შესაძლებელია თუ არა ძუძუს კიბოსგან განკურნება და რატომაა აუცილებელი დროული სკრინინგი

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ლიკა თორთლაძე

 

„ვარდისფერი ოქტომბერი“ - ასე უწოდებენ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეს. აღნიშნული ღონისძიება, მამოგრაფიის წინა პლანზე წამოწევისა და მისი მნიშვნელობის გაზრდის მიზნით, 1985 წელს, აშშ-ის კიბოს საზოგადოების მიერ დაარსდა, რომელიც ძალიან ძლიერი იარაღია ყველაზე გავრცელებული სიმსივნის - ძუძუს კიბოს წინააღმდეგ. ვარდისფერი ბაფთა, რომელიც ძუძუს კიბოს სიმბოლოა, 1993 წელს, „ესტე ლაუდერის“ ვიცე-პრეზიდენტმა შექმნა და მას შემდეგ მთელ მსოფლიოში გამოიყენება, როგორც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების სიმბოლო. საქართველოში ყოველ წელს, ოქტომბერში,  ტარდება სხვადასხვა ღონისძიება, რათა ძუძუს კიბოს პრევენციასა და ადრეულ დიაგნოსტირებას გაესვას ხაზი. რამდენად მნიშვნელოვანია სკრინინგ-გამოკვლევები და ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა? - „ვერსია“ კლინიკურ ონკოლოგ თამარ ესაკიას ესაუბრა.

- თამარ, რა ღონისძიებები ტარდება საქართველოში, „ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით?

- მკურნალობა ადრეულ სტადიაზე, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო ეფექტიანია,  ამიტომ სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაცია და ასევე, პაციენტებიც, აქტიურად ატარებენ სხვადასხვა ღონისძიებას. არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია  „ევროპადონა“, რომელსაც საქართველოშიც ჰყავს წარმომადგენლობა, მასში გაწევრიანებულნი არიან სწორედ ის ქალბატონები, რომლებიც მკურალობდნენ ძუძუს კიბოს გამო და გადარჩენენ. ისინი აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა ღონისძიებაში და თანხასაც აგროვებენ პაციენტების დასახმარებლად.

- რას გულისხმობს სკრინინგ-პროგრამა და როგორია მიმართვიანობა?

- სკრინინგი არის პროგრამა, რომელიც გულისხმობს უსიმპტომო ადამიანების გამოკვლვას ანუ ჯანმრთელი ადამიანი წელიწადში ერთხელ უნდა იტარებდეს სკრინინგს, რათა ადრეულ სტადიაზე მოხდეს ძუძუს კიბოს დიაგნოსტირება. ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა ქალბატონებში, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც, თუმცა განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან სკრინინგ-პროგრამაზე მომართვიანობა საგრძნობლად დაბალია და უფრო ხშირად, მოგვიანებით სტადიაზე ხდება დიაგნოსტირება, რაც სავარაუდოდ, კავშირშია, როგორც სოციალურ მდგომარეობასთან, ასევე, პაციენტების ნაკლებ ინფორმირებულობასთან. საზოგადოება არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებობს სკრინინგ-პროგრამა, რომელიც უფასოდ იკვლევს ქალბატონებს 40-დან 70-წლამდე, სიმსივნის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის მიზნით.

- რამდენი ხანია, რაც სკრინინგ-პროგრამა არსებობს და რა სახის გამოკვლევები ტარდება?

- წლებია, ეს პროგრამა არსებობს. სკრინინგი 2008 წელს, თბილისის მერიისა და „იუნისეფის“ კოლაბორაციით დაიწყო. მას შემდეგ, გავრცელდა მთელ ქვეყანაში და ამჟამად, ხუთ ქალაქში მოქმედებს - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორსა და გურჯაანში. თბილისში, სკრინინგის სამი ცენტრი არსებობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს უტარდებათ გამოკვლევები, როგორებიცაა მამოგრაფია, ექოსკოპია და საჭიროების შემთვევაში, ციტოლოგიური კვლევაც კი.

- თამარ, რა არის ძუძუს კიბოს გამომწვევი მიზეზები, რისკ-ფაქტორები და  შესაძლებელია თუ არა დაავადების თავიდან არიდება?

- ძუძუს კიბოს გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს, როგორც წარსულში ძუძუს კიბოს დიაგნოზის არსებობა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის ისტორია და გენეტიკური მიზეზები, მაგალითად, ჰქონდათ თუ არა ადამიანის პირველი რიგის ნათესავებს ძუძუს კიბო. არსებობს, ასევე, ჰორმონალური მიზეზები, ცხოვრების სტილი, კვებითი და ეკოლოგიური მიზეზები. შესაძლოა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება იყოს ძუძუს კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორი, ასევე, ჭარბი წონა და ფიზიკური აქტივობის არქონა. მნიშვნელოვანია რადიაციული ზემოქმედებაც, რომელიც შესაძლოა, სამედიცინო მკურნალობის შემდგომ განვითარდა. მაგალითად, თუ პაციენტს ჩატარებული აქვს სხივური თერაპია გულმკერდის არეში, ლიმფომების დიაგნოზის შემთხვევაში, სწორედ ეს ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. გარდა ამისა, რისკი იზრდება მაშინაც, თუ პაციენტი ბირთვული აფეთქებების არეალში მოხვდა.

რაც შეეხება ჰორმონალურ ზემოქმედებას, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად დავასახელებ ქალის ჰორმონებს, რაც უფრო დიდხანსაა ქალბატონი ჰორმონების ზემოქმედების ქვეშ, მით უფრო იზრდება ძუძუს კიბოს განვითარების რისკი. თუ ადრეულ ასაკში - მენარქე, ან გვიანდელ ასაკში - მენოპაუზა დადგა, ამ შემთხვევაშიც იზრდება ძუძუს კიბოს ჰორმონდადებითი ფორმის განვითარების რისკი. მნიშვნელოვანია მენოპაუზის შემდგომ, ჰორმონჩანაცვლებითი მკურნალობა, რომელიც ხანგრძლივ პერსპექტივაში, შეიძლება, ძუძუს კიბოს განვითარების რისკად იქცეს, ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, გინეკოლოგები უნდა იყვნენ ძალიან ფხიზლად. ბოლო პერიოდში, ძალიან აქტიურადაა დანერგილი ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის მკურნალობა. როდესაც ექიმი გინეკოლოგი ნიშნავს ჰორმონჩანაცვლებით მკურნალობას, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სხვა რისკ-ფაქტორები, რომლებიც პაციენტს შეიძლება ჰქონდეს და სწორედ ამის მიხედვით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასევე, რისკ-ფაქტორს წარმოადგენს კონტრაცეპტივები. ბოლო პერიოდში, კონტრაცეპტივების ხანგამოშვებითი მიღების პრაქტიკა აქტიურად დაინერგა იმისთვის, რომ კიბოს განვითარების რისკი არ გაზრდილიყო.

- პაციენტის ოჯახის ისტორიის ფაქტორი ახსენეთ, რას იტყვით ძუძუს გენეტიკურ კიბოზე?

- მუტაციები, რომლებიც ვლინდებიან გენური ტესტირებისას. BRCA გენური ტესტი სისხლის ტესტია, რომელიც იყენებს დნმ-ის ანალიზს, რათა გამოავლინოს მავნე ცვლილებები (მუტაციები) სარძევე ჯირკვლის კიბოს გამომწვევ გენებში, რომლებიცაა – BRCA1 და BRCA2. 2013 წლის 16 თებერვალს, ჰოლივუდის ვარსკვლავს, ანჯელინა ჯოლის ჩაუტარდა ორმხრივი მასტექტომია იმ მიზეზით, რომ გენური ტესტირებისას, BRCA1 მუტაცია გამოუვლინდა. ეს მიანიშნებდა, რომ ჯოლისთვის ძუძუს კიბოს განვითარების რისკი 87% იყო, ხოლო საკვერცხის კიბოსი  - 50%. მასტექტომიამ კიბოს განვითარების რისკი 5%-მდე შეამცირა. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, ანჯელინას დედა ებრძოდა ძუძუსა და საკვერცხის კიბოს. გენეტიკური მუტაციებით გამოწვეული ძუძუს კიბო გვხვდება 8-10%-ში და მასზე გამოკვლევა უნდა ჩატარდეს, არსებობს თუ არა გარკვეული წინაპირობები, მაგალითად, თუ თქვენს ორ ან მეტ სისხლით ნათესავს (მშობლებს, დას ან შვილებს) დაუდგინდათ ძუძუს კიბოს დიაგნოზი ადრეულ ასაკში, ან გყავთ თუ არა ნათესავი, BRCA1, ან BRCA2 მუტაციით.

- თამარ, პაციენტებს ახალი მეთოდებით თუ მკურნალობთ და რამდენად შედეგიანია ეს მკურნალობა?

- იქიდან გამომდინარე, რომ ონკოლოგია ძალიან განვითარებადი დარგია, სტანდარტული მკურნალობის პროტოკოლები ყოველწლიურად იცვლება და იქმნება ახალი სტანდარტები. რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს, რასაც, ძირითადად,  ძუძუს კიბოს მკურნალობაში, მის ადრეულ სტადიაზე წარმოადგენს ქირურგიული მკურნალობა, ასევე, ქიმიოთერაპია, ტარგეტული თერაპია, იმუნოთერაპია, ჰორმონოთერაპია, რომელიც ნებისმიერ სტადიაზე შეიძლება გამოვიყენოთ და სხივური თერაპია, ხელმისაწვდომია საქართველოშიც.  ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებს და მკურნალობა ჩავატაროთ იმ საერთაშრისო სტანდარტების მიხედვით, რაც მთელ მსოფლიოში არსებობს. ხანდახან იქმნება ბარიერები იმის გამო, რომ ახალი წამლები, იმუნოთერაპია და ტარგეტული თერაპია ძვირადღირებულია, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ის პრეპარატები, რომლებიც საქართველოშია რეგისტრირებული, ფინანსდება საყოველთაო დაზღვევის პროგრამით. გარდა ამისა, არსებობს ძალიან კარგი პროგრამა HER2 - დადებითი ძუძუს კიბოსთვის, რომელიც თბილისის მერიამ დაიწყო და შემდგომ გავრცელდა მთელ საქართველოში. ეს ის ტარგეტული პრეპარატებია, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც HER2 - დადებითი ძუძუს კიბო აქვთ. საქართველოსთვის ეს პროექტი იყო და არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ამ მკურნალობის გარეშე, პაციენტებისთვის ერთადერთი გზა იყო სიკვდილი. მას შემდეგ, რაც ეს პროგრამა ამოქმედდა, პაციენტებს აქვთ საშუალება, ჩაიტარონ მკურნალობა საკმაოდ ძვირადღირებული პრეპარატებით, რაც 80%-ით ფინანსდება.

- რას ეტყვით იმ ქალბატონებს, რომლებსაც ჯერ არ სმენიათ სკრინინგ-პროგრამის შესახებ ან, უბრალოდ, არ გაუმახვილებიათ ყურადღება?

- მინდა, ქალბატონებს ვურჩიო, რომ აუცილებლად ჩაიტარონ სკრინინგული გამოკვლევები. ხშირად, ეს შიშთანაა კავშირში. ჩემთვისაც უთქვამთ, არ მინდა მივიდე გამოკვლევაზე, არ მინდა მოვისმინო რამე ცუდიო, მაგრამ რეალურად, თუ ჩვენ ეს დაავადება გვაქვს, სჯობს, დროულად შევიტყოთ, მაშინ, როდესაც გამოჯანმრთელებაზე იქნება საუბარი და არა - მოგვიანებით სტადიაზე. 40-დან 70 წლამდე ქალბატონებმა აუცილებლად უნდა ჩაიტარონ სკრინინგ-გამოკვლევები და აქვე ვიტყვი, არა მარტო ძუძუს, არამედ, საშვილოსნოს ყელის სკრინინგის პროგრამაც არსებობს საქართველოში. იმ პაციენტებს კი, რომლებიც ამჟამად, ძუძუს კიბოზე მკურნალობენ, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჰქონდეთ სწორი განწყობა დაავადების მიმართ, რადგან ამ სწორი ფსიქოლოგიური განწყობით შევძლებთ სიმსივნესთან ბრძოლას. ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს გადარჩენილი პაციენტებისა, რომლებიც აქტიურობენ და უკვე საკუთარი ორგანიზაციებიც აქვთ. მინდა, საზოგადოებას მოეხსნას ის სტიგმა, რომელიც არსებობს, ზოგადად, ონკოლოგიური დაავადებების მიმართ, სწორედ ეს  დაგვეხმარება არა მარტო იმაში, რომ პაციენტებმა თავი არ იგრძნონ გარიყულად, არამედ, გაიზრდება ცნობიერება ონკოდაავადებების მიმართ, მეტად მიმართავენ სკრინინგ-პროგრამებს და ჩაიტარებენ გამოკვლევებს ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოსავლენად.