ვინ და რატომ დაუსერა სახე ცნობილ პლასტიკურ ქირურგს

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არცთუ იშვიათად მომხდარა, როცა სამართალდამცავს დამნაშავე დაუკავებია, მას სასჯელი მოუხდია, გათავისუფლების შემდეგ კი სწორ გზაზე დამდგარა და რაც მთავარია, მასთან, ვინც დააკავა, მეგობრობა ცხოვრების ბოლომდე გაუგრძელებია. ეს იმიტომ, რომ სწორედ იმ კონკრეტულმა ადამიანმა მისცა შესაძლებლობა, ამოესუნთქა, გაეანალიზებინა ყველაფერი, რასაც აკეთებდა და დასკვნაც გამოეტანა. ძალოვანი უწყების თანამშრომლებსა და ყოფილი პატიმრების მეგობრობაზე არაერთი ფილმია გადაღებული და სავარაუდოდ, მომავალშიც გადაიღებენ.

 

„ბატონო თენგიზ, ჩემი ქმარი დაიჭირეს. ერთადერთი, რაც მთხოვა, თქვენი ნახვა იყო. ერთ თვეში ბავშვს ველოდებით, მას რომ სასჯელი მისცენ, შეიძლება, თავი მოვიკლა. მჯერა, რომ დამნაშავე არ არის, თქვენც უნდა გჯეროდეთ, უშველეთ, გთხოვთ“, -ასეთი თხოვნით მოვიდა ჩემს კაბინეტში ახალგაზრდა ქალბატონი და თავიდან ვერც კი მივხვდი, ვინ იყო და რა უნდოდა, სახეზე ცხვირსაცოხი ჰქონდა აფარებული, სიტყვებს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისროდა და ქვითინებდა. როცა დამშვიდდა, მხოლოდ მერე მივხვდი, რომ ის ყოფილი პატიმრის ცოლი იყო, პატიმრის, რომელიც ციხეში მე ჩავსვი და იქიდან გამოსვლის შემდეგ, თავად მიპოვა, მადლობა გადამიხადა და გამოსწორების გზას დაადგა“, - მიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

თბილისში იმ დროს პლასტიკური ქირურგია ახალი შემოსული იყო. უფრო ზუსტად, იმას, რასაც პლასტიკურ ქირურგიას ეძახდნენ, რეალურად, სახის კანის უმნიშვნელო გადაჭიმვა იყო და ქირურგებიც თითებზე ჩამოსათვლელნი გახლდნენ, თუმცა არც მათ იცოდნენ ყველაფერი ზედმიწევნით და შეიძლება ითქვას, გზადაგზა სწავლობდნენ. მათ შორის იყო ქალბატონი, რომელიც დაჭრეს - სახეზე დანა დაუსვეს და ჩანთა გასტაცეს, რომელშიც დიდი თანხა ნამდვილად არ ჰქონდა. აი, ოქროს ყელსაბამი ბევრად მეტი ღირდა და მძარცველმა ისიც შეაწყვიტა. რაც შეეხება ეჭვმიტანილს, ის მეორე დღეს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიჭირეს.

„განყოფილებაში ქუჩის ტელეფონიდან დარეკეს და გვითხრეს იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვინც ძარცვა ჩაიდინა. ანონიმური ზარის ავტორი ქალი ამბობდა, რომ ყველაფერი საკუთარი თვალით დაინახა, მაგრამ იმის გამო, რომ გამოჩენის ეშინია, გადაწყვიტა, უბრალოდ, დაერეკა. შესაბამისად, ჩვენ აღნიშნული პირი დავაკავეთ, მისი ავტომობილი გავჩხრიკეთ და მგზავრის სავარძლის ქვეშ, სისხლში ამოსვრილი ყელსაბამი ვიპოვეთ. იქვე იყო გატაცებული ჩანთიდან ამოღებული ცხვირსახოცი. დაკავებული წარსულში ნასამართლევია, ცნობილი „მედვეჟატნიკია“, ბინებს ისე ქურდავდა, ვერაფერს ვიგებდით. როგორც ჩანს, ძველ პროფესიას დაუბრუნდა, კრიმინალი გახდა, უბრალოდ, პროფილი შეიცვალა“, - უთხრა ბატონ თენგიზს საქმის გამომძიებელმა.

