102 ახალი სტატია

ბიზნესმენის გატაცების საქმე - კრიმინალური ქრონიკა ოკუპირებული აფხაზეთიდან

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2019 წელს, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ვინმე ნუგზარ პაპავა დააკავეს. მას ბრალი იქაური ბიზნესმენის, ომარ მირცხულავას გატაცებასა და გამოსასყიდის მიღებაში დასდეს. მეტიც, მაშინ პაპავას დნმ-ის ანალიზიც აუღეს და მოსკოვში გაგზავნეს, რათა გაერკვიათ, მართლა მონაწილეობდა თუ არა მირცხულავას გატაცებაში, თუმცა სანამ რუსეთის დედაქალაქიდან სოხუმში პასუხი ჩავიდა, პაპავა გაუსვლელობის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. პასუხის მისვლის შემდეგ კი დადასტურდა, რომ იქ, სადაც მირცხულავა ჰყავდათ დამწყვდეული, პაპავას დნმ ნამდვილად იყო, თუმცა სამართალდამცავებმა გაუსვლელობის ხელწერილით გაშვებული კაცი ვეღარ იპოვეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს.
ძველით ახალ წელს კი პაპავაზე ძებნის არეალი გაფართოვდა, მასზე სანქცია უკვე მოსკოვმა გასცა, თუმცა სულ სხვა საქმეზე. პაპავას 2009 წელს, ლეგენდარული რუსი „კანონიერი ქურდის“, ვიაჩესლავ ივანკოვის, იგივე „იაპონჩიკის“ მკვლელობაში მონაწილეობას ედავებიან. ივანკოვი 2009 წელს, რესტორან „ტაისკი სლონ“-იდან გამოსვლის დროს სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. მაშინ რუსმა სამართალდამცავებმა ორი პიროვნება დააკავეს და მათ ივანკოვის მკვლელობის შესრულება დაუმტკიცეს. ახლა კი გაირკვა, რომ მათ იარაღი სწორედ პაპავამ მიაწოდა. რამდენად მართალია რუსი სამართალდამცავების ვარაუდი, ვერ გეტყვით, მაგრამ მასთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის კიდევ ერთი მოქალაქე, ვინმე ასტამურ ბუთბა იძებნება.

ბათო ჯაფარიძე