ბაღის გამგეს აუტისტური სპექტრის ბავშვი შემოაკვდა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები - თემა, რომელიც ადრე დახურული იყო, ახლა კი არავინ ერიდება ხმამაღლა თქვას, რომ ბავშვი შშმ პირია და შესაბამისი გარემო და ხელშეწყობა სჭირდება. კარგია, რომ სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებს შშმ პირებისთვის, მაგრამ ბევრი რამ ყველაფერი არ არის. არიან მშობლები, რომლებიც ვერ ეგუებიან ბავშვების ასეთ მდგომარეობას, იბრძვიან, სჯერათ, რომ საბოლოო ჯამში, გამოჯანმრთელება შეიძლება, საბედნიეროდ, გარკვეული შედეგიც აქვთ... თუმცა, საუბედუროდ, არცთუ მცირე ნაწილი მშობლებისა, როცა გაიგებს, რომ ბავშვი შშმ პირია, სამშობიაროში ტოვებს და მის არსებობას ივიწყებს. ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, არც გმირი ჰყავს და არც - ანტიგმირი, ეს არის მწარე რეალობა, რომელშიც ადრე უწევდათ ადამიანებს ცხოვრება, ახლა კი, მას შემდეგ, რაც მეტი ინფორმაციაა, ანალოგიური რამ, წესითა და რიგით, არ უნდა განმეორდეს.

 

საქართველოს ერთ-ერთი დიდი ქალაქის საბავშვო ბაღში, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი გარდაიცვალა. 5 წლის ბიჭის სიკვდილის მიზეზად ექსპერტიზამ საძილე საშუალებების გადაჭარბებული დოზის მიღება დაასახელა. საიდან მოხვდა საბავშვო ბაღში საძილე საშალებები და რაც მთავარია, ვინ მისცა ბავშვს აბები, დასადგენი იყო, თუმცა გამომძიებლები იმდენ უცნაურობას გადააწყდნენ, იმდენი რამ გაიგეს, რომ საბოლოო დამნაშავის დაკავების შემდეგ, საქმის გახსნა არ უხაროდათ. ისინი ბავშვის მკვლელთან ერთად ტიროდნენ. მილიციაში (მაშინ ჯერ კიდევ მილიცია ერქვა) განცხადება ბავშვის დედამ დაწერა.

„ჩემი შვილის მიღება არცერთ ბაღში არ სურდათ, მეუბნებოდნენ, ავადმყოფიაო. არადა, სინამდვილეში, აუტისტი იყო და არავის არაფერს უშავებდა. არც კი მქონდა იმედი, რომ ჩვენს ქალაქში არსებულ საუკეთესო ბაღში მიიღებდნენ, მივედი და ბაღის გამგემ მითხრა, ერთი ადგილი გათავისუფლდა და იმის მიუხედავად, რომ დიდი რიგებია, სწორედ თქვენს შვილს მივიღებთო. მერე გავიგე, რომ თურმე მას შვილიშვილი ჰყოლია აუტისტური სპექტრის, რომელიც გარდაიცვალა და ჩემი ბავშვი მას მიამსგავსა. ბედნიერი ვიყავი და ეს იმის მიუხედავად, რომ მშობლები აპროტესტებდნენ, ჩვენს ბავშვებთან ერთად ნუ დადის ეგ ავადმყოფი, ჩვენებს რამეს გადადებსო. ვერ ავუხსენი, ვერ გავაგებინე, რომ აუტიზმი გადამდები არ არის. მერე დამემუქრნენ, შენს შვილს მოვკლავთო და აგერ, მუქარაც აასრულეს, დარწმუნებული ვარ, მკვლელი ერთ-ერთი მშობელია“, - ამბობდა ბავშვის დედა.

რა თქმა უნდა, გამოძიება ყველა მიმართულებით დაიწყო და ერთ-ერთმა ძიძამ გამომძიებლებს საინტერესო რამ უთხრა:

„აქ ერთი ქალი დადიოდა მუდმივად, სულ ითხოვდა, რომ მისი ბავშვი მიგვეღო, მაგრამ ადგილის უქონლობის გამო, უარს ეუბნებოდნენ. ბოლო ხმაზე კიოდა, იმ ავადმყოფისთვის გაქვთ ადგილი და ჩემი შვილისთვის არაო. ბოლოს დაიმუქრა, ის ბავშვი რომ მოკვდება, მერე ხომ გამოჩნდება ადგილიო და როცა სასწრაფოს გარდაცვლილი ბიჭი მიჰყავდა, ქალი უკვე იქ იყო საბუთებით და დირექტორს ეუბნებოდა, ახლა უარს ვერ დამისაბუთებ, ჩემი შვილი უნდა მიიღოო“.

