კინოსტუდიის მხატვარმა 19 წლის გოგონა ჯერ მოკლა, შემდეგ კი გვამი დაკბინა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

საზარელი კრიმინალური ისტორია, რომელსაც საბჭოთა მილიციამ გრიფით „საიდუმლო“ დაადო

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადისთვის მზადება მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მიდიოდა. რუსეთის დედაქალაქში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული. მილიციის თანამშრომლებმა კრიმინალურ სამყაროს პირდაპირ გამოუცხადეს, რომ ოლიმპიადის მიმდინარეობისას, ნებისმიერი მცირე დანაშაულიც კი უმკაცრესად დაისჯებოდა და დაკავებულებს გრძელვადიან სასჯელს მისცემდნენ. ადგილობრივი მილიციის გარდა, რუსეთის დედაქალაქში დანარჩენი რესპუბლიკებიდანაც წაიყვანეს თანამშრომლები. სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული ოპერმუშაკები მორიგეობდნენ ყველგან, დადიოდნენ 24 საათის განმავლობაში და ხმამაღალ საუბარზეც კი რეაგირებდნენ. საბჭოთა კავშირს უნდა დაემტკიცებინა, რომ მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა იყო და კრიმინალი, უბრალოდ, არ არსებობდა.

 ჰოდა, ოლიმპიადის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, შუაგულ მოსკოვში, ერთმანეთს შემთხვევითი გამვლელი და მეეზოვე წაეკიდნენ. საქმე მიტოვებულ ჩემოდანს ეხებოდა, რომელიც ხეზე იყო მიყუდებული. მეეზოვე, დაახლოებით, ერთი საათი აკვირდებოდა, მიაკითხავდნენ თუ არა ჩემოდანს, თან მიახლოებისაც ეშინოდა, აქაოდა, ბომბი არ იყოსო. ამ ფიქრებში იყო, როცა ვიღაცამ გამოიარა, ჩემოდანს თვალი ჰკიდა, მიიხედ-მოიხედა, შემდეგ კი დასწვდა და გზა განაგრძო. მეეზოვე მიხვდა, მისი ნადავლი სხვას მიჰქონდა და უცხო მამაკაცს ხელში სწვდა. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა, გადაცმული თანამშრომლები იქაც იყვნენ და ორივე მოჩხუბარი განყოფილებაში გადაიყვანეს. გზაში ორივე ამტკიცებდა, ჩემოდანი ჩემიაო, მაგრამ როცა გახსნეს, ორივემ უარყო - პირველად ვხედავო. ჩემოდანში ქალის დანაწევრებული სხეული იდო.

„ექსპერტიზის დასკვნით, სხეული ახალგაზრდა გოგონას, მაქსიმუმ, 20 წლისას ეკუთვნოდა. ამოსაცნობი ნიშანი არ ჰქონდა, მაგალთად, იარა ან დიდი ზომის ხალი. დაკავებულები მეორე დღესვე გაათავისუფლეს, რადგან ცელოფანზე, რომელშიც სხეული იდო, თითის ანაბეჭდები იპოვეს, ისინი კი არცერთ მათგანს არ დაემთხვა. იმავე ექსპერტის ცნობით, სხეული დაკბენილი გახლდათ და რამდენიმე ადგილზე, ხორცი მოკბეჩილიც იყო“, - გვიყვება რუსეთში მომხდარ შემზარავ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი, რომელიც სხვა ქართველ კოლეგებთან ერთად, მოსკოვში, სწორედ ოლიმპიადისთვის მიავლინეს.

რა გამოდიოდა? - საბჭოთა კავშირში, სადაც დანაშაული არ ხდებოდა, ვიღაც კანიბალი დადიოდა და ახალგაზრდა გოგონებს კლავდა? მხოლოდ მოკვლას ვინ ჩივის, ჭამდა კიდეც. საქმეს გრიფით „საიდუმლო“ დაადეს და პირად კონტროლზე აიყვანა, როგორც უშიშროების, ისე შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ორი დღის შემდეგ, განყოფილებაში მოხუცი ქალი მივიდა, რომელმაც თქვა, რომ სამი დღის წინ, მისი 16 წლის შვილიშვილი გაქრა და მისი ასავალ-დასავალი არ იცოდა. მოხუცს  აუხსნეს, რომ იპოვეს გოგონას სხეული და ამოსაცნობად წაიყვანეს. ასაკის გათვალისწინებით, ამოცნობას გამოცდილი ექიმებიც ესწრებოდნენ, რათა საჭიროების შემთხვევაში, მოხუცისთვის სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ქალმა დანაწევრებულ გვამს დახედა, მხოლოდ ერთადერთი სიტყვა თქვა - „ღმერთო!“ და... გულის შეტევამ მოხუცი იქვე მოკლა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

რაც მთავარია, სამართალდამცავები ვერ მიხვდნენ, იცნო თუ არა ქალმა შვილიშვილი. სამაგიეროდ, გაჩნდა იდეა, რომ მის სახლში წასულიყვნენ იმის იმედად, რომ დაკარგული გოგონას სურათი ენახათ, წავიდნენ კიდეც და... საღ-სალამათი გოგონა შინ დახვდათ. მან აუხსნა, მეგობრებთან ერთად, ქალაქგარეთ ვიყავი, ბებიასთვის რომ მეთქვა, არ გამიშვებდაო. გამოდიოდა, რომ გვამის ვინაობა კვლავ დაუდგენელი იყო.

„დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, მთელი აქცენტი სწორედ ოლიმპიადაზე იყო გადატანილი და ამიტომ, ამ საქმის გამოძიება ოთხ გამოცდილ მაძებარს მოგვანდეს ანუ მათ, რომლებიც კონკრეტულად მკვლელობის მიმართულებით ვმუშაობდით. ჩემს გარდა, ჯგუფში ბელორუსის, უკრაინისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც იყვნენ. ჯგუფის უფროსად ბელორუსი მაძებარი დანიშნეს - ძალიან გამოცდილი და ჭკვიანი კაცი“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ექსპერტებმა ახალი დასკვნაც დადეს - გოგონას ფეხზე ძალიან კარგი პედიკური ჰქონდა გაკეთებული, ისეთი, როგორსაც სახლის პირობებში ვერ გაიკეთებდა და რაც მთავარია, ფრჩხილებზე უცხოური წარმოების ლაქი ესვა. შემოიარეს თითქმის ყველა სილამაზის სალონი, თუმცა ანალოგიურ ლაქს ვერსად მიაგნეს. სამაგიეროდ, მოსკოველმა გამომძიებლებმა მიასწავლეს, აჯობებს, ჩინოვნიკთა ცოლებს ჰკითხოთ, სად შეიძლება უცხოური ლაქით პედიკურის გაკეთება, ყველაზე კარგად, მათ ეცოდინებათო. მართლაც, რამდენიმე ასეთ სალონს მიაგნეს და მათ შორის, ერთ-ერთში, ახალგაზრდა, 20 წლის გოგონა მუშაობდა, რომელმაც დაადასტურა, ასეთი ლაქი მე მაქვს, პოლონელ სტუდენტებს ჩამოაქვთ და მათგან ვყიდულობო. მას გარდაცვლილის სხეული ანახეს და ტირილი დაიწყო, ჩემი მეგობარია, 19 წლის, ბოლო ვიზიტის დროს, ვიკამათეთ და აღარ მინახავსო. გარდაცვლილზე სამართალდამცავებმა ყვველაფერი გაიგეს, ოჯახში კი ის იმიტომ არ მოიკითხეს, რომ... ერთი თვით, მშობლები მივლინებით სხვა რესპუბლიკააში გაუშვეს და გოგონა მარტო ცხოვრობდა. ისიც გაირკვა, რომ რომელიღაც ფილმის მასიურ სცენებში, გოგონას იღებდნენ.

„ამ დროს, ექსპერტიზის კიდევ ერთი დასკვნა წამოგვეწია. ჩემოდანს, რომელშიც გოგონას დანაწევრებული სხეული იდო, ბეჭდის ანაბეჭდი ეტყობოდა, თუმცა ძალიან მკრთალი. ამ ხნის განმავლობაში, ექსპერტები სპეციალური ხსნარებით, თუნდაც ერთი სიტყვის ამოკითხვას ცდილობდნენ და მოახერხეს კიდეც - „კინოსტუდია“. მივხვდით, მკვლელი სწორედ იმ გუნდში უნდა გვეძებნა, რომელიც ფილმზე მუშაობდა, თუმცა იქ მსახიობები, ასისტენტები, სხვადასხვა პერსონალი, მთლიანობაში, 200-ზე მეტი ადამიანი იყო. მისი მოკვლა კი ნებისმიერს შეეძლო, ქალსაც და კაცსაც, ამიტომ გამორიცხვის მეთოდით წავედით“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

გამორიცხვის მეთოდმა ახალი არაფერი მოიტანა. გადამღებ ჯგუფში საეჭვო არავინ ჩანდა, ამიტომ ყველაზე წესიერი ადამიანების ფრთხილი გამოკითხვა დაიწყეს. ერთ-ერთმა გოგონამ გაიხსენა, სწორედ იმ დღეს, როდესაც გოგონა გაქრა, მას ჩვენი მხატვარი ესაუბრებოდა, მერე კი ისიც დავინახე, აქედან ერთად გავიდნენ და როცა გაჩერებაზე ვიდექი, ტაქსით ჩამიარესო. გამომძიებლების ოთხეულს ყველაფრის უფლება ჰქონდა, ამიტომ ისინი მხატვარს, დაუპატიჟებლად დაადგნენ სახლში და ჩხრეკის ჩატარება ორდერის გარეშე დაიწყეს. მას არაფერი გაუპროტესტებია, მშვიდად იჯდა და უყურებდა, როგორ ათვალიერებდნენ სახელოსნოდ გადაკეთებულ სახლს სამართალდამცავები. მხატვარი მშვიდად საუბრობდა, პირველ სართულზე იმიტომ გადმოვედი, ამ მხარეს მზე ურტყამს და კარგად ანათებს სახელოსნოსო. ის იყო, ოთხეული წამოსვლას აპირებდა, როცა ერთ-ერთს გაახსენდა, პირველ სართულს სარდაფიც უნდა ჰქონდესო და მართლაც, იპოვეს. სწორედ ამ დროს დაკარგა მხატვარმა ფერი, ამიტომ ხელბორკილებით გამათბობელს მიაბეს, თავად კი სარდაფში ჩავიდნენ, სადაც სისხლიანი დანები და ნაჯახი იპოვეს. იქვე ეყარა გოგონას ტანისამოსიც.

„არ ვიცი, რა მემართება, ამ გრძნობას ვერ ვუმკლავდები. როცა გოგონა დავინახე, მივხვდი, რომ უნდა მომეკლა. ადვილად დავითანხმე დახატვაზე, ვუთხარი, რომ მის პორტრეტს გამოვფენდი. გარდაცვლილი სხეულის დაკბენის შემდეგ ვმშვიდდებოდი. ადრეც დამიკბენია ქალი, თუმცა არასდროს მომიკლავს“, - ასე ახსნა მხატვარმა, ევგენი ბოდრინმა (სახელი და გვარი შეცვლილი არაა) საკუთარი ქმედება.

საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის კოდექსი ერთჯერად, განზრახ მკვლელობაზე დახვრეტას არ ითვალისწინებდა. სასწაული უნდა მომხდარიყო, ერთი მკვლელობის გამო, ვინმე რომ დაეხვრიტათ და ბოდრინის შემთხვევაში, ეს სასწაული მოხდა - მას სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს და ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, აღასრულეს კიდეც.

რაც შეეხება ფილმს, ზემდგომთა ბრძანებით, ყველა კადრი, სადაც გარდაცვლილი გოგონა ჩანდა, ახლიდან გადაიღეს, ხოლო კოსტიუმების მხატვრად სხვა დაიქირავეს. იმის მიუხედავად, რომ ფილმის ძირითად ნაწილში, მსახიობებს, სწორედ ბოდრინის ესკიზებით შექმნილი ტანისამოსი ეცვათ, ტიტრებში მისი გვარი არ ჩაუწერიათ.