ბლოგი - დაფიქრდით! იქნებ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ხართ?

ბლოგი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დაფიქრდით! იქნებ თქვენ სექსუალურად გავიწროებენ ? 

ჩვენ ხშირად ვერც კი ვხვდებით, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ვართ.

(დეფინიცია - სექსუალური შევიწროვება ოფიციალური განსაზღვრებით არის: არასასურველი და შეურაცხმყოფელი სექსუალური შეფერილობის ქცევა)

გიფიქიართ ამაზე? თქვენ შეიძლება არ გიფიქრიათ ან გიფიქრიათ და ვერც კი მიმხვდარხართ, რომ მსხვერპლი ხართ. შესაძლოა, თქვენ ყოველდღიურად სამსახურში გავიწროებენ ან სამარშუტო ტაქსში და ვერ იაზრებთ, რასთან გაქვთ საქმე.

თუ თქვენ „მეგობრულად“ სხეულზე გეხებიან ან უხერხულ შეკითხვებს გისვამენ თქვენს პირად ცხოვრებაზე, ან ზედმეტად ახლო ურთიერთობას იჭერს თქვენი უფროსი თქვენთან, დაფიქრდით, იქნებ ამას იმიტომ არ აღიარებთ, რომ გეშინიათ, სამსახური არ დაკარგოთ... დაფიქრდით, იქნებ სექსუალურად გავიწროვებენ?

იქნებ ტრანსპორტში უცხო მამაკაცი თქვენთან სიახლოვეს ცდილობს, უხერხულ ადგილებში გეხებათ და შესაძლოა, ამას მგზავრთა სიმჭიდროვით „აპრავებს“. იქნებ თქვენი მოკლე კაბის გამო ქუჩაში მზერით ან სიტყვიერად გავიწროვებენ და ეს ნორმა გგონიათ?

გიფიქიათ, ქალების რამდენი პროცენტი განიცდის ამას ყოველდღიურად?

ალბათ, ხშირად მოგისმენიათ ფრაზა - “ქალისთვის კომპლიმენტი ვეღარ გითქვამს, სკამი ვერ შეგითავაზებია…” ეს ასე არაა, რა თქმა უნდა, მაგალითად, სექსუალური შევიწროვების ფარგლებში არ განიხილება რომანტიული ურთიერთობები თუნდაც სამსახურში, რომელიც დამყარებულია ორმხრივ ნებაზე და თანასწორობაზე. როგორც ამბობენ, განსხვავება რომანტიულ ურთიერთობებსა და შევიწროვებას შორის არის ნების თავისუფლება. როგორც კი ერთ-ერთი მხარისთვის ეს ურთიერთობა, მიმართვის ფორმა ან შეთავაზება ხდება არასასურველი და თავსმოხვეული, ის იქცევა სექსუალურ შევიწროვებად.

 ზღვარი რომანტიულ ურთიერთობებსა და შევიწროვებას შორის საკმაოდ მცირეა და ერთი მეორეში შესაძლოა, ადვილად გადაიზარდოს.

საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოდგენას დიდი დრო სჭირდება. ალბათ, თქვენს თავს ხშირად უსვამთ კითხვას „იქნებ მეჩვენება და ეს შევიწროება არ არის“? ასევე, ალბათ, ხშირად მოგისმენიათ ქალებისგანაც „კომპლიმენტი გიკვირს? ვის არ შეხებიან? რა ისტერიკებს მართავ“?

იქნებ არც ტრანსპორტში შევიწროების დროს არ გიჯერებენ და ამბობენ, რომ „სიმჭდროვეა, მოუხვდა ხელი, სიახლოვეს გამიზნულად არ იჭერს და ა.შ...“

დაფიქრდით! იქნებ ხმის ამოღების დროა, იქნებ მათთვის თავისი ადგილის მიჩენის დროა?! ამ ყველაფერზე ბევრმა ქალმა უნდა ილაპარაკოს და სოლიდარობა გამოხატოს.

ვფიქრობ, თუ ყველა ხმას ამოიღებს, გენდერული სამართლიანობა დამყარდება და თუ ასე მოხდება, ამ ქვეყანაში არავის არასდროს ექნება უფლება, ეს ყველაფერი „გააპრავოს“. ზღვარი და ოქროს შუალედი ურთიერთობაში, კომპლიმენტის გარჩევა უხამსობისა და შევიწროებისგან - აი, ეს არის ყველაზე მთავარი.

აღქმა, რომ ქალი მხოლოდ სექსლუარი ობიქეტია და კაცებს ყველაფრის უფლება აქვთ, ძველ დროში უნდა დავტოვოთ და ჩვენ, ქალებმა, მკაფიოდ და დამაჯერებლად უნდა მივუჩინოთ ყველას თავისი ადგილი. არ უნდა გვეშინოდეს ტრანსპორტში მგზავრობის, უფროსთან კაბინეტში შესვლის და ქუჩაში გასვლის მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ნორმა ჰგონია ჩვენი ირიბად ან პირდაპირ შევიწროება.

დაფიქრდით, იქნებ ამ ყველაფრის დასრულების დროა!

 ავტორი:სალომე ნოზაძე