ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველო წარმატებით განაგრძობს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

ევროკომისიამ, სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც შეფასებულია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მიერ შესაბამისი ვალდებულებების შესრულება.

მეოთხე ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო წარმატებით განაგრძობს საჭირო ღონისძიებების განხორციელებას, ისევე, როგორც ევროკომისიის მესამე ანგარიშში არსებული რეკომენდაციების შესრულებას. დადებითად შეფასდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა, მათ შორის:

  • საზღვრის მართვის კუთხით არსებული რესურსების გაუმჯობესება;
  • ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები;
  • წარმატებული თანამშრომლობა რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციისა და ევროკავშირში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების საკითხებზე;
  • FRONTEX-თან განახლებული სამუშაო შეთანხმების ხელმოწერა; FRONTEX-თან წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში, ქართველი ოფიცრების მივლენა ევროკავშირის წევრი ქვეყნების აეროპორტებში, ისევე, როგორც FRONTEX-ის ოფიცრების რაოდენობის ზრდა;
  • EUROPOL-ის მძიმე ორგანიზებული დანაშაულის ევროპული ცენტრის საქმიანობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცრის მონაწილეობა;
  • სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეების წარმატებული საქმიანობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი, თბილისის პარალელურად, რეგიონებშიც აქტიურად მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონის თანამშრომლები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრნენ. ვაქცინაციის პროცესი საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც მიმდინარეობს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ, კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან, როგორც „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ ვაქცინით, ასევე, "ფაიზერის" ვაქცინით.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამინისტროს 19 ათასამდე თანამშრომელი უკვე ვაქცინირებულია.
 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უკრაინელ კოლეგებთან ერთად შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს.
სწავლებაში საქართველოს სანაპირო დაცვის აილენდის კლასის ხომალდი "ოჩამჩირე" (P23) და ხომალდი "სოხუმი" (P24) მონაწილეობდა. უკრაინის მხრიდან, წვრთნებში შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი საპატრულო კატარღა "სლავიანსკი" (P190) ჩაერთო.
წვრთნების მიმდინარეობისას, საქართველოსა და უკრაინის საზღვაო დანაყოფებმა დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა სასწავლო ელემენტი: ერთობლივი საზღვაო მანევრები, საწვავის გადაცემის იმიტირება გემიდან გემზე, "ადამიანი ბორტს მიღმა", ხომალდის ბუქსირება.
ერთობლივი წვრთნები ნატოს სტანდარტებისა და პროცედურების სრული დაცვით ჩატარდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა.
სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი, მთავრობის და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიება პრემიერ-მინისტრის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.
"მინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით, გამოვხატო მადლიერება პირადად ჩემი და მთელი გუნდის, მთელი მთავრობის სახელით, თითოეული პოლიციელის მიმართ, იმ გმირული სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ეწევით ყოველდღიურად.
ეს არის მისია, რომელსაც თქვენ ატარებთ. ეს არის ამავდროულად ძალიან საამაყო, ვინაიდან, ემსახურებით რა, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ეს ძალიან საპასუხისმგებლოა. მინდა, ამავდროულად აღვნიშნო, რომ ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ყველას გვავიწყდება, თუ რაოდენ მაღალი რისკის შემცველია პოლიციელობა. თქვენ, რეალურად, ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში გიწევთ მუდმივი სტრესის პირობებში მუშაობა, ოჯახებიდან მოწყვეტილი, კრიმინალთან ბრძოლის რეჟიმში, ეს ძალიან დიდ მსხვერპლს მოითხოვს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქედი მოვიხარო ჩვენი გარდაცვლილი, გმირი პოლიციელების ხსოვნის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა მათ ასეთი გმირების აღზრდისთვის. სახელმწიფო ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ სათანადოდ იყოს დაფასებული თითოეული პოლიციელის და მათი ოჯახის სოციალური გარანტიები. ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას დავუთმობთ პოლიციელების სოციალურ გარანტიებს, მათზე და მათ ოჯახებზე ზრუნვას. ჩვენი მთავრობის ხედვას, ამ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმას, ბატონი მინისტრი წარმოგიდგენთ.
ბატონ მინისტრს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, გეგმა, თუ როგორ განავითაროს მისდამი დაქვემდებარებული უწყება. ძალიან ბევრი პროექტი არის დაგეგმილი, რომლებიც შეეხება ინფრასტრუქტურის განვითარებას, აღჭურვილობის, შეიარაღების განახლებას, პოლიციელებისთვის შესაბამისი სოციალური გარანტიების შექმნას. ამ მიზნით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამ პროექტების მხარდასაჭერად, ბიუჯეტიდან გამოიყოფა დამატებითი სახსრები იმისთვის, რომ ყველა ეს პროექტი, პროგრამა იყოს დაფინანსებული.
კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით, როგორც რიგითი მოქალაქე, როგორც, ამ შემთხვევაში, მთავრობის მეთაური და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა და მე მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გმირობისთვის,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პრეზენტაციის წარდგენაზე ვრცლად ისაუბრა სამინისტროს საქმიანობის განვითარებისა და უწყების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
"რეფორმები, რომლებსაც თავის დროზე ჩვენ შევეჭიდეთ, უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს თითოეულ ჩვენგანს, როგორც რიგით პოლიციელს, ასევე, ყველა ხელმძღვანელ პირს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. დღესაც უწყვეტია პოლიციის განვითარებისა და რეფორმების განხორციელების პროცესი.
სტრუქტურული განვითარების 10-წლიანი სტრატეგიული ხედვა, თანამედროვე ტენდენციებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით, გულისხმობს რეფორმირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას, რომლის მთავარი საყრდენი ღირსეული, თანამედროვე, მომავალსა და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიციელია", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში:
- მოხდება საპოლიციო ძალების სრული გადამზადება, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის მასშტაბური განახლება. კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, 2025 წლისთვის დასრულდება საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებების გამიჯვნა;
- 2030 წლამდე გაგრძელდება დიდი ქალაქების პოლიციის დანაყოფებში ბავშვზე მორგებული სივრცეების შექმნა, ასევე, არასრულწლოვანთა საქმეების სპეციალიზებული დანაყოფი, დედაქალაქის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება;
- დაინერგება დანაშაულის შეტყობინების აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ მონაცემი როგორც ღიად, ასევე, ანონიმურად მიაწოდოს სამინისტროს შესაბამის დანაყოფს;
- უახლოეს ხანში საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრები გაიხსნება გურიის, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, მნიშვნელოვანი რეფორმები გრძელდება მომსახურების სააგენტოში;
- 10-წლიან გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სასაზღვრო პოლიციის რეფორმირებასა და შესაძლებლობების გაზრდას, რისთვისაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება. სრულად განახლდება ყველა სასაზღვრო სექტორი, სახელმწიფო საზღვარი სრულად აღიჭურვება საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, გაძლიერდება სანაპირო დაცვის ფლოტი. სასაზღვრო პოლიციის სარგებლობაში არსებულ ყველა ვერტმფრენს ჩაუტარდება კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. იგეგმება სასაზღვრო პოლიციისთვის 2 ახალი შვეულმფრენის შეძენა;
- ქვეყნის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ქალაქი და საავტომობილო მაგისტრალი სრულად გადაიფარება 13 000-მდე როგორც ზოგადი ხედვის, ასევე, ე.წ. ჭკვიანი და სახის ამომცნობი კამერით;
- 2030 წლამდე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და განახლდება 150 სახანძრო-სამაშველო პუნქტი;
- პოლიციელებისთვის ღირსეული სოციალური გარანტიების შექმნა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია - 10-წლიან პერიოდში გაგრძელდება შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა;
- სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტისთვის 60-ზე მეტი ახალი შენობა უკვე აშენდა. მომავალი ათი წლის განმავლობაში კვლავ დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. აშენდება: პოლიციის 30 შენობა; სასაზღვრო პოლიციის 20 შენობა; საგანგებო სიტუაციების 90 პუნქტი; დროებითი მოთავსების 2 იზოლატორი; 1 საექსპერტო შენობა; განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 ობიექტი; შსს-ს არქივის შენობა; მიგრაციის დეპარტამენტის 1 შენობა;
ღონისძიების დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა სამინისტროს პროექტების წარმატებით განხორციელებაში მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების გვერდში დგომას, რისთვისაც მათ მადლობა გადაუხადა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 - წლიანი სამოქმედო გეგმა.

 

 

განხორციელდა როგორც სტრუქტურული, ასევე, ინფრასტრუქტურული მნიშვნელოვანი რეფორმები საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით, რომელთა შედეგადაც საკმაოდ ძლიერი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მივიღეთ, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე.

დღეს ვახტანგ გომელაურმა საზოგადოებას სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმა და სტრატეგიული ხედვები წარუდგინა.

„2012 წლიდან 2020 წლამდე მნიშვნელოვნად განახლდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; თანამედროვე სტანდარტების სახანძრო-სამაშველო ობიექტები აშენდა 12 ქალაქში; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საწყლო-საზღვაო დანაყოფს დაემატა სხვადასხვა მოდიფიკაციის მცურავი საშუალებები;

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა „ივეკო მაგირუსის“ 30 სპეცმანქანით, რომლებიც მორგებულია საქართველოს გზების შესაბამის პირობებს. მომდევნო წლებში, ქვეყნის მასშტაბით, სახანძრო უსაფრთხოების სრულყოფის მიზნით გაფართოვდება ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ჩამონათვალი. შემუშავდება რისკის მართვისა და საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმები; გაგრძელდება ინტერაქციული რუკის სრულყოფა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება სახანძრო/სამაშველო ჯგუფების გადაადგილების ონლაინ ხედვა და მათი სტატუსების მონიტორინგი. ინციდენტამდე მისასვლელი ოპტიმალური გზებისა და გზის დატვირთულობის განსაზღვრა;

2030 წლამდე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და განახლდება 150 სახანძრო-სამაშველო პუნქტი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაემატება როგორც საავტომობილო, ასევე, სხვა სახის სამაშველო ტექნიკა, მათ შორის: 400-ზე მეტი სხვადასხვა სპეციფიკის სახანძრო ავტომანქანა, 40-ზე მეტი კატერი, ორი სახანძრო გემი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღეს, 2 აგვისტოს, 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სამინისტროს განვითარების 10-წლიან გეგმას წარადგენს.
 
მისამართი: გულუას ქუჩა N10 - სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.
რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, შალვა ბედოიძე დაესწრო.
 
მინისტრმა დანაყოფების ხელმძღვანელებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა უწყებაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
 
შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები, ასევე, მითითებები მისცა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა რუმინეთის ელჩთან, რაზვან როტუნდუსთან, რომელიც საქართველოში 2021 წლის მარტიდან მოღვაწეობს.
 
შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში საზღვაო უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სანაპირო დაცვის განვითარების მიმართულებით რუმინული მხარის წვლილს.
 
ვახტანგ გომელაურმა ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
 
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ 2 პირი - 1991 წელს დაბადებული გ. გ. და 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.გ.-მ და გ.ჩ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე „ცხრა აპრილის“ ბაღში, ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორს ჟურნალისტური საქმიანობაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
 
5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 31 პირი, კერძოდ:
 
• ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 27 პირი;
• ,,თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
• 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 4 პირი: 1985 წელს დაბადებული ვ.ზ., 1995 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე ი.ბ., 2001 წელს დაბადებული ე. ი. და 2000 წელს დაბადებული ნ. ნ. დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ვ.ზ.-ის პირადი ჩხრეკისას, 5 ლიტრზე მეტი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღეს.

რაც შეეხება 1995 წელს დაბადებულ ი.ბ.-ს, გამოძიებით დადგინდა, რომ იგი დაკავშირებული იყო სოციალურ აპლიკაცია „ტელეგრამში“ არსებულ ნარკორეალიზატორთა ორგანიზებულ ჯგუფთან და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანას და ლოკაციებზე განთავებას ახდენდა.

პოლიციამ ი.ბ. თბილისში დააკავა. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 4 ცალი პლასტმასის ბოთლი, რომლებშიც მოთავსებული იყო 5 ლიტრამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

2001 წელს დაბადებული ე.ი. და 2000 წელს დაბადებული ნ.ნ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ნარკოდანაშაულისთვის დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ე.ი.-ს და ნ.ნ.-ს პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს. ბრალდებულების სარგებლობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას კი ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,ოპიუმი“ და ,,ჰეროინის“ შემცველი 1 კილო და 600 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება.

პოლიციამ სულ ნივთმტიცებად ამოიღო: 5 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება და 10 ლიტრი და 896 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.