„კანონიერი ქურდის“ სკანდალური აღიარება

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბლისში რუსი პოლკოვნიკი მოკლული იპოვეს

 

 

ბათო ჯაფარიძე

 

ადრე ხშირად ხდებოდა, რუსეთის რომელიმე ქალაქიდან გამოუშვებდნენ ქართული გვარის მქონე პირს, რომელიც მოულოდნელად, საქართველოს ერთ-ერთ დიდ ქალაქში სოლიდურ თანამდებობას იკავებდა, ერთი-ორი წელი იმუშავებდა და შემდეგ ეს ადამიანი ისევე ქრებოდა, როგორც ჩნდებოდა. მაგალითისთვის, თვითმფრინავის ბიჭების საქმეც კმარა, როცა მოსკოვიდან სასწრაფო წესით გამოუშვეს პროკურორი ქართული გვარით, რომელმაც თანამდებობა დაიკავა, ამ კონკრეტულ საქმეზე იმუშავა, სასიკვდილო განაჩენი დააყენა და შემდეგ გაქრა.

 

სწორედ ასე, არსაიდან, ქართული გვარის მქონე, მაგრამ ქართულის არმცოდნე პოლკოვნიკი გამოუშვეს 80-იანებში, საქართველოში, ერთ-ერთი დიდი ქალაქის სამძებროს უფროსად. მას საცხოვრებლად საკუთარი სახლიც გამოუყვეს და მისივე მოთხოვნით, სახლის გვერდით „რუსული აბანოც“ მოაწყვეს, სადაც ყოველ შაბათს გრილდებოდა. სწორედ იმ აბანოს იატაკზე იპოვეს ტყვიით შუბლგახვრეტილი ერთ დღეს და რაღა თქმა უნდა, საქმე განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანეს.

„რუსეთიდან ჩამოსული კაცის, თანაც პოლკოვნიკის მკვლელობა, საუკეთესო შემთხვევაში, ჩვენი მინისტრის მოხსნით დასრულდებოდა. ეს იმ შემთხვევაში, თუ საქმეს გავხსნიდით, თუ არადა, შესაძლებელი იყო, კომპარტიის პირველი მდივანიც კი მოეხსნათ. ამიტომ, მთელი მილიცია კი არა, ვისაც ფორმა ეცვა, ყველა ფეხზე დააყენეს და საქმის უმოკლეს დროში გამოძება მოითხოვეს. ყველაფერთან ერთად, რუსეთიდან დამატებითი ჯგუფი ჩამოვიდა, რომელიც კოორდინაციას უწევდა ჩვენს მუშაობას, ოფიციალურად არაფერში ერეოდა, მაგრამ მის გარეშე, არ გვქონდა უფლება, ერთი ადამიანი მაინც დაგვეკითხა და რაც მთავარია, დაკითხვა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, ოქმი კი ქართულად დგებოდა, აქაოდა, ჩვენ არაფერში ვერევითო. ყველაფერთან ერთად, ეს ღირსების საქმეც იყო - როგორც უნდა დაგეტრიალებინა, ჩვენი კოლეგა, პოლკოვნიკი მოკლეს და დანაშაული აუცილებლად უნდა გაგვეხსნა“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ტყვია, რომელიც გარდაცვლილის თავიდან ამოიღეს, კარტოთეკაში არ იძებნებოდა ანუ პოლკოვნიკი „სუფთა იარაღით“ მოკლეს. გაირკვა ისიც, რომ ადგილობრივებთან მას დაძაბულობა არ ჰქონდა. მეტიც, „კანონიერ ქურდებთან“ გადასარევი ურთიერთობა დაამყარა და პრინციპით, „არ შეგეხებით, არ დააშავოთ“, მშვიდად ცხოვრობდა. მას მეგობარი ქალიც კი რუსეთდან ჰყავდა ჩამოყვანილი, რომელიც მკვლელობამდე სამი დღით ადრე, სამშობლოში რაღაც საქმეებზე დაბრუნდა ანუ გარდაცვლილი შინ მარტო იმყოფებოდა. ის განსაკუთრებით მოადგილესთან, ადგილობრივ ქართველთან მეგობრობდა, თუმცა მოადგილემ საინტერესო ვერაფერი თქვა - არ მეგულება ადამიანი, რომელსაც საქართველოში მისი სიკვდილი აწყობდა ან რამეს მოუტანდაო. მართლაც, ოპერატიული ინფორმაციით, მოკლულს აქ მტრები არ ჰყავდა და ამიტომ, ძებნა რუსეთში დაიწყეს, იქ, სადაც პოლკოვნიკი საქართველოში გადმოსვლამდე მუშაობდა.