„სისულელეა და ახლავე აგიხსნი რატომ. ის, რომ დაკავებული გამოცდილი კრიმინალია, გეთანხმები. ჰოდა, მივყვეთ ლოგიკას, გამოცდილი კრიმინალი, რომელმაც სასჯელი მოიხადა, გამოვიდა, 3-4 წელი პატიოსნად იცხოვრა, ცოლი მოიყვანა, ბავშვს ელოდება და ამ დროს სჩადის დანაშაულს, რომელიც მანამდე არ ჩაუდენია ანუ მისთვის უცხოა. კეთილი, ჩაიდინა დანაშაული, გაძარცვა და დაჭრა ქალი, მაგრამ ეს გამოცდილი კრიმინალი, რატომღაც თავიდან არ იშორებს სამხილებს, მანქანაში, სავარძლის ქვეშ ინახავს სისხლიან ყელსაბამს და ჩანთიდან ამოღებულ ცხვირსახოცს. მითხარი, სად არის ლოგიკა? ეს კი არა, გამოუცდელი, ცხვირმოუხოცავი კრიმინალიც კი არ ჩავარდებოდა ასე ბავშვივით“, - უთხრა ბატონმა თენგიზმა კოლეგას და დაკავებულთან არაოფიციალური შეხვედრა ითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.

„თქვენზე კარგად არავინ მიცნობს, თენგიზ ბატონო, მიშველეთ, გემუდარებით. ძალიან პატიოსნად ვცხოვრობ, დღისით ქარხანაში ვმუშაობ, საღამოობით - ვტაქსაობ. გადაამოწმეთ, ბოლო სამ თვეში, ჩემს მანქანაში ორჯერ დარჩათ ჩანთა და ორივეჯერ კლიენტი რომ ვერ მოვნახე, მილიციაში მივიტანე. პირველ შემთხვევაში, ბევრი არაფერი იყო, მეორე შემთხვევაში - 300 მანეთზე მეტი. ხომ შემეძლო, ამეღო და ვერავინ ვერაფერს დამიმტკიცებდა, ვიტყოდი, აქ არაფერი დაგრჩენიათ-მეთქი და ჩანთებსაც მტკვარში მოვისროდი, მაგრამ არა, არ ვიკადრე, ეჭვქვეშ არ დავაყენე ჩემი თავისუფლების თუნდაც ერთი დღე. ახლა კიდევ, ვიღაც ქალი დაჭრესო და მე მედავებიან. რა დაჭრა, ფულის შოვნა არაკანონიერი გზით რომ მსურდეს, იმას გავაკეთებ, რაც ყველაზე კარგად ვიცი“, - ლამის ტიროდა დაკავებული.

მისი აზრით, ყელსაბამი რომელიმე მგზავრმა ჩუმად ჩაუდო, მაგრამ რომელმა და რატომ? როგორც თავად ამბობდა, მტრები არ ჰყავდა და არც ცოლს ღალატობდა ანუ საყვარელს რომ ეძია შური, გამორიცხული იყო. თუმცა, ბატონ თენგიზს მაინც უთხრა, ეგ ქალი პლასტიკური ქირურგი ყოფილა, ეგებ, რომელიმე უკმაყოფილო პაციენტმა დაუსვა დანა, თანაც სახეზე, სიმბოლურადო და გამომძიებელს ეს ვერსია სავსებით ლოგიკურად მოეჩვენა. ამის მიუხედავად, ჯერჯერობით, ყველა სამხილი სწორედ დაკავებულის წინააღმდეგ იყო და მისი გაშვება უბრალოდ არ შეიძლებოდა.

რაც შეეხება დაზარალებულს, ის საგულისხმოს ვერაფერს იხსენებდა. მხოლოდ ის ახსოვდა, რომ სადარბაზოში შევიდა, სახლის გასაღების ამოსაღებად ჩანთას დახედა და თავი რომ ასწია, ჯერ ლოყა აეწვა, მერე დარტყმა იგრძნო და იგრძნო ისიც, როგორ შეაწყვიტეს ყელსაბამი. ჩანთა რომ გასტაცეს, მერე აღმოაჩინა, რადგან როცა დაარტყეს, დაეცა და ჩანთაც ხელიდან გაუვარდა. რაც შეეხება უკმაყოფილო პაციენტს, მხოლოდ ერთს იხსენებდა, ქალს, რომელსაც მისი ოპერაციის შემდეგ, სახეზე რაღაც დაემართა და იმდენად გაუფუჭდა კანი, რომ გარეთ ვეღარ გადიოდა. მეტიც, ამ ქალის ქმარი ემუქრებოდა, ადრე თუ გვიან, სახეს შენც დაგიმახინჯებო. რა თქმა უნდა, ბატონი თენგიზი სწორედ მის სანახავად წავიდა.

