სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - მაშველების მიერ კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ მონიტორინგის შედეგად კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

„სტიქიის ეპიცენტრში ჩვენ ფაქტობრივად უკვე დასრულებული გვაქვს დამეწყრილი ტერიტორიის გადამოწმება და დილიდან აქტიურად დავიწყეთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და საძიებო სამუშაოების გაფართოება. 25 კილომეტრში სტიქიის ეპიცენტრიდან, მაშველების მიერ ნანახი იქნა ცხედარი, რომელიც გადასვენებულია პროზექტურაში, გუშინაც აღვნიშნე, რომ სწორედაც მაგას მოიცავს ამხელა მონაკვეთზე პატრულირება და მონიტორინგი. ამ ეტაპზე მდინარის კალაპოტში მაქსიმალური მუშაობა მიდის მძიმე ტექნიკით.

ნიადაგმა მოგვცა საშუალება გარკვეულ ლოკაციებზე, დაახლოებით 2 მეტრის სიღრმის ქვემოთ უკვე წყალი შეინიშნება და ვფიქრობთ, რომ სიღრმე სადაც შეიძლება ვეძებოთ ეს არის 1.5 – 2 მეტრი. ამბროლაურამდე გვაქვს განაწილებული სექტორები, რაც 18 სექტორს მოიცავს. სამუშაოები უშუალოდ ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს კილომეტრნახევრიან პერიმეტრზე სტიქიის ეპიცენტრიდან“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 27 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 6 პირთან დაკავშირებით.