ვინ არის ბინის ცნობილი ქურდი, რომელიც რუსთაველზე მოწყალებას ითხოვს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 

როგორ ჩაითრია ნაციხარმა კაცმა ბავშვობის მეგობარი გოგონა კრიმინალში

 

კრიმინალთა არცთუ მცირე ნაწილს, დანაშაული ხელოვნების დონეზე აქვს აყვანილი და უმცირეს დეტალებსაც კი აქცევს ყურადღებას ანუ გამოძიებას შეგნებულად უტოვებს ისეთ ნივთმტკიცებას, რომელიც მათ სხვა მიმართულებით წაიყვანს... როგორც ადრე, ახლაც სამართალდამცავისა და კრიმინალის ურთიერთობა ნერვების ომი, გამჭრიახობისა და ინტუიციის შეჯიბრია. საბედნიეროდ, უმრავლეს შემთხვევებში, კრიმინალებს სამართალდამცავები აბსოლუტურად სჯაბნიან. კარგი იქნება, თუ ეს ციფრი მუდმივად გაიზრდება და უპირატესობა მუდმივად პოლიციელის მხარეს იქნება.

 

„ის კრიმინალები, რომლებიც დანაშაულზე მოუმზადებლად მიდიან ან სპონტანურად ჩადიან, სიცოცხლის უმეტეს ნაწილს გისოსებს მიღმა ატარებენ. აი, ამ საქმის ნამდვილი პროფესიონალების დაჭრა კი ძალიან რთულია. რაც მთავარია, ასეთ შემთხვევაში, სამართალდამცავიცა და კრიმინალიც ერთმანეთის შრომას პატივს სცემს, იციან იმ შრომისა და უძილო ღამეების ფასი. შემთხვევას, რომელსაც ახლა მოგიყვები, ჩემს კარიერაში გამორჩეული ადგილი უჭირავს, ადრეც მითქვამს და კიდევ ათასჯერ გავიმეორებ - ყველაფერთან ერთად, გამომძიებელსაც და კრიმინალსაც სჭირდება იღბალი. იღბლის გარეშე, არაფერი გამოვა“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

80-იანი წლების დასაწყისში, დედაქალაქში რამდენიმე ისეთი ქურდობა მოხდა, სამართალდამცავებიც კი აღფრთოვანდნენ. ბინის ქურდი უხმაუროდ აღებდა საკეტებს (არ ტეხდა, აღებდა), ძალიან კულტურულად ასუფთავებდა ბინებს და ისე ქრებოდა, მისი არც დამნახავი იყო ვინმე და ზოგადად, მეზობლები ამტკიცებდნენ, უცხო არავინ გვინახავსო. რაც მთავარია, ქურდმა ძალიან კარგად იცოდა, ვის ბინებს ასუფთავებდა და ურთულეს საკეტებს, პრაქტიკულად, დაუზიანებლად აღებდა. რაც მთავარია, ძირითადად, ფულსა და ოქროზე ნადირობდა, ანტიკვარიატს ხელს არ ჰკიდებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ძალიან ფრთხილობდა. ოქროს დაამტვრევდა და ჯართად ჩააბარებდა, ფული კი ყველგან ფულია. პრაქტიკულად, აზრი არ ჰქონდა არაფერს, ვიღაც მოდიოდა კორპუსში, რა თქმა უნდა, ათვალიერებდა ობიექტს, ოჯახის წევრების მოძრაობის გრაფიკს ადგენდა და მას ვერავინ ამჩნევდა.

„გაერთიანებულ თათბირზე დაგვიძახეს და ყველას მოგვთხოვეს, რომ კოლეგებს დავხმარებოდით. ვიღაც  (ან ვიღაცები) მილიციას მასხრად იგდებდა და აბითურებდა. რა თქმა უნდა, ყველამ ავიღეთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და შევთანხმდით, ვის რა უნდა ეკეთებინა. გამოცდილება არ გვაკლდა განყოფილებების უფროსებს, თათბირის შემდეგ რესტორანში წავედით, ოღონდ სასაუბროდ და არა - საქეიფოდ. იქ დავყარეთ ყველაფერი, რაც ვიცოდით და არ ვიცოდით. საბოლოოდ, ძალიან საინტერესო დეტალზე შევთანხმდით“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ის, რაზეც გამოცდილი სამართალდამცავები შეთანხმდნენ, მართლაც, საგულისხმო დეტალი იყო. მათი აზრით, ბინის ქურდი ცდილობდა მასისგან გამორჩეული არ ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს, შეეძლო, პარიკი გაეკეთებინა და კორპუსის წინ, სადაც ბინა უნდა გაექურდა, მზესუმზირა გაეყიდა, ან უბრალოდ, სკვერში ჩამომჯდარიყო გოგონასთან ერთად. ასეთებს ყურადღებას ნაკლებად აქცევენ და რაღა თქმა უნდა, დაკითხულ მოქალაქეებსაც არავინ დააკონკრეტებინა, ისეთი ადამიანი ხომ არ დაგინახავთ, მანამდე რომ არ გამოჩენილა და ბინის გაქურდვის შემდეგ რომ გაქრაო?

კორპუსის მაცხოვრებლების ხელახალმა დაკითხვამ შედეგი გამოიღო - ორ შემთხვევაში გაიხსენეს, რომ რამდენიმე დღე მათ კორპუსთან... ბრმა ახალგაზრდა კაცი დადიოდა. მას მუქი სათვალე ეკეთა და ხელში უსინათლოებისთვის დამახასიათებელი სპეციალური ჯოხი ეჭირა. უსინათლოს ახალგაზრდა გოგონა ახლდა, რომელიც გადაადგილებაში ეხმარებოდა. აბა, უსინათლოს ყურადღებას ვინ მიაქცევდა, ვინ იფიქრებდა, რომ შესაძლოა, ის ბოროტმოქმედი ყოფილიყო?

მორიგი ბინის გაქურდვის შემდეგ, გამომძიებლებმა პირდაპირ იკითხეს, ბრმა ხომ არ შეამჩნიეთ ახალგაზრდა ქალთან ერთადო და მოსახლეობისგან დასტურიც მიიღეს. პარალელურად, სამართალდამცავები კარტოთეკაში იქექებოდნენ და იმას იგებდნენ, ვინ გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უახლოეს წარსულში. მათ შორის, ერთი ცნობილი ბინის ქურდი აღმოჩნდა და...

„იმ ბინის ქურდს ბავშვობიდან ვიცნობდი, პრაქტიკულად,  ჩემს ხელში ჩამოყალიბდა პროფესიონალად. ვიცოდით, რომ ბინებს ტეხდა, მაგრამ ვერასდროს ჩავავლეთ. ერთხელაც, „პადელნიკმა“ ჩაუშვა და 7 წელი ისე მისცა მოსამართლემ, არც დაფიქრებულა. ამიტომ, მე მომაკითხეს, ეგებ, დაელაპარაკო, მიხვდები კიდეც, ის გვაწიოკებს თუ არაო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და სახლში დაუპატიჟებლად მივადექი. კარი დედამისმა გამიღო, ოთახში შემიძღვა და... ჩემს წინ, ბრმა ახალგაზრდა იჯდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ბინის ქურდი ნაღვლიანად ყვებოდა, როგორ დაემართა ტუბერკულოზი „ზონაზე“, როგორ გაურთულდა და როგორ დაუტოვა ამ დაავადებამ სიბრმავე. რა თქმა უნდა, გამომძიებელმა არ დაუჯერა და ყოფილი პატიმარი თვალის ცნობილ ექიმთან წაიყვანეს შემოწმებაზე. ექიმმა, დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში უტრიალა, ყველანაირად შეამოწმა და დასკვნაც დადო - ასი პროცენტით უსინათლოა. გაჩნდა ეჭვი, რომ ვიღაცამ იცოდა გამოცდილი „მედვეჟატნიკის“ უსინათლობის შესახებ და ამას იყენებდა, რათა გამოძიება მცდარ კვალზე დაეყენებინა. სამართალდამცავები სხვებზე გადაერთვნენ და სულ ტყუილად - ახალი ვერაფერი გაიგეს, კარტოთეკის ქექვამაც არაფერი მისცა. საქმეში მისი უდიდებულესობა, ფორტუნა ჩაერთო. ფორტუნა, რომელმაც დამნაშავეს უღალატა.

„ამ ამბიდან თითქმის თვე იყო გასული და მეგობარმა მთხოვა, ორი დღით ქალაქიდან გავდივარ, ეგებ, ღამით ჩემთან დარჩე, ბინა არ გამიქურდონ, მეშინიაო. ცოლ-შვილი სოფელში მყავდა გაშვებული და სულ ერთი იყო, სად დავრჩებოდი, თანაც ზუსტად ვიცოდი, ჩემს ბინას არავინ შეეხებოდა. შაბათ-კვირა ემთხვეოდა, სამსახურშიც ისეთი მნიშვნელოვანი საქმე არ მქონდა და წამოვუწექი ტელევიზორს მეგობრის ბინაში. სიგარეტს რომ მოვუკიდე, გამახსენდა, მეგობარი არ ეწეოდა და სახლს აქოთებულს ხომ არ დავახვედრებ-მეთქი. გავედი აივანზე და მაშინვე უკან შემოვბრუნდი - ეზოში ახალგაზრდა გოგო უსინათლო ბიჭს მოჰყვებოდა გვერდით. ფანჯრიდან ფრთხილად გადავიხედე, აშკარა იყო, კორპუსს ათვალიერებდნენ და იქიდანვე ვიცანი ბინის ის ქურდი, მე რომ ვესაუბრე. ტელეფონს ვეცი, განყოფილებაში დავრეკე, ორი ოპერმუშაკი მოვიდა და მთავარი ის იყო, გოგოს ვინაობა დაგვედგინა, ბიჭი ვიცოდი, ვინც იყო. იმავე ღამეს ჩასაფრება მოვაწყვეთ ჩემი მეგობრის ბინაში, დარწმუნებული ვიყავი, სამიზნე ის იყო, ერთი თანამშრომელი შიგნით დავიტოვე, ორი - გარეთ დავაყენე სადარბაზოს წინ, მანქანაში“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

იმ საღამოს ბინაში არავინ მისულა, არც - მეორე საღამოს და მერე, მეგობარიც დაბრუნდა, თუმცა მანამდე, გვერდითა სადარბაზოდან მილიციაში განცხადება შევიდა, მოქალაქე ჩიოდა, გამქურდესო. ისე გამოვიდა, რომ სამართალდამცავთა გათვლა არ გამართლდა, მთელი ყურადღება ერთ კონკრეტულ სადარბაზოსა და ბინაზე იყო გადატანილი, ქურდები კი სხვა სადარბაზოსა და სხვა ბინაში შევიდნენ. ამის მიუხედავად, მილიციის თანამშრომლებმა უსინათლო ქურდსა და გოგონას ბინებში ჩხრეკა ერთდროულად ჩაატარეს და ნაქურდალი გოგოსთან იპოვეს.

„ეს გოგო ჩემი ბავშვობის მეგობარია. მას შემდეგ, რაც „პადელნიკმა“ ჩამიშვა, აღარავის ვენდობოდი. მხოლოდ ამ გოგოს ვენდე, საკეტების ზუსტ აღწერილობას მაძლევდა, ვხვდებოდი, რომელი ფირმის იყო და ვაღებდი. რად უნდა საკეტის გახსნას თვალები, ის უნდა იგრძნო. როცა ვხედავდი, მაშინაც კი საკეტის გაღებისას, ორივე თვალი დახუჭული მქონდა, უბრალოდ, ვუსმენდი“, - განაცხადა დაკავებულმა.

გოგოს 3 წელი აკმარეს, გამოცდილი ქურდი კი ციხეში ისევ 7 წლით გაისტუმრეს. გათავისუფლების შემდეგ, აღარც თბილისი იყო ისეთი, როგორიც დატოვა და აღარც საკეტები - ძველებური. როგორც ბატონმა თენგიზმა თქვა, ბოლოს, ბინის ქურდი რუსთაველზე ნახა, წინ ქუდი ედო და ხურდა-ფულს მათხოვრობდა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე