ვინ არის 24 წლის მამაკაცი, რომელიც ქალებს ჯერ აუპატიურებს, მერე გუდავს და გვამებს ანაწევრებს - სადისტური მკვლელობების სერია

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 რამდენიც უნდა ვისაუბროთ საბჭოთა კავშირის ცუდ პრაქტიკასა და მონობაზე, ერთ რამეს გვერდს ვერ ავუქცევთ -  15 რესპუბლიკის ძალოვანი უწყებები იმდენად გამართულად მუშაობდნენ და ისე თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაშიც კი, ასეთი თანამშრომლობა და რაც მთავარია, შედეგი სანატრელია. ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ როცა მოძმე რესპუბლიკებს დანაშაულის გამოძება უჭირდათ, დანარჩენი ქვეყნებიდან ჩადიოდნენ საუკეთესო მაძებრები და საქმის გახსნაში ეხმარებოდნენ. ამიტომაც, საბჭოთა კავშირის 70-წლიანი არსებობის განმავლობაში, გაუხსნელ საქმეთა ჩამონათვალი მინიმალური გახლდათ, ვირტუოზულად გახსნილი საქმეების ოდენობა კი - სოლიდური.

 „მაშინ ყაზახეთის დედაქალაქი ალმა-ათა იყო, მერე კი ნურსულთანი გახდა დედაქალაქი, მაგრამ ჩემთვის მაინც ალმა-ათა რჩება ყაზახეთის არათუ მთავარ ქალაქად, არამედ, სიმბოლოდაც კი. 1988 წელს, სწორედ ამ ქალაქში მოხდა უმძიმესი დანაშაული, რის გამოც, შვიდი რესპუბლიკის გამომძიებლები ჩავედით და იქ ექვსი თვის განმავლობაში ვიმყოფებოდით. ჩვენს შორის ყველაზე გამოუცდელი აზერბაიჯანელი კოლეგა იყო, ძალიან პერსპექტიული ბიჭი და ასე მგონია, პრაქტიკის ასამაღლებლად უფრო გამოუშვეს, თუმცა რეალურად, ჩახლართული საქმე მან გახსნა“, - გვიყვება ყაზახეთში მომხდარი უმძმესი დანაშაულის შესახებ პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: შეყვარებული წყვილი სკვერის სიღრმეში განმარტოებას ცდილობდა და სწორედ მაშინ, როცა ეგონათ, რომ ვერავინ ხედავდა, ისინი ყველამ შეამჩნია, რადგან გოგონა ბოლო ხმაზე კიოდა. ბუჩქებში წყვილმა მოჭრილი ფეხი იპოვა. რა თქმა უნდა, მილიცია გამოიძახა და სამართალდამცავები მალევე მივიდნენ, თუმცა ფეხის გარდა, ვერაფერი იპოვეს. მოგვიანებით, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ფეხი, მაქსიმუმ, 25 წლის გოგონას ეკუთვნოდა და მისი მოჭრიდან 24 საათზე მეტი არ იყო გასული.

იქვე, ახლოს, სტუდენტების საერთო საცხოვრებელი იყო და ძებნა იქ განაგრძეს. ერთ-ერთი სტუდენტი გოგონა, მართლაც, გამქრალიყო, თუმცა არავინ იცოდა, ვის შეხვდა და სად წავიდა. მას არც მეგობარი ბიჭი ჰყავდა. იმ დროისთვის, მოსკოვში მეცნიერებს გამოგონილი ჰქონდათ „ლიუმინოლის“ სახელით ცნობილი ხსნარი, რომელსაც თუ ღამით დაასხამდნენ, სისხლის შხეფებთან რეაქციაში შედიოდა და ანათებდა. სისხლი ერთი თვის დაღვრილიც რომ ყოფილიყო, სითხე რეაქციაში მაინც შედიოდა, თუმცა ერთი პრობლემა გახლდათ - ყველაფერ ამის დასანახად, იდეალური სიბნელე იყო საჭირო და როცა ექსპერიმენტს ჩაატარებდნენ, ალმა-ათაში შუქი უნდა გამოერთოთ. ესეც შეათანხმეს და ექსპერიმენტი დაიწყო. სითხემ აშკარად გაამართლა, სისხლით ლამის მთელი შემოგარენი იყო მორწყული. კვალსაც გაჰყვნენ და დაახლოებით, 100 მეტრში, მიწაში ჩამარხული და ბეტონის მილში დაკარგული გოგონას უსიცოცხლო სხეული იპოვეს. მას ფეხი მოჭრილი ჰქონდა და გაუპატიურებული იყო.

სანამ გამოძიება მკვლელს ეძებდა, ესქპერტებმა სპერმის ნიმუშით დაადგინეს, რომ მკვლელსა და მოძალადეს იშვიათი, მეოთხე ჯგუფის სისხლი ჰქონდა. ალმა-ათაში ასეთი სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას ვერ იხსენებდნენ. გადაამოწმეს ყველა, ვინც ანალოგიურ დანაშაულში იყო მხილებული, თუმცა მათგან მეოთხე ჯგუფის სისხლი მხოლოდ ორს აღმოაჩნდა, მაგრამ ორივეს მყარი ალიბი ჰქონდა. ამის მიუხედავად, ისინი მაინც დააკავეს, მაგრამ ორ დღეში გაათავისუფლეს, რადგან ახალი დანაშაული მოხდა და მსხვერპლი ისევ ახალგაზრდა გოგონა იყო. ისიც გაუპატიურებული, შემდეგ გაგუდული და ექსპერტებმა ისევ თქვეს, რომ დამნაშავე იგივე გახლდათ. ეს უკვე სერია იყო ანუ სამართალდამცავებს საქმე სერიულ მკვლელთან ჰქონდათ, რომელიც მანიაკალური თვისებებით გამოირჩეოდა. ასეთის დაკავება კი დღესაც ურთულესია. ამიტომ, ყაზახებმა დასახმარებლად მოსკოვს მიმართეს, მოსკოვმა კი საბჭთა კავშირის საუკეთესო მაძებრები მიავლინა ალმა-ათაში.

„ადგილზე ჩასულები საქმეს გავეცანით და მინდა გითხრათ, რომ მათ იდეალურად ჰქონდათ ნამუშევარი, ყველა ნიუანსი თუ დეტალი გათვლილი და რაც მთავარია, მაქსიმუმი ჰქონდათ გაკეთებული, რათა დამნაშავე დაეკავებინათ, თუმცა მის კვალზე ვერ გავიდნენ. საქმეში ჩართული იყო არა მარტო ადგილობრივი მილიცია, არამედ, სამხედრო შენაერთები, სხვადასხვა სამსახურები, საერთო ჯამში, 15 ათასზე მეტი ადამიანი. ხომ ხვდებით, რა მასშტაბებზეა საუბარი, მაგრამ რად გინდა, დამნაშავის კვალზე გასვლა ვერ ხერხდებოდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

სამაგიეროდ, მკვლელობები არ ჩერდებოდა. კვირაში ერთხელ მაინც, ქალაქში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა გოგონა უგზო-უკვლოდ დაიკარგა, რამდენიმე დღის შემდეგ კი მას სამართალდამცავები გაუპატიურებულსა და მოკლულს პოულობდნენ. ერთადერთი, რაც მილიციას იმედს აძლევდა, ის გახლდათ, რომ დამნაშავე არ ჩერდებოდა და, ადრე თუ გვიან, შეცდომას აუცილებლად დაუშვებდა. თითქოს ეს შეცდომაც დაშვებულ იქნა, ახალგაზრდა გოგოს სკვერში უცნობი მამაკაცი დაესხა თავს, ბუჩქებისკენ წაათრია, მაგრამ იქვე, სამოქალაქო ფორმაში გადაცმული ორი თანამშრომელი იმყოფებოდა და ახალგაზრდა კაცი მაშინვე გაკოჭეს. ის 24 წლის, ვინმე ივან მანჯიკოვი აღმოჩნდა, ალმა-ათაში მცხოვრები და რაც მთავარია, წარსულში გაუპატიურების მცდელობისთვის ნასამართლევი.

„გოგონა ნაცნობს მივამსგავსე, უბრალოდ, შეშინება მინდოდა და სანამ აზრზე მოვედი, უკვე ბორკილები მედო ხელებზე. ჩემს წარსულს რაც შეეხება, მაშინაც შემთხვევით ჩავვარდი, არავის გაუპატიურება არ მინდოდა, იმ გოგოს რაღაც მოეჩვენა, მაგრამ რადგან მაღალჩინოსანი ბიძა ჰყავდა, გამასამართლეს. აბა, იმას ხომ არ იტყოდნენ, ბოზია და კაცებს ახტებოდაო“, - განაცხადა დაკავებულმა.

გადამოწმეს მისი სისხლის ჯგუფი, პირველი დადებითი აღმოაჩნდა ანუ მთავარი მტკიცებულება დამნაშავის წინააღმდეგ გაბათილებული იყო. მანჯიკოვი გაათავისუფლეს და კატეგორიულად გააფრთხილეს, რომ ასეთი ხუმრობებისგან თავი შეეკავებინა, რადგან შესაძლებელი იყო, ვინმეს ნამდვილ დამნაშავედ მიეჩნია და, უბრალოდ, მოეკლა.

სამწუხაროდ, ვერცერთმა მსხვერპლმა ვერ მოახერხა გადარჩენა, რომ მილიციას დამნაშავეზე რამე მაინც ეთქვა. რაც მთავარია, მკვლელი ადგილზე არ ტოვებდა არაფერს, გოგონებს, ძირითადად, მათივე ტანსაცმლით - გეტრებით ან ყელსახვევით გუდავდა და როცა ეს გახმაურდა, ალმა-ათაში ქალების ყელიდან ყელსახვევები, უბრალოდ, გაქრა. არავის სურდა, მკვლელის ყურადღება მიეპყრო და რაც მთავარია, არავის სურდა, ის ყელსახვევი მკვვლელობის იარაღი გამხდარიყო. ამის მიუხედავად, მილიონიან ალმა-ათაში არ იყო რთული ისეთი გოგოს პოვნა, რომელიც შინ ღამით მარტო ბრუნდებოდა და დამნაშავეც გვამებს ხან - ერთ, ხან მეორე ადგილზე ტოვებდა. გადაცმული თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში მორიგეობდნენ, ღამით თანამშრომელი ქალები გამომწვევად იცვამდნენ და სეირნობდნენ, მაგრამ არა - დამნაშავე თითქოს გრძნობდა, ვინ იყო მილიციის თანამშრომელი და ვინ სავარაუდო მსხვერპლი.

ღამეები არ ეძინათ სხვადასხვა რესპუბლიკებიდან ჩასულ მაძებრებს, უკვე მეათასედ გაიარეს ყველა მკვლელობის თითოეული დეტალი, მაგრამ ამაოდ, ახალი ვერცერთმა ვერაფერი იპოვა.

„ამ დროს, ჩემთან მოდის ალმა-ათას სამძებრო განყოფილების უფროსი და მეუბნება, ჩემს ხალხს ყველაზე კარგად ვიცნობ, მათი ხასიათიც ვიცი, ვხვდები, როდის ამბობენ ტყუილს და როდის - სიმართლეს. ამიტომ, შინაგანად მჯერა, რომ დამნაშავე ივან მანჯიკოვია, ის ბიჭი, გოგოს თავს რომ დაესხა, მაგრამ რა ჯანდაბა ვუყო იმას, რომ სისხლის ჯგუფი არ ემთხვევა?! ამ საუბარს აზერბაიჯანელი კოლეგა ისმენდა და მოულოდნელად თქვა, იქნებ, ექიმები შეცდნენ, იქნებ, სისხლის ჯგუფი არასწორად დაადგინესო და ნიმუში განმეორებით კვლევაზე, უკვე მოსკოვში გავგზავნეთ“,-იხსენებს ბატონი თენგიზი.

მოსკოვიდან მოსულმა პასუხმა მაძებრები შოკში ჩააგდო. დამნაშავეს პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი აღმოაჩნდა. დაკითხეს ექიმები და მათ თავი იმართლეს, აქაოდა, რაღაც შეგვეშალა, მაგის გულისთვის ნუ დაგვხვრეტთო. არადა, მას შემდეგ, რაც ივან მანჯიკოვი დააკავეს და გაუშვეს, კიდევ 4 მკვლელობა მოხდა და თუ აღმოჩნდებოდა, რომ დამნაშავე სწორედ ის იყო, ოთხი გოგონას სიკვდილი ექიმების სინდისზე იყო. მასზე თვალთვალი დააწესეს, ოღონდ ძალიან ფრთხილობდნენ. ასე განსაჯეთ, მოთვალთვალეები რომ არ დაეფიქსირებინა და ეჭვი არ აეღო, ორი ქალი და ერთი კაცი ათწუთიანი სიხშირით იცვლებოდნენ და რაც მთავარია, ძველ წყვილს მორიგეობა გრაფიკით 72 საათის შემდეგ მოუწევდა ანუ ხომ ხვდებით, რა ძალები იყო ჩართული საქმის გასახსნელად.

დამნაშავე „საქმეზე“ ორ დღეში წავიდა. საღამო ხანს, სპორტულები ჩაიცვა და ვითომც არაფერი, სკვერში სკამზე ჩამოჯდა. ის გულდასმით აკვირდებოდა გოგოებს და იმის მიუხედავად, რომ ამ დროს, წინ სამმა გადაცმულმა თანამშრომელმა ქალმა ჩაუარა, მათ ყურადრება არ მიაქცია. სამაგიეროდ, ერთი სტუდენტი ამოარჩია, უკან გაჰყვა და როგორც კი მომენტი ჩაუვარდა, ბუჩქებისკენ წაათრია. სამართალდამცავებმა იცოდნენ - ის ჯერ აუპატიურებდა, შემდეგ გუდავდა. ამიტომ, დაახლოებით, 1 წუთი დააცადეს, დამნაშავეს გოგონასთვის რომ გაეხადა და კინაღამ ამის გამო დაისაჯნენ კიდეც. გოგო ძლიერი აღმოჩნდა და რომ გაეჩერებინა, მოძალადემ თავში აგური ჩაარტყა. სწორედ ამ დროს დაადგნენ ოპერმუშაკები და ბორკილები დაადეს. საბედნიეროდ, გოგონა გადარჩა, ივან მანჯიკოვი კი განყოფილებაში მიიყვანეს.

„მე ახალგაზრდა კაცი ვარ და თუ არ ვძალადობ, ისე სიამოვნებას ვერ ვიღებ. ამის გამო, შეყვარებულიც გამექცა. გოგონებს კი იმიტომ ვხოცავდი, რომ მათ ჩემი ამოცნობა არ შეძლებოდათ“, - განაცხადა დაკავებულმა.

სასამართლო დიდ ხანს არ გაგრძელებულა, მანჯიკოვს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა სასწრაფო წესით მიუსაჯეს და განაჩენიც მალევე აღასრულეს.