ქუთაისის სასაფლაოზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური     

 

პანსიონატი, სადაც აკრძალულ პრეპარატებს სიმსივნით დაავადებულებზე ცდიან

 

ბათო ჯაფარიძე

 

სამწუხაროდ, სიმსივნე დღემდე დაუძლეველ სენად რჩება და ექიმთა მცდელობის მიუხედავად, ჯერჯერობით, ვერ შეიქმნა პრეპარატი, რომელიც ამ ვერაგ დაავადებას სრულად დაამარცხებს. დღემდე არაერთი მეცნიერი მუშაობს კიბოს უჯრედების საწინააღმდეგო პრეპარატზე, თუმცა უშედეგოდ. ეს მუშაობა გუშინ და დღეს არ დაწყებულა, ათწლეულებია, მეცნიერები სიმსივნურ წარმონაქმნებს იკვლევენ, თესავენ, სხვადასხვა ცდას ატარებენ, როგორც ცხოველებზე, ისე - ადამიანებზე. მილიონობით ადამიანი თანახმაა, ახალი პრეპარატი საკუთრ თავზე გამოსცადოს იმის იმედად, რომ იქნებ, ეშველოს, იქნებ, გადარჩეს. არის შემთხვევები, როცა ექიმები არ ეუბნებიან პაციენტს, რომ ექსპერიმენტს ატარებენ და უკეთებენ ან ასმევენ წამალს, რომელსაც სერტიფიკატი არ აქვს. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება, თუმცა ხშირად, დამტკიცება ჭირს, რადგან როცა პაციენტმა არაფერი იცის, მოულოდნელად გარდაიცვლება, შემდეგ ხდება მისი გაკვეთა (ესეც თუ ოჯახის წევრები მოისურვებენ) და მერე იწყება ძიება, მაგრამ ექიმები ამტკიცებენ, რომ მათ პაციენტის ზეპირი თანხმობა ჰქონდათ და ოფიციალური ხელშეკრულება მხოლოდ იმიტომ არ გააფორმეს, რომ ოჯახის წევრებს არ ენერვიულათ.

 

„დანაშაული, რომელიც ქუთაისში მოხდა, ერთი შეხედვით, ბანალურად დაიწყო და არაფერი მოასწავებდა იმას, რომ საქმე ასე ჩაიხლართებოდა. ღამით, ქუთაისის ერთ-ერთ სასაფლაოზე, ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი ბიჭები ძმაკაცის საფლავზე ავიდნენ, შესანდობარი უნდა ეთქვათ და გვამს შემთხვევით გადააწყდნენ. თბილისიდან ამ საქმეზე არავინ წავიდოდა, მაგრამ ყველაფერი გარდაცვლილის ვინაობამ შეცვალა. ის რეგიონის ერთ-ერთი გავლენიანი ჩინოსნის ერთადერთი შვილი იყო. მან პირდაპირ მინისტრს დაურეკა და პირადად სთხოვა, ჩემი შვილის მკვლელობა აუცილებლად უნდა გამოიძიონო. ასე აღმოვჩნდი ქუთაისში“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ახალგაზრდა მამაკაცს დანით ჭრილობა გულის არეში ეტყობოდა, მაგრამ ექსპერტებმა მაშინვე თქვეს, ეს კაცი სხვაგან მოკლეს და გვამი აქ შემდეგ მოიტანესო. თბილისიდან ჩასული გამომძიებლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მამიკოს ფულით გათამამებული ბიჭი იყო გარდაცვლილი, ვიღაც ეყოლებოდა გამწარებული და არ აცოცხლეს, მაგრამ როცა მისი მეგობრები დაკითხეს, გაოცებულნი დარჩნენ. ბიჭი მუშაობდა, მუშაობდა ფიზიკურად და მამას ფულს უბრალოდ არ ართმევდა. მეზობლებიც ამბობდნენ, მოკრძალებულად, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობდაო. მეტიც, როგორც გაირკვა, სამსახურიდან თავისუფალ დროს, მოხუცებს ეხმარებოდა, ბოლო ორი თვის განმავლობაში კი მთლიანად სიმსივნით დაავადებულ ადამიანებზე გადაერთო და მათ ეხმარებოდა. ეხმარებოდა კი არა, თეთრ ხალათსაც მოირგებდა ხოლმე და მათ უკან დასდევდა. პანსიონატი, რომელიც თითქოს კერძოდ იყო გახსნილი, სიმსივნით დაავადებულთათვის ერთგვარი შვება იყო, ერთმანეთს ხვდებოდნენ, ამხნევებდნენ, ექიმზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ.

„ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ცუდი სახელი არც მამამისს ჰქონდა. დიდი ფულის მიუხედავად, ბევრს ეხმარებოდა, სერიოზულ ქველმოქმედებასაც ეწეოდა და რაც მთავარია, ზუსტად მის ხარჯზე ფუნქციონირებდა დაავადებულთა პანსიონატი, სადაც მისი შვილი მოხალისედ მუშაობდა და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თავს არ ზოგავდა. მამაც დავკითხეთ, მას წარმოდგენა არ ჰქონდა, ვის შეიძლებოდა მოეკლა მისი ერთადერთი შვილი, რადგან იმის მიუხედავად, რომ ბიჭი ფულს არ ართმევდა, მამამისს მუდმივი კონტროლის ქვეშ ჰყავდა, იცოდა, ვისთან მეგობრობდა, სად იყო, რით სუნთქავდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ყოველი შემთხვევისთვის, გამომძიებლებმა სტაციონარის პაციენტებიც შეამოწმეს და ერთი საინტერესო დეტალი აღმოაჩინეს. თუ ისინი კვდებოდნენ, კვდებოდნენ ერთად ანუ ერთი-მეორის მიყოლებით, მაგალითად, ერთ კვირის განმავლობაშ, 3-4 პაციენტი კვდებოდა, შემდეგ დრო გადიოდა, თვეებიც შეიძლება გასულიყო და მერე ისევ, ერთკვირიანი ინტერვალით, რამდენიმე ადამიანი მიდიოდა საიქიოს. ძალოვნებს ყველაფერი ეს საეჭვოდ ეჩვენათ და ექსპერტიზის დასკვნები მოითხოვეს, თუმცა მხოლოდ ორ შემთხვევაში იყო ექსპერტიზა გაკეთებული, დანარჩენებზე ოჯახის წევრებმა გაკვეთა არ ისურვეს. იმ ორ შემთხვევაში, გარდაცვალების მიზეზად სიმსივნური გართულება იყო დასახელებული, თუმცა ორივე შემთხვევაში, სხვადასხვა ექსპერტს ეწერა, რომ სისხლში ამოუცნობი პრეპარატის კვალი ნახეს, თუმცა ამას არავინ გამოჰკიდებია, რადგან მთავარ მიზეზად, სწორედ დაავადების გართულება იყო დასახლებული.

ნებისმიერ საქმესა თუ შემთხვევაში, როცა ამოუცნობ ფეთქებად ნივთიერებას ან ამოუცნობი წამლის შემადგენლობას აღმოაჩენდნენ მილიციის თანამშრომლები, ვალდებულები იყვნენ, ყველაფერი უშიშროების კომიტეტისთვის ეცნობებინათ და ასე მოხდა ამჯერადაც. ძლევამოსილი „კა გე ბე“-ს თანამშრომლები ქუთაისში მალე ჩავიდნენ და... ეგსგუმაცია ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე მოხდა. უფრო სწორედ, მათ არც არაფერი შეატყობინეს, გვამები ამოთხარეს, ნიმუშები აიღეს და ისევ დამარხეს. ნაწილი გამოსაკვლევად თბილისში გადმოიტანეს, ნაწილი კი მოსკოვში წაიღეს. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გარდაცვლილები იღებდნენ პრეპარატს, რომელიც საბჭოთა კავშირის არცერთ რესპუბლიკაში არ იყო გაყიდვაში, თუმცა იყო საზღვარგარეთ და ექსპერიმენტების სახით, მას სიმსივნით დაავადებულ ავადმყოფებზე იყენებდნენ. ყველაფერი ეს, სწორედ უშიშროებამ გამოიკვლია.

ახლა ის იყო საინტერესო, ვის შემოჰქონდა აღნიშნული პრეპარატი და რაც მთავარია, ვინ აძლევდა პაციენტებს. პანსიონატის მთავარი ექიმის გარეშე, წესით, ეს არ უნდა მომხდარიყო და ამიტომ, მისი თვალთვალი დაიწყეს. საეჭვო პირებს ის არ ხვდებოდა, სამსახურეობრივი საქმის გამო, რამდენჯერმე, გარდაცვლილი ბიჭის მამას შეხვდა, საუბრის მოსმენაც კი მოხერხდა, მაგრამ ისინი ძირითადად პენსიონატის დაფინანსებაზე საუბრობდნენ, რაც ლოგიკური იყო. მალე ისიც გაირკვა, რომ მთავარ ექიმს სიმსივნით დაავადებული დედა ჰყავდა, მაგრამ მას სახლში მკურნალობდა და პანსიონატში არ მიჰყავდა. არადა, იქ ყველა პირობა იყო შექმნილი იმისთვის, რომ ემკურნალათ. რაც მთავარია, ექიმი სახლზე მეტ დროს, სწორედ პანსიონატში ატარებდა და შესაბამისად, დედამისს ბევრად უკეთ მოუვლიდა.

„გადავწყვიტეთ, დედამისის სისხლი აგვეღო და ექსპერტიზა ჩაგვეტარებინა, თუ მის სისხლში ამოუცნობი პრეპარატი აღმოჩნდებოდა, გამოვიდოდა, რომ საქმეში ექიმიც გარეული იყო და მის ალაპარაკებას ბევრი დრო არ დასჭირდებოდა. როცა ის შინ არ იყო და დედა მარტო გახლდათ, ჩვენი თანამშრომლები ექიმებთან ერთად მივიდნენ და მოხუცს უთხრეს, სისხლი უნდა აგიღოთ დამატებითი კვლევისთვის, სახელმწიფო პროგრამააო. მას ეჭვი არაფერში შეპარვია, ისე ჩააბარა სისხლი და მეორე დღეს, ექიმის დასაკავებლად წავედით - დედამისის სისხლში ამოუცნობი პრეპარატის შემადგენლობა იყო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ექიმმა დაკავებისთანავე თქვა, მოკვლა არ მინდოდა, შემომაკვდაო და გამომძიებლებმა შვებით ამოისუნთქეს. საქმე გახსნილი იყო, თუმცა საინტერესო გახლდათ, რისთვის გაიმეტა მან ბიჭი, რომლის მამაც პანსიონატს აფინანსებდა.

„მე აქაური არ ვარ, შესაბამისად, აქაურებს არ ვიცნობ. მხოლოდ სახლი და სამსახური, თვისუფალი დრო არ მაქვს. ამ პანსიონატში მას შემდეგ გადმოვედი, რაც მისი დამფინანსებლისგან მივიღე წინადადება, რომ ექსპერიმენტული წამლები გამომეცადა. დედა მყავს ავად და ვიფიქრე, მასაც ვუშველიდი, ამიტომ აქ გადმოვედი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უცხოურ პრეპარატებს ვხმარობთ, მაგრამ უშედეგოდ. გარდაცვალების შემთხვევებიც ერთდროულად სწორედ იმიტომ ხდებოდა, რომ კონკრეტულ ჯგუფზე ვცდიდით წამლებს, ერთკვირიანი ინტერვალით, თოთოეულ მათგანს უკუჩვენების გამოვლინება ეწყებოდა და ყველაფერი ეს სიკვდილით სრულდებოდა. ბოლო პრეპარატი, რომელსაც დედაჩემსაც ვუკეთებდი, თითქოს, ყველაზე იმედისმომცემი იყო, მაგრამ იმ ბიჭის გამოჩენის შემდეგ, ყველაფერი თავდაყირა დადგა. არ ვიცოდი, ვისი შვილი იყო, მამამისსაც არ უთქვამს, როგორც მერე ამიხსნა, არ უნდოდა, რომ მისთვის განსაკუთრებული პრივილეგიები მიმენიჭებინა. ჰოდა, იმ ბიჭსაც სწორედ ეს ჯგუფური გარდაცვალებები მეოჩვენა უცნაურად, ქექვა დაიწყო და აკრძალულ პრეპარატებს ექთნების ოთახში, სეიფში მიაგნო. ჩემი ბრალია, მე დამრჩა სეიფი ღია. ჩემთან მოვიდა, მითხრა, ვიღაც საცდელი ვირთხებივით იყენებს ავადმყოფებს, რომელიღაც ექთანია საქმეში გარეულიო. ვუთხარი, რომ ყველაფერში გავერკვეოდი და დამფინანსებელს ანუ მამამისს დავურეკე. კარგად არც მომისმინა, ვუთხარი, ერთ-ერთი თანამშრომელი მიხვდა ყველაფერს მეთქი და უხეშად მომიგდო, თავიდან მოიშორეო. ახლა ვფიქრობ და ვხვდები, რომ თავიდან მოშორებაში სამსახურიდან გაშვება იგულისხმა. მე კი... სახლში დავიბარე ბიჭი და შევეცადე, ყველაფერი ამეხსნა, ის კი მილიციაში წასვლას აპირებდა, კარგი დღე არ დაგადგებაო. არ მახსოვს, როგორ ავიღე დანა და დავარტყი, მაშინ მხოლოდ დედაჩემზე და იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩემი დაჭერის შემთხვევაში, მას სწრაფი სიკვდილი ელოდა. მერე გვამი სასაფლაოზე წავიღე და მეორე დღეს გავიგე, ვისი შვილი მოვკალი“, - თქვა დაკავებულმა.

როცა გარდაცვლილის მამამ მკვლელის ვინაობა გაიგო, გულის შეტევა დაემართა, თუმცა გადარჩა. მასაც და ექიმსაც სასამართლო ელოდათ, მაგრამ ორივე მოსკოვში წაიყვანეს - ჩინოვნიკი იმისთვის, რომ გაერკვიათ, ვინ აწვდიდა წამლებს საზღვარგარეთიდნ, ექიმი კი იმისთვის, რომ სრული ანგარიში შეედგინა, როგორ იმოქმედა სხვადასხვა პრეპარატმა სიმსივნით დაავადებულ ადამიანებზე