ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის ყველაზე ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად აზერბაიჯანთან ერთად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგმება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება.
როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას სურს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი მარშრუტების, ტრანსპორტისა და ენერგიის გადაცემის შესაძლებლობების გაუმჯობესება:
„ჩვენ პირადად ვიხილეთ აეროპორტების, გზების, ხიდების, გვირაბებისა და სახლების მშენებლობა. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით, მე ყურადღებით დავაკვირდი, რისი მიღწევა შეუძლია აზერბაიჯანს. თავისი ბრწყინვალებით, ყარაბაღი კვლავ გახდება რეგიონის მანათობელი ვარსკვლავი. ჩვენ აზერბაიჯანს ყველა საჭირო მხარდაჭერას გავუწევთ. ძვირფას აზერბაიჯანთან ორმხრივ თანამშრომლობასთან ერთად, ჩვენ ასევე ვაძლიერებთ ჩვენს ერთიანობას თურქული სახელმწიფოების დონეზე“.
ცნობისთვის, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის 98 კმ-იანი რკინიგზა, რომლის 68 კმ თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე პროექტით საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის რეკონსტრუქცია მოხდა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საერთო სიგრძე 827 კმ-ია.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით ატარებენ ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოებს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ საკურორტო ზონებში მიწის მისაკუთრების თუ უკანონო მშენებლობების საკითხს, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს.
გუშინ, 2025 წლის 7 ნოემბერს, ჩვენმა თანამშრომლებმა,დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, “კრისტალ ჯგუფის” ხელმძღვანელი პირი დააკავეს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ “კრისტალ ჯგუფის” კომერციული დასახელების ქვეშ გაერთიანებული შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ და შპს “ჰოტელს მენეჯმენტ გრუპის” დამფუძნებელმა პირმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე, შესაბამისი ნებართვის გარეშე, თვითნებურად ააშენა ხუთი სასტუმრო-აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც ჰქონდა მხოლოდ კრისტალ ჯგუფის მომხმარებლებს. უნებართვოდ აშენებული სასტუმრო-აპარტამენტების რეალიზაციის შედეგად, უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა.
ამ ეტაპისათვის, გამოძიებით დადგენილია 1 894 925 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი.
საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება, “კრისტალ ჯგუფის” დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების, მათ შორის დანაშაულის ხელშემწყოფი საჯარო მოხელეების დადგენის და მხილების მიზნით.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს." | ნათქვამია განცხადებაში
საქართველო შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო ადგილი ჩინური კომპანიებისთვის ქვეყანაში ინვესტიციების ჩასადებად და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა შესთავაზოს მათ საუკეთესო შესაძლებლობები ინვესტიციებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ CCTV-სთან, გადაცემა Leaders Talk-ში.
მთავრობის მეთაურის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წინსვლის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებით, საქართველოს შეუძლია კიდევ უფრო გააღრმაოს სავაჭრო პარტნიორობა ჩინეთთან.
„2018 წელს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ჩვენ არსებითად წინ წავწიეთ სავაჭრო პარტნიორობა ჩინეთთან და ციფრები შთამბეჭდავია, ზრდა არის მართლაც თვალსაჩინო. რა თქმა უნდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წინსვლის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებით, ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაღრმაოთ სავაჭრო პარტნიორობა ჩინეთთან. ჩვენ გვსურს ჩინეთში ექსპორტის მოცულობის გაზრდა. საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი. საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო, ხოლო წელს, თუ პირველ სამ კვარტალს ავიღებთ, 7.7%-ია. ასე რომ, ჩვენ სწრაფად ვვითარდებით და ამ სწრაფი განვითარებით, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ. არსებობს მრავალი განსხვავებული სფერო, სადაც საქართველოში ინვესტიციები შეიძლება საინტერესო იყოს ჩინელი პარტნიორებისთვის. მაგალითად, ენერგეტიკის სექტორი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ტურიზმი და მასპინძლობა. საქართველო ეკონომიკურ აქტორებს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს სთავაზობს. ჩვენ ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალი გადასახადები, ძალიან მარტივი საგადასახადო სისტემა, ნაკლები ბიუროკრატია საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის. საქართველო ასევე ძალიან მაღალ პოზიციებზეა სხვადასხვა ინდექსში ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ საქართველო შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო ადგილი ჩინური კომპანიებისთვის ქვეყანაში ინვესტიციების ჩასადებად და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა შესთავაზოს მათ საუკეთესო შესაძლებლობები ინვესტიციებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 175.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშირისო სავალუტო რეზერვები 5.6 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266.0 მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, აგვისტოში 199.6 მლნ-ის, ხოლო სექტემბერში 100.0 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-სექტემბერში წმინდა შესყიდვებმა 1 596.0 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ოქტომბრის სტატისტიკა კი 25 ნოემბერს გამოქვეყნდება.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის ორიენტირებულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე-ოქტომბრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.
2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.4%-ს (920.6 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 420.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 5 დეკემბერს გამოაქვეყნებს.
საქსტატის ინფორმაციით, წელს 9 თვეში საქართველოდან თხილის ექსპორტი 84.4 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა 50%-ია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ თხილის საექსპორტო საშუალო ფასი წელს 7.8 დოლარი იყო, რაც წლიურად თითქმის 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქართველოდან თხილი ძირითადად ევროკავშირში გადის. ქართული თხილის მთავარი საექსპორტო ბაზარი იტალიაა, სადაც წელს 16 მლნ დოლარის ღირებულების თხილი გაიყიდა; შემდეგ მოდის 12 მლნ დოლარით ესპანეთი, მესამე ადგილზეა გერმანია 6.4 მლნ დოლარით; მეოთხეზეა საფრანგეთი თითქმის 6 მლნ დოლარით, ხოლო მეხუთე ადგილს 3.4 მლნ დოლარით თურქეთი იკავებს.