უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ ოთხ წელიწადში, 82 მილიონი ლარის ჯარიმა გამოწერა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორ ებრძვის კახა კალაძე უკანონო მშენებლობებს - ოთხწლიანი „ომის“ ქრონიკები

2017-2021 წლებში, უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ 4 200 სამართალდარღვევა გამოავლინა და 82 მილიონი ლარის ჯარიმა გამოწერა. საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია თბილისის მერიის კანონპროექტი, რაც დედაქალაქში, უკანონო მშენებლობებთამ დაკავშირებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს. 2014-2017 წლებში, მხოლოდ 3 500 დარღვევა გამოვლინდა და 19 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა დაიწერა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, უწყება უკანონო მშენებლობების პრობლემის მოგვარებასა და აღსრულების ეფექტიანობის გაუმჯობესებას კვლავ პარლამენტის დახმარებით გეგმავს. საუბარია იურიდიული სამსახურის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების ჩაბარების მექანიზმის სრულყოფაზე, რათა არაკეთილსინდისიერმა მშენებელმა, გადაწყვეტილების ჩაუბარებლობით, აღსრულების პროცესი არ შეაფერხოს.

 

მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერად აირჩიეს, კახა კალაძემ უკანონო მშენებლობებს ნამდვილი ომი გამოუცხადა. მეტიც, უკანონო მშენებლობების აღსაკვეთად, მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ღონისძიება გაატარა. კალაძე ამბობს, რომ უკანონო მშენებლობები ყოველთვის დედაქალაქის პრობლემა იყო, რასაც 2017 წლიდან ბრძოლა გამოუცხადა. მისივე თქმით, 2017 წლიდან, თბილისის მერიამ უკანონო მშენებლობებზე ჯარიმების გაზრდა დაიწყო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. კახა კალაძის განმარტებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომებიც სწორედ ამიტომ შემოიღეს.

„რაც შეეხება უკანონო მშენებლობებს, თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს (დედაქალაქის მერმა ასე ნაციონალური მოძრაობის წევრებს მიმართა, - ავტ.), უკანონო მშენებლობებზე ჯარიმები 3 000-დან 10 000 ლარამდე იყო. როდესაც კორპუსი შენდება, იქ მილიონებზეა საუბარი. შესაბამისად, როცა კომპანიები ამხელა მოგებაზე გადიან, მათთვის ჯარიმის ეს ოდენობა არაფერს წარმოადგენს. ჩვენ კი, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჯარიმების გაზრდა დავიწყეთ და კატეგორიების მიხედვით, 8 000-დან 50 000 ლარამდე გავზარდეთ, თუმცა პრაქტიკაში ვნახეთ, რომ საკმარისი არც ეს იყო. ამიტომ, უკანონო მშენებლობების შესაჩერებლად, საქართველოს პარლამენტის დახმარებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები შემოვიღეთ. ვფიქრობ, ამით უკანონო მშენებლობებს წინ აღვუდგებით და შევაჩერებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მაშ, ასე, ყველაფერი 2017 წლის გვიან შემოდგომაზე დაიწყო, როდესაც თბილისის ახლადარჩეულმა მერმა, კახა კალაძემ უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ ბრძოლა გააჩაღა. პირველი ინიციატივა 2018 წლის დასაწყისშივე გახდა ცნობილი, როდესაც თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის დადგენილი სანქციები გაამკაცრა. მაშინ, დედაქალაქის ახლადარჩეულმა მერმა განმარტა, რომ მოქმედი კანონი უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, შეუსაბამოდ დაბალ სანქციებს აწესებდა. ასევე, შეუსაბამოდ დაბალი სანქციები იყო დაწესებული უნებართვო მშენებლობებისა და შესაბამისი სამსახურების მიერ მშენებლობების შეჩერების დაუმორჩილებლობაზე. კალაძის წარდგენილი ცვლილებით კი, უსაფრთხოების წესების დარღვევაზე საჯარიმო თანხა 3 000 ლარიდან 30 000 ლარამდე გაიზარდა:

„მინდა, პარლამენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია. დედაქალაქში ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს და ქალაქის მერიისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. არსებული კანონმდებლობით, როდესაც რაიმე დარღვევა იკვეთებოდა, პირველ შემთხვევაში, მათ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება ეძლეოდათ, შემდეგ 3000-ლარიანი ჯარიმა იყო, რომელიც ყოველ დარღვევაზე იზრდებოდა. ცვლილებებით, პირველივე დარღვევაზე ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება იმ კონკრეტულ შემთხვევებზე, სადაც მშენებლობა მიმდინარეობდა და დარღვევების გამო, შეჩერებული იყო“, - ასე განმარტა სანქციების გამკაცრება კახა კალაძემ.

კალაძისვე განცხადებით, მშენებლობის პროცესის შეჩერების მიუხედავად, თუ კომპანია მაინც განაგრძობს მუშაობას, 50 000 ლარით ჯარიმდება! იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა და მასზე უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს, ჯარიმის ოდენობა 25 000 ლარით, ხოლო კერძო საკუთრებაზე - 20 000 ლარით განისაზღვრა:

„ვფიქრობ, ეს ჯარიმები მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ არსებული პრობლემები მოვაგვაროთ. არსებობს მენტალური პრობლემაც, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს, უსაფრთხოების თვალსაზრისით იკვეთება. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკურ გუნდთან და ამ ცვლილებებს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა, რომელსაც ვახორციელებთ. შეხვედრა გვქონდა მენაშენეთა ასოციაციასთან და მათი მხრიდანაც მაქსიმალური თანადგომაა“, - დასძინა კალაძემ.

