22 წლის ქალის უცნაური მკვლელობა - როგორ დააფარა ძალოვანმა მამამ ხელი მკვლელ შვილს

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადრე, არცთუ იშვიათად ხდებოდა, რომ დანაშაულის გახსნის სტატისტიკის ასამაღლებლად, სამართალდამცავები ამა თუ იმ საქმეს უკვე დაკავებულ კრიმინალებს „ტენიდნენ“, ზოგს - ნებით, ზოგსაც - ძალით და ხელების გადაგრეხვით. როცა, მაგალითად, სამი-ოთხი ბინის ქურდობაზე დაიჭერდნენ პირს, უმტკიცებდნენ, მისთვის ორი-სამი შემთხვევის საკუთარ თავზე აღება პრობლემა არ იყო, სამაგიეროდ, ის შეღავათს იღებდა და თუ, მაგალთად, 7 წელი უნდა მიეცათ, 6 წელს აკმარებდნენ. ყველაფერი ეს ძალიან რთულდებოდა, როცა საქმე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ეხებოდა, მაგალითად, მკვლელობას.

 

„დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში, ახალგაზრდა, 22 წლის გოგო მოკლეს. იმის გამო, რომ ადგილზე გამოცდილი გამომძიებელი არ იყო (რამდენიმე დღით ადრე, ავარიით დაიღუპა, მისი შემცვლელი კი ჯერ არ იყო დანიშნული), თბილისიდან სასწრაფო წესით გაგვაგზავნეს მე და კიდევ ორი თანამშრომელი, გვითხრეს, იოლი საქმეა და ყველაფერს მალე დაასრულებთო. ადგილზე ჩასულებს, მართლაც, ყველაფერი ძალიან მარტივად დაგვხვდა - ადგილობრივებს მკვლელი უკვე დაკავებული ჰყავდათ. ჰო, მკვლელი, რადგან მისი დანაშაული ეჭვს, უბრალოდ, არ იწვევდა“, - იხსენებს ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

საქმე ის გახლდათ, რომ იმ დღეს გოგონა თავისთვის გზაზე მიდიოდა, წინ სწორედ მკვლელობაში ეჭვმიტანილი გადაუდგა და ფული მოსთხოვა, ნაბახუსევი ვარ და რამე თუ არ დავლიე, მოვკვდებიო. გოგონამ უხეშად მოიშორა, ბიჭმა თავი არ დაანება და ჩანთის წართმევა დაუპირა. სწორედ ამ დროს, იქვე, შემთხვევით, უბნის რწმუნებული გაჩნდა, გამოცდილი კადრი, რომელიც სიტუაციაში მალე გაერკვა, ბიჭი გამოათრია და გოგოს მშვიდად წასვლის შესაძლებლობა მისცა. როგორც უბნის რწმუნებული ამბობდა, ბიჭს 3 მანეთიც მისცა, სადმე სასმელი რომ ეყიდა და ცოტა აზრზე მოსულიყო. ჰოდა, როცა საღამო ხანს, გოგონა მდინარის პირას გარდაცვლილი ნახეს, უბნის რწმუნებულს მაშინვე ის გაახსენდა, რაც დილით მოხდა და თანამშრომლებთან ერთად, ბიჭის დასაკითხად წავიდა, თუმცა ის შინ ვერ ნახეს, მაგრამ სახლთან ჩასაფრება მოაწყვეს. ბიჭი შინ თითქმის გამთენიისას დაბრუნდა, ისევ ძალიან ნასვამი და დააკავეს. სამართალდამცავებმა რამდენიმე მეზობელი გააღვიძეს და მათი თანდასწრებით ჩხრეკა ჩაატარეს. ყველაფერი რომ ამოაბრუნეს და ვერაფერი იპოვეს, ძალოვნებმა ახლა თავად ბიჭი გაჩხრიკეს და შემოსასვლელში, იატაკზე დაგდებული ქურთუკის ჯიბეებიც ამოაბრუნეს. ჯიბეში ოქროს საყურე და ყელსაბამი იდო,  რომლებიც მოგვიანებით გოგონას დედამ ამოიცნო.

ბიჭი საბოლოოდ, სწორედ მაშინ გამოფხიზლდა, როცა დედაქალაქიდან მაძებრები ჩავიდნენ, დაკითხეს, მაგრამ არაფერი ახსოვდა. გოგონასთან კონფლიქტი გაიხსენა, რომელიც ერთი-ერთში დაემთხვა უბნის რწმუნებულის მონაყოლს, მერე თქვა, იმ ფულით არაყი ვიყიდე, დავლიე და მერე აღარაფერი მახსოვსო. სად იყო საღამოს, არც ის ახსოვდა, მკვლელობა კი, სავარაუდოდ, სწორედ, საღამოს საათებში მოხდა.