„საინტერესო იქაც არაფერი იყო. უფრო ზუსტად, ერთი შეხედვით, არაფერი. ბოლო ხმაურიანი საქმე, მოსკოვის გარეუბანში აშენებულ პანსიონატს უკავშირდებოდა. ამბობდნენ, მშენებლობა უშუალოდ პოლკოვნიკის პატრონაჟით მიმდინარეობდა (სხვათა შორის, ეს პანსიონატი დღემდე არსებობს, რაც ძალიან უცნაურია), მშენებლობაზე დიდი ფულიც მოიჭრა და იქ მოხვედრა ყველასთვის პრესტიჟული იყოო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

პანსიონატი მოხუცებისთვის აშენდა, ოღონდ უპატრონო მოხუცებისთვის კი არა, ჩინოვნიკთა მშობლებისთვის, რომლებიც სიბერის წლებს ბუნებაში, სუფთა ჰაერსა და საუკეთესო პერსონალის გარემოცვაში ატარებდნენ. პანსიონატის საკვებით მომარაგება მკაცრ კონტროლზე იყო აყვანილი და იქ არაერთი ჩინოვნიკის დედა თუ მამა ცხოვრობდა. მეტიც, მოხუცებს თავად სურდათ იქ მოხვედრა, რადგან ყველა აღიარებდა, რომ პირობები საბჭოთა კავშირისთვის არნახულად კარგი იყო. ბედის ირონიით, ჩინოვნიკების ოჯახის წევრებთან ერთად, პანსიონატში რამდენიმე „კანონიერი ქურდის“ მშობელიც ატარებდა უკანასკნელ წლებს. კრიმინალური ავტორიტეტები მშობლების სანახავად ხშირად დადიოდნენ და შავ ფულსაც ბლომად სწირავდნენ პანსიონატს, რათა მოხუცებს არსებულზე მეტი კომფორტი ჰქონოდათ. ყველა კმაყოფილი იყო, აბსოლუტურად ყველა, მაგრამ... ერთი თვის განმავლობაში, ოთხი მოხუცი გარდაიცვალა და ეს იმდენად მოულოდნელი და არაბუნებრივი გახლდათ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიებას საქართველოში მოკლული პოლკოვნიკი ხელმძღვანელობდა და საბოლოოდ, ვერაფერი დადგინდა - მოხუცები სიბერით გარდაიცვალნენ და ერთთვიანი ინტერვალი უბრალო დამთხვევა იყო. ასეთი დასკვნა გამოიტანა გამოძიებამ და მერე რა, რომ ძიების პროცესში, პათანატომმა, რომელმაც გვამები გაკვეთა, თავი მოიკლა. ახალმა ექსპერტმა გარდაცვლილების სისხლში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა და საქმეც დაიხურა, თუმცა...

მომხდარის შემდეგ, პანსიონატიდან, ერთი-მეორის მიყოლებით დაიწყეს მოხუცების გაყვანა და სხვა, ნაკლებად პრესტიჟულ პანსიონატებში გადაყვანა. განსაკუთრებით ჩინოვნიკები აქტიურობდნენ და მშობლები სასწრაფო წესით სხვაგან მიჰყავდათ. ცხადი გახდა, იქ რაღაც ვერ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო და  ამას მოწმობდა ისიც, რომ პოლკოვნიკი, რომლის „კრიშაც“ ადგილობრივი გენერალი იყო, რუსეთს გაარიდეს და საქართველოში გადმოიყვანეს.

„მართალია, რუსეთში ბევრი მეგობარი მყავდა, მაგრამ როგორც კი პოლკოვნიკზე ვიწყებდი საუბარს, ყველა ჩუმდებოდა და მირჩევდა, არაფერი მექექა, რადგან საქმე იქაც კონტროლზე იყო და ყველაფერს სწორედ ის გენერალი კურირებდა. გენერალს კი ხელის ერთი მოსმით შეეძლო არა მარტო ჩემი მეგობრები მოეხსნა თანამდებობიდან, არამედ, დაეპატიმრებინა კიდეც. ამიტომ, შარში თავის გაყოფა არავის სურდა, რის გამოც კონტაქტი რუსეთში მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებთან“ დავამყარე. სწორედ მათგან შევიტყვე ის, რომ პოლკოვნიკს მათი რუსი კოლეგა ემუქრებოდა, კაცი, რომლის დედაც სწორედ აღნიშნულ პანსიონატში იყო და გარდაცვლილი ოთხეულიდან ერთ-ერთი გახლდათ“, - ამბობს ბატონი თენგიზი.

გადამოწმების შედეგად, ისიც გაირკვა, რომ „კანონიერი ქურდი“ საქართველოში იმყოფებოდა და ის პოლკოვნიკის მკვლელობამდე სამი დღით ადრე ჩამოვიდა. მისი მოძებნა პრობლემას არ წარმოადგენდა, თბილისში, ნაძალადევში, „კოლეგის“ სახლში იპოვეს. სამართალდამცავების დანახვაზე წარბიც არ ატოკებია, მშვიდად გაჰყვა და როცა მისი თითების ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ არცთუ დიდი ხნის წინ იარაღიდან ისროლა, მთავარი ეჭვმიტანილიც გახდა.

