116 ახალი სტატია

ძმამ დას ჯერ ცოლობა სთხოვა, შემდეგ კი მოკლა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საზარელი კრიმინალური შემთხვევა, რომელმაც სამართალდამცავები შეძრა

ყოველთვის ასე იყო - მეხანძრე გმირად ითვლებოდა. მეხანძრის პროფესიაზე არაერთი ბავშვი ოცნებობდა და ახლაც ოცნებობს. მართლაც, საოცარი სანახავია, ცეცხლში შესული ადამიანი როგორ ცდილობს სხვისი სიცოცხლის გადარჩენას, საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. მაშინაც და ახლაც ძნელად წარმოსადგენია, მეხანძრე-მაშველმა რაიმე ბოროტება ჩაიდინოს, თუმცა იყო შემთხვევები, როცა მეხანძრეები მოროდიორობაში დაადანაშაულეს, მაგრამ ასეთი ფაქტები იმდენად იშვიათად ხდებოდა, რომ სათვალავში ჩასაგდებად არც ღირს.

 1979 წელს, თბილისის ერთ-ერთი კორპუსის მაცხოვრებლებმა ჯერ სახანძრო გამოიძახეს, შემდეგ კი მილიციის განყოფილებაში დარეკეს. ერთ-ერთი ბინიდან კვამლი გამოდიოდა. სანამ მეხანძრეები ადგილზე მივიდოდნენ, მეზობლებმა კარი შეამტვრიეს და ცეცხლთან ერთად, ოთახში ახალგაზრდა გოგონას გვამიც ნახეს. მეხანძრეებს საქმე, პრაქტიკულად, არც ჰქონიათ - ოთახში წიგნების გროვა ბოლავდა, გაზქურა კი ბოლომდე იყო გახსნილი. წესით, ყველაფერ ამას აფეთქება უნდა გამოეწვია, მაგრამ მეზობლებმა გაზქურა გადაკეტეს, ფანჯრები გააღეს, წიგნებს კი წყალი მიასხეს. აი, სამართალდამცავებს კი ნამდვილად ბევრი საქმე ჰქონდათ.

„ხმაურზე გამოვედი და სამი მეხანძრე შემეჩეხა, რომლებსაც აირწინაღები ეკეთათ და მითხრეს, კორპუსი დაცალეთ, ხანძარიაო. ეზოში გადავიხედე და დავინახე, რომ სახანძროს მანქანა არ იდგა, არც უკანა მხარეს იდგა და სახანძროში ამიტომ დავრეკე, მანქანა რომ გამოეშვათ. შემდეგ ეს მეხანძრეები სადღაც გაქრნენ, მეზობლებთან ერთად კარი შევამტვრიეთ და დანარჩენი იცით“, - ეს არის ამონარიდი იმ მეზობლის ჩვენებიდან, რომელიც გარდაცვლილის კარის მეზობლად ცხოვრობდა.

გოგონა დანით იყო მოკლული. მეზობლების თქმით, დილით მისი მშობლები, მივლინებით, შუა აზიაში გაემგზავრნენ - დედაც და მამაც ბიოლოგები იყვნენ. რაც შეეხება ძმას, ის სამი წლის წინ, ჯარში წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა, სავარაუდოდ, საცხოვრებელი შეიცვალაო, ამასაც მეზობლები ამბობდნენ.

მშობლებთან დაკავშირება მხოლოდ სამი დღის შემდეგ მოხერხდა, ძმის კვალს კი ვერც სამართალდამცავებმა მიაგნეს და დედ-მამამაც დაადასტურა, ცუდი საქციელის გამო, ბიჭი სახლიდან, უბრალოდ, გააგდეს და მისი ადგილსამყოფელი არ იცოდნენ, არც კითხულობდნენ და არც აინტერესებდათ. სახელითა და გვარით, სამართალდამცავებმა ძმას ვერ მიაგნეს, მაგრამ მთავარი ეს არ გახლდათ - მთავარი იყო, ვინ ჩაიდინა მკვლელობა, თანაც მეხანძრის ფორმაში? მაშინ მეხანძრის ფორმა ასე ადვილად საშოვნელი არ იყო და მილიციამ ყველა განყოფილება გადაამოწმა. გაირკვა, რომ ერთ-ერთში, მეხანძრის სამი კომპლექტი დაიკარგა, თუმცა ქურდი ვერ იპოვეს და კომპლექტები, უბრალოდ, ჩამწერეს. საინტერესოა, რომ იმავე სახანძროში, მკვლელობის დღეს, გამოძახებაზე სამი მეხანძრე გავიდა. ისინი უკან სამ საათში დაბრუნდნენ და განაცხადეს, ცრუ განგაში იყოო. ყველაფერი ეს, სერიოზულ ეჭვს აჩენდა. ჯერ ერთი, სახანძრო ეკიპაჟი ექვსი კაცისგან შედგებოდა, მაგრამ სამეულმა სხვა წევრები არ გაიყოლა და მეორეც, თუ ცრუ განგაში იყო, მისვლა-მოსვლას სამი საათი რად უნდოდა? არადა, სამივე მეხანძრის სურათი საპატიო დაფაზე იყო გამოკრული, ისინი უშიშარ მეხანძრეებად და გმირებადაც კი ითვლებოდნენ, ამიტომ ძნელი და მტკივნეული დასაჯერებელი იყო, რომ ბინა სწორედ მათ გაქურდეს და თან გოგონაც მოკლეს.

