Menu

რამდენი პროცენტით აფინანსებს სახელმწიფო ქიმიო და სხივურ თერაპიას

აცრემლებული თვალები, დაზაფრული სახე, გაურკვეველი მომავლისა თუ სასწორზე დადებული სიცოცხლის შიში _ ეს ონკოლოგიურ საავადმყოფოში გაბატონებული რეალობაა. ვიღაცას ექიმთან მისვლის ეშინია, ვიღაცას კი ანალიზის პასუხის. წლების შემდეგაც არაფერი იცვლება, კიბო სულ უფრო ვერაგდება და მის წინაშე, განვითარებული მედიცინისა და დახვეწილი ტექნოლოგიების მიუხედავად, მაინც უძლურნი ვართ, თუმცა ,,ვერსიასთან'' საუბრისას, ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი რეზო გაგუა აცხადებს, რომ ლეტალური შედეგის უმთავრესი მიზეზი მაინც ექიმთან დაგვიანებული ვიზიტია და ყველამ სწორედ ეს უნდა გავითავისოთ, რადგან ,,კიბო დიაგნოზია და არა _ განაჩენი''.   
_ ბატონო რეზო, როდესაც დაგვიანებულ მკურნალობაზე ვსაუბრობთ, იქნებ ისიც ვთქვათ, რომ ამის მიზეზი საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობაა...
_ კიბო, მხოლოდ საქართველოს კი არა, გლობალური პრობლემაა და მოსახლეობაც იმ შეღავათებზე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ეკუთვნის, ნაკლებად ინფორმირებულია _ ქირურგიული ჩარევისას, დაზღვევა 70 პროცენტს აფინანსებს, ქიმიო და სხივური თერაპიისას კი _ 80-ს.
_ გამოკვლევებიც ფინანსდება?
_ გამოკვლევათა გარკვეული ნაწილი სამედიცინო სადიაგნოსტიკო დაწესებულებებში ამბულატორიულ დონეზე ფინანსდება.
_ ანუ პოლიკლინიკებში... რამდენად ენდობა ონკოლოგიური საავადმყოფო იქ დასმულ დიაგნოზსა თუ გაკეთებულ ანალიზს?
_ თუ დაწესებულება და ექიმი ლიცენზირებულია, რატომ არ უნდა ვენდოთ? თუ ლიცენზია არ არსებობს, იქ არც კვლევა უნდა ტარდებოდეს... მოსახლეობაში ნამდვილად არსებობს უნდობლობის ფაქტორი, მაგრამ მოტანილ გამოკვლევებს იმიტომ არ ვიწუნებთ ხოლმე, რომ საფუძველი არ გვაქვს. თუ პაციენტს აქვს გადამოწმების სურვილი, ასეთ შემთხვევაში ტარდება განმეორებითი გამოკვლევა.
_ ოღონდ დაფინანსების გარეშე, არა?
_ ასეთ შემთხვევაში, გადამოწმება ფასიანია.
_ რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული ისევე, როგორც ქიმიო და სხივური თერაპია, რის გამოც ონკოპაციენტები ხშირად მიემგზავრებიან ისრაელში, თურქეთში, სადაც მსგავსი სამედიცინო მომსახურება, როგორც ამბობენ, შედარებით იაფია...
_ პაციენტები საქართველოდან ნამდვილად მიემგზავრებოდნენ, ძირითადად, ისრაელსა და თურქეთში, ვისაც საშუალება ჰქონდა _ გერმანიაშიც, საფრანგეთშიც, მაგრამ ბოლო წლებში ეს ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან უმაღლესი ტექნოლოგიები _ კომპიუტერული ტომოგრაფი, ექოსკოპი, მამოგრაფი, რენტგენის ციფრული აპარატი საქართველოშიც შემოვიდა... შესაბამისად, კვლევისა და მკურნალობისთვის ხალხს უცხოეთში წასვლა აღარ უწევს.. განსაკუთრებით მიდიოდნენ დასასხივებლად, მაგრამ ხაზოვანი ამაჩქარებლები საქართველოშიცაა და აქედან გამომდინარე, გადინების სიხშირე იკლებს... სიმართლე გითხრათ, ეს უფრო ქართველების მენტალობიდან გამომდინარეობს, თორემ უცხოეთში გამგზავრებისა და მკურნალობის საჭიროება ახლა ნამდვილად აღარ დგას.
_ არც ფასის გამო, ბატონო რეზო?
_ ვერ დაგეთანხმებით, რომ უცხოეთში მკურნალობა ბევრად იაფი ჯდება... გზის, ტრანსპორტის, სასტუმროს ხარჯი, პლუს, მკურნალობა... როგორ შეიძლება, იქაური ფასები აქ არსებულ ტარიფებზე ნაკლები იყოს? არც ქიმიოთერაპიაა იაფი, არადა, ჩვენთან საყოველთაო დაზღვევამ საკმაოდ დიდი შეღავათი მისცა პაციენტებს.
_ ამბობთ, საქართველოშიცაა უახლესი აპარატურაო, არადა, დაავადებულთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება...
_ დაავადების მაჩვენებელი არამცთუ საქართველოში, მსოფლიოშია გაზრდილი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2012 წლის მონაცემებით, ონკოპაციენტთა რაოდენობა 14 მილიონი იყო, ექსპერტთა გათვლით კი, 2034 წლისთვის 22 მილიონს მიაღწევს, შედეგად, კიბო დაავადებებს შორის პირველ ადგილზე გადავა.
_ რატომ, ტექნოლოგიები, მედიცინა ხომ ვითარდება?
_ დიაგნოსტიკის ტექნიკური აპარატურა დაავადებას შეიძლება, კვალდაკვალ მისდევს, მაგრამ გარემოს, დედამიწის ზედაპირის დაბინძურება, მაიონირებელი გამოსხივება, რადიაციული ფონი იმდენად მაღალია, რომ ამ დაავადებასთან ბრძოლაც რთულდება. ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა 1/3-ს საერთოდ ააცილებს კიბოს, მშვიდი ცხოვრება, დაბალანსებული საკვები, ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, თამბაქოს აკრძალვა... ეს პრევენიცაა, მაგრამ რეალობა ბევრად მკაცრია _ ყოველ წელს 8 მილიონი ადამიანი იღუპება და მიუხედავად იმისა, რომ 50 წლის განმავლობაში სხვადასხვა დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა მკვეთრად შემცირდა _ გულ-სისხლაძარღვთა დაავადებებით 65%-ით, ინფექციებითა და პნევმონიებით 58%-ით, კიბოთი გარდაცვლილთა რაოდენობა მხოლოდ 5 პროცენტითაა შემცირებული. მთავარია, დაავადება ადრეულ სტადიაზე გამოვლინდეს, რაც განკურნების შანსს ბევრად ზრდის.
_ საამისოდაა სკრინინგი, მაგრამ საქართველოში არსებობს კულტურა, რომ ექიმს პროფილაქტიკისთვის მიაკითხონ?
_ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოში არსებული ვითარების შესწავლის შემდეგ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლითაც ჩვენთან, ყოველ წელს, კიბოს 12 ათასი ახალი შემთხვევა უნდა ფიქსირდებოდეს და ეს ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემებს ბევრად აღემატება.
_ ეს ხომ, ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საგანგაშოა?
_ ნამდვილად და ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში დაავადების გამოვლენა, შემთხვევათა 70 პროცენტში, მე-3-4 სტადიაზე ხდება. სწორედ ამიტომ უნდა ჩაიტარონ სკრინინგი _ მკურნალობის ეფექტურობა დაავადების სტადიის პირდაპირპროპორციულია. სკრინინგის გარდა, პრევენციული ღონისძიებებია საჭირო _ ფაქტია, სიგარეტი იწვევს ფილტვის კიბოს, მაგრამ მაინც დიდია მწეველთა რაოდენობა, ალკოჰოლი, მრუშობა...
_ ეს უკანასკნელი რა შუაშია, კიბო ხომ სქესობრივი გზით არ გადადის?
_ სამაგიეროდ, პაპილომა ვირუსი მამაკაციდან ქალზე გადადის და იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს... ამიტომ უნდა ტარდებოდეს გამოკვლევა მაღალ დონეზე...
_ უნდა ტარდებოდეს, მაგრამ მოსახლეობას საშუალება არ აქვს.
_ ახლა პოლიტიკურ ნიუანსებში გადავდივართ...
_ ამ ,,ნიუანსს'' ვერსად გავექცევით. კი ბატონო, აფინანსებს სახელმწიფო, მაგრამ სად უნდა იშოვოს ადამიანმა თუნდაც 30 პროცენტი, როცა პურის ფული არ აქვს და მხოლოდ სოციალურ დახმარებას იღებს?
_ სპონსორი უნდა ნახოს, რომელიც დაუფინანსებს ოპერაციას.
_ ვინ გეგულებათ საქართველოში ასეთი, ბატონო რეზო, ვინ დაუფინანსებს ოპერაციას, მკურნალობას? ასეთი თუ იცით, მეც მითხარით და იმ ხალხსაც, ვინც უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაშია.
_ ...სამწუხაროდ, მათი რიცხვი ძალიან დიდი არაა, მაგალითად კახი კალაძე და მისი სამინისტრო სისტემატურად ეხმარება ონკოდაავადებულ ბავშვებს და ყველაფერს აკეთებენ, რათა მათ უკეთესი პირობები შეექმნათ.
_ ბავშვებში სტატისტიკა როგორია?
_ ყოველ წელს 300 ბავშვი ავადდება და აქედან 50 პროცენტი ონკოჰემატოლოგიური პაციენტია, დანარჩენი კი სოლიდური სიმსივნეებია. სხვათა შორის, ონკოჰემატოლოგიური პაციენტების მკურნალობა კარგადაა ორგანიზებული იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში და მკურნალობაც საკმაოდ ეფექტურია. 
თამარ ლომსაძე 

back to top