„პლასტიკურ ქირურგს სახე დაუსერეს? ძალიან, ძალიან მიხარია, რომ ვიღაცამ გააკეთა ის, რისი ერთი ადგილიც მე არ მქონდა. რამდენჯერმე ვიფიქრე, რომ მისთვის სახეზე სამართებელი უნდა დამესვა, მაგრამ ვერ გავბედე, ბუნებით მოძალდე არ ვარ, მაგრამ ვაღიარებ, არ ვმალავ, რომ მიხარია, რაც დაემართა“, - განაცხადა მამაკაცმა და როცა გამომძიებელმა მის ცოლს შეხედა, გაიფიქრა, რომ მისი ცოლისთვის ვინმეს ასეთი რამ რომ ექნა, აუცილებლად შურს იძიებდა. ესეც არ იყოს, ეჭვმიტანილს ალიბი ჰქონდა, სწორედ იმ დროს, როცა ქალი დაჭრეს, ის მეგობარს ავეჯის აწყობაში ეხმარებოდა. ოფიციალური გამოძიება მშვიდად იყო, მათ ასპროცენტიანი სამხილები ჰქონდათ, დამნაშავედ ყოფილი კრიმინალი ჰყავდათ და საქმე გახსნილად მალე გამოცხადდებოდა, უბრალოდ, ბატონი თენგიზის თხოვნას ითვალისწინებდნენ, 3-4 დღე მაცადეთო და ისინიც აცდიდნენ, თუმცა შინაგანად სჯეროდათ, რომ ის ვერაფერს და ვერავის იპოვიდა.

„ყოველი შემთხვევისთვის, დაზარალებულის ქმრის დასაკითხად წავედი. შეიძლებოდა, მას ჰქონოდა ვინმეზე, ან რამეზე ეჭვი. გაუფრთხილებლად მივედი და როცა კარზე დავაკაკუნე, ჯერ ფაჩუნის ხმა გავიგე, შემდეგ მამაკაცის ცოტა აღელვებული ხმა, რომელი ხარო და მხოლოდ ამის შემდეგ შემიშვეს სახლში. იქ ქალი დამხვდა, ახალგაზრდა, ჯანმრთელი და იმის მიუხედავად, რომ მორიდებით იდგა, მაშინვე მივხვდი, ქმარს ცუდ დროს მივუსწარი, თუ წავასწარი“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

გამოკითხვის დროს, ქალი მეორე ოთახში გავიდა, ქმარმა საინტერესო არაფერი იცოდა, თუმცა როცა გამომძიებელი ბინიდან წასვლას აპირებდა, თვალი ჰკიდა, როგორ იყო კარს მიკრული ქალი და როგორ ისმენდა თითოეულ სიტყვას. სხვათა შორის, დასმულ კთხვაზე, ეს ქალი ვინ არისო, დაზარალებულის ქმარმა მშვიდად თქვა, ჩემი ახალგაზრდა მეგობარიო და დეტალებში აღარ შესულა. ახალგაზრდა მეგობარმა გამომძიებელი განსაკუთრებით დააინტერესა. მით უმეტეს, განყოფილებაში ქალმა დარეკა და ადვილი შესაძლებელი იყო, სწორედ ის ყოფილიყო დამნაშავე. გამომძიებელმა მისი სურათი დაკავებულს ანახა და სთხოვა გაეხსენებინა, ხომ არ ჩაისვა ეს ქალი მომხდარიდან იმავე, ან მეორე დღეს მანქანაში. დაკავებულმა თავი დააქნია და ისიც გაიხსენა, ხურდები დაეყარა და მანქანიდან რომ გადავიდა, ბოჭავდა, მაგრამ მომერიდა, არ ვუყურებდიო. გოგონა დააკავეს და ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მთავარი ეჭვმიტანილისგან განსხვავებით, ის გამოცდილი კრიმინალი არ იყო და ამიტომ, ძალოვნებს მისი ალაპარაკება არ გასჭირვებიათ.

„დიახ, მე დავუსვი დანა იმ ბებერს იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი მამაკაცი გადამწყვეტ ნაბიჯს ვერ დგამდა, მუდმივად იმეორებდა, მეცოდება, მეცოდებაო. ახლა კი, როცა დამახინჯდა, ყოველდღიურად მის ცქერას ვერ აიტანდა და დაშორდებოდა“, - თქვა დაკავებულმა.

სასამართლომ გოგონას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საიდანაც მან წელიწადნახევარი მოიხადა, შემდეგ კი, კარგი ქცევისა და სუფთა წარსულის გამო, გაათავისუფლეს. მისი საყვარელი მამაკაცი იმ დროისთვის ცოლს უკვე დაშორებული იყო, თუმცა... ახალი ცოლი ჰყავდა.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე