პედოფილ მამაკაცს „ზონაზე“ ფეკალიები აჭამეს - ციხის „საქათმის“ შოკისმომგვრელი ქრონიკები

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 

 

პატიმარი #0578

 სამწუხაროდ, წელი ისე არ გავა, რომ პედოფილიის შესახებ მთელმა საქართველომ არ გაიგოს. წელი კი არა, ლამის ყოველ კვარტალში, ახალ-ახალი შემთხვევები ხდება და ყველაფერ ამას, თითქოს ბოლოც არ უჩანს. როცა ამ უმძიმესი დანაშაულის შესახებ იგებს ადამიანი, სურვილი უჩნდება, გაუქმებული დახვრეტის მუხლი ისევ ძალაში შევიდეს და ასეთი დანაშაულის ჩამდენი კედელთან დააყენოს. სხვათა შორის, კომუნისტების დროს, დახვრეტის შემდეგ, ტყვიის საფასურს დახვრეტილი პატიმრის ოჯახის წევრები იხდიდნენ. მათ ქვითარი შინ ფოსტით მისდიოდათ და ამით იმასაც იგებდნენ, რომ განაჩენი სისრულეში იყო მოყვანილი. იყო თუ არა ეს ცინიზმის მწვერვალი? - ერთი შეხედვით, კი, იყო, მაგრამ მეორე მხრივ... აბა, იმ 8 წლის გოგონას ახლობლებს ჰკითხეთ... აბა, გორში, სასტიკად მოკლული 9 წლის გოგონას მშობლების აზრი იკითხეთ... რატომღაც გვგგონია, პეტიცია რომ შედგეს, რომელიც ანალოგიურ დანაშაულზე სწორედ დახვრეტას გულისხმობს, ხელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მოაწერს.

 ეჭვმიტანილ მამა-შვილს სოფელმა განაჩენი უკვე გამოუტანა - სახლი დაუწვა. ახლა ჯერი სასამართლოზეა. არსებობს იმის დიდი შანსი, რომ ორივეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ, თუმცა სიმართლე გითხრათ, ეს მათთვის „ბაირამობა“ იქნება, რადგან სამუდამო პატიმრობამისჯილები სასჯელს სამარტოო საკანში იხდიან, მათ არავინ აწუხებთ და მართალია, ოთხ კედელში, მაგრამ მაინც მშვიდად ელიან სიკვდილს.

ჰო, ყოველ 20 წელიწადში ერთხელ, შეწყალებაზე თხოვნის გაგზავნის უფლება აქვთ. აი, ორივეს ასე, 15-20 წელი რომ მიუსაჯონ, გვერწმუნეთ, ეს პერიოდი მათ ნამდვილ ჯოჯოხეთად ექცევათ და ყველაფერ ამას პატიმრები უზრუნველყოფენ. რამდენიც უნდა უარყოს იუსტიციის სამინისტრომ, ყველამ იცის, რომ ციხეში პატიმრები ჯგუფებად არიან დაყოფილნი და უმდაბლეს საფეხურზე „ქათმები“ დგანან. სხვა პატიმრებისგან მათი გამორჩევა მარტივია - მკლავზე სპეციალური სამკლაურები აქვთ შებმული და ამით ხვდები, რომ შენს წინ „ქათამი“ დგას.

ისინი ცალკე ცხოვრობენ, ცალკე ჭამენ და სვამენ, მათზე შეხების უფლება არავის აქვს, რადგან უწმინდურებად ითვლებიან და თუ მაინცდამაინც საცემია, რაიმე ნივთით უნდა გაილახოს.

თუ ვინმეს „ქათმებთან“ ვნების გაქარვება სურს... ეს შეხებად არ ითვლება, ამისთვის „ზონაზე“ სხვა ტერმინია. „საქათმეში“ მოხვედრილთა უდიდესი ნაწილი სწორედ პედოფილიის გამოა გასამართლებული და სწორედ გისოსებს მიღმა იგებენ მოძალადეები, რას ნიშნავს გაუპატიურება და ძალადობა.

„საქათმეში“ არ არსებობს პატიმარი, რომელიც საკუთარი ნებით თუ არა, ძალით მაინც არ არის „გადაკუზული“.

2009 წელს, რუსთავის #17 დაწესებულებაში პატიმარი მიიყვანეს. გლდანის ციხეში მან იმდენი მოახერხა, რომ სასამართლომდე პერიოდი სამარტოო საკანში გაატარა, „ზონაზე“ მიყვანილს კი განაჩენი იღლიაში ჰქონდა ამოდებული და რაღა თქმა უნდა, „მაყურებლის“ წინაშეც წარსდგა. ცოდვა გამხელილი სჯობსო და, თუ „ზონაზე“ პედოფილიის მუხლით გასამართლებულები შედიოდნენ, ციხის ადმინისტრაცია „მაყურებელს“ ეუბნებოდა, რომ ასეთი პატიმარი შევიდა და პატიმართა შორის უპირველესიც მზად იყო, მისთვის შესაბამისი ადგილი მიეჩინა. ამით ადმინისტრაცია თავს იზღვევდა, რადგან თუ ასეთი მუხლით გასამართლებული „არესტანტი“ ჩვეულებრივ კამერაში შევიდოდა და შემდეგ გაირკვეოდა, რისთვის იხდიდა სასჯელს, შესაძლოა, „ზონაზე“ ბუნტი დაწყებულიყო და მტყუანი სწორედ ადმინისტრაცია გამოვიდოდა.

„ზონაზე“ მიყვანილ პატიმარს „მაყურებელმა“ მშვიდად შეხედა და გარკვევით უთხრა, განაჩენის ის ნაწილი წაიკითხე, სადაც შენს მიერ ჩადენილი ქმედებაა აღწერილიო. მან ჯერ გაქცევა დააპირა, მერე თქვა, ოფიცრებს დავუძახებო, მაგრამ როცა „მაყურებლების“ საკანთან ჩავლილი ოფიცრის ირონიული ღიმილი შენიშნა, განაჩენის ფურცვლა დაიწყო.

„ბრალდებულმა არასრულწლოვანი თანასოფლელი მოტყუებით წაიყვანა მთაში, სადაც მასზე იძალადა და გააუპატიურა. ბავშვს რამდენჯერმე წაუვიდა გული, თუმცა ბრალდებული მის მოსულიერებას ახერხებდა. სოფელში დაბრუნებამდე, დაკავებულმა მოახდინა ბავშვის ფსიქოლოგიური დამუშავება, შეაშინა, უთხრა, რომ თუ სადმე მოყვებოდა, მშობლებს დაუხოცავდა. საკუთარი სისასტიკის დასამტკიცებლად, მან ბავშვის თვალწინ, მაჯა დანით რამდენჯერმე გადაისერა. სოფელში შესვლამდე, ბრალდებულმა ბავშვი კიდევ ერთხელ გააუპატიურა“, - დაახლოებით, ასეთი რამ ეწერა განაჩენში.

სამწუხაროდ, ბავშვს შეეშინდა. 11 წლის მოზარდმა ვერ გაბედა შინ აღნიშნული ისტორიის მოყოლა, თუმცა მოუყვა მეგობარს და რჩევაც ჰკითხა. მეგობარი 14 წლის გახლდათ და სწორედ მან უთხრა თავის მშობლებს მომხდარის შესახებ, ისინი კი პირდაპირ პოლიციაში წავიდნენ. ეჭვმიტანილი მაშინვე დააკავეს, ბავშვზე ჩატარებულმა ექსპერტიზამ და ამოღებულმა მტკიცებულებებმა, ასი პროცენტით დაადასტურა, რომ მოძალადე სწორედ დაკავებული იყო.

ერთი ეგაა, სასამართლომ მას მხოლოდ 14 წელი მიუსაჯა, მეტი ვერ მოახერხა და ეს 14 წელიც, დანაშაულთა ერთობლიობით, თორემ ისე, 7 წელზე მეტს ვერ მიუსჯიდა (ასეთი ჰუმანური კანონი გვქონდა, ახლა პირდაპირ სამუდამოზე მსჯელობენ).

რაღა თქმა უნდა, პატიმარი მაშინვე „საქათმეში“ გაამწესეს, თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულებულა. „მაყურებელმა“ „საქათმის“ ბრიგადირი, ე.წ. მამალი დაიბარა. „მამალს“ ბრიგადირს პირობითად ეძახდნენ, რადგან მასთან ურთიერთობდნენ ადმინისტრაციაც და დანარჩენი პატიმრებიც. მაგალითად, თუ კანალიზაცია იყო გასაწმენდი, ეზო დასაგველი, ან რაიმე ბინძური სამუშაო გასაკეთებელი, ეტყოდი „მამალს“ და „ქათმებს“ ის გაანაწილებდა.

მოკლედ, დაიბარა „მამალი“ „მაყურებელმა“ და მკაცრად უთხრა, ეგ პედოფილი ისე უნდა გაასაზიზღროთ, ერთი კვირა სიარული უჭირდეს, „ზონის“ ადმინისტრაციასთან მე მოვაგვარებო. მანაც თავი დაუქნია და წავიდა.

მეორე დღეს, ყველა ინტერესით ელოდა, როდის გამოვიდოდა „საქათმიდან“ წინა დღით მიყვანილი მოძალადე, თუმცა ის არ ჩანდა. „მაყურებელმა“ ისევ „მამალს“ უხმო და მანაც ხელები გაშალა, შენ არ მითხარი, ისე ქენით, სიარული უჭირდეს, ჰოდა, მთელი ღამე „ვშვრებოდითო“. ერთი კვირა ვერა, მაგრამ მეხუთე დღეს გამოჩნდა მოძალადე. ნელა, ძალიან ნელა მოდიოდა და პატიმრებს ათვალიერებდა. მერე „მაყურებელს“ მოჰკრა თვალი და რაღაც ჩაიბურტყუნა. ეს „ზონის“ პირველ პატიმარს შეუმჩნეველი არ დარჩენია, სანაგვე ურნას წამოავლო ხელი და პედოფილისკენ დაიძრა.

მიხვდა საწყალი, გაქცევას ვერ მოახერხებდა - ნაბიჯის გადადგმა უჭირდა, ამიტომ ყვირილი დაიწყო, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. ურნა ჯერ თავში მოხვდა და რომ წაიქცა, შემდეგ ორჯერ კიდევ თავის მხარეს, ორჯერაც ნეკნებთან. თავიდან სისხლმა იფეთქა და სხვა „ქათმებმა“ ნახევრად გრძნობადაკარგული წაათრიეს.

„გაგექცევა სხვა ზონაზე ეგ კაცი“, - ღიმილით უთხრა „მაყურებელს“ პატიმარმა #0578-მა, მაგრამ იმან თავი გადააქნია, არსად წავა, რადგან იგივე ეტაპების გავლა მოუწევს ახლიდან, აუხსნიან კოლეგები და აქ დარჩებაო.

მართლაც, ახლადმოყვანილი პედოფილი არსად წასულა, ორი კვირის შემდეგ გამოვიდა გარეთ და სხვა „ქათმების“ დარად, მძიმე სამუშაოების შესრულება დაიწყო.

ერთ დღეს, პატიმარმა #0578-მა დაინახა, რომ „მაყურებლების“ საკანში არსებულ საპირფარეშოში ჩაის პაკეტებს ყრიდნენ. გაუკვირდა, გაიჭედებაო და მათაც ღიმილით უთხრეს, ჩვენც სწორედ ეგ გვინდა, რომ გაიჭედოსო. საპირფარეშო მართლაც გაიჭედა, თუმცა კამერები ისე დაიკეტა საღამოს შემოწმებაზე, „მაყურებლებს“ ხმა არ ამოუღიათ, დილით კი ხმაური ატყდა, „ქათამს“ დაუძახეთ, „პარაშა“ გაიჭედაო.

„სრულიად შემთხვევით“, საპირფარეშოს გასაწმენდად სწორედ ის მოძალადე მივიდა. აბა, იქ ინსტრუმენტებს ვინ მისცემდა და პლასტმასის ჭიქითა და შიშველი ხელებით დაიწყო განავლის ამოღება. გვერდით პლასტმასის ათლიტრიანი წყლის ჭურჭელი ედგა, თავი ჰქონდა გადაჭრილი და ამ მასას იმაში ასხამდა. როცა მთლიანად ამოწმინდა, საკნიდან გავიდა და „მაყურებელიც“ უკან გაჰყვა. ჯერ ზურგში მიარტყა ფეხი მსუბუქად და როცა განავლით სავსე ჭურჭელი დაუვარდა და ბეტონის იატაკზე დაესხა, შემდეგ წიხლი ჩააზილა ძალუმად და ფეკალიების მასაში მკერდით გააცურა. წაქცეულს ხმა არ ამოუღია, მაისური გაიხადა და რაც დაეღვარა, იმით აწმინდა.

„მიხვდა თავის ადგილს, შეეგუა. ჩვენ რომ მოსამართლეების იმედად ვიყოთ, ესენი ვერასოდეს გაიგებენ, რას გრძნობენ ბავშვები, როცა მათზე ძალადობენ. ახლა კიდევ ზუსტად იცის და თუ ავადმყოფი არ არის, გარეთ რომ გავა, აღარ იზამს. თუ იზამს, ამ ფეკალიების ჭამას აიძულებენ და დამიჯერე, შეაჭმევენ“, - აუხსნა „მაყურებელმა“ პატიმარ #0578-ს.

სამწუხაროდ, ხელისუფლების ცვლილებისა და საყოველთაო ამნისტიის მიღების შემდეგ, სასჯელის ერთი მესამედით შემცირება პედოფილსაც შეეხო და დღეს ის თავისუფლებაზეა. სხვათა შორის, „ზონის“ იმჟამინდელ „მაყურებელს“, რამდენიმე კვირის წინ, ევროპაში „კანონიერი ქურდის“ გვირგვინი დაადგეს.