Menu
RSS

ბედის განგებით, ფერეიდნელ ქართველზე გავთხოვდი. ქორწინებიდან ერთ თვეში ირანში გადავწყვიტეთ მოგზაურობა. თვითმფრინავით მგზავრობა თბილისიდან თეირანამდე საათი და ოც წუთია. ვღელავდი, მინდოდა, მალე მენახა ჩემი მეუღლის `მეორე სამშობლო~ _ ეს ეპითეტი ლევანს სულაც არ ხიბლავს, რადგან ისიც, როგორც სხვა ფერეიდნელი ქართველები, ირანს სამშობლოდ არ მიიჩნევს. სანამ ირანის დედაქალაქში დავეშვებოდით, ქალებმა თავსაფრები დაიხურეს, ბორტგამცილებელმაც კი.  
აეროპორტში ხალხმრავლობის მიუხედავად სიჩუმეა. ყველა თავის საქმეს აკეთებს ჩუმად, უხმაუროდ. უმრავლესობა ტანმორჩილია. მასაში ალაგ-ალაგ გამოჩნდებიან ხოლმე კოჭებამდე შავი კაბით მოსილი და მკაცრად თავდაბურული ქალბატონები. თავსაბურავი ყველასთვის სავალდებულოა _ თავდაუბურავს როზგი და განმეორებით შემთხვევაში, პატიმრობა ელის. `ეს მთავრობის მომხრეებია~, _ ლევანი `მკაცრად~ ჩაცმულებზე მიმითითებს.  თავსაფარი და შარვლის ზემოდან მუხლამდე ზედატანი მოლებს შემოუღიათ სავალდებულოდ, არადა, სულ რაღაც ოცდაათი წლის წინ, როცა შაჰი იყო მმართველი, ჩაცმაზე ე.წ. შეზღუდვები არ იყო.  აეროპორტში, განსხვავებულ სამყაროზე ფიქრს ავყევი. ცოტა ხანში ლევანის `ბიძა~ მოვიდა მანქანით (აქ პატივისცემის ნიშნად, უფროსი ასაკის მამაკაცებს ქართველები ასე მიმართავენ). სინამდვილეში, მეუღლის მეგობრის მამამ მოგვაკითხა, თეირანში გვიმასპინძლებს, შემდეგ კი, ფერეიდუნშაჰრის ერთ-ერთ `შაჰრში~ ანუ ქალაქში, კერძოდ, მარტყოფში გაგვისტუმრებს. ბილეთები აღებული დაგვახვედრა. მანქანაში ჩაჯდომამდე უკანა მინაზე ქართული წარწერა შევნიშნე: `ღმერთს ებარებოდეთ~. მასპინძელი გუგუნაშვილი, იქაურად გუგუჩანია. სახელიც ქართული აქვს. გზად თეირანის დათვალიერება მინდოდა, მაგრამ... სულ ხრიოკი მინდორი ჩანს. აეროპორტიდან გასასვლელ გზაზე მივდივართ, ჯერ არ შევსულვართ ქალაქშიო, _ ამბობს ბიძა. მანქანების ზღვა არ წყდება. თეირანში 20 მილიონი მოსახლეა. გამზირზეც უამრავი ადამიანია. მათი სიარულის სწრაფი და ლამაზი მანერა ყურადღებას იპყრობს. ქალებს გრძელი კაბა ან შარვალი ზედატანით, ანუ მანტოთი აცვიათ, მაგრამ მაინც ძალიან მოხდენილად დადიან. შეიძლება ითქვას,  დანარნარებენ... ალბათ იმიტომ, რომ ადრეული ასაკიდან სწავლობენ ცეკვას, _ გავიფიქრე. მოგვიანებით ერთ-ერთმა ფერეიდნელმა ქართველმა მითხრა, ქორწილში ქალები აუცილებლად ცეკვავენ, ასაკის მიუხედავად და პატარებიც ადრეული წლებიდან უყურებენ, სწავლობენ მოძრაობებს. ნეფე-დედოფალმა კი აუცილებლად უნდა `იშუშპროს~ (იცეკვოს).  ქორწილში კი ქალები და კაცები ცალკ-ცალკე სხდებიან სუფრასთან, თუმცა ქორწილი რა მოსატანია,  ავტობუსშიც ასე იქცევიან _ ქალები ერთ განყოფილებაში არიან, კაცები მეორეში. ეს ისლამისგან მიღებული ვალდებულებაა. როგორც ამბობენ, რწმენის საკითხს მთავრობა მკაცრად აკონტროლებს, თუმცა არც უამისოდ იქნებოდნენ თავმინებებულნი _ ზოგიერთს ფანატიკურად სჯერა მოციქულ მუჰამედისგან რჯულად დადებულის.  როგორც ყველგან, ქართველები აქაც ნიჰილიზმით გამოირჩევიან. მიუხედავად აკრძალვისა, ჩუმად წურავენ და მერე ერთმანეთს ასინჯებენ ისლამისგან აკრძალულ სასმელს _ ღვინოს. ზოგიერთი სამსახურში თანამშრომლების დასანახად ასრულებს ნამაზს, ანუ ლოცვას.  ლირიკული გადახვევის მერე, თეირანელი ქართველის მასპინძლობას აღვნიშნავ, უზომოდ გახარებულია და მზრუნველი. აზიური სტუმართმოყვარეობა ხომ მსოფლიოშია ცნობილი. ლიფტით ავდივართ, ჰარმონიული მუსიკის ხმა მესმის. მობილურია? _ ვკითხულობ. არა, ლიფტის ხმაა, _ მპასუხობენ. ზღურბლთან ვტოვებთ ფეხსაცმელს და ოჯახში შევდივართ. ყველანი წამოიშლებიან. აქ, აეროპორტში ნანახ ხალხთან შედარებით უფრო მაღალი და განსხვავებული ადამიანები დამხვდნენ. ჩვენებურები არიან, ნამდვილი გურჯები: ბიძის ორი ქალიშვილი, (ვაჟი თბილისშია, დროდადრო ესტუმრება ხოლმე სამშობლოს), მასპინძლის დედა, მეუღლე და ჩემი მეუღლის თეირანელი ბიძაშვილი მეუღლით და პატარა თინათი. ლევანის ბიძაშვილი თვალებიანად მიღიმის. მივხვდი, მოვეწონე. მეც საპასუხოდ გავუცინე. სუფრას აწყობენ უკვე _ ხალიჩაზე შლიან ფარდაგს, ზედ ვახშამია: ბრინჯი და ქაბაბი. ფესტა, ნუში, თხილი, მაწონი, ყველი, დო და აღმოსავლური ტკბილეული, რასაც თითქოს ხალვის გემო აქვს, თუმცა მაინც განსხვავდება. აქ მეტად პოპულარული სასუსნავია ნუგა. ხარისხი `ფესტის~ პროცენტით განისაზღვრება, ამიტომ, ირანში თუ მოხვდებით, ყურადღება მიაქციეთ ამ პატარა წვრილმანს ანუ ფესტის შემცველობას ნუგაში.  `ჩიქილის~ (თავსაფარი) გამო დისკომფორტს ვგრძნობ. ლევანი მეუბნება, თუ გინდა მოიხადეო. რადგან ყველას დაუბურავს, ვჭოჭმანობ. მასპინძელი ხვდება, რაშია საქმე და გოგონებს სთხოვს, თავსაბურავი მოიხადონ. ისინიც `თავისუფლდებიან~. ლევანის ბიძაშვილს მეუღლე გვერდში ჰყავს. ისიც, როგორც ზოგადად ირანელი გათხოვილი ქალები, წესებისმიმდევარი ჩანს, თუმცა ქმარი სადილობის დროს თავსაფარს ხდის და საკუთარ ონავრობაზე გულიანად იცინის. სადილის დასრულებისთანავე კრეფენ ჭურჭელს, იქაური წესია. მშობლებთან ვრეკავ. ვეუბნები, რომ აქ უმრავლესობა პატარა ტანის და შავტუხაა, ოღონდ... ქართველების გარდა. მათ მასპინძლობაზეც ვუყვები. ბიძამ ლევანს უთხრა, ღმერთს ჰყვარებიხარ, რაკი ასეთი კარგი ქალი შეგირთავსო და თავადაც ნატრობს იქაურ გურჯს სარძლოდ. რა თქმა უნდა, ნასიამოვნები ვარ ქათინაურითაც, მაგრამ მაინც ფერეიდანში წასვლის წუთებს ვითვლი, იქ ლევანის დედა და და-ძმები მელიან. რამდენიმე საათში მასპინძელს ავტოსადგურამდე მივყავართ. მეტად მოწესრიგებული ადგილია. კომფორტული ავტობუსი. სანამ ლევანი წამომეწეოდა, იქაურები ხარბად მიჭვრეტდნენ, თითქოს თვალებში ეწერათ, აქ რამ მოგიყვანაო. აქაურებს ყურადღება არ მიაქციო, რომ მოგესალმონ, უპასუხოდ დატოვეო, _ მარიგებს ლევანი.  თეირანიდან ფერეიდნამდე გზა შვიდი საათია, ცოტა ხანში მძღოლი საგზალს გვირიგებს _ ორცხობილა, შოკოლადი და ლიმონათი... ავტობუსში ბევრს ეცოდინება ქართული, _ მაფრთხილებს ლევანი. ცუდის თქმას ნამდვილად არ ვაპირებ, პირიქით. იერზე მართლაც ვატყობ ზოგს, რომ ქართველია და მიხარია. `ჰო, მომსახურება და მენეჯმენტი აქ უკეთესია, ვიცი~, _ მასწრებს ლევანი და იცინის. რატომღაც არ უყვარს ქართველებზე უკეთესი აღმოჩნდეს ვინმე და ამ მომენტშიც `თვითაღიარებას~ ირჩევს. ისევ უდაბური, ხრიოკი მიწა და მახსენდება მე-9 კლასში ისტორიის მასწავლებლისგან მოსმენილი: `1616 წელს, შაჰ აბასმა კახეთის მოსახლეობის  ნაწილი აყარა ამ მადლიანი მიწიდან და ფეხით გაუყენა გზას ტრამალებისკენ, ბევრი გზამ შეიწირა~. ჰოდა, ღვთის განგებით, მეც ამ გზას შევუდექი, ოღონდ მრავალი წლის შემდეგ და, რა თქმა უნდა, საკუთარი სურვილით. მხოლოდ ერთ ადგილზე გამოჩნდება რაღაც ოაზისისმაგვარი,  განათებული, ოქროსფრად მბრწყინავი სკვერებით და დიდებული მეჩეთებით, მოლების ქალაქი _ ყომი. შემდეგ ისევ ერთფეროვნება... ფერეიდნამდე თურქებით დასახლებულ ქალაქს, დარანს გავივლით, მეუღლე მიამბობს, რომ გადმოსახლებიდან ცოტა ხანში გურჯებს ისეთი ძალა ჰქონიათ, ხარკს კრეფდნენ, თურმე მეზობელი ქალაქ-სოფლებიდან, თურქებით და ქურთებით დასახლებული ადგილებიდან. ეს იყო შაჰ აბას მეორის დროიდან, ვიდრე ქერიმ ხანამდე. სწორედ, საკუთარი პროვინციების დასაცავად ჩაუსახლებია შაჰ აბას პირველს გურჯები ფერეიდანში. იყო დრო, თუ გურჯი ქუჩაზე გაივლიდა, სხვა ტომები, თარაქამა-თურქები, ქურთები და ა.შ. მეორე მხარეს გადადიოდნენ. სიმამაცით განთქმულ ავღანებს უთქვამთ: ჩვენ დედაკაცები ვართ გურჯებთან, ხოლო სპარსები დედაკაცნი არიან ჩვენთან შედარებითო. დარანიდან ფერეიდნამდე დიდი გზა აღარ არის, მაგრამ იწელება დრო.  ვუახლოვდებით გურჯების სამყოფელს. ფერეიდანში მცხოვრებთა 95% ქართველია. ძირითადად, ორ-სამსართულიანი შენობებია, ბევრი მაღაზია ანუ იქაურად, რომ ვთქვათ _ დუქანია. მარტყოფში ჩამოვდივარ. ღამის სამი საათია, დაღლილები ვართ, ტაქსით ვამჯობინებთ მისვლას. მძღოლი ქართულად ლაპარაკობს, უხარია, გურჯისტანიდან ჩამოსული მგზავრები რომ ჰყავს. ჩასვლისას ფულს ძალით ვჩრით და უამრავ მადლობას გვეუბნება. ნაცნობი იყო? _ ვეკითხები ლევანს. შორეული, ყვავი ჩხიკვის მამიდაო, რომ იტყვიან. ისე, მარტყოფი პატარა ქალაქია, სულ ოცი ათასი ადამიანი ცხოვრობს და ყველა იცნობს ერთმანეთს. დედას უთქვამს, ზარი დარეკეთ და გაგიღებთ, გელოდებითო, _ მეუბნება. ეძინებათ-მეთქი. არა, დედა არ დაიძინებდაო. კარი ზარის დარეკვისთანავე იღება. კიბეზე ჩავდივარ და ვღელავ, არ ვიცი, როგორი შეხვედრა იქნება. დედამთილი საკმაოდ მაღალი ქალია, თეთრი პირისახის, ცოცხალი თვალები აქვს. კარგად მიმიღო. იქვე ლევანის და დგას, მიცინის და ისიც მკოცნის. სახლში თბილა, გამათბობელი ღამითაც ჩართული აქვთ. გაზი, დენი იაფია და იმიტომ... სულ გამიქრა დაძინების სურვილი, მინდა, უკეთ გავიცნო დედამთილი და მული. სუფრასთან გვეპატიჟებიან. მაგიდაზე აწყვია: კარაქი, ყველი, კვერცხი, ნამცხვარი, ათასნაირი სასუსნავი და სასმელი, რასაკვირველია, უალკოჰოლო. დედამთილი ბევრს არ საუბრობს, მხოლოდ მიღიმის. იმავე კორპუსში ჩემი მეუღლის ბინაა, ზედა სართულზე მაზლი ცხოვრობს. ამ ზაფხულს შეირთო ცოლი, იქაური ქართველი. მიკვირს, ვანო არ დაგველოდა, _ ამბობს ლევანი. დაიღალა, დედა, რესტორანში ბევრი საქმე აქვს, _ უხსნის ჩემი თავლჟუჟუნა დედამთილი. კარგი ქალია, _ გავიფიქრე.  მეორე დილას თბილისის დროით `ადრე~ ვდგები _ ათის ნახევარზე. არადა, ფერეიდანში, თურმე, 8 საათზე საუზმობენ. ისე, დროში სხვაობა ნახევარი საათია მხოლოდ. დედამთილთან მივდივარ სახლში და მაზლი მხვდება, მიცინის. არ ვიცი, გადავკოცნო თუ არა, მაგრამ ისეთი ახლობლური გარეგნობა აქვს, იქაურ ადათებს ვივიწყებ და `ქართულად~ გადავკოცნი. მის მეუღლეს ეცინება. სასადილო ოთახში დედამთილს და ჰყავს სტუმრად, ჩვენ სანახავად მოსულა. სიზმარს უყვება, შენ მოგყვა ეს ჩემი რძალი, ვინ არის-მეთქი გკითხე და მალე გაიცნობო, მითხარი. ორივენი იცინიან. მე, ყორო? (გოგო), იოცებს დეიდა და ისიც გულიანად იცინის. დასტურ, ასეთი იყო, როგორიც ვნახე, ამბობს ჩემზე. ახლა, დეიდას გასაცნობად მივდივარ. ნელ-ნელა სტუმრებით ივსება სახლი. რამდენჯერაც ჩვენ სახლში გასვლა დავაპირეთ, სტუმარი შემოგვეგება. იმ დღესვე გავიცანი ჩემი მულების და მაზლების უმრავლესობა (ზოგი სამხრეთ ირანში იყო წასული სამოგზაუროდ და ცოტა მოგვიანებით ვნახე). სადილზე მულებმა იქაური კერძები მოამზადეს და ხალიჩაზე გაშალეს სუფრა. ისევ ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი. მიირთვი, მიირთვი, _ მაძალებდნენ სხვადასხვა მხრიდან. `ახლა, იგრე სძულს, რომ აძალებთ...~, _ ამბობს ლევანის დისშვილი. მეცინება, არა-მეთქი ვპასუხობ. უი, გაიგო, მეგონა, ძველებურ ქართულს ვერ გაიგებდაო, _ უხარია. ვიცინით. იმ დღეს ლამის მთელი სანათესაო გავიცანი. ყონაღები ანუ სტუმრები გვყავდა.  
გაგრძელება შემდეგ ნომერში 
ნათია ნოდია

დაბრუნება დასაწყისში