ბიჭის ბინიდან ამოღებული ნივთების უტყუარობა ყველანაირად დამტკიცდა, რაც მთავარია, გოგოს თავში ქვა ჰქონდა ჩარტყმული ანუ არც ცივი და არც ცეცხლსასროლი იარაღით არ იყო მკვდარი და მკვლელს თავისუფლად შეეძლო, ქვა წყალში გადაეგდო. ყველაფერი, მართლაც, მალე დასრულდა და თბილისში უპატაკეს გამომძიებლებს, რაიონულმა სასამართლომ მკვლელს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯაო.

ჰო, ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნიუანსი - ერთ თვეში, გოგონას ქორწილი უნდა ჰქონოდა...

ეს ისტორია თითქოს დავიწყებას მიეცა. ყოველ შემთხვევაში, კითხვები არავის გასჩენია და ასე გავიდა, დაახლოებით, სამი წელი. ამ ხნის განმავლობაში, არაერთი საქმე იქნა გამოძებული, ზოგი - მძიმე, ზოგიც - ნაკლებად მძიმე, საინტერესო, უინტერესო და...

„ერთ დღეს, მეუღლესთან ერთად, სრულიად შემთხვევით, შორეულ ნათესავთან მოვხვდი. იმ რაიონიდან იყო, სადაც მკვლელობა მოხდა, უფრო ზუსტად კი, რაიონული ცენტრიდან, მკვლელობა კი სოფელში მოხდა. როცა მივდიოდი, თავში იმ ისტორიამ გამიელვა, თუმცა მალევე დამავიწყდა, სინდისი სუფთა მქონდა და იმიტომ, მივედით და მოულოდენლად, რაიონიდან ჩამოსული ხალხის ბინაში კი არა, მუზეუმში აღმოვჩნდი. სახლი უცხოური ავეჯით იყო გაჭედილი, ვიდეომაგნიტაფონიც (რომელიც მაშინ 2 ათას მანეთზე მეტი ღირდა) თვალსაჩინო ადგილზე ედოთ და სანამ სუფრასთან დავსხდებოდით, კასეტა ჩაგვირთეს, ჩვენი ქორწილიაო. თურმე, სპეციალურად, ქორწილისთვის, თბილისიდან ჰყავდათ ჩაყვანილი კინოსტუდიის ხალხი. ჰო, კინოსტუდიის და მერე, ყველაფერი ეს კასეტაზე გადაიტანეს. როგორ და რანაირად ხდებოდა ასეთი ამბები, მე, სამართალდამცავმა არ ვიცოდი, მაგრამ საქმოსნებისთვის ჩვეულებრივი თემა იყო. მოკლედ, ჩართეს ქორწილის ვიდეო, ჯერ სახლში გადაღებული, შემდეგ - ქუჩაში და მოულოდნელობისგან კინაღამ შევყვირე - კადრში ის ბიჭი გამოჩნდა, რომელიც გოგოს მკვლელობისთვის პირადად გავუშვი და ზუსტად ვიცოდი, რომ მას 15 წელი მიუსაჯეს. მაშინვე ვიკითხე, ეს თქვენს ქორწილში საიდან მოხვდა ან როდინდელი ვიდეოა-მეთქი და თარიღი მკვლელობის დღეს ზუსტად დაემთხვა. ვკითხე საათიც, როდის იყო ეს გადაღებული და მიახლოებითი დრო მითხრეს, რაც შეეხება იმ ბიჭს, ასე თქვეს, საიდანღაც უგონოდ მთვრალი მოვიდა, კარგად გავერთეთ, შემდეგ შეგვეცოდა ქუჩაში დატოვება, მანქანაში ჩავსვით და მთელი ღამე ავტომობილში ეძინა, გამთენიისას კი წავიდა და მას მერე აღარ გვინახავსო. გამოდიოდა, რომ ბიჭს ალიბი ჰქონდა და მერე როგორი?“ - გვიყვება ბატონი თენგიზი.

