ბურუსით მოცული სერიული მკვლელობის ანატომია - როგორ იძია შური შვილმოკლულმა დედამ მკვლელებზე

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 80-იანი წლების მიწურულს ანუ მაშინ, როცა ქუჩაში დამოუკიდებლობის მთხოვნით გამოსვლებმაც იმატა და კანონდარღვევებმაც, ქართულ მილიციას განსაკუთრებული ჯაფა დაადგა. ერთი მხრივ, სამართალდამცავების უდიდესი ნაწილი დემონსტრანტებს გულშემატკივრობდა, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც კარგად იცოდნენ, რომ სწორედ ხალხმრავალი დემონსტრაციების დროს, არაერთი დანაშაული ხდებოდა და ამით კრიმინალები სარგებლობდნენ.

 1989 წლის 6 აპრილს, მილიციის განყოფილებაში ქალი მივიდა, რომელმაც თქვა, რომ მისი მეათეკლასელი შვილი დაიკარგა. ის სახლში არ დაბრუნებულა და იმის მიუხედავად, რომ არცთუ იშვიათად, აქციებშიც მონაწილეობდა, შინ ყოველთვის მიდიოდა. წესისამებრ, მილიციამ ოფიციალურად მისი ძებნა სამი დღის შემდეგ დაიწყო და პირველ რიგში, თანაკლასელები გამოკითხა, რადგან სწორედ გაუჩინარების დღეს, ერთ-ერთი თანაკალასელის დაბადების დღე იყო და ყველა იქ იმყოფებოდა. ძიებას ისიც ართულებდა, რომ 9 აპრილის საზარელი ტრაგედია დატრიალდა და მილიციას სხვა საქმეებისთვის ნაკლებად ეცალა.

„ამ საქმეს განსაკუთებული ყურადღება იმიტომ მიაქციეს, რომ თანაკლასელი, რომლის დაბადების დღეც გახლდათ, მაშინდელი ერთ-ერთი მინისტრის მოადგილის შვილი იყო და შესაბამისად, საქმეში ყველაზე გამოცდილი ხალხი ჩაერია. ქვეყანა დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, თუმცა კომუნისტური ნომენკლატურა პოზიციების დათმობას ერთ ფლანგზეც არ აპირებდა და რაც მთავარია, ყველგან ძლიერად იყო“, - გვიყვება საქმის დეტალებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. მისივე თქმით, ეს საქმე მხოლოდ იმიტომ არ გახდა რეზონანსული, რომ მაშინ ამისთვის არავის ეცალა.

თანაკლასელებმა ერთხმად აღიარეს, რომ ბიჭი დაბადების დღეზე მართლაც იყო, ის მათი მეგობარი გახლდათ, თუმცა შემდეგ, მოულოდნელად წავიდა და აღარ დაბრუნებულა. სად წავიდა, არ იცოდნენ, რაც ძალიან საეჭვო იყო, თუმცა გამოჩნდა რამდენიმე მეზობელი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ დაკარგული ბიჭი სახლიდან კი არ გამოვიდა, დასისხლიანებული სახით გამოვარდა, მას უკან თანაკლასელები მოსდევდნენ, შემდეგ დაიჭირეს, მანქანაში ჩააგდეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. სამართალდამცავებს ეგონათ, რომ გოგონებს უფრო ადვილად გამოტეხდნენ, მაგრამ სუსტი სქესის წარმომადგენლები ძლიერები აღმოჩდნენ და ხმა არ ამოიღეს.

საბოლოოდ, ერთ-ერთი ბიჭი ალაპარაკდა.

„სანამ სუფრასთან დავსხდებოდით, აღმოვაჩინეთ, რომ სიგარეტი გვითავდებოდა. იმ დაკარგულმა თქვა, მე ამოვიტანო, ავაგროვეთ ფული და წავიდა. რომ დაბრუნდა, მასპინძელმა ყვირილი დაიწყო, ვიღაცამ ქურთუკის ჯიბიდან მამაჩემის ნაჩუქარი 200 დოლარი მომპარაო. ყველა გაგვჩხრიკეს, მათ შორის, მეც და ვერავის ვერაფერი უპოვეს. მასპინძელი იმ ბიჭს ეცა, შენ იყავი ერთადერთი, ვინც გარეთ გავიდაო და ხელი დაარტყა, თან ყვიროდა, ქურდია, ქურდიაო. სხვებმაც დავარტყით და ის სახლიდან გამოიქცა. დავედევნეთ, მანქანაში ჩავტენეთ და მასპინძლის აგარაკზე წავედით. იქ კიდევ ვცემდით, რომ ეთქვა, სად წაიღო 200 დოლარი, იფიცებოდა, არ ამიღიაო. მერე სარდაფში ჩავაგდეთ, ჩვენ დალევა დავიწყეთ და რომ მივედით, მკვდარი დაგვხვდა. იქიდან გამოვიქეცი, მერე რა ქნეს, არ ვიცი“, - ასეთი იყო ბავშვის მონაყოლი.

სამართალდამცავებმა ყველა ის მოსწავლე დააკავეს, რომლებიც იმ დღეს დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ. მკვლელობა სახუმარო თემა არ იყო და მაღალჩინოსანმაც ვერაფერი გააწყო. როგორც მერე გაირკვა, თანაკლასელი აგარაკის ღობის გარეთ ჩაფლეს, სამართალდამცავებმა ადვილად მიაგნეს და...

„ამის მერე დაიწყო, რაც დაიწყო. საქმე სასწრაფო წესით გადაგვაგზავნინეს სასამართლოში, სასამართლოზე კი განსასჯელის სკამზე ექვსი მოზარდი იჯდა. არ გამოვიდა მინისტრის მოადგილის შვილის ცალკე გაყვანა, მით უმეტეს, რომ ყველაფრის თავი და თავი სწორედ ის იყო. სამაგიეროდ, სასამართლო ჩატარდა „დემოკრატიულად“ - ექვს მოზარდს მოსამართლემ აუცილებელი მოგერიება „დაუმტკიცა“ და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ისე გამოვიდა, რომ ის ერთი აპირებდა ექვსივეს მოკვლას და ამათ დაასწრეს. ეს იყო უსამართლობის ზეიმი, არასდროს დამავიწყდება გარდაცვლილი ბავშვის დედის სახე და თვალები. მას არ ეჯერა, რაც მოხდა, გაოგნებული იყურებოდა და რაღაცას გაურკვევლად ბუტბუტებდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

მომხდარიდან წელიწადზე მეტი გავიდა. ინგასი და კუკარაჩასი არ იყოს, ეს ისტორია თითქმის არავის ახსოვდა, რადგან საქართველოში უკანონობის ზეიმი იყო, ყველა იარაღით დადიოდა, მკვლელობები გახშირდა. ამიტომაც, მილიციის თანამშრომლებს არ გაჰკვირვებიათ, როცა ერთ-ერთ გამოძახებაზე წავიდნენ და საკუთარ სახლში ჩაცხრილული ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ნახეს. შესაძლოა, ამისთვის დიდი ყურადღება არ მიექციათ, მაგრამ განყოფილებაში სწორედ ის ჩინოვნიკი მივარდა, რომელმაც შვილი მაშინ სასამართლოს კლანჭებისგან იხსნა და ბოლო ხმაზე ყვიროდა, ჩემს შვილს დაცვა დაუყენეთო. მოკლული ცოლ-ქმარი მისი შვილის თანაკლასელები იყვნენ და იმ საქმეში ფიგურირებდნენ. გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვიღაცამ შურისძიება დაიწყო და თანაც, კარგა ხნის შედეგ. სამართალდამცავებმა იმაზე დაიწყეს ფიქრი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო შურისმაძიებელი. მოკლულ ბიჭს ძმა არ დარჩა და მამა ისედაც არ ჰყავდა. აღმოჩნდა, რომ მისი ბიძაშვილი, წარსულში ორჯერ ყაჩაღობისთვის ნასამართლევი პირი იყო და კვლავ აქტიურ კრიმინალურ ცხოვრებას ეწეოდა. რა თქმა უნდა, მაშინვე დააკავეს, მაგრამ ამაოდ. გარდა იმისა, რომ მკვლელობის დროს მყარი ალიბი ჰქონდა, არც დაუმალავს, რომ სიამოვნებით დახოცავდა დამნაშავეებს, მაგრამ ისიც იცოდა, რომ დაჭერის შემთხვევაში, დახვრეტდნენ, სიკვდილი კი არ უნდოდა.