„ქურდი, იარაღის გარეშე, წარმოგიდგენიათ? აქ ვიშოვე იარაღი, გავისროლე, არ მომეწონა და მტკვარში გადავაგდე. რა პრობლემაა? იარაღის გულისთვის თუ დამიჭერთ, არც მაგას ვინერვიულებ, სამ წელს როგორმე მოვიხდი, ციხე ჩემი სახლია“, - დაკთხვაზე კრიმინალური ავტორიტეტი აშკარად გამომწვევად იქცეოდა, მაგრამ როცა გარდაცვლილი დედა და პოლკოვნიკი უხსენეს, სახეზე სიბრაზე დაეტყო, თუმცა ნერვები მალევე მოთოკა და ისევ უდარდელი ღიმილი დასთამაშებდა.

ქართულმა მხარემ, გამოძიების წარმატებით დასრულებისთვის, კატეგორიულად მოითხოვა „კანონიერი ქურდის“ დედის გვამის ეგსგუმაცია, თუმცა უარი უთხრეს. გაირკვა, რომ უარის ინიციატორი, სწორედ ის გენერალი იყო. ამის მიუხედავად, ქართველი გამომძიებლები ჯიუტად ითხოვდნენ გვამის ეგსგუმაციას და ყველაფერი დაკავებულმა ქურდმაც გაიგო.

„დედაჩემს აღარ შეეხოთ, ისედაც ბევრი ჯიჯგნეს და სიკვდილის მერე, ლამის, ნაკუწებად დაჭრეს. ერთადერთი წმინდა, რაც  შემრჩა, დედა იყო და ისიც მომიკალით“, - ამოიხრიალა დაკავებულმა და გამომძიებელთან შეხვედრა მოითხოვა.

„მაგ ნაძირალას 20 ათასი მანეთი გადავუხადე იმისთვის, რომ დედაჩემი პანსიონატში მიეღოთ. ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ყურადღებას ვერ ვაქცევდი, იქ კი მეფური პირობები იყო. დედის გარდა, არავინ დამრჩა და... როცა დაიღუპა, ეჭვი არ ამიღია, ჩვეულებრივად დავმარხე, მაგრამ მერე ამბავი ატყდა, რაღაც ისე არ არისო. გამოძიება რომ პოლკოვნიკს ჩააბარეს, მივხვდი, რაღაცის ჩაფარცხვას აპირებდნენ, რადგან ის საკუთარ კანტორას არ გაიმეტებდა. ამას დაემატა პათანატომის სიკვდილი და მეორე პათანატომის „საუცხოო“ დასკვნა. მერე, როცა ეს საქართველოში გამოუშვეს, დავრწმუნდი, რომ რაღაც ისე არ იყო. ამიტომ, ის მეორე პათანატომი მოვინახულე, პირში იარაღი ჩავუდე და ვუთხარი, თუ სიმართლეს არ მეტყოდა, უპრობლემოდ მოვკლავდი. სწორედ მან მითხრა, პანსიონატი აშენდა იმ ადგილზე, სადაც ადრე ქიმიურ ნარჩენებს მარხავდნენ. მოხუცებმა პატარა ბოსტანი მოაწყვეს, კიტრი და პომიდორი მოიყვანეს და სწორედ ამით მოიწამლნენ. ნიადაგი ისეა დაბინძურებული, იქიდან აიღო ნაყოფმა საწამლავიო. დედაჩემის ორგანიზმში ვერცხლისწყლის დიდი შემცველობა აღმოჩნდა ისევე, როგორც, სხვა დანარჩენ გვამებში. ეს პოლკოვნიკის განაჩენი იყო და განაჩენი სისრულეში მე მოვიყვანე, დედაჩემზე შური ვიძიე“, - განაცხადა დაკავებულმა.

საქმე გამოძიებული იყო, მაგრამ არ დახურულა. ის მოსკოვში წაიღეს და მოსკოვში წაიყვანეს „კანონიერი ქურდიც“, რომელიც მალევე, საკანში, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, თუმცა ექსპერტიზამ ბუნებრივი სიკვდილი ჩაწერა. პანსიონატმა ფუნქციონირება რამდენიმე წლით შეწყვიტა, შემდეგ კი კვლავ განახლდა. ამბობენ, ტერიტორიიდან მიწა გაიტანეს და ახალი მიწა შეიტანესო. დღეს ეს პანსიონატი ისევ ფუნქციონირებს და ისევ პრესტიჟულად ითვლება.