იმპოტენტმა მამაკაცმა ორი მოხუცი ქალი მოკლა და გვამები დაანაწევრა - საზარელი მკვლელობა უცნაური საბაბით

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 სოციალურ ქსელებსა თუ ჩვეულებრივ ინტერნეტ-გვერდებზე, ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად შეხვდებით რეკლამას, სადაც მამაკაცებს პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას სთავაზობენ. საუბარია გელებზე, აბებსა თუ ექიმთან ვიზიტზე და ყველგან მითითებულია, რომ ანონიმურობა დაცული იქნება ანუ პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები საჯარო განხილვის თემა არაა და ყველას ურჩევნია, ამის შესახებ მხოლოდ ექიმმა იცოდეს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდებოდა მაშინ, როცა პოტენციის პრობლემები კი არა, ბრმა ნაწლავის ოპერაციაც კი, ლამის, სახელმწიფო საიდუმლოებად იყო გამოცხადებული. აღარაფერს ვამბობთ, მაგალითად, მკერდის მოკვეთასა თუ უშვილობასთან დაკავშირებულ სამედიცინო პროცედურებზე.

 „ქუთაისის გარეუბანში, ერთი შეხედვით, მიტოვებულ სახლში, მოხუცი ქალების ცხედრები იპოვეს. ორივეს თავი ბლაგვი საგნით ჰქონდა გატეხილი. უფრო ზუსტად, გატეხილი კი არა, გაჩეჩქვილი და ისე, რომ გადარჩენის მინიმალური შანსიც კი არ დაუტოვეს. ტვინი იატაკზე იყო გასხმული და ისე იყო ერთმანეთში ყველაფერი აზელილი, ვერ გაარჩევდი, სად თვალი ეგდო და სად - მოგლეჯილი ყურის ბიბილო. მაშინ ქუთაისში ვმუშაობდი და ადგილზე მისულს, ლამის, გულყრა დამემართა. არადა, მანამდე არაერთი გვამი მქონდა ნანახი და გულწრფელად ვიტყვი, ნერვიც არ შემტოკებია“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

გარდაცვლილებიდან ერთ-ერთი, სახლის პატრონი იყო, მეორეს კი თითქმის არავინ იცნობდა. როგორც ამბობდნენ, დაახლოებით, ორი თვის წინ მიიყვანა სახლის პატრონმა და მას შემდეგ ის ქალი შინიდან იშვიათად გამოდიოდა. რაც მთავარია, სახლის პატრონს ქმარიც ჰყავდა, რომელიც დაახლოებით, ექვსი თვის წინ... ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლს დაშორდა. არადა, გარდაცვლილი 80 წელს მიტანებული ბებო იყო და ასეთ ასაკში ეჭვიანობა, ცოტა არ იყოს, უცნაურად ჩანდა. ამიტომ, სამართალდამცავებმა ქმარი იპოვეს, ვინძლო, ეჭვიანობის ნიადაგზე, მას ჩაედინა მკვლელობა.

ქმარმა დაადასტურა, რომ ცოლს სწორედ ეჭვიანობის გამო დაშორდა, რადგან ერთ დღეს, მისი სახლიდან გამოსული ახალგაზრდა კაცი დაინახა, მეორე დღეს თვალთვალი დაიწყო, სახლში სხვა კაცი შევიდა, ფანჯრიდან შეიხედა და დაინახა, რომ ეს ვიღაც მისი ცოლის წინ, ჩახდილი ტრუსებით იდგა, ცოლი კი ხელებს სასქესო ორგანოზე უფათურებდა.

„მონაყოლი რომ მოვისმინეთ, თავიდან არ დავიჯერეთ. სხეული პათანატომს ნანახი ჰქონდა, გვითხრა, სექსუალური კავშირი გამორიცხეთ და ზოგადად, ეს ქალი სექსუალურად აქტიური ვერანაირად იქნებოდა, ამ ასაკში, ეს გამორიცხულიაო. დავადგინეთ მეორე ქალის ვინაობაც. ის ერთ-ერთი ეკლესიის წინ მათხოვრობდა და ამ ქალმა, როგორც დამხმაარე, ისე წაიყვანა - ასმევდა, აჭმევდა, ფულსაც კი უხდიდა, მაგრამ საიდან ჰქონდა ამდენი ფული? მის სახლში 3 ათას მანეთზე მეტი ვიპოვეთ და პენსიონერი ამ ოდენობის დანაზოგს ფიზიკურად ვერ დააგროვებდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავებმა აგენტურული ქსელი აამუშავეს და როგორც იქნა, გაარკვიეს, რომ შინაური წამლებით, ქალი პოტენციას მკურნალობდა და მასთან არაერთი მამაკაცი დადიოდა. იმასაც ამბობდნენ, რამდენიმეს უშველა კიდეც, ძალიან კმაყოფილები იყვნენო. ითქვა ისიც, რომ მის მეზობლად მცხოვრები ქალის ქმარსაც უშველა და გამომძიებლები, სწორედ მეზობელს დაადგნენ. რაოდენ დიდი იყო მათი გაკვირვება, როცა აღმოაჩინეს, რომ ამ ქალს ქმარი... საერთოდ არ ჰყავდა.

