„ტოტალ შარმში“ ნერვი დამიზიანეს!“ - რაში სდებს ბრალს კლინიკას და რას მოითხოვს დაზარალებული გია გოშაძე

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

საქართველოში ესთეტიკურ ცენტრებს სულ უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს. ადამიანები კოსმეტიკურ პროცედურებსა და მანიპულაციებს  მიმართავენ  არა მხოლოდ სილამაზის გამო, არამედ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებიდან გამომდინარე. „ვერსიის“ დღევანდელი რესპოდენტი - გიორგი გოშაძე, ესთეტიკის ცენტრის „ტოტალ შარმის“ ვიზიტორი სწორედ ონკოლიგიური დიაგნოზის გამო შექმნილი ტრავმის გადასაფარად გახდა. „ტოტალ შარმი“ პლასტიკური, ესთეტიკური ქირურგიისა და დერმატო-კოსმეტოლოგიის საერთაშორისო კლინიკების ქსელია და ფილიალები  აქვს თბილისში, ბათუმში, მოსკოვში, სან-პეტერბურგში, პრაღასა და ვალენსიაში.

60 წლის გიორგი გოშაძე „ვერსიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ამ კლინიკას სწორედ მისი ცნობადობისა და სანდოობის გამო მიმართა, თუმცა მოლოდინი, რბილად რომ ვთქვათ, არ გაუმართლდა. გოშაძე აცხადებს, რომ „ტოტალ შარმში“ მას ბოტოქსის გაკეთების დროს სახის არეში, თვალთან ნერვი დაუზიანდა, რის გამოც დღეს მასა და ესთეტიკის ცენტრს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს. გოშაძე ითხოვს, რომ „ტოტალ შარმმა“ აუნაზღაუროს ყველა ხარჯი, რაც მისთვის სასურველ კლინიკაში სამკურნალოდ არის საჭირო. „ვერსიამ“  დეტალების გარკვევა გადაწყვიტა, გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი გოშაძესთან:

- წლებია, მაქვს ლიმფომა. კისრის არეში ქიმიოთერაპიის გამო ტრავმა განმივითარდა. დასხივების გამო მიღებული ტრავმის გადასაფარად ბოტოქსის გაკეთება დავიწყე ანუ ეს პროცედურა ჩემი ახირება კი არ არის, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გავიკეთე. ჩემი მეუღლე 10 წელია, რაც „ტოტალ შარმში“ დადის, სხვადასხვა პროცედურებს იკეთებს. ერთხელ მეც გავყევი და გადავწყვიტე ე.წ. ფილერების ჩასმა, რამაც პრობლემა ბოლომდე არ მოაგვარა და ამიტომ ბოლო 5 წელია, რაც წელიწადში ორჯერ შუბლის არეში ვიკეთებ ბოტოქსს. ერთხელაც რომ მივედი და ეს პროცედურა გავიკეთე, მეორე დილით გავიღვიძე და ერთი თვალი ვეღარ გავახილე, წარბი ჩამომივარდა. მსგავსი შემთხვევები, თურმე, ბოტოქსის გაკეთების დროს ხდება, ამიტომ მივედი ისევ „ტოტალ შარმში“, მითხრეს, ერთი კვირა დაველოდოთო, თუმცა ამ ხნის შემდეგ არაფერი გამოსწორდა. გამიკეთეს კიდევ რაღაც ინექცია დამატებით, დაველოდეთ კიდევ რამდენიმე კვირა, მაგრამ პრობლემა მაინც არ მოგვარდა.

-  კლინიკაში რა გითხრეს, ამ დაზიანების მიზეზი რა არისო?

- მკითხეს, ბოტოქსის გაკეთების შემდეგ ხომ არ დაგილევია ან ხომ არ დაწექიო? - რაც სისულელეა იმიტომ, რომ წლებია, ამ პროცედურას ვიკეთებ და ყველა წესი ვიცი, რომელიც უნდა დავიცვა და ვიცავ კიდეც. მოკლედ, თავის მართლების რეჟიმში გადავიდნენ, მეც აღარაფერი ვუთხარი მაშინ და წავედი ყბა-სახის ქირურგთან, რომელმაც მითხრა, რომ ნერვი იყო დაზიანებული, ბოტოქსის გაწოვას 6-7 თვე სჭირდებოდა, რის შემდეგაც, წესით, მდგომარეობა უნდა გამოსწორებულიყო. ამის შემდეგ წავედი „ნიუ ჰოსპიტალში“ ნერვის მდგომარეობის გამოსაკვლევად, სადაც დაადგინეს, რომ ნერვი 60%-ით მქონდა დაზიანებული. დამინიშნეს მკურნალობა, ნევროლოგმა განმიმარტა, რომ ნერვი ბოლომდე არ აღდგებოდა, თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელი იყო. დავლიე წამლები, ჩავიტარე ფიზიოთერაპია...

