რეალური მიზეზები, რის გამოც საქართველოში პური და ფქვილი გაძვირდა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადგილობრივი ბაზრის დაცვის რა მექანიზმებს განიხილავს ეკონომიკური პროფილის სამი უწყება ქვეყანაში

ბოლო ერთ კვირაში, საქართველოში ფქვილი გაძვირდა. უფრო ზუსტად, ადგილობრივი წარმოების პირველი ხარისხის 1 ტონა ფქვილი - 72 ლარამდე, ხოლო უმაღლესი ხარისხის 1 ტონა ფქვილი - 80 ლარამდე გაძვირდა. ამავდროულად, ირკვევა, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ფქვილი 7-8 ლარით ნაკლებია, მაგრამ პურის წარმოებაში იმპორტირებული ფქვილის წილი მხოლოდ 5%-ია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ციებ-ცხელებაში, ქვეყანაში ფქვილიც გაძვირდა, პურიც, ზეთიც, შაქარიც და პირველადი მოხმარების სხვა პროდუქტებიც.

„ვერსია“ დაინტერესდა, რა ხდება ხორბლის საერთაშორისო ბაზარზე და სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით, „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოაციაციის“ აღმასრულებელ დირექტორს, ლევან სილაგავავას დაუკავშირდა.

 

- ბატონო ლევან, რა ტენდენციაა ხორბლის მსოფლიო ბაზარზე?

- მსოფლიოში ხორბალი გაძვირდა. რვა ძირითადი ქვეყნიდან, რომლებიც მსოფლიოს ხორბალს აწვდიან, ექვსში საკმაოდ სერიოზული სირთულეა ხორბლის მოსავალთან დაკავშირებით და სწორედ ამ ექვსი ქვეყნიდან შემოაქვს საქართველოს ხორბალი. რუსეთმა, რომელსაც ხორბლის მოსავალი შეუმცირდა, აგვისტოში 82 მილიონი ტონა მოსავალი მიიღო, სექტემბერში - 10 მილიონით ნაკლები ანუ მხოლოდ 72 მილიონი ტონა. რუსეთის გარდა, უკრაინამ - 1 მილიონი ტონით ნაკლები მოსავალი, ხოლო ყაზახეთმა - ნახევარი მილიონი ტონით ნაკლები მიიღეს. სხვათა შორის, ამ მხრივ, არც ევროპის ქვეყნებშია სახარბიელო მდგომარეობა, არც აშშ-ში და არც - კანადაში. მთლიანობაში, ხორბლის მსოფლიო ბირჟებზე ამას საკმაოდ ნეგატიური ტენდენციები მოჰყვა. როგორც იცით, ორი, ძირითადი ბირჟა მოქმედებს - ჩიკაგოს ბირჟა და პარიზის ბირჟა. შესაბამისად, ორივე ბირჟაზე, 1 ტონა ხორბლის ფასმა 300 აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც ფსიქოლოგიური ნიშნული გახლდათ. ამის შემდეგ, რუსეთშიც გაძვირდა და 1 ტონა ხორბლის ფასი იქაც 300 აშშ დოლარზე მეტია. გარდა ამისა, რუსეთში ხორბლის მცურავი ბაჟიც გაძვირდა, ეს ბაჟი ყოველკვირეულად იცვლება იმ ქვეყნებში, რომლებიც ხორბალს რუსეთიდან ყიდულობენ. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ხორბლის მსოფლიო ბაზარზე, ფასის ზრდის ტენდენცია ფიქსირდება.

- საქართველოზე, რომელიც ხორბლის იმპორტიორი ქვეყანა, მსოფლიო ბაზარზე არსებული ეს სამწუხარო ტენდენცია როგორ აისახება?

- ნელ-ნელა ეს ტენდენცია ჩვენც გადმოგვედო, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო მარაგებზე მუშაობს და ხორბალს საშუალო შეწონილი ფასით ვყიდულობთ. ეს საშუალებას გვაძლევს, გარკვეული სტაბილიზაცია შევინარჩუნოთ ბაზარზე, რაც ნიშნავს, რომ ძლიერი და მყისიერი გაძვირებები ავიცილოთ თავიდან. აქედან გამომდინარე, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, ხორბლის დღევანდელი ფასი შენარჩუნდება, ამის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე, სექტემბერში გაძვირებული ხორბალი შემოვა ქვეყანაში და ეს ბაზარზეც აისახება.

- რა ღირს ხორბალი დღეს?

- ხორბლის დღევანდელი ფასი განისაზღრება ასე: ესაა იმპორტირებული ფქვილის ფასი, რაც 62-63 ლარის ფარგლებშია და გვაქვს ადგილობრივი წისქვილების მიერ დაფქვილი, რომელიც 70-71 ლარის ფარგლებშია. უფრო ძვირია ადგილზე დაფქვილი, რადგან რუსეთში მცურავი ბაჟი მოქმედებს, თუმცა აუცილებლად უნდა დავაზუსტოთ, რომ მცურავი ბაჟი ეხება მხოლოდ და მხოლოდ ხორბალს და არა - ფქვილს. სხვათა შორის, მცურავი ბაჟის შემოღებით, რუსეთმა საკუთარი სასურსათო უსაფრთხოება დაიცვა იმიტომ, რომ ნაკლები ხორბალი გასულიყო ქვეყნის გარეთ, ხოლო მეტი ადგილზე დარჩენილიყო, რათა საკუთარ შიდა ბაზარზე, ხორბალი არ გაძვირებულიყო. შესაბამისად, 1 ტონა ხორბალი 53 აშშ დოლარით უფრო ძვირია, ვიდრე 1 ტონა ფქვილი, რის გამოც ფქვილი ძალიან აგრესიულად შემოდის საქართველოში.

ამან ერთგვარი პრობლემა შექმნა, ადგილობრივი წისქვილების მენეჯმენტსა და დირექტორებს შეუძლიათ, რომ ხორბლის ნაცვლად, რუსეთიდან ფქვილი წამოიღონ, რაც ძალიან დიდი გამოწვევაა. თუ წისქვილკომბინატი ხორბლის ნაცვლად, რუსეთიდან ფქვილს შემოიტანს, ეს ნიშნავს, რომ მუშაობა უნდა გააჩეროს. შესაბამისად, სამუშაო ადგილების შემცირება მოუწევს, ამჟამად, წისქვილკომბინატში 100-120 ადამიანი მუშაობს, ხოლო ფქვილის იმპორტის დროს, მხოლოდ 10-12 ადამიანი დასჭირდება.

გარდა ამისა, წისქვილკომბინატები მეორე პრობლემის წინაშეც დადგებიან - თუ წისქვილები არ იმუშავებენ, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანებიც შემცირდება. მესამე პრობლემა ისაა, რომ როდესაც წისქვილი მუშაობს ანუ ხორბალს ფქვავს, ვიღებთ, როგორც ფქვილს, ასევე, ქატოს ანუ 70% - ფქვილია, 30% - ქატო. თავისთავად ცხადია, ქატო მეცხოველეობა-მეფრინველეობაში მიდის. შესაბამისად, თუ წისქვილები გაჩერდებიან, უკვე ქატოს შემოტანაც დაგვჭირდება, რადგან 90%-ით, ადგილობრივი ქატოთი მარაგდება ქვეყანა. ცხადია, თუ ქატოს იმპორტი დაგვჭირდება, სამომავლოდ, ეს ხორცის ფასზეც აისახება.

ყველაზე მთავარი პრობლემა გარდამავალი მარაგებია, რადგან როდესაც წისქვილი მუშაობს, ადგილზე გვაქვს ხორბალი, ნაწილი გზაშია და ნაწილზე - ახალი კონტრაქტი ფორმდება. ფქვილის იმპორტის დროს, ეს პროდუქტი უკვე მზაა, შესაბამისად, მზა ფქვილს არ სჭირდება დასაწყობება, პირდაპირ მიდის პურის ქარხანაში, რომელიც პურს აცხობს, შესაბამიად, მარაგებიც პრობლემა ხდება. ეს იმიტომ, რომ ფქვილი მხოლოდ მოკლე ვადაში ინახება, მისი ვარგისიანობა ოთხიდან ექვს თვემდეა, არადა, ხორბალი წლობით ინახება, შეგიძლიათ, ორი-სამი წელი შეინახოთ. წისქვილკომბინატებს შეუძლიათ, რომ ერთდროულად, 240 000 ტონა ხორბალი შეინახონ, აქედან აქტიურია 150 000 ტონა, დანარჩენი - მარაგია.

- რა ოდენობის ხორბალს მოიხმარს ქვეყანა ყოველთვიურად?

- ყოველთვიურად, საქართველოს სჭირდება 40-45 000 ტონა ხორბალი. შესაბამისად, ჩვენ სულ გვაქვს 100 000 ტონა ხორბლის მარაგი, რაც ფქვილის იმპორტის შემთხვევაში, არ გვექნება. სხვათა შორის, ასეთივე პრობლემა აქვს ბევრ ქვეყანას, მაგრამ ახალი გაძვირებისა და გამოწვევის ფონზე, ზოგი ქვეყანა საკანონმდებლო ინიციატივის საშუალებით ახერხებს ფასების შემცირებასა და მარაგების დატოვებას და ამის მაგალითია აზერბაიჯანი, სადაც ხორბლის იმპორტი და ფქვილის გადამუშავება დამატებითი ღირებულის გადასახადისგან (დღგ) გათავისუფლდა. გარდა ამისა, გარკვეულ საკრედიტო და ფულად დახმარებას უწევენ მათ, რომლებიც ხორბალს შეიტანენ ქვეყანაში.

- მოკლედ, აზერბაიჯანი საკუთარ ბაზარს იცავს, ხომ?

- დიახ და რაც მთავარია, ამ პროდუქტის გარეთ გატანაზე ბეგარაა დაწესებული, შედეგად, აზერბაიჯანი იცავს საკუთარ ბაზარს - შეაქვს იაფად, ქვეყანაშიც იაფია და პროდუქტიც გარეთ არ გადის. მაგალითად, ერთი თვის წინ თურქეთმა ხორბლის საიმპორტო გადასახადი გააუქმა. იგივე გააკეთა მაროკომ, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში სატარიფო კვოტები მოქმედებს. ვფიქრობ, გარკვეულწილად, საქართველომაც უნდა აამოქმედოს სატარიფო კვოტები, რათა ერთი მხრივ, ხორბლისა და ფქვილის იმპორტს შორის ბაალანსი დაიცვას, ხოლო მეორე მხრივ - არც წისქვილკომბინატები გაჩერდნენ. ამასთან დაკავშირებით, უკვე ვმუშაობთ, როგორც სოფლის მეურნეობისა და სურსათის, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროებთან. შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ეკონომიკური პროფილის სამივე უწყების მინისტრების მოადგილეები არიან ჩართულები და ვფიქრობთ, ადგილობრივი ბაზრის დასაცავად, სატარიფო კვოტების ან საკანონმდებლო ინიციატივის სახით, გარკვეული გადაწყვეტილება ჩვენც უნდა მივიღოთ, რაც ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებთან წინააღმდეგობაში არ მოვა.