რა თქმა უნდა, კასეტამ მაშინვე საგამოძიებოში გადაინაცვლა და იმ საქმეზე თბილისიდან წარგზავნილი სამივე პირი ციხეში მყოფი „მკვლელის“ დასაკითხად წავიდა. მას ახალი არაფერი უთქვამს, უბრალოდ, ვერ ვიხსენებო, მაგრამ როცა ქორწილი უხსენეს, თითქოს დენმა დაარტყაო, ჯერ შეკრთა, მერე დაფიქრდა, მერე ცრემლები წამოუვიდა, სულ საქორწილო სიტუაცია მახსენდებოდა, მაგრამ მე ქორწილში ვინ დამპატიჟებდა და ამიტომ, მაშინ ვერაფერი ვთქვი, თანაც, რადგან ნივთები ჩემს სახლში იპოვეს, ჩავთვალე, რომ გოგონა ჩემი მოკლული იყო და ამიტომ, სასჯელი არ გამიპროტესტებია, დახვრეტაც რომ მოეცათ, ხმას არ ამოვიღებდიო. გამომძიებლებმა საქმე გამოითხოვეს და ახლა იმ მოწმეთა შესწავლა დაიწყეს, რომლებიც ჩხრეკას ესწრებოდნენ. ფაქტია: მოკლული გოგონას ნივთები იქ მკვლელმა მიიტანა და ჩხრეკის დროსაც ოთახში იმყოფებოდა. აღმოჩნდა, რომ ჩხრეკას მოხუცი ცოლ-ქმარი და კიდევ ერთი ახალგაზრდა ბიჭი ესწრებოდა. ცოლ-ქმრიდან კაცი გარდაცვლილი იყო, ქალს საერთოდ არაფერი ახსოვდა, რადგან მომხდარიდან მალევე სკლეროზი დაემართა, ახალგაზრდა ბიჭი კი...

„ვაღიარებ, რომ დაკავებული არ მომწონდა, მაგრამ მე არავინ მომიკლავს და არც ნივთები ჩამიდია. ის კი იმიტომ არ მომწონდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში, ჩემს დას ცუდად გაეხუმრა და ხელების ფათური დაუწყო“, - პირველივე დაკითხვაზე ამოღერღა მოწმემ. დარჩა ერთადერთი - უბნის რწმუნებული, რომლის ჩვენებაზეც იყო აგებული, პრაქტიკულად, ყველაფერი და რაც მთავარია, ჩხრეკაც ოპერატიულად სწორედ მან ჩაატარა და პატაკიც მისი იყო. მისი შესწავლა დაიწყეს, მოიკითხეს და გაარკვიეს, რომ თავის დროზე, გოგონა, სწორედ უბნის რწმუნებულის ბიჭს ხვდებოდა, უნდა ექორწინათ კიდეც, თუმცა მოულოდნელად, მან სხვა აირჩია და დაინიშნა. უბნის რწმუნებულის შვილმა გოგოს წასვლა მძიმედ გადაიტანა, მუდმივად ცდილობდა შერიგებას, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოსდიოდა. ბიჭი მოკრივე იყო და რაღა თქმა უნდა, ვერ შეამოწებდნენ, სად იყო იმ დღეს, თუ თავად მას არ ჰკითხავდნენ. ამიტომ, მამა-შვილს შინ დაადგნენ, საქმის ვითარება აუხსნეს და აღნიშნეს, რომ მთავარ ეჭვმიტანილად, სწორედ ისინი ჰყავდათ. მამამ თავი გაიგიჟა, თქვენ ხომ არ გადარეულხართო, ბიჭმა კი მშვიდად თქვა, მამაჩემის დაკითხვას რომ მორჩებით, მე მერე დამიძახეთ, ჩემს ოთახში ვიქნებიო. ამ საუბრიდან 7-8 წუთი იყო გასული, როცა ბიჭს ოთახიდან რაღაცის დავარდნის ხმა მოისმა. გამომძიებლებიცა და ბიჭის მამაც ოთახში შეცვივდნენ და ეჭვმიტანილი თოკზე ჩამოკიდებული დაინახეს. მისი გადარჩენა მოხერხდა.

„ბიჭი გოგოს შემთხვევით შეხვდა, კვლავ დაბრუნება სთხოვა, მერე ხელები ჩაავლო და აჯანჯღარებდა. როგორც ჩანს, ვერ მოზომა და როცა ხელი გაუშვა, გოგო დაეცა და თავი ქვას დაარტყა. ბიჭს შეეშინდა, ყველაფერი მამამისს უამბო, მან კი, როგორც გამოცდილმა მუშაკმა, ყველაფერი მარტივად მოაგვარა, მით უმეტეს, იმ დღეს მომხდარი შემთხვევა კარგად ახსოვდა და ესეც საუცხოოდ გამოიყენა. საბოლოოდ, შეცდომით დაკავებული გავათავისუფლეთ და პასუხისგებაში მამა-შვილი მივეცით“, - დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა.

შვილს გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მამას კი დანაშაულის შეუტყობინებლობის, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და მტკიცებულებების გაყალბების ბრალდებით, 6 წელი ერგო.

 

ბათო ჯაფარიძე