- ამ პერიოდში „ტოტალ შარმი“ არ დაგიკავშირდათ ან არ შემოგთავაზათ რაიმე ტიპის დახმარება?

- ამ პერიოდში „ტოტალ შარმიდან“ ერთხელაც არ მომიკითხეს, ადამიანურად დაერეკათ და მოვეკითხე, როგორ ვიყავი! ამიტომ ძალიან გავნაწყენდი და სასამართლოს მივმართე. კლინიკაში კი ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი შეცდომა ეღიარებინათ, კიდევ თავს იმართლებდნენ, ალბათ, დალია და წესები დაარღვიაო. მითხრეს, დამატებით პროცედურებს გაგიკეთებთო, მაგრამ ყბა-სახის ქირურგმა გამაფრთხილა, რაც უფრო მეტ პროცედურას ჩაიტარებ, მდგომარეობა უფრო გაგირთულდებაო. მოკლედ, მივხვდი, რომ შედეგი მათი მკურნალობიდან არ დადგებოდა.

ზოგადად, ჩემი დიაგნოზიდან გამომდინარე, 2007 წლიდან ვენის პრივატკლინიკაში წელიწადში ორჯერ ჯანმრთელობის კვლევას ვიტარებ და მაშინ, როცა ვენაში მომიწია წასვლა, ჩემს ექიმს მოვუყევი ამ პრობლემის შესახებ, რომელმაც მიპასუხა, რომ ნერვის აღდგენა ადგილობრივად არ მოხდებოდა და მთელი შუბლის არე უნდა აწეულიყო პლასტიკური ჩარევით, რითაც დავკარგავდი ჩემს ამჟამინდელ სახეს, თან ვატყობდი, რომ მკურნალობის შედეგად მდგომარეობა მცირედ, მაგრამ პირვანდელთან შედარებით, გამოსწორდა.

ამ დაზიანებიდან წელიწადი იყო გასული და ალბათ, „ტოტალ შარმში“ იფიქრეს, გაიწოვებოდა ბოტოქსი და გამოსწორდებოდა მდგომარეობა.  მითხრეს - კიდევ გაიკეთე ლაბორატორიული კვლევა, რომელსაც ჩვენი წარმომადგენელი დაესწრებაო. დავთანხმდი, მივედით „ნიუ ჰოსპიტალში“, კვლევას დაესწრო „ტოტალ შარმის“ ნერვაპათოლოგიც და მისი თანდასწრებით  ჩამიტარდა გამოკვლევა. დადგინდა, რომ ნერვი 33%-ით დაზიანებული დარჩა ანუ ბოტოქსი ბოლომდე გაწოვილი იყო და ეს დაზიანების საბოლოო მდგომარეობაა.

-და რას ითხოვთ სასამართლოსგან?

- „ტოტალ შარმთან“ მე კომუნიკაცია გავწყვიტე და მას ჩემი ადვოკატები ეკონტაქტებიან. სასამართლოში ჩემი ადვოკატები ითხოვენ, რომ „ტოტალ შარმმა“ ჩემი მკურნალობა აანაზღაუროს. ავსტრიაში, იმ კლინიკაში, სადაც გამოკვლევებს ვიტარებ, კალკულაცია რომ გავაკეთებინე, 70 000 ევრო მითხრეს ამ პლასტიკური ოპერაციის გასაკეთებლად. იმის გარდა, რომ ძვირადღირებული ოპერაციაა, გადასაწყვეტადაც რთულია, რადგან ამ ჩარევის შემდეგ სახე შემეცვლება. ყველაზე ცუდი ისაა, რომ „ტოტალ შარმის“ წარმომადგენლებს ვერანაირი სინანული ვერ შევატყვე, სასამართლო კი დიდი ხანია, იწელება, როგორც ხდება ხოლმე, ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი ამბავი საჯაროდ გამეხმაურებინა.

მას შემდეგ, რაც „ტოტალ შარმში“ ეს ნერვი დამიზიანდა, კვლევებსა და ექსპერტიზულ გამოკვლევებში ძალიან დიდი თანხა დამეხარჯა... ყველაფერ ამას რომ თავი დავანებოთ, ვფიქრობ ხოლმე, ჩემს ადგილას ხომ შეიძლებოდა, ახალგაზრდა გოგონა ყოფილიყო? მას რომ დაზიანებოდა ნერვი, რა უნდა ექნა? რადგან 60 წლის მამაკაცი ვარ, ამიტომ არ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე?!

გავარკვიე, როცა ბოტოქსი კეთდება, ექიმმა ერთსა და იმავე ადგილას არ უნდა გააკეთოს ეს ინექცია. გამოდის, ექიმის უყურადღებობისა და უვიცობის გამო დამიზიანდა ნერვი. არადა, ამ ექიმთან ინექციას წლების განმავლობაში ვიკეთებდი და უნდა სცოდნოდა, რომ ერთსა და იმავე ადგილას არ უნდა გაეკეთებინა.     

- ექიმმა, რომელმაც ეს პროცედურა ჩაგიტარათ, რა განმარტება მოგცათ?

- საერთოდ არ დამირეკა და არც კი მომიკითხა. ადვოკატებთან ურთიერთობაშიც სულ თავის მართლების რეჟიმში არიან. რომ მოსულიყვნენ და პატიება ეთხოვათ, გავუგებდი, მაგრამ ძალიან გულსატკენია, როცა ასე უყურადღებოდ და უპასუხისმგებლოდ გექცევიან!

„ტოტალ შარმში“ რომ ამბობენ, ყოველი პროცედურის შემდეგ ვაფრთხილებდით, რომ წესები უნდა დაეცვაო, ჩემმა ადვოკატმა მოსთხოვა მათ შესაბამისი დოკუმენტაცია და რომ მოიტანეს, არც ერთ დოკუმენტზე ჩემი ხელმოწერა არაა. მხოლოდ ერთზე აღმოჩნდა ხელმოწერა და ისიც ჩემი არაა. ამიტომ გრაფიკული ექსპერტიზა დავნიშნეთ - ვიმეორებ, მე ამ დოკუმენტზე ხელი არ მომიწერია.

საქმის დეტალების გასარკვევად, „ვერსია“ გიორგი გოშაძის ადვოკატს - ზურაბ თოდუას ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ  ეს საქმე  თბილისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით ერთი წელია, განიხილება:

-ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე ვართ, არსებით განხილვაზე არ გადავსულვართ. დაყენებულია შუამდგომლობა გრაფიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ამოსაღები გვაქვს სანოტარო აქტებზე გიორგი გოშაძის მიერ შესრულებული ხელმოწერის დედნები, რათა დავნიშნოთ შესაბამისი ექსპერტიზა. გვაქვს უტყუარი რწმენა, რომ დოკუმენტი, რომელსაც ემყარება მოპასუხე მხარე და ამბობს, რომ გააფრთხილეს შესაბამისი წესების შესახებ, რაც უნდა შეესრულებინა მას, როგორც პაციენტს, არის გაყალბებული, მასზე გიორგი გოშაძის ხელმოწერა არაა და ფაქტობრივად, გაყალბებული დოკუმენტით უნდათ თავის გამართლება.  

- ბატონო ზურაბ, რა მტკიცებულებები გაქვთ დაცვის მხარეს გიორგი გოშაძის სიმართლის დასასაბუთებლად?

- ჩატარებულია დამოუკიდებელი საექსპერტო კვლევა, სადაც აღნიშნულია, რომ დაზიანებები აშკარად გამოკვეთილია სახეზე, რაც, დიდი ალბათობით, შესაძლებელია, გამოწვეული იყოს ინექციის შედეგად და გამოწვეული ჰქონდეს კონკრეტული ნერვის დაზიანება. ეს ექსპერტიზა ჩატარდა დამოუკიდებელ საექსპერტო ცენტრში „ვექტორი“, რომელსაც კვალიფიციური სპეციალისტები აწერენ ხელს.

- რას ითხოვთ სასამართლოში  „ტოტალ შარმისგან“ და გთვაზობთ თუ არა კლინიკა მოლაპარაკებას?

- გიორგი გოშაძე არ ენდობა ამ კლინიკას და არ თანხმდება შეთავაზებას, რომ თავად ჩაუტარონ შესაბამისი მკურნალობა. მას სურს, რომ ეს მკურნალობა ჩაუტარდეს ევროპის ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში, სადაც უფრო მაღალია ალბათობა იმისა, რომ ეს დაზიანება გამოსწორდება.

- მოპასუხე მხარე ამაზე უარს აცხადებს?

- დიახ, უარს აცხადებს და, სავარაუდოდ, კვლავ აპირებს შეთავაზების გაკეთებას, რომ თავად უმკურნალონ, რასაც გოშაძე კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მათ დააზიანეს ადამიანი და ხელმეორედ რომ საექსპერიმენტოდ წარუდგინოს საკუთარი თავი, ამის უფლებას არ მისცემს. მოითხოვს იმ თანხის ანაზღაურებას, რაც მისთვის სასურველ კლინიკაში არის საჭირო.

„ვერსია“ დაუკავშირდა და შეხვდა „ტოტალ შარმის“ დამფუძნებელსა და ადვოკატებს და გააცნო დაზარალებულის ბრალდებები. მათ საჯაროდ პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავეს და განაცხადეს, რომ ყველა ბრალდებას სასამარათლო პროცესზე სათანადო პასუხს გასცემენ.