„ცოლ-ქმარი ავტომატიდან ჩაცხრილეს. ადგილზე შვიდი ცარიელი მასრა ვიპოვეთ, მიზანს კი ექვსმა ტყვიამ უწია, საიდანაც ხუთი - ბიჭს ჰქონდა მოხვედრილი, ერთი - ქალს. გვამების ადგილმდებარეობით თუ ვიმსჯელებდით, კარი ბიჭმა გააღო და ჯერ მას ესროლეს, სროლის ხმაზე ცოლი გამოვიდა და ბოლო ტყვია მას მოხვდა მუცელში. ავტომატი ჩვენს კარტოთეკაში არ იძებნებოდა და უფრო მეტიც, ის არ იძებნებოდა არც სამხედრო ძალების შეიარაღებაში ანუ მინიმუმ, სხვა რესპუბლიკიდან იყო შემოტანილი“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

იმის გამო, რომ არც მოწმე არსებობდა და არც - ეჭვმიტანილი, საქმე კვლავ თაროზე შემოიდო და სამართალდამცავებს მხოლოდ იმის იმედი ჰქონდათ, რომ ავტომატი, ადრე თუ გვიან, სადმე ისევ გაისვრიდა. დანარჩენი თანაკლასელები 2-3 თვით დაიმალნენ, მაგრამ შემდეგ, ჯერ ერთი გამოჩნდა, მერე - მეორე, მესამე და ცხოვრებაც გაგრძელდა. ეს ამბავიც დავიწყებას მიეცა და მთელი სამი წელი ისე გავიდა, არავის გახსენებია. სამი წლის შემდეგ კი...

ერთ-ერთ ბიზნესმენს თბილისში ავტომატის ჯერი გადაატარეს. მისი მოკვლა არ უნდოდათ, უფრო შეშინებას ჰგავდა, რადგან ფეხების მიმართულებით იყო ნასროლი, თუმცა ორმა ტყვიან მიზანს მიაღწია და ბიზნესმენი ფეხში დაიჭრა. თავდამსხმელი გაქცევის დროს რაღაცას წამოედო, წაიქცა და ასფალტს თავი დაარტყა. სანამ აზრზე მოვიდოდა, ბიზნესმენის მძღოლმა გაკოჭა, საბარგულში ავტომატთან ერთად ჩააგდო, სალონში „ხაზეინი“ ჩასვა და საავადმყოფოში გააქანა, საიდანაც მილიციაში დარეკა. სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე რამდენიმე მასრა ნახეს, რაც მთავარია, მათ ხელში იყო თავდამსხმელი, რომელმაც შემკვეთი არ დამალა და ბიზნესმენის პარტნიორს დაადო ხელი, თუმცა ეს ბაანალური საქმე საინტერესო აღარავისთვის იყო, რადგან ავტომატის ტყვიები იმ ტყვიებს დაემთხვა, რომლებითაც სამი წლის წინ, ცოლ-ქმარი მოკლეს. თავდამსხმელმა ხელები გაასავსავა, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ მოკლა ისინი, იარაღი ჩემმა სოფლელმა მათხოვაო. მილიციამ ის სოფლელი დააკავა, იმან კიდევ სხვა თანასოფლელს დაადო ხელი, იმან მათხოვაო, იმან - სხვას და ასე განმეორდა ექვსჯერ (?!). ბოლო დაკავებულმა თქვა, რომ მეზობლის სახლიდან შეშას იპარავდა, როცა დაჩეხილ შეშებს შორის, ავტომატი იპოვა. ასე გახდა იარაღი სოფლის საკუთრება და ის ხელიდან ხელში გადადიოდა, ზოგი ნადირობდა, ზოგიც ყაჩაღობდა, ზოგი კი ბიზნესმენებს ესროდა, თუმცა არცერთმა იცოდა, რომ ამ იარაღით ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყო მოკლული.

გაარკვიეს სახლის პატრონის ვინაობა და ისიც დაადგინეს, რომ იქ ჯერ მოხუცები ცხოვრობდნენ, ხოლო როცა გარდაიცვალნენ, შვილი და შვილიშვილი სახლს იშვიათად აკითხავდნენ. შვილიშვილი ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელიც იმ დროისთვის, ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა და როცა მის დასაკავებლად გამომძიებლები მივიდნენ, გაირკვა, რომ ბიჭი „პოსტზე“ იდგა და 120 ტყვიით ავტომატიც ჰქონდა, თანაც ვიღაცამ მოასწრო და გააფრთხილა, რომ მილიცია დაკავებას უპირებდა. გაჩნდა საშიშროება, რომ თავს დაიცავდა და სამართალდამცველებს შეიარაღებულ წინააღმდეგობას გაუწევდა. ამიტომ, გამომძიებლები ფიქრობდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ და ამ დროს, მათკენ მომავალი ეჭვმიტანილი დაინახეს. ის მშვიდად მოაბიჯებდა, ხელში ავტომატი ეჭირა, ოღონდ დაბლა დაშვებული, როცა სამართალდამცავებს მიუახლოვდა, იარაღი მიწაზე დადო და სამი სიტყვა თქვა - „მე თქვენ გელოდით!“

„დედაჩემი სიმსივნით დაავადდა. საშუალება არ მქონდა, რუსეთიდან რაიმე საქონლის შემოტანა მინდოდა, წავედი კიდეც, იქ გავერკვევი-თქო, მაგრამ სამი ავტომატის გარდა, ვერაფერი წამოვიღე. ორი გავყიდე, ერთი დავიტოვე და სწორედ ამ დროს, ნაცნობმა მითხრა, მკვლელები არიან დასახოცი, თანაკლასელი მოკლეს, სასამართლომ კი გარეთ გამოუშვაო. თითოს მოკვლის სანაცვლოდ, 500 დოლარს იხდიდნენ. ვიღაცისთვის ეს თანხა ცოტაა, ჩემთვის მილიონი იყო. თანაც, გავიკითხე და მართლა მკვლელები იყვნენ. წავედი საქმეზე, კარი ბიჭმა გამიღო და ვესროლე. მერე მისი ცოლი გამოჩნდა, გოგოს არ ვესროდი, თუმცა ინსტიქტურად გამოვკარი სასხლეტს. მისი შეშინებული თვალები დღემდე მახსოვს და მოსვენებას არ მაძლევს. ის ნაცნობი ვნახე და ვუთხარი, რომ სხვებს არ დავხოცავდი და არც ის 500 დოლარი მინდოდა. იარაღი სოფელში დავმალე და დავივიწყე. დედა მაინც დამეღუპა, ვერაფრით ვუშველე“, - თქვა პირველივე დაკთხვაზე ბიჭმა და როცა საკანში წაიყვანეს, 15 წუთში, თავი ჩამოიხრჩო.

იყო ვარაუდი, რომ მას სიცოცხლე სხვამ მოუსწრაფა, მაგრამ კამერაში ნამდვილად მარტო იმყოფებოდა.

რაც შეეხება შემკვეთს, მილიციამ ისიც დააკავა და მან ხელი... გარდაცვლილი ბიჭის დედისკენ გაიშვირა, ქალმა ვერ აიტანა, შვილის მკვლელებიდან არცერთი რომ არ დასაჯეს, ყველაფერი გაყიდა და ქილერს ეძებდაო. დააკავეს ქალიც, თუმცა სულ რაღაც ერთი საათით, რადგან მას გულის შეტევა დაემართა და გამომძიებლის კაბინეტში დალია სული.