როგორ ჩაფლავდა პირველი „ქართული კორლეონეს ოჯახის“ შექმნა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა ბედი ეწია ყაჩაღს, რომელიც მაფიის შექმნას ცდილობდა  

 კომუნიზმის ზეობის დროს, დასავლურ ფილმებს არ აჩვენებდნენ და ამას თავისებურად ხსნიდნენ. კომუნისტების აზრით, დასავლურ ფილმებში ნაჩვენები ძალადობა ხალხის ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებდა და იმ ფილმების მთავარ გმირებს - სერიულ მკვლელებს, მანიაკებსა თუ მძარცველებს, საბჭოთა კავშირში მიმდევრები აუცილებლად გამოუჩნდებოდათ. შემდეგ დამტკიცდა, რომ ეს თეორია რეალობისგან შორს არ იყო და 90-იანი წლების ჯოჯოხეთს, მთელი საბჭოეთის მასშტაბით, იმ ფილმებსაც აბრალებდნენ. მკვლელობები, ძარცვები, მანიაკალური მიდრეკილებები - დანაშაულთა ახალი კატეგორია ძალიან ჰგავდა დასავლური ფილმებიდან აღებულ სიუჟეტებს. სამწუხაროდ, საბჭოთა ეკრანებზე საკულტო ფილმის - „კრავთა დუმილი“ გამოსვლის შემდეგ, საბჭოთა კავშირის არაერთ რესპუბლიკაში დაფიქსირდა კანიბალიზმის შემთხვევა და ორმა დაკავებულმა პირდაპირ თქვა, ფილმის გმირს მივბაძეთო.

 

„საქართველოში, 90-იან წლებამდე, ოფიციალურად არასოდეს ყოფილა რაიმე მაფიოზური დაჯგუფება ან საძმო. იყო ბანდები, კრიმინალური ბანდები, რომლებიც რამდენიმე ადამიანის ერთობას წარმოადგენდა და ქურდობით ან ყაჩაღობით იყვნენ დაკავებულნი. ოფიციალურად ეს ასეა, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველოში ცნობილი ფილმის - „ნათლია“ მეორე ნაწილმა შემოაღწია და მას იატაკქვეშეთში უყურებდნენ, გაჩნდა სურვილი, ანალოგიური რამ საქართველოშიც შეექმნათ“,-გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ყველაფერი ბანალურად დაიწყო - კოჯრის ტყეში, სამართალდამცავებმა გარდაცვლილი მამაკაცის სხეული იპოვეს. 27-30 წლის კაცს ერთადერთი ტყვია კეფაში ჰქონდა ნასროლი და ცხადი იყო, რაღაცის გამო დასაჯეს. მოკლულის ვინაობაც მალე გაიგეს - წარსულში ნასამართლევი პირი, რომელსაც სერიოზული გავლენა არ ჰქონდა და არც ავტორიტეტად ითვლებოდა. საქმე რიგით კრიმინალურ გარჩევას მიაწერეს და მკვლელის ძებნა მის გარმოცვაში დაიწყეს, თუმცა მომხდარიდან მალევე, თითქმის იმავე ადგილას, მეორე გარდაცვლილი იპოვეს. ისიც კეფაში გასროლით იყო მკვდარი და ისიც - წვრილფეხა კრიმინალი.

„ცოდვა გამხელილი სჯობსო და როცა კრიმინალები ერთმანეთს ხოცავენ, სამართალდამცავებს გული არ სწყდებათ, რადგან რაც ნაკლებია კრიმინალი, ცხოვრება უფრო უსაფრთხო და მშვიდია, თუმცა ისიც ყურადსაღებია, რომ ეს საქმეები გამოძიებული უნდა იყოს“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავებმა მთელი აგენტურა ფეხზე დააყენეს. გაჩნდა ეჭვი, რომ კრიმინალურ სამყაროში, რაღაც ძალთა გადანაწილება მიდიოდა და ყველაფერ ამისთვის, ხელი უნდა შეეშალათ. პირველი ცნობებიც მოვიდა. ამბობდნენ, ვიღაც ტიპი გარშემო წვრილფეხა კრიმინალებს იკრებს, ე.წ. მაფიოზურ ოჯახს აყალბებს და ურჩებს უმკაცრესად სჯისო. გამომძიებლებს ყველაფერი ეს სასაცილოდ არ ეყოთ, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, ასეთი სინდიკატის არსებობას „კანონიერი ქურდები“ არ დაუშვებდნენ და საკუთარ ძალაუფლებას არ დათმობდნენ, თუმცა ცოტა ხანში, ერთ-ერთი ქურდი ავტომობილში ჩაცხრილეს, მაგრამ გადარჩა. ისე ჩანდა, ახალი კრიმინალები არც ქურდებს სცნობდნენ, რაც მილიციისთვის აშკარად თავის ტკივილი იყო.

ახალი თაობის კრიმინალთა წრე მალე გამოიკვეთა და მისი ლიდერიც გაირკვა. ის წარსულში ყაჩაღობაზე ნასამართლევი პირი იყო და ყველაფერზე წამსვლელი რომ გახლდათ, გამომძიებლებმა ზუსტად იცოდნენ. როცა ყაჩაღობა მოხდა, მან ოჯახის წევრებს თითები დააჭრა, მათ შორის, ბავშვებს ანუ სასტიკი და შეუბრალებელი იყო. მასზე თვალთვალი დაწესდა, მაგრამ ორკვირიანი კუდში დევნა უშედეგო აღმოჩნდა. ის შინიდან თითქმის არ გადიოდა, ხოლო თუ გადიოდა, რამდენიმე ბიჭთან ერთად და ისიც უმნიშვნელო შეხვედრებზე. მის სახლთან, 24 საათის განმავლობაში მორიგეობდნენ ახალგაზრდა კრიმინალები და ეს რაღაც პირადი დაცვის ელემენტებს შეიცავდა.

„არ გვინდოდა, ბინის ჩხრეკა ჩაგვეტარებინა, რადგან თუ იარაღს ვერ ვიპოვიდით, ცხადი გახდებოდა, რომ ეჭვი მასზე გვქონდა და გაფრთხილდებოდა, თანაც მეეჭვებოდა, რომ  იმ ორ მკვლელობასთან რაიმე კავშირი ჰქონოდა, რადგან ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმა მუდმივად მის სახლთან იდგა, ყარაულობდა და უკან ერთგული ძაღლივით დაჰყვებოდა. ამის მიუხედავად, თვალთვალს არ ვწყვეტდით, რადგან სხვა ხელჩასაჭიდი არაფერი გვქონდა, აგენტურული ქსელი კი გვიმტკიცებდა, გარდაცვლილები, სწორედ ამ დაჯგუფების წევრები იყვნენო“, -იხსენებს ბატონი თენგიზი.

რამდენიმე დღეში, მცხეთაში, ერთ-ერთი ცნობილი საქმოსანის აგარაკი აალდა და მთლიანად დაიწვა. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ სახლს ცეცხლი შეგნებულად წაუკიდეს. საქმოსანმა სამართალდამცავებთან საუბრის ნაცვლად, „კანონიერ ქურდებთან“ წასვლა არჩია. ცოტა ხანში, სახლში, რომელსაც მილიცია უთვალთვალებდა, ორი „კანონიერი ქურდი“ მივიდა, თუმცა... დაჯგუფების მეთაურმა ისინი სადარბაზოშიც კი არ შეუშვა, აქაოდა, მათი ნახვის სურვილი არ მაქვსო. ეს არა მარტო გამოწვევა, არამედ, წარმოუდგენელი თავხედობაც იყო, მაგრამ...

„მერე გავიგეთ, ქურდებს იმის ეშინოდათ, რომ რაღაც მანქანებით, ამ დაჯგუფებამ ჩრდილოეთ კავკასიაში იარაღის დიდი პარტია შეიძინა და თუ ომი დაიწყებოდა, უპირატესობა ქურდების მხარეს აშკარად არ იქნებოდა. ინფორმაცია იარაღზე ჩვენც მივიღეთ, მაგრამ არ ვიცოდით, სად უნდა გვეძებნა და შესაბამის მომენტს ველოდით“, - გვიყვება პოლკოვნიკი.

 შესაფერისი მომენტიც მალე დადგა: ერთ დღეს, როცა დაჯგუფების მეთაურმა გარეთ გამოსვლა ინება და ავტომობილით ქალაქგარეთ გაემგზავრა, უკან ოპერმუშაკები გაჰყვნენ. მცხეთის გზაზე, მას გზა ორმა მანანამ გადაუჭრა და იქიდან სწორედ ის „კანონიერი ქურდები“ გადმოვიდნენ. ავტომობილიდან გადმოსულებმა ცერემონიის გარეშე ახადეს საბარგული და იქიდან ავტომატები ამოიღეს. ქურდები დაიბნენ, მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ, სამართალდამცავებმა კი დაკავება ვერ გაბედეს - ადვილი მისახვედრი იყო, კრიმინალები მათ არ დაინდობდნენ. სამაგიეროდ, სპეცოპერაცია დაიგეგმა.

„ეზოში მუდმივად იდგა 3-4 ავტომობილი და სპეცოპერაციის დროს, პირველ რიგში, მანქანებთან მივიდა სპეცრაზმი. ყველა საბარგული იარაღით იყო სავსე ანუ ამდენი ხნის განმავლობაში, ჩვენს თვალწინ მთელი არსენალი ეწყო. დავაკავეთ ყველა, ვინც ადგილზე იყო, ვინც - არა, სახლებიდან ავიყვანეთ. საერთო ჯამში, 17 ადამიანი“, -გვიყვება ბატონი თენგიზი.

თავიდან ხმას არავინ იღებდა, თუმცა შემდეგ ერთ-ერთს აუხსნეს, რომ მას დანაშაული არ მიუძღოდა და გაუშვებდნენ, თუ დეტალებს მოყვებოდა. მან პასტა და ფურცელი მოითხოვა და წერა დაიწყო.

როგორც გაირკვა, ბანდის მეთაურმა გადაწყვიტა „ქართული კორლეონეს ოჯახი“ შეექმნა, ოჯახის მეთაური თავად იქნებოდა, წევრებს კი უმკაცრესად დასჯიდა, თუ მის მითითებებს არ შეასრულებდნენ.

ის ორი წევრიც პირადად მოკლა და ეს... გარდაცვლილის ძმამაც იცოდა, თუმცა ახალი, „მაფიოზური“ წესების თანახმად, ეს უნდა მიეღო, როგორც სამართლიანობა და წესრიგი. მანაც მიიღო და ძმის მკვლელს, პირად მცველად დაუდგა.

საქმოსნის სახლიც მათ დაწვეს და დაწვეს იმიტომ, რომ მან მოთხოვნილი 100 ათასი არ გადაიხადა. დაკავებული კრიმინალების უმრავლესობა გაუშვეს, რადგან მათ დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი, მაგრამ ექვსი კაცი, მათ შორის, „ნათლია“ სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. მოსამართლემ სასჯელები ჩამოარიგა, თუმცა გამომძიებლებს ყველაზე მეტად ის აინტერესებდათ, რას უზამდნენ ქურდები „ზონაზე“ შესულ ბანდის მეთაურს. შედეგმა არ დააყოვნა, ის ჯერ „საქათმეში“ გაისტუმრეს, ორი თვის შემდეგ კი, გაურკვეველ ვითარებაში, პატიმრებმა გარდაცვლილი იპოვეს.

ასე დასრულდა საქართველოში პირველი მაფიის ჩამოყალიბების პროცესი, თუმცა შემდგომ წლებში, მაფიის რა გითხრათ, მაგრამ საძმოები ნამდვილად ჩამოყალიბდნენ, რომლებმაც თბილისს არაერთი იარა დაუტოვეს.

 

 

ბათო ჯაფარიძე