შსს-ს კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დასკვნითი ღონისძიება გამართა.
ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა წარადგინა პრეზენტაცია, რომლითაც მოწვეულ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია კამპანიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.
საინფორმაციო კამპანია, ტრადიციულად, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც
• შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ექვს რეგიონში - კახეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარაში, მცხეთა-მთიანეთში, თბილისსა და ქვემო ქართლში თემატური შეხვედრები გამართეს 300-მდე სკოლის დირექტორთან, 500-მდე მოსწავლესთან, 200-მდე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთან და მოსახლეობასთან.
შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ცნობიერების ამაღლება ბავშვთა ქორწინების საზიანო შედეგების, ამ მიმართულებით არსებული სამართლებრივი რეგულაციების და ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოსაფხვრელად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს ბრენდირებული მაისურები, ჩანთები და კალმები გადაეცათ;
• დაიბეჭდა საინფორმაციო პოსტერები, რომლითაც სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს მიეწოდათ ინფორმაცია ბავშვობის ასაკში ქორწინების მძიმე შედეგებზე, რეაგირების განმახორციელებელ სახელმწიფო უწყებებსა და მსგავსი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში პოლიციისათვის მიმართვის გზებზე.
განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან კოორდინაციით, პოსტერების განთავსდა საქართველოში მოქმედ ყველა საჯარო და კერძო სკოლაში (სულ 2 302 სკოლაში);
• ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის facebook გვერდზე განთავსდა საინფორმაციო ბარათები, რომელთა მეშვეობით, მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე, მათ შორის, ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა ქორწინების იძულება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა;
• მომზადდა პოლიციის ფაილების სერია ქორწინების იძულების სისხლის სამართლის ორ საქმეზე, რომელსაც სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიაში 238 000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა. აღნიშნული სერია, ასევე, ითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე;
• მომზადდა საინფორმაციო ვიდეო რგოლი, რომელშიც გადმოცემულია ქორწინების იძულების მსხვერპლი გოგონას ისტორია და პოლიციის ჩართულობის მნიშვნელობა მსგავსი შინაარსის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში;
• ბავშვობის ასაკში ქორწინების თანმდევ დანაშაულებთან დაკავშირებით ინფორმაციის ფლობისა და პოლიციისათვის შეტყობინების გზების შესახებ მოსახლეობის მასობრივი ინფორმირება განხორციელდა SMS სისტემის გამოყენებით, კერძოდ, 1-2 ივნისს, 2 000 000 აბონენტს გაეგზავნა ინფორმაციული მოკლეტექსტური შეტყობინება;
• გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებსა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შორის, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა ბავშვობის ასაკში ქორწინება და მისი საზიანო პრაქტიკები, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები. სამუშაო შეხვედრაზე ხაზი გაესვა საკითხზე მომუშავე უწყებების მჭიდრო თანამშრომლობის და კოორდინირებული მოქმედებების აუცილებლობას;
• გაიმართა სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან ბავშვთა საკითხების გაშუქების თემაზე. შეხვედრას სხვადასხვა მედიასაშუალების 20-ზე მეტი წარმომადგენელი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვანთა საკითხებზე მომუშავე და მორეაგირე ყველა შესაბამისი დანაყოფის თანამშრომელი ესწრებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა მოწვეულ ექსპერტთან ერთად განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება, მსხვერპლზე ორიენტირებული კომუნიკაციის სტანდარტები, მედიის როლი გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლაში;
• გამოცხადდა ნახატების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტმა, 12-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვმა. დასკვნით ღონისძიებაზე შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ ნახატების კონკურსში გამოვლენილ გამარჯვებულებს.
კამპანია "ნუ წაართმევ ბავშვობას" გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ - ფარგლებში შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოფხვრის, ამ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და სამართალდამცავებისთვის დროული შეტყობინების მიზანს ემსახურება.