„რეალი“ თუ 60 მილიონი?!

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვლავ კილიან მბაპეს კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მადრიდის „რეალის“ მაისური უნდა მოირგოს. წესითა და რიგით, „სამეფო გუნდში“ თამაში ყველას სურს და გამონაკლისი არც მბაპე გახლავთ, თუმცა ფრანგული კლუბი არაბი შეიხის მფლობელობაშია და ის მზად არის, 23 წლის ფეხბურთეს გუნდში დარჩენის სანაცვლოდ, თვეში 5 მილიონი ევრო, ანუ წლიურად 60 მილიონი შესთავაზოს. „რეალი“ კი ამის ნახევარსაც არ იხდის და მბაპეც საგონებელში ჩავარდა.

სანამ ახალგაზრდა ფეხბურთელი ფიქრობს, ესპანეთიდან მის აგენტს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ზაფხულში კილიანი ან „რეალში“ გადავა, ან ის ამ კლუბის მაისურს არასოდეს მოირგებს. არადა, მბაპეს ოცნება სწორედ რომ „რეალში“ თამაში გახლავთ, თუმცა აქეთ უზარმაზარი თანხა დევს სასწორზე. თავად განსაჯეთ, 23 წლის ბიჭმა პარიზელებთან ხელშეკრულება 5 წლით რომ გაახანგრძლივოს, 300 მილიონ ევროს გაინაღდებს.

„ფეხბურთელის აგენტმა მადრიდელებს შეუთვალა, რომ მბაპე „პარი სენ ჟერმენთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ესპანეთში მერე გადავა, თუმცა „რეალი“ უარზეა და კატეგორიულად ითხოვს დაკონკრეტებას - ან ამ ზაფხულს, ან არასოდეს“,-წერს ფრანგული მედია და ვნახოთ, გაანათებს თუ არა ფული ამჯერად ჯოჯოხეთს.