„როცა მეზობელმა პოტენციის მკურნალობა დაიყო, მითხრა, დამეხმარეო. ჩემი დახმარება შემდეგში გამოიხატებოდა: პროცედურის წინა დღეს, გარდაცვლილი მეუბნებოდა, დაახლოებით, რომელ საათზე ელოდა მორიგ პაციენტს და მე ხუთი წუთით ადრე, ეზოში მამაკაცის ტრუსების გაფენას ვიწყებდი. როცა პაციენტი მოდიოდა, თვალს ჩავუკრავდი, ვეუბნებოდი, ვიცი, რაზეც მოდიხარ, ჩემი ქმარიც ამასთან მყავდა, იმის მერე, ტრუსების რეცხვას ვერ ავუდივარ, დღე და ღამე არ მასვენებს-მეთქი. ეს პაციენტებს უხაროდათ და სინამდვილეში, ყველაფერი აფერა იყო. ქალს, ჯამში, კარგად ათქვეფილი ქათმის კვერცხი ჰქონდა, მას უსვამდა სასქესო ორგანოზე თავიდან ბოლომდე და ეუბნებოდა, 3 დღე არ დაიბანოთ და თუ ცუდი სუნი აუვა, ე.ი. მკურნალობა კარგად მიდის, ყველაფერი ცუდი გამოიდევნაო. რა თქმა უნდა, კვერცხს სპეციფიური სუნი ჰქონდა და ყროლდებოდა, რაც მამაკაცებს ახარებდა. პარალელურად, ეს ტრუსებსაც სვრიდა და ეგონათ, რომ რაღაც ცუდი გამოიდევნა ორგანიზმიდან. მინიმალური თანხა ასი მანეთი იყო და რამდენიმეს, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად, მართლაც, მოეხსნა პრობლემა, თუმცა, ძირითადად, არავინ იკურნებოდა და ხმაურსაც ვერ ტეხდნენ. როცა ისინი მოდიოდნენ და ფულს უკან ითხოვდნენ, ქალი ხმამაღლა საუბარს იწყებდა და ამბობდა, თავს თუ არ დამანებებ, მეზობლებს შევყრიო, პრობლემის საჯარო გამხელა კი არავის სურდა“, - ასეთი იყო ქალის ჩვენება.

სამართალდამცავები დარწმუნდნენ, რომ ქალები ერთ-ერთმა უკმაყოფილო კლიენტმა მოკლა, მაგრამ ვინ? მათ ისიც გაარკვიეს, რომ მეორე ქალი უბრალო დამხმარედ აიყვანა, საკვების გარდა, თვეში 30 მანეთს აძლევდა, სამაგიეროდ, კვერცხს ათქვეფინებდა, ჭურჭელს არეცხინებდა, მოკლედ, მოახლედ ჰყავდა, თუმცა სამართალდამცავები ურთულესი ამოცანის წინაშე დადგნენ. პრობლემა, რომლის გამოც მამაკაცები ქალთან დადიოდნენ, იმდენად დელიკატური იყო, რომ აგენტურას კი არა, შესაძლოა, ოჯახის წევრებსაც კი არ სცოდნოდათ. ერთადერთი, რასაც გამოძიება იყო ჩაბღაუჭებული, ექსპერტის დასკვნა გახლდათ.

ქალები, სავარაუდოდ, ე.წ. მანტიროვკით დახოცეს, რადგან ჭრილობაზე მანქანის ზეთის, ტაოტისა და დიზელის კვალი იყო. ჰო, დიზელის და არა - ბენზინის, რაც იმას ნიშნავდა, რომ „მანტიროვკის“ პატრონი მძღოლი გახლდათ და რაც მთავარია, არა მსუბუქი მანქანის, არამედ, სატვირთოსი ან ავტობუსის, რადგან დიზელზე სწორედ ისინი მუშაობდნენ.

ქალაქში რამდენიმე მუნიციპალური ავტოფარეხი იყო და მათმა გადამოწმებამ შედეგი არ მოიტანა. არავინ იყო ნასამართლევი და რაც მთავარია, არავის უწუწუნია პოტენციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. საჭირო იყო რამე ისეთის მოფიქრება, რაც მკვლელის პროვოცირებას მოახდენდა და ამიტომ, მილიციაში, სრულიად საიდუმლოდ, ავტოფარეხების კონტროლიორები დაიბარეს. მათ აუხსნეს, რომ კონკრეტულ დღეს და კონკრეტულ საათზე ანუ მაშინ, როცა ყველა მძღოლი ავტოფარეხში იქნებოდა, კონტროლიორს უნდა ეთქვა, რომ მას დაურეკეს და მილიციის თანამშრომლები ქალაქის გარეუბანში მოკლული ორი ქალის მკვლელის დასაკავებლად მოდიოდნენ. გამომძიებლების გათვლით, დამნაშავე ტერიტორიის დატოვებას შეეცდებოდა და იქ უკვე ოპერმუშაკები დაელოდებოდნენ. ექსპერიმენტმა არ გაამართლა, რადგან არცერთ მძღოლს იქაურობა არ დაუტოვებია. უფრო მეტიც, ყველა ინტერესით ცენტრში შეიკრიბა და მოუთმენლად ელოდნენ სამართალდამცავთა მისვლას, რათა გაეგოთ, ვის დააკავებდნენ მილიციის თანამშრომლები, თუმცა...

