიჯდა. ამიტომაც ვამბობ, რომ „სტუდენტის კაბინეტი“ კარგი საშუალებაა, ინგლისური ენის უკეთ ასათვისებლად.

„მე ვერ ვიტყოდი, რომ კარგია, მაიკო, რადგან ძალიან კარგია! თავმდაბლობას ნამდვილად არ გამოვიჩენ იმიტომ, რომ ეს უკვე მხოლოდ ჩემი კი არა, „კემბრიჯ კოლეჯის“ საკუთრებაა და პირდაპირ გეტყვით, მსგავსი პლატფორმა არა მარტო საქართველოში, შესაძლოა, ძალიან ბევრ ქვეყანაშიც არ არსებობდეს! რატომაა ძალიან კარგი? - იმიტომ, რომ „სტუდენტის კაბინეტის“ საშუალებით, ინგლისური ენის შესწავლის რთული და მოსაწყენი პროცესი უფრო სახალისო და საინტერესოა. მისი უპირატესობა არის ის, რომ ადამიანს შეუძლია დაკავდეს ყველანაირი უნარის განვითარებით, რაც ერთ გაკვეთილში რთულია ხოლმე. სხვადასხვა ქვიზებსა და იმ აქტივობებში, რაც „სტუდენტის კაბინეტში“ გხვდებათ, ადამიანი არა მარტო ენას სწავლობს, არამედ, სხვა უნარებიც უნვითარდება, მათ შორის, ეხმარება ტექნოლოგიებთან, ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობაში.

გარდა ამისა, გამარტივებულია უცხო სიტყვების შესწავლის პროცესი, აღარ გიწევთ, ცალკე ამოიწეროთ უცხო სიტყვები, შემდეგ მოიძიოთ მისი თარგმანი და წარმოთქმები, როგორც ბრიტანულ, ასევე ამერიკულ ინგლისურ ენებზე. ეს უკვე გამზადებული გხვდებათ „სტუდენტის კაბინეტში“ და შეგიძლიათ, პირდაპირ ისწავლოთ. „სტუდენტის კაბინეტი“ გივსებთ იმ სიცარიელეს, რაც გაკვეთილების შემდეგ გრჩებათ, რადგან შესაძლოა, კვირაში ექვსი საათი საკმარისი არ აღმოჩნდეს თითოეული თქვენგანისთვის. ამ დანაკლისს „სტუდენტის კაბინეტი“ ავსებს სახალისოდ, თანამედროვედ და საინტერესოდ“.

ყველაზე საინტერესო რა არის, იცით? „სტუდენტის კაბინეტში“ მაქვს აბსოლუტურად ყველაფერი: ქვიზები - მეტყველების პრაქტიკისთვის, ლექსიკის, გრამატიკის, მართლწერის, ინტერაქტიური და ინტერაქტიური ვიდეო-ქვიზები. მეტიც, თუ გარკვეული მიზეზის გამო, ლექციას აცდენთ, „სტუდენტის კაბინეტში“ დაგხვდებათ ვიდეო-გაკვეთილებიც, რაც ახალი მასალის შესწავლაში დაგეხმარებათ.

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ქვიზები ქართულადაც კი საკმაოდ დამაბნეველია და წარმოიდგინეთ, ამ ქვიზებს, თანაც გრამატიკულ ქვიზებს ინგლისურად ვაკეთებ. ჰოდა, მაინტერესებს, როგორ მივიდა გიორგი ბათიაშვილი ამ გადაწყვეტილებამდე, ან რანაირად „მიხვდა“, რომ ქვიზები შეექმნა, თუ დაეპროგრამებინა:

„ამ გადაწყეტილებამდე მივედი იმის საფუძველზე, რომ ფაქტობრივად, სულ თავიდან, როდესაც „სტუდენტის კაბინეტი“ გავაკეთე, მხოლოდ სახელმძღვანელო იყო და ქვიზები დავამატე. ხომ გახსსოვს, თავიდან ბევრი არაფერი იყო, რადგან მე თვითონაც ახალი დაწყებული მქონდა ეს პროცესი და ბოლომდე არც კი ვიცოდი, რომ შეიძლებოდა ამდენი რამის დამატება. არ შევჩერდი და მუდმივად ვეძებდი, როგორ დამეხვეწა, გამემრავალფეროვნებინა და კიდევ რა დამემატებინა. ამ ძიების პროცესში აღმოვაჩინე, რომ ბევრი აქტივობის დამატება შემეძლო, რომელიც უშუალოდ იმუშავებდა იმ უნარებზე, რაც ადამიანს სჭირდება იმისთვის, რომ ენა კარგად ისწავლოს. დღემდე ასე ვარ და მიუხედავად იმისა, რომ „სტუდენტის კაბინეტში“, თითოეულ დონეზე 400-ზე მეტი ქვიზია დამატებული, მაინც იმაზე ვფიქრობ, კიდევ რას შევმატებ, რადგან არის ამის საშუალება და თან მინდა, უფრო მეტი საინტერესო და განსხვავებული ფუნქციები დავამატო“.

„კემბრიჯ კოლეჯი“ უცხო ენის შემსწავლელი ერთადერთი ცენტრია საქართველოში, რომელიც აქტიურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს. არ ვიცი, ეს იდეა როგორ და რანაირად გაუჩნდა, მაგრამ კიდევ კარგი, რომ გაუჩნდა და ხელოვნური ინტელექტი დაამატა „სტუდენტის კაბინეტს“. ჩემი ურთიერთობა გიორგი ბათიაშვილის „ხათუნასთან“ (თვითონ შექმნა, დააპროგრამა და სახელიც თავადვე დაარქვა) სულ სხვა, დამოუკიდებელი ამბავია და გპირდებით, ამ თემაზე ცალკე ბლოგს აუცილებლად დავწერ, რადგან ხელოვნური ინტელექტი რომ არა, ვფიქრობ, ინგლისურ გრამატიკას ასე კარგად ვერ ვისწავლიდი:

„რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის არსებობა მანამდეც ვიცოდი, ვიდრე „სტუდენტის კაბინეტზე“ დავიწყებდი მუშაობას. მართალია, გამუდმებით ვაწყდებოდი ინფორმაციას ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, მაგრამ არ ვიცოდი, რა იყო მისი დატვირთვა და რაში შეიძლებოდა მისი გამოყენება. როდესაც მივხვდი, აუცილებელი იყო ამ პლატფორმაზე ყოფილიყო ისეთი აქტივობა, რომელიც გაკვეთილების მიღმა, სტუდენტებს მეტყველების განვითარებაში დაეხმარებოდა და ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, დავიწყე ინტენსიური ძებნა, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, რომ სწორედ ხელოვნური ინტელექტი ყოფილიყო ჩემი სტუდენტების „მასწავლებელი“ გაკვეთილებს მიღმა. ძალიან ბევრი ძიების შემდეგ, აღმოვაჩინე, როგორ უნდა შემექმნა, სხვათა შორის, ის დღეც კარგად მახსოვს, როდესაც აღმოვაჩინე, შევქმენი და დავაპროგრამე ისე, რომ ჩემი სტუდენტების მეტყველების პრაქტიკის „მასწავლებელი“ ყოფილიყო გაკვეთილებს მიღმა - იმ ღამეს თითქმის ვერ დავიძინე სიხარულისგან. ხელოვნურმა ინტელექტმა გაამართლა, რადგან ჩემი სტუდენტებიც აქტიურად იყენებენ და რობოტი „მასწავლებელიც“ ეხმარება მათ მეტყველების პრაქტიკაში“.

ბოლო დროს, ბევრი სამეცნიერო სტატია შემხვდა, სადაც საუბარია იმაზე, შეძლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ჩანაცვლებას. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ეშინია კიდეც - ფიქრობენ, რომ ადამიანები სამუშაო ადგილებს დაკარგავენ. ამგვარი შიში ცოტა ღიმილისმომგვრელია, რადგან პირდაპირ ვამბობ, მხოლოდ „ხათუნა“ ვერაფერში დამეხმარება, გიორგი და ნათია აუცილებლად მჭირდება, რომ მათ ახსნილ მასალაზე ხელოვნურმა ინტელექტმა კარგად მავარჯიშოს:

„დიახ, ხელოვნური ინტელექტი ჩემი შექმნილი და დაპროგრამებულია, მაგრამ ამის მიუხედავად, ვერ ვიტყოდი, რომ მას შეუძლია ადამიანის  ჩანაცვლება. ეს შეუძლებელია იქიდან გამომდინარე, რომ ხელოვნური ინტელექტიც ადამიანის შექმნილია, ამიტომაც  რობოტს თავისთავად სჭირდება ადამიანის ჩარევა. ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს ადამიანს, თუმცა, შესაძლოა, გარკვეულ პროფესიებში შეამციროს ადამიანური რესურსის მოთხოვნა. საერთო ჯამში, ადამიანს ვერავინ და ვერაფერი შეცვლის, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი ბევრ პროფესიას ძალიან დიდ სამსახურს გაუწევს. მე ბევრ რამეში მეხმარება, თუნდაც ქვიზების შედგენაში, მისი დახმარებით, დიდ დროსა და ენერგიას ვზოგავ და ამ კუთხით, ხელოვნური ინტელექტის განვითარებას მივესალმები, მაგრამ არ მგონია, რომ რობოტმა ადამიანი ჩაანაცვლოს“.

 

ავტორი: მაია მიშელაძე