გამოდიოდა, მშობელმა საიდანღაც იცოდა, რომ ბავშვი სწორედ იმ დღეს გარდაიცვლებოდა და გარდაცვალებიდან ათ წუთში, საბუთებით ადგილზე იყო. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული ეჭვის საფუძველი გახლდათ და ამიტომ, გამომძიებლებმა, პირველ რიგში, მისი დაკითხვა გადაწყვიტეს.

„ყველაფერი ძალიან მარტივადაა. ბაღის მზარეულს ვთხოვე, თუ ადგილი გათავისუფლდებოდა, ჩემთვის უნდა დაერეკა. სახლისა და სამსახურის ტელეფონი მივეცი, საბუთები კი ჩანთით მუდმივად თან დამქონდა, ხომ არ ვიცოდი, როდის დამირეკავდა. ამას უანგაროდ არ აკეთებდა, ინფორმაციისთვის 30 მანეთი მივეცი და სწორედ მან დამირეკა, ბავშვი გარდაიცვალა და მოდიო. არც ვიცოდი, რომელი ბავშვი იყო გარდაცვლილი, სამსახურდან გავეთავისუფლე და გამოვქანდი“, - განაცხადა ქალმა და მას მყარი ალიბი ჰქონდა - მაშინ, როცა გარდაცვლილმა საძილე აბები მიიღო, ეჭვმიტანილი სამსახურში გახლდათ და ამას ორი ათეული ადამიანი მაინც ამოწმებდა.

გარდაცვლილი ბავშვის დედა იმასაც ამბობდა, ჩემს შვილს სხვა ბავშვები სცემდნენ და რომ არა ბაღის გამგე, ალბათ, მოკლავდნენ კიდეც, მაგრამ გამგე მუდმივად თან დაჰყვებოდა ბავშვს, როცა ეზოში გაჰყავდათ, გვერდიდან არ შორდებოდა, ბაღის შენობაში კი ძიძები აქცევდნენ ყურადღებას, რადგან მკაცრად ჰყავდა გაფრთხილებულიო. მისივე ვარაუდით, მისი შვილის მიმართ სხვა ბავშვების აგრესია მშობლების დარიგებებით იყო გამოწვეული, თორემ თავიდან ბავშვები აგრესიას არ გამოხატავდნენ. დაიწყო დანარჩენი მშობლების დაკითხვა-შემოწმება, მათი ალიბის გადამოწმება და ეს ხანგრძლივი პროცედურა იყო.

ერთი კვირის შემდეგ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ყველა მშობელს ალიბი ჰქონდა და თან ყველა თავს იგიჟებდა, ბავშვს სასიკვდილოდ როგორ გავიმეტებდითო? თუმცა, მკაცრი დაკითხვის პირობებში, რამდენიმე მათგანმა აღიარა - ბავშვებს ვარიგებდით, აუტისტური სპექტრის თანატოლის მიმართ აგრესია გამოეხატათო. ბავშვებიც მშობლების დანაბარებს ასრულებდნენ და თანატოლს არ ინდობდნენ. მშობლების დაკითხვის შემდეგ, სამართალდამცავებმა გარდაცვლილი ბავშვის მამა დაკითხეს, რომელმაც ცოლ-შვილი სამშობიაროშივე მიატოვა. რეალურად, მის დაკითხვას შედეგი არ უნდა გამოეღო, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, ამის გაკეთება გადაწყდა.

„ცოლს არ დავშორდებოდი, ბავშვი რომ სამშობიაროში დაეტოვებინა, მან კი კატეგორიულად განმიცხადა, უნდა გავზარდოო. არ ვიყავი ამისთვის მზად და დავტოვე. ახლა სხვა ოჯახი მყავს, სხვა ცოლი და ჯანმრთელი შვილი, ძალიან ბედნიერი ვარ. ალიმენტს პატიოსნად ვიხდიდი, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ და რაც მთავარია, მგონია, რომ ჩემს ყოფილს მობეზრდა ასეთი ბავშვის მოვლა და საძილე აბები, სწორედ მან დაალევინა, მერე ბაღში მიიყვანა და დატოვა. ყოველ შემთხვევაში, ერთი თვის წინ, როცა მასთან სახლში ვიყავი ყოფითი პრობლემის მოსაგვარებლად, მაგიდაზე საძილე აბები ვნახე“, - განაცხადა მამაკაცმა.