ცვლილებას დაექვემდებარა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 51-ე მუხლიც. შესაბამისად, თბილისის ტერიტორიაზე, მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა, 5 000 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით. კანონის აღსრულებას კი, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს.

ამ ცვლილებებით გამკაცრდა სანქციები, ზოგადად, უნებართვო მშენებლობაზე. კერძოდ, სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, საჯარიმო სანქცია 10 000 ლარიდან 25 000 ლარამდე გაიზარდა. ასევე, კერძო საკუთრებაში ახალი უნებართვო მშენებლობა ან/და რეკონსტრუქცია, რომელიც პარამეტრებით მიეკუთვნება მესამე და მეოთხე კლასს, 20 000 ლარით ჯარიმდება. ასევე, გაიზარდა საჯარიმო სანქციები პროექტის დარღვევით მშენებლობის განხორციელებაზე, კერძოდ, მესამე და მეოთხე კლასის ობიექტებზე - 15 000 და 20 000 ლარით...

უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ ნამდვილი ბრძოლა კი 2020 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში დაიწყო, როდესაც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, მოსახლეობის მიერ მიტაცებულ მიწაზე, უკანონოდ მშენებარე რამდენიმე მშენებლობის დემონტაჟი დაიწყო. მერიაში განმარტეს, რომ ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდამრღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენჯერმე გააფრთხილა კანონდამრღვევები, როგორც სიტყვიერად, ასევე, წერილობით, ამ გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყოლია - მოსახლეობას თავადვე უნდა განეხორციელებინათ დემონტაჟი. აქედან გამომდინარე, მუნიციპალურმა ინსპექციამ, კანონის შესაბამისად, დემონტაჟის პროცესი დაიწყო:

„ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს, გვყავს ბევრი ადამიანი, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა, მაგრამ ეს ადამიანები პატივს სცემენ კანონს, შეზღუდვებს, რეგულაციებს, ყველაფერს იმას, რაზეც დგას სახელმწიფო. რომ არა კანონისადმი პატივისცემა, დღეს, ყველა ეს ადამიანი შეძლებდა სახლის უკანონოდ აშენებას და თქმას, რომ ეს მისი საკუთრებაა და მას არ უნდა შევეხოთ. ეს არის უსამართლობა და არავინ, არცერთი კანონმორჩილი მოქალაქე არ დაეთანხმება მსგავს უკანონობას! ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში კვლავ არასახარბიელო სოციალური ფონია, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში, თუმცა სახელმწიფოს კუთვნილი მიწების დატაცება, მოპარვა წახალისებული არ და ვერ იქნება, ყოველ შეთხვევაში, ჩემი მერობის პირობებში“, - ასე განაცხადა კახა კალაძემ სამგორში, უკანონო მშენებლობების დემონტაჟის შემდეგ.

მისივე თქმით, ბოლო წლებში, მოქალაქეებმა, რომელთაც აქვთ უძრავი ქონება რეგიონებში, ხოლო ზოგიერთ მათგანს სხვის სახელზეც უფიქსირდება ქონება, დაიწყეს უკანონო მშენებლობები თბილისში, სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე. როგორც კალაძემ განმარტა, ეს მიწა არ არის კერძო პირის საკუთრება, ეს არის ჩვენი, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ქონება და ეს პროცესი ამ ფორმით ვერ გაგრძელდება.

„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკან დგანან გარკვეული პირები, რომლებიც ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ უბიძგებენ. თბილისის მერია შესაბამის უწყებას მიაწვდის ყველა მასალას, რათა დაიწყოს საქმის მოკვლევა. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ ორივე ქმედება - მიწების დატაცებაცა და უკანონო მშენებლობაც კანონით დასჯადია, თუმცა ისინი არ ითვალისწინებენ არცერთ გაფრთხილებას და აგრძელებენ ამ უკანონო ქმედებებს. ყველასთვის ცნობილია, თუ რა სასჯელს ითვალისწინებს დანაშაული, თუ ადამიანი 200-300 ლარს უკანონოდ მიითვისებს. ამავდროულად, სახელმწიფო მიწების მიტაცება არათუ დანაშაულად ითვლება, პირიქით, ეს ადამიანები პრეტენზიას უყენებენ სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვიწევს ამ მშენებლობების დემონტაჟი, რადგან პროცესის შეჩერება სხვაგვარად შეუძლებელია. სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, რომ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები არ იყოს დაშვებული და თუ სადმე მსგავსი ქმედება ხორციელდება, აღიკვეთოს“, - აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი, თბილისის მერიაში მოქმედებს სპეციალური პროგრამა, რომლის წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 7 მილიონი ლარია. ყოველწლიურად, თბილისის მერია ისეთ ადამიანებსა და ოჯახებს, რომლებსაც საცხოვრებელი არ გააჩნიათ, ეხმარება. მერიას ეს ხალხი ქირით გაჰყავს და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. 2021 წელს, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, თბილისის ბიუჯეტი 350 მილიონ ლარამდე გაიზარდა.