დედაქალაქი
სამგორის რაიონის გამგეობამ ვარკეთილის ტერიტორიაზე საგზაო მოწყობის სამუშაოები დაიწყო
სამგორის რაიონის გამგეობამ ვარკეთილის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები რამდენიმე მისამართზე ერთდროულად დაიწყო.
ამ ეტაპისთვის, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ვარკეთილის ზემო პლატოს, მე-2 მიკრორაიონის N9 კორპუსიდან N1 კორპუსამდე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 5 500 კვ.მ ფართობის კეთილმოწყობა. პროექტისთვის რაიონის ბიუჯეტიდან 450 000 ლარია გათვალისწინებული.
ასევე, ტროტუარის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება ვარკეთილი 3-ის მე-2 მიკრორაიონში, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქუჩა N40-დან მე-2 მიკრორაიონის N14 კორპუსამდე. აღნიშნული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 80 000 ლარია გამოყოფილი.
სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა გრძელდება
სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, 200 000-ს არ აღემატება, მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა წელსაც გრძელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროგრამით გასულ წელს 21 034-მა პენსიონერმა ისარგებლა და 8 842 176 ლარის ღირებულების მედიკამენტი დაფინანსდა.
„პროგრამა, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ, წელსაც გრძელდება და სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ამ მიზნით, ყოველწლიურად არამატერიალიზებული 500 ლარის ღირებულების ვაუჩერი გაიცემა. 2022 წელს აღნიშნული პროგრამით 21 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ შესაბამისი სოციალური სარეიტინგო ქულების მქონე საპენსიო ასაკის პენსიონერებს მოუწოდა, აღნიშნული პროგრამით ისარგებლონ.
„მერია თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირებს მოუწოდებს, რომელთა სარეიტინგო ქულა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, 200 000-ს არ აღემატება, ისარგებლონ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით. პროგრამით სარგებლობისთვის ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა, საჭირო მედიკამენტების განსაზღვრის მიზნით, უნდა მიმართოს ექიმს, ხოლო მის მიერ ელექტრონულად გაცემული ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე, ბენეფიციარი სასურველ აფთიაქში მედიკამენტის მიღებას შეძლებს. რა თქმა უნდა, წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოიყენონ ეს თანხა და თავიანთი გადაწყვეტილებების შესაბამისად დახარჯონ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, იმ მოქალაქეებმა, ვინც ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ, აღნიშნული პროგრამით ისარგებლოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სამგორის რაიონში, N12 ბაგა-ბაღის ეზოში მწვანე ნარგავები დარგეს
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ეზოების გამწვანებას განაგრძობს.
თბილისის ბაგა-ბაღების გამწვანების პროექტის ფარგლებში, ნერგების დარგვის აქცია, ამჯერად N მე-12-ე საბავშვო ბაგა-ბაღში გაიმართა, სადაც 56-მდე ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.
გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ტოგონიძემ, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა რევაზ სოხაძემ, შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა, ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებმა და აღსაზრდელებმა მიიღებეს.
აღნიშნული პროექტი დედაქალაქის სხვადასხვა ბაგა-ბაღებში კიდევ გაგრძელდება.
ვარკეთილი 3-ში, სადგერისა და ჩხენკელის ქუჩებზე, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო
ვარკეთილი 3-ში, სადგერისა და ჩხენკელის ქუჩებზე, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 3 500 კვ. მ ფართობის რეაბილიტაცია , რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 250 000 ლარია გამოყოფილი.
სადგერის ქუჩაზე ასფალტის საფარი აქამდე არასდროს ყოფილა. გასულ წელს, აღნიშნულ მისამართზე გამგეობამ 250 გრძივი მეტრის წყალარინების ქსელი მოაწყო.
სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
"მზადდება კარგი პროექტი და დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება" - კახა კალაძე
„ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიისა და მიმდებარე არეალის განაშენიანება, მოწესრიგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის, რადგან ეს არის თბილისის ცენტრალური ნაწილი და არავის სიამოვნებს, თუ როგორ არის დღეს არსებული ტერიტორია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ძალიან კარგი პროექტი მზადდება, რომლითაც დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება.
„მესმის პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების რეაქცია და ამის მიზეზიც გასაგებია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ტერიტორიის მოწესრიგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის, რადგან ის არის თბილისის ცენტრალური ნაწილი და არავის სიამოვნებს, თუ როგორ არის დღეს არსებული ტერიტორია.
რაც შეეხება პროექტს, ძალიან მაგარი პროექტი იქნება. მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება დედაქალაქში და ჩვენ ასეთი პროექტების განხორციელებას მივესალმებით. უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ნარჩუნდება „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა, მეტიც ტერიტორია საკუთრებაში გადმოეცემა მუნიციპალიტეტს. მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის და მუნიციპალიტეტი, თქვენთან ერთად, თქვენი ჩართულობით, ჩვენ მოვახდენთ არსებული სივრცის მოწესრიგებას. ერთად განვსაზღვროთ, როგორი ფორმით განვახორციელოთ აღდგენით სამუშაოები, რეაბილიტაცია, როგორ უნდა იყოს გაკეთებული. ჩვენ მოვიწვევთ არქიტექტორებს, დიზაინერებს და საზოგადოებასთან ერთად, მათი ჩართულობით მოვახდინოთ არსებული სივრცის რეაბილიტაცია.
რაც შეეხება მერიის გეგმებს ამ ობიექტზე, მინდა, დანარჩენ ტერიტორიაზე მოგაწოდოთ ინფორმაცია. იცით, რომ არსებულ ტერიტორიაზე დგას აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა, რომელიც, მართალია, არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თუმცა ქმნის თბილისის ერთგვარ სახეს და შესაბამისად, გეგმარებისას გაითვალისწინეს არსებული გარემოება და ეს ფაქტორი. შენობა არა მარტო შენარჩუნდება, არამედ შეერწყმება დაგეგმილ განაშენიანებას და განხორციელდა კონკრეტული პროექტის სახით. იყო ბევრი მითქმა-მოთქმა, რომ ეს შენობა უნდა დაინგრეს, ხაზს ვუსვამ, რომ აღნიშნული შენობა-ნაგებობა არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია, რომ შენარჩუნებული იყოს არსებული შენობა-ნაგებობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება სატრანსპორტო კუთხით.
„იცით, რომ აქ განთავსებულია ბენზინგასამართი სადგურები, ავტოტექმომსახურების პუნქტები, შესაბამისად, ვმუშაობთ, მოწესრიგდეს ეს სივრცე, ასევე საფეხმავლო და მიწისქვეშა გადასასვლელი სივრცეები. უკვე დამუშავებულია რამდენიმე ვარიანტი, პროცესში ჩართული იყვნენ არქიტექტურები და შემუშავდა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი.
არქიტექტურის კუთხით, ჯერ მუშაობა გრძელდება იმაზე, თუ როგორი იქნება პროექტის საბოლოო სახე. სხვა დეტალებზე თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ მუშაობას და საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით აღნიშნულ განაშენიანებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.
ლილოს დასახლებაში ქუჩების მიასფალტება მიმდინარეობს
სამგორის რაიონის გამგეობა ლილოს დასახლებაში, ევგენი აფხაზავას ქუჩიდან თენგიზსტურუას ქუჩის კვეთამდე, ასფალტ- ბეტონის საფარის დაგების სამუშაოებს აწარმოებს.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 4 220 კვ. მ-ის მოცულობისტერიტორიის მოწესრიგება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 214 000 ლარი გამოიყო.
სამუშაოებს რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთადგაეცნო.
თბილისის მერიამ გასულ წელს უსახლკაროს სტატუსის მქონე 56 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადასცა
უსახლკაროთა პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიამ 56 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადასცა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ფართებით 378 ოჯახი რჩება დასაკმაყოფილებელი.
„წელს საცხოვრებელი ბინებით 80-მდე ოჯახის დაკმაყოფილება გვაქვს დაგეგმილი. უსახლკაროთა სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მომართვიანობაა. დღეის მდგომარეობით, ფართებით დასაკმაყოფილებელი გვრჩება 378 ოჯახი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, უსახლკაროს სტატუსის მისაღებად მოქალაქეებმა მერიის შესაბამის სამსახურებს უნდა მიმართონ.
„უსახლკაროს სტატუსის მისაღებად რა არის საჭირო, ამის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, რაიონულ გამგეობას ან თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს მიმართოთ. პროცესში ჯანდაცვის სამინისტროცაა ჩართული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრეტილი მამულიშვილების შესახებ საინფორმაციო მემორიალი განთავსდება
ვაკის პარკში, ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრეტილი გმირების შესახებ საინფორმაციო მემორიალი განთავსდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოეწყობა სივრცე, სადაც საქართველოს დამოუკიდებელი კომიტეტის სამხედრო ცენტრის, მისი საქმიანობისა და წევრების შესახებ ისტორიული ცნობები იქნება წარმოდგენილი.
„2023 წლის მაისში 100 წელი სრულდება ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრების – კოტე აფხაზის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, ვარდენ წულუკიძის, როსტომ მუსხელიშვილის, გიორგი ხიმშიაშვილის და სხვათა დახვრეტიდან. ისინი შეეწირნენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას. მრავალი წელი მათი ხსენებაც კი აკრძალული იყო და, ძირითადად, საიდუმლოდ, თაობიდან თაობას გადაეცემოდა ამ სამაგალითო გმირობის ამბავი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაკის პარკში განთავსდეს საინფორმაციო მემორიალი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პროექტში საქართველოს საპატრიარქოც არის ჩართული.
„პროცესში ჩართულია საქართველოს საპატრიარქო და ერთობლივი ძალისხმევით სულ მალე გაჩნდება სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება საქართველოს დამოუკიდებელი კომიტეტის სამხედრო ცენტრის, მისი საქმიანობისა და წევრების შესახებ ისტორიული ცნობების მიწოდება პარკის ვიზიტორებისთვის. ვავალებ ანდრია ბასილაიას, სწრაფად დაიწყეთ პროექტი და მოაწესრიგეთ აღნიშნული სივრცე. თუ საჭირო იქნება გამარტივებული შესყიდვის განხორციელება, ცენტრალური ხელისუფლება გვერდით დაგიდგებათ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
სამგორის რაიონის გამგეობა კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში ატარებს
სამგორის რაიონის გამგეობა, ვარკეთილი 3- ის II მიკრორაიონში N24-26-27-28 კორპუსებისეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში აწარმოებს. მიმდინარე ეტაპზე, წესრიგდება ასფალტის საფარი.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობასთან შეთანხმების საფუძველზე გამგეობამ 30-მდეფარეხების დემონტაჟი უკვე განახორციელა და პროექტის დასრულებამდე კვლავ იგეგმებარამდენიმე ავტოფარეხის აღება, სადაც მოსასვენებელი სივრცეები განთავსდება.
სამუშაოებს ადგილზე რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთანერთად გაეცნო.
თბილისის მერია ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას იწყებს
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობების პრობლემის მოგვარების მიზნით, პროგრამის შექმნა დაავალა.
კახა კალაძის თქმით, სხვა უბნებში უკვე მიმდინარეობს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, თუმცა საჭიროა, შემუშავდეს მიდგომა ისტორიულ არეალებში მდებარე ავარიული შენობა- ნაგებობებისთვის.
„დედაქალაქში 10 000-მდე შენობა-ნაგებობა გვაქვს სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხით. როგორც მოგეხსენებათ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის ინიცირება ასევე ჩემი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოხდა, არის ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა. ამ პროგრამის განხორციელება 2022 წლიდან დავიწყეთ. დაწყებულია ერთი საპილოტე პროექტის განხორციელება. მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. ამავე დროს 25 საცხოვრებელ კორპუსზე მიმდინარეობს მოკვლევა სხვადასხვა ეტაპზე. ზოგ პროექტზე მიმდინარეობს სამშენებლო ნებართვის პროცედურები, ზოგან მზადდება პროექტი, თუმცა გვაქვს ერთი პრობლემა: ავარიული სახლების ჩანაცვლება არ არის გათვალისწინებული ისტორიულ უბნებში. ვინაიდან ამ უბნებში განაშენიანების პარამეტრები მკაცრად არის შეზღუდული, ამ არეალებში წესიდან გამონაკლისია დადგენილი. ის მიდგომები, რაც გვაქვს სხვადასხვა უბანში, რაიონში, ჩვეულებრივ სივრცეებში, ისტორიულ უბნებში არ გამოიყენება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს აღნიშნულ პროცესში თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისა და გამგეობების ჩართვა სთხოვა.
„დავდოთ კონკრეტული პროგრამა, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. ძალიან ბევრი წერილი შემოდის მუნიციპალიტეტში იმასთან დაკავშირებით, რომ ისტორიულ უბნებში ავარიული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას ადგილობრივი მცხოვრებლები ვერ ახერხებენ და მოგვმართავენ ჩვენ. ცხადია, მუნიციპალიტეტი ყველა ავარიული სახლის განახლება-რეაბილიტაციას ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ ძალიან დიდი რაოდენობაა. ამიტომ, აუცილებელია, შეიქმნას კონკრეტული პროგრამა, სადაც ბიზნესის ჩართულობით შესაძლებელი იქნება აღნიშნული ცვლილებების განხორციელება – ამ სივრცეების მოწესრიგება და რეაბილიტაცია. მესმის, რომ ეს საცხოვრებელი სახლები არის კერძო საკუთრება, მაგრამ ყველას არ აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს საკუთარი უძრავი ქონების კაპიტალური რეაბილიტაცია-რესტავრაცია და მოწესრიგება. ამიტომ გავალებთ, რომ მუნიციპალიტეტმა გარკვეული პროგრამა შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ადამიანებს, მერიასთან თანამშრომლობით და კოორდინაციით გაიუმჯობესონ საცხოვრებელი გარემო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო, მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის გამზირებზე, ასევე, კოსტავას ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„22 იანვრის 00:00-დან 06:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება: ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან გადაადგილება დასაშვები იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით). ავტომობილების მძღოლები ასევე, იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე, იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.
საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის დროს, გადაადგილება შეიზღუდება კოსტავას ქუჩაზეც. კერძოდ, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან გმირთა მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვა 23 იანვრის 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.
შეზღუდვის პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მიმავალი საავტომობილო ნაკადისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით, ხოლო ნ. ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.
ამასთან, 24 იანვრის 00:00-დან 06:00 საათამდე, წერეთლის გამზირზე ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ შეფერხებით, თუმცა, არსებული სქემის შესაბამისად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.