მილიციამ სამივე დააკავა, თუმცა ყველაფერი მარტივად გაირკვა. ისინი განუყრელი მეგობრები იყვნენ, ერთ-ერთ მათგანს ეჭვი გაუჩნდა, რომ ცოლი ღალატობდა სწორედ მაშინ, როცა ღამის მორიგე იყო. ამიტომ, ცრუ გამოძახება გაითამაშეს და სწორედ იმ მეხანძრის ბინისკენ წავიდნენ. სახანძრო კიბით, კაცმა საკუთარი სახლის მესამე სართულზე, საძინებელში შეიხედა და დარწმუნდა, რომ მისი ეჭვები არცთუ უსაფუძვლო იყო. ქალი ვიღაც მამაკაცთან ერთად ნებივრობდა. ყველაფრის მიუხედავად, მეხანძრემ მშვიდად მოაგვარა ყველაფერი, განცხადება შეიტანა განქორწინებაზე, მაგრამ სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ ქალი უმძიმესი ტრავმებით საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. მეხანძრე ამ შემთხვევაშიც უბრალო იყო - ქალი საკუთარმა მამამ მას შემდეგ სცემა სასტიკად, რაც ქმართან დაშორების მიზეზი გაიგო.

გამოდიოდა, ეს მეხანძრეები არაფერ შუაში იყვნენ და სამართალდამცავებმა ახლა სხვა თანამშრომლების შესწავლა დაიწყეს. ფაქტია, მეხანძრის სამი ეკიპირება, სწორედ იქიდან დაიკარგა. მილიციამ ყველა თანამშრომლის პირადი საქმე გამოითხოვა და მათი შესწავლა დაიწყო. სწორედ მაშინ გაირკვა ერთი საინტერესო ფაქტი - ერთ-ერთი მეხანძრე, გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მოკლული გოგოს ძმას, თუმცა გვარი არ ემთხვეოდა. გამოძიებამ ეს მსგავსება შემთხვევითობას არ დააბრალა და მის პირად საქმეს ბოლომდე გაჰყვვა. გაირკვა, რომ ბიჭმა გვარი, დაახლოებით, ერთი წლის წინ შეიცვალა, ხოლო სამსახურში მკვლელობის საღამოდან აღარ გამოჩენილა. ეს უკვე ხელჩასაჭიდი ძაფის ბოლო იყო.

სამართალდამცავებმა ბინაში მიაკითხეს, მაგრამ ის არც სახლში უნახავს არავის. მეზობლებმა თქვეს, რომ მისი ასავალ-დასავალი ორ მეგობარს ეცოდინებოდა, რომლებიც მასთან მუდმივად იკრიბებოდნენ. მეგობრების ვინაობის დადგენის შემდეგ, მილიციას ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ სწორ კვალზე იდგა - წარსულში, ორივე მათგანი არაერთგზის იყო ნასამართლევი. იმავე საღამოს, მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა - მას ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. გარდაცვლილი სწორედ ის ძმა იყო, რომელსაც მილიცია ეძებდა და რომელზეც ოჯახმა უარი თქვა. დაახლოებით, სამ დღეში კი ის ორიც დააკავეს, თუმცა დაკითხვაზე მათგან ბევრი ვერაფერი შეიტყვეს. ბინის გაქურდვა გარდაცვლილმა შესთავაზა, უთხრა, რომ ცარიელი იყო, იქ შესულებს გოგო დახვდათ, რომელმაც ბიჭი იცნო. ბიჭი გოგოს მუხლებში ჩაუვარდა, ცოლად გამომყევიო და გამოცდილი კრიმინალები მიხვდნენ, რომ ცოცხლად არცერთის დატოვება არ შეიძლებოდა. გოგო იქვე მოკლეს, ბიჭი - გარეთ და მტკვარში გადააგდეს.

ბიჭი გოგოს ცოლობას სთხოვდა? როგორ? რანაირად? ძმა დას ცოლობას სთხოვდა? გამოძიება საერთოდ აირია და დაკითხვაზე მშობლები დაიბარეს.

„ჩვენ შვილი არ გვიჩნდებოდა, ამიტომ ბიჭი ვიშვილეთ, ერთ წელიწადში კი უკვე საკუთარი შვილი გვეყოლა. რა თქმა უნდა, ბედნიერების მთავარ მიზეზად, სწორედ ბიჭს ვთვლიდით, მაგრამ მოზრდილობის ასაკში, ბიჭმა გაიგო, რომ ნაშვილები იყო და ერთ დღეს, და-ძმას ლოგინში წავასწარით. ისინი მშვიდად გვიხსნიდნენ, რომ ეს ინცესტი არ იყო, თუმცა ჩვენ არაფრის გაგონება არ გვსურდა. ბიჭი სახლიდან გავაგდეთ და შვილს მასთან ურთიერთობა ავუკრძალეთ. ალბათ, ბიჭი სწორედ ჩვენს მოსაკლავად იყო მოსული და არ იცოდა, რომ იმ დღეს მივლინებაში მივდიოდით“,-ასეთი იყო მშობლების მონაყოლი.

მომხდარიდან სამი წლის შემდეგ, აღნიშნულმა წყვილმა კვლავ შეიტანა განაცხადი შვილად აყვანაზე, მაგრამ უარი უთხრეს.