ძალოვნები გარდაცვლილი ბავშვის დედას ეწვივნენ. მან საკუთარი ხელით გამოიტანა აბები, ჩემთვის ვიყიდე და ვსვამდი, გამორიცხულია, ბავშვს აეღო, ის თავისით თითქმის არაფერს აკეთებდა, ვიღაცამ ეს აბები ძალით დაალევინა და თუ გგონიათ, რომ ეს მე გავაკეთე, ძალიან ცდებითო. ყოველი შემთხვევისთვის, ექსპერტიზა ჩატარდა და დადგინდა, რომ ბავშვის ორგანიზმში სხვა შემცველობის საძილე პრეპარატი იყო და დედა სხვას სვამდა. გამოძიება ჩიხში შევიდა, აღარ იცოდნენ, რა უნდა მოემოქმედებინათ და ამ დროს, განყოფილებაში ბაღის გამგის თანაშემწე მივიდა, ახალგაზრდა ქალი, რომელიც მის ადგილს უმიზნებდა.

„მე ვიცი, ვინ მოკლა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი. იმ დღეს, ბავშვთა საძინებელში შევედი, წესით, იქ არავინ უნდა ყოფილიყო, უბრალოდ, დასვენება მინდოდა. მხოლოდ ერთი საწოლი იყო დაკავებული, სადაც სწორედ ის ბავშვი იჯდა, ბაღის გამგე კი აბებს ასმევდა. მგონია, რომ სწორედ მან დაალევინა საძილე აბები და ამით არასასურველი ბავშვი, უბრალოდ, მოიცილა. ჩვენ ხომ სანიმუშო ბაღი ვართ, ამ ბავშვზე კიდევ ყველა მშობელი უარყოფითად საუბრობდა“, - განაცხადა მან. სამართალდამცავებმა დაკითხვაზე ბაღის გამგე დაიბარეს.

„ჩემს გარდაცვლილ შვილიშვილს ვაღმერთებდი. იცით, რით გარდაიცვალა? თანატოლებმა სცემეს, მართალია, პატარები იყვნენ, მაგრამ წააქციეს და თავში ქვები ურტყეს. მას შემდეგ, ოცნებად მქონდა, რომ ჩემს ბაღში ასეთი ბავშვი მოეყვანათ, მინდოდა, ყველა გრძნობა, რაც შვილიშვილთან მაკავშირებდა, მასზე გადამეტანა და აი, გამოჩნდა ბავშვი, რომელიც შესაძლოა, იმაზე მეტად შემიყვარდა, ვიდრე დედამისს, თუმცა ყველა დანარჩენს მის მიმართ აგრესია ჰქონდათ, ამიტომ ძალიან ვუფრთხილდებოდი, ვასეირნებდი, ვაჭმევდი, ვეთამაშებოდი. იყო მხოლოდ ერთი დღე, როცა თათბირზე მივდიოდი და პირველად, როცა მარტო დავტოვე, ბავშვი სასტიკად ნაცემი დამხვდა. ამიტომ, საძილე აბებს ვასმევდი და ვეუბნებოდი, რომ ბავშვი არავის შეეწუხებინა. ეს აბები გამითავდა, სავარაუდოდ, ფარმაცევტს შეეშალა და დიდი დოზა მომცა, თორემ ჩვეულებრივ დავალევინე იმ დღესაც და წავედი, რომ დავბრუნდი, გარდაცვლილი დამხვდა. ვერცერთი სასამართლო ვერ დამსჯის ისე, როგორც განგებამ დამსაჯა. მე ორ ბავშვს ვერ გავუფრთხილდი, ვერც ჩემს სისხლსა და ხორცს და ვერც - სხვისას“, - განაცხადა ბაღის გამგემ.

როცა ის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავდათ, კანონის შესაბამისად, მისი ჩხრეკა ჩატარდა. მას ჯიბეში მხოლოდ ორი სურათი ედო - გარდაცვლილი ბავშვისა და შვილიშვილის.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე