შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფი, ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფი, 12 მოსამსახურის შემადგენლობით, ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში "ზღვის მცველი" მონაწილეობის მიღების მიზნით საბერძნეთში გაემგზავრა. ეს საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ქვედანაყოფი ნატო-ს ეგიდით წარმოებულ საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში, ოპერაციული პარტნიორის სტატუსით ერთვება.
ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო გახდა პირველი ასპირანტი ქვეყანა, რომლის შესაბამისი ქვედანაყოფების ნატო-ს სერტიფიცირების ოთხწლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ოპერაციის ,,ზღვის მცველი“, ოპერაციულ პარტნიორად აღიარა.
სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის ნატო-ს ოპერაციაში ჩართვა, ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში საქართველოს ღირსეული წვლილის შეტანას და ნატო-ს საზღვაო კომპონენტებთან ურთიერთავსებადობის ამაღლებას ემსახურება. ალიანსის ეგიდით წარმოებულ ოპერაციაში მონაწილეობა, ნატო-ს გაერთიანებულ საზღვაო ძალების სარდლობასა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ასევე, ოპერაციაში მონაწილეობა, ქართული დროშის დემონსტრირებისა და ნატო-ს შენაერთებთან ურთიერთობის გაღრმავების საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენს.
ნატო-ს ოპერაცია „ზღვის მცველი“, ალიანსის ეგიდით მოქმედ, დღეისათვის ერთადერთ ოპერაციას წარმოადგენს, რომლის მთავარი ამოცანებია: ტერორიზმთან ბრძოლა, ზღვაზე თავისუფალი მიმოსვლის ხელშეწყობა, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდა, უკანონო ეკონომიკური საქმიანობის აღკვეთა და საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
სანაპირო დაცვის მოსამსახურეების საბერძნეთში ჩასვლის შემდეგ, ოპერაციაში გადასროლამდე წინამოსამზადებელი სწავლება გაიმართება. წვრთნების დასრულების შემდეგ ქართული კონტინგენტი ნატო-ს საზღვაო შენაერთზე განთავსდება და ხმელთაშუა ზღვაში, ნატო-ს ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას.