სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება ე.წ უწყვეტი სამედიცინო განათლების ქულებთან დაკავშირებით 2025 წლის პირველ მარტამდე შეჩერდა.
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის დადგენილებით, 2024 წელს მოპოვებული ქულების შემოწმება 2025 წლის 1 მარტიდან დაიწყება. ამას გარდა, პირველ მარტამდე შესაძლებელია 2024 წელს მოსაპოვებელი ქულების შევსებაც, თუმცა აღნიშნული ქულები არ იქნება ჩათვლილი 2025 წელს მოსაპოვებელი ქულების ჯამურ რაოდენობაში.
"დაწესებულების/ერთეულის ყველა ექიმ-სპეციალისტი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში საქმიანობის პროფილის შესაბამისად, ასევე გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის, ალერგიული რეაქციებით გამოწვეული) მართვის საკითხებზე და ყოველწლიურად აგროვებდეს არანაკლებ 20 უსგ ქულას წელიწადში", - აღნიშნულია დადგენილებაში.
სტომატოლოგებს უწყვეტ სამედიცინო განათლების (უსგ) სისტემაში ჩართვისა და ტრენინგებზე დასწრებით 20 ქულის დაგროვების ვალდებულება 2025 წლის 1-ლი იანვრიდან უჩნდებოდათ. რეგულაციის გადავადებას წინ უძღოდა სფეროს წარმომადგენლების პროტესტი. 700-ზე მეტმა სტომატოლოგმა 2024 წლის სექტემბერში კობახიძეს განცხადებითაც მიმართეს. სტომატოლოგები ეთანხმებოდნენ უწყვეტი გადამზადების მოთხოვნებს, თუმცა მიიჩნევდნენ, რომ ამ ეტაპისთვის რთულად მისაღწევი იქნებოდა, განსაკუთრებით კი რეგიონში მცხოვრები ექიმებისთვის, რადგან მოთხოვნილ ტრენინგებში მონაწილეობა წლის განმავლობაში 10