„ერთ-ერთი ავტოფარეხის კონტროლიორი იმავე საღამოს მოვიდა განყოფილებაში და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მძღოლის ქცევა არ მოეწონა. როცა მან მძღოლებს აღნიშნული ინფორმაცია გაანდო, თავიდან ადგილიდან არავინ განძრეულა, შემდეგ კი, ერთ-ერთი მათგანი თითქოს უდარდელად წამოდგა, თავის მანქანასთან მივიდა, იქიდან „მანტიროვკა“ გამოიღო და ავტოფარეხის უკან გავიდა. კონტროლიორმა ფანჯრიდან გადახედა და დაინახა, რომ მან „მანტიროვკა“ მიწაში დამარხა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი მძღოლი დააკავეს და ავტოფარეხში წაიყვანეს, სადაც მოწმეების თანდასწრებით, კონტროლიორის მიერ მითითებული ადგილი გათხარეს და „მანტიროვკა“ ამოიღეს. რკინას სისხლისა და ჭაღარა თმების ნაწილაკებიც კი შერჩენილი ჰქონდა და დაკავებულიც მშვიდად იდგა, ბედს შეგუებულივით, თუმცა გამომძიებლებს მუდარით სავსე თვალებით უმზერდა. სავარაუდოდ, არ სურდა, მისი შურისძიების მიზეზი კოლეგებს გაეგოთ და მზად იყო, ნებისმიერი სასჯელი მიეღო.

„მე და ჩემს მეუღლეს 3 წლის ბავშვი დაგვეღუპა. მეუღლე სარეცხს ხარშავდა, ქვაბის სახელურზე თოკი იყო მობმული, იმით ჰკიდებდა ხოლმე ქვაბს აივანზე. ბავშვი ამ თოკს დაეკიდა და სანამ აზრზე მოვედით, მდუღარე სარეცხით სავსე ქვაბი თავზე დაემხო. ვერ გადავარჩინეთ, მაგრამ შვილის არაამქვეყნიური კივილი დღემდე ყურებში მაქვს. ისეთი სტრესი მივიღე, ქალისკენ გახედვა აღარ მინდოდა და ვერც კი ვხვდებოდი, რომ პოტენცია დავკარგე. ერთი წელი მე და ცოლი ცალ-ცალკე ვიწექით, ერთი წლის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ შვილი აუცილებლად უნდა გვყოლოდა, სხვანაირად, გავგიჟდებოდით. ჰოდა, სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ აღარ შემეძლო. ამ ქალის შესახებ ყურმოკვრით ვიცოდი, მივედი და ვუთხარი, რაც მჭირდა და რაც მსურდა. ისიც ვუთხარი, არ მომატყუო, თუ აფერისტი ხარ, იცოდე, ჭკუა არ მომეკითხება-მეთქი. არაო, ყველაფერი რიგზე იქნებაო. ერთი სეანსი ჩავიტარე და მითხრა, მეორეც დაგჭირდებაო. მეორეს შემდეგ მესამე და დამაიმედა, გეშველაო. ლოგინში ისევ არაფერი გამომივიდა და მივადექი. კარი სხვა ქალმა გამიღო, შვილი რომ მომიკვდა, ეკლესიაში ხშირად დავდიოდი და ეს ქალი იქ მათხოვრობდა, მუდმივად ვაძლევდი ფულს. მიცნო და მთხრა, აღარ მოხვიდე, აფერისტია, კვერცხს უსვამს მამაკაცებს, არაფერს კურნავსო. არათუ გაბრაზებული, არამედ, შეურაცხყოფილი ვიყავი. წამოვედი, მანქანიდან „მანტიროვკა“ ავიღე და დაღამებას დაველოდე. როცა შევვარდი, შუქის ასანთები ვერ ვიპოვე და როგორც კი სილუეტი გავარჩიე, „მანტიროვკა“ მოვიქნიე. უხმოდ დავარდა მოხუცი და ამ დროს, მეორე გამოჩნდა. მივხვდი, სხვა მოვკალი, ის მათხოვარი და ახლა იმ ქალს ვეცი. მერე უკვე ბუნდოვნად მახსოვს, არცერთს ვზოგავდი, ორივე დამნაშავედ მიმაჩნდა, ის მეორეც ხომ ატყუებდა სხვებს და მე რომ არ ვეცნე, მეც მშვიდად მომატყუებდა. ჩადენილს არ ვნანობ“, - განაცხადა დაკავებულმა.

სასამართლომ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.