ვახტანგ კალოიანი: „შემოდგომისთვის პანდემია მნიშვნელოვნად შემსუბუქდება“

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„იმ ტემპით, როგორც დღეს ვაქცინაცია მიდის, პანდემიის დასრულებამდე, დაახლოებით, 20 000 ადამიანს დავკარგავთ“

ავტორი: თათია გოჩაძე

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ალბათ, ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვინც კორონავირუსის ახალი შტამი - „ომიკრონი“ არ გადაიტანა და ამიტომაც მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთი სწრაფი გავრცელების გამო, საზოგადოება იმუნიტეტს შეიძენს და პანდემიის მეექვსე ტალღა მარტში დასრულდება. ევროპის წამყვანი ქვეყნები პანდემიურ შეზღუდვებს ერთმანეთის მიყოლებით აუქმებენ და ამსუბუქებენ, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ასპექტი, რომ იმ ქვეყნებში, საზოგადოების უდიდესი ნაწილი აცრილია, საქართველოში კი ვაქცინაცია, პირდაპირი მნიშვნელობით, კუს ნაბიჯებით ვითარდება... როდის დასრულდება პანდემია და რა უნდა ვიცოდეთ პოსტკოვიდური სინდრომის შესახებ? - „ვერსია“ ვახტანგ კალოიანს ესაუბრა:

- საპროგნოზო სქემებით ვვარაუდობდით, რომ თებერვლის მეორე ნახევრიდან შემცირდებოდა ინფიცირებულთა რაოდენობა. ჯერჯერობით, არც მძიმე პაციენტთა რიცხვი შემცირდება და, ალბათ, არც - გარდაცვლილთა, თუმცა დროთა განმავლობაში, ესეც დაიკლებს. ინფიცირებულთა რაოდენობა კი, სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებისთვის უკვე დასტაბილურდება.

- „ომიკრონის“ შემდეგ ტალღას როდისთვის უნდა ველოდოთ?

- ჩვენ, როგორც ძალიან ცუდად აცრილი საზოგადოება, საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ ვართ ნებისმიერ დროს და თუ გავითვალისწინებთ ამ ვირუსის ბიოლოგიას, არის შანსი, რომ რამდენიმე კვირაში, ინფიცირებულთა გარკვეული ზრდა ისევ დაიწყოს.

- რაც შეეხება ვაქცინაციას, ამ მხრივ საქართველოში, როგორც ჩანს, პროგრესი კი არა, რეგრესი უფრო შეინიშნება...

- დიახ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ პოპულისტური გადაწყვეტილებები მიიღოს და ვაქცინაციის პროცესს თავიდან ვაქცინების დეფიციტით უკეთებდა ტორპედირებას, შემდეგ კი - ცუდი საინფორმაციო კამპანიით. ამას ემატებიან აგრესიული ანტივაქსერული ჯგუფები, რომლებიც ძალიან ორგანიზებულად მუშაობენ. აქვე უნდა გამოვყოთ ის ადამიანები, რომლებსაც რეალური კითხვები და ობიექტური შიში აქვთ ვაქცინებთან დაკავშირებით, ისინიც კი ვერ იღებენ ადეკვატურ პასუხს. ასე რომ, ყველაფერი ეს, ერთად გვაძლევს იმ შედეგს, რაც გვაქვს.

- ბატონო ვახო, კითხვები ბოლო დროს იმიტომ ჩნდება, რომ ვრცელდება ინფორმაცია, არსებული ვაქცინები „ომიკრონის“ შტამზე ეფექტურად ვერ მოქმედებსო... რას იტყვით ამის შესახებ?

- ციფრები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. არსებული ვაქცინები ძალიან კარგად მოქმედებენ სიკვდილის, მძიმე მიმდინარეობის, საავადმყოფოში მოხვედრისა და ასევე, ინფიცირების წინააღმდეგაც. უბრალოდ, აგრესიული სიცრუის კამპანია- „რა აზრი აქვს აცრას, მაინც ავადდებიან და კვდებიან აცრილებიც“ - მტკნარი სიცრუეა და სამწუხაროდ, ამას მხოლოდ რამდენიმე კოლეგა უპირისპირდება ციფრებით. ცდილობენ, ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას, თორემ ხელისუფლება ამის ორგანიზებულ საინფორმაციო კამპანიას, სამწუხაროდ, არ ეწევა.

- ევროპის უდიდესი ქვეყნები, ერთი-მეორეს მიყოლებით, აუქმებენ პანდემიურ შეზღუდვებს და საინტერესოა, რატომ?

- ეს ხდება იმაზე დაყრდნობით, რომ მათ ჰყავთ საკმაოდ კარგად აცრილი პოპულაცია. ეს ქვეყნები გადაწყვეტილებას იღებენ ციფრების მიხედვით. ნახეთ, ისრაელის ციფრები - ათეულობით ათასი ინფიცირებული და მხოლოდ რამდენიმე ათეულია გარდაცვლილი, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც საკმაოდ დაბალია. იგივე ხდება დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში. მოკლედ, ყველა კარგად აცრილი ქვეყანა ახერხებს რეგულაციების მოხსნას. აქვე, ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი - აცრით თუ აცრის გარეშე, ოდესმე, აუცილებლად დასრულდება პანდემია, უბრალოდ, საუბარი იმაზეა, ამაში ჩვენ რა ფასს გადავიხდით. დღეს, 16 000 ადამიანია გარდაცვლილი და სამწუხაროდ, იმ ტემპით, როგორც მიდის ვაქცინაცია, დაახლოებით, 20 000 ადამიანს დავკარგავთ პანდემიის დასრულებამდე, სანამ ეს გახდება არაპანდემიური პრობლემის მქონე დაავადება.

- პანდემიის დასრულებას როდის უნდა ველოდოთ? შეიძლება, ზუსტი თარიღის დასახელება რთულია, მაგრამ გარკვეული მეცნიერული გათვლა ხომ უნდა არსებობდეს, მონაცემებზე დაყრდნობით?

- დაახლოებით, შემოდგომისთვის, მნიშვნელოვანი შემსუბუქება უნდა იყოს, პანდემიის თვალსაზრისით, მსოფლიოში და ჩვენთანაც. გავიმეორებ, ეს დამთავრდება აუცილებლად, მაგრამ საუბარი იმაზეა, თუ რამდენ ადამიანს დავკარგავთ.

- გასაგებია, მაგრამ ახალ-ახალი შტამები რომ ჩნდება, ეს გასათვალისწინებელი არაა?

- ჯერჯერობით, ახალი შტამები პრობლემას არ ქმნიან, თუმცა ეს ყოველთვის უნდა იყოს დაკვირვების შედეგი, რასაც აკეთებს ჯანმო და წამყვანი ქვეყნების ლაბორატორიები. მუდმივად აკვირდებიან შეშფოთების პოტენციალის შტამებს, ეს მუდმივად გაკონტროლდება, თუმცა, ჯერჯერობით, არსებული დინამიკა ლოგიკურია და იმედია, ყველაფერი მშვიდად დასრულდება, უბრალოდ, ჩვენ დავრჩებით ამდენ დაღუპულ ადამიანთან ერთად.

- ბატონო ვახო, რამდენად სახიფათოა პოსტკოვიდური სინდრომი და რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ ამის შესახებ?

- პოსტკოვიდი რამდენიმე ფაზად შეგვიძლია დავყოთ. ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდი, მაგრამ დარჩათ ფილტვების მძიმე დაზიანება, რაც აიძულებთ, მუდმივად საავადმყიფოში იყვნენ; ადამიანები, რომელთაც დაემართათ მიოკარდიტი ანუ ის ადამიანები, რომელთაც საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის საკმაოდ მძიმე შეზღუდვა აქვთ. ეს ძალიან დიდი დატვირთვა იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის. არის მეორე ჯგუფი, რომელიც შედარებით მსუბუქ სიმპტომატიკას ტოვებს, მათ შორისაა ნევროლოგიური, ფსიქოლოგიური პრობლემები. ასევე, არის კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ ბავშვთა ასაკში გადატანილი კოვიდი კავშირშია დიაბეტის განვითარების მაღალ რისკთან. ასევე, ბოლო კვლევების მიხედვით, კოვიდგადატანილებში ინფარქტის, ინსულტისა და იშემიური დაავადებების რისკი იზრდება. შესაბამისად, ამ პრობლემებს მუდმივი ყურადღება სჭირდება, სხვადასხვა დონეზე.