მოსკოვს „მოთმინება ამოეწურა“. როგორ მოიქცევა დასავლეთი უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით?

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირება

20 იანვარს ამოიწურება ერთკვირიანი ვადა, რომელიც რუსეთმა დასავლეთს მისცა იმისათვის, რომ წერილობითი პასუხი გასცეს მის მოთხოვნებს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. „თუკი დასავლეთი უარყოფს წინადადებას – რუსეთი სხვადასხვა საპასუხო ვარიანტს განიხილავს“, – განაცხადა მან.

14 იანვარს სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „მოსკოვს მოთმინება ამოეწურა“ და კრემლი უსასრულოდ არ დაელოდება დასავლეთის პასუხს მოსკოვის მოთხოვნებზე, არ გააფართოოს ნატო და არ განათავსოს თავისი ძალები უკრაინასა და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.

რუსეთში მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს არის უკრაინის გარშემო მზარდი დაძაბულობის განმუხტვის გასაღები.

თუმცა, ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა კვლავ კატეგორიულად უარყვეს მოსკოვის მოთხოვნები. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი ღია არიან დიალოგისთვის და არასოდეს დაემორჩილებიან შანტაჟს.

ნატომ ასევე მკაფიოდ განაცხადა, რომ არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, მათ შორის, სუვერენული სახელმწიფოების უფლებაზე, თავად გადაწყვიტონ, უსაფრთხოების რომელი მექანიზმების ნაწილი სურთ იყვნენ.

დიპლომატებმა მკაცრი შეფასება მისცეს უმაღლეს დონეზე გამართულ დიპლომატიის კვირეულს (10-დან 14 იანვრის ჩათვლით), რომელიც მოიცავდა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივ მოლაპარაკებებს, ასევე მოლაპარაკებების ცალკე რაუნდებს ნატოსა და ეუთოსთან.

მთელი პროცესი ვითარდება უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ყოფნის გაზრდის გამო დიდი შეშფოთების ფონზე, რაც, როგორც დასავლეთში ბევრს მიაჩნია, შესაძლოა შეჭრის პრელუდია იყოს. დასავლეთი რუსეთს „მძიმე შედეგების შესახებ“ აფრთხილებს, თუკი ის განაახლებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

თეთრი სახლის განცხადებით, ფლობს დაზვერვით მონაცემებს იმის შესახებ, რომ რუსეთმა დივერსანტები გაგზავნა დასავლეთ უკრაინაში ინციდენტის დასადგმელად, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იყოს უკრაინაში შეჭრის მიზეზის გასამართლებლად.

კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შეფასება დამყარებულია „დაუსაბუთებელ“ ინფორმაციაზე.

ლავროვის კომენტარი რამდენიმე საათში გაისმა მას შემდეგ, რაც კიევმა რამდენიმე სამთავრობო ვებგვერდზე მასიური კიბერთავდასხმის შესახებ განაცხადა.

„რუსეთთან დაპირისპირება სერიოზულია, უფრო სერიოზული, ვიდრე ყველაფერი, რაც ბოლო წლებში ვნახეთ“

ამის შესახებ ჟურნალისტებს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე შალენბერგმა საფრანგეთის ქალაქ ბრესტში, ბლოკის უმაღლესი დიპლომატების შეხვედრაზე განუცხადა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ მომავალ კვირაში მოსკოვში გაემგზავრება უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, აღიარა, რომ სწრაფი გადაწყვეტის გზის მონახვა ნაკლებად სავარაუდოა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღმოსავლეთ ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში დისლოცირებული ჯარების საგანგებო მდგომარეობაზე გადაყვანის შესახებ განაცხადა. ასევე გამოცხადდა დაუგეგმავი წვრთნები, რათა „შეამოწმოს მათი მზადყოფნა დიდ მანძილზე გადასროლის შემდეგ დავალებების შესასრულებლად“.

რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება 2014 წლის მარტში მოახდინა და სეპარატისტების შეტაკებები გაგრძელდა აღმოსავლეთ უკრაინაში მას შემდეგ, რაც 2014 წლის თებერვალში, ანტისამთავრობო პროტესტმა რუსეთისადმი მეგობრულად განწყობული უკრაინის იმდროინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომა გამოიწვია.

2014 წლის აპრილიდან მოყოლებული, საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას უკრაინის სამთავრობო ჯარებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის, რომლებიც უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილს აკონტროლებენ, 13 200 ადამიანი დაიღუპა.

 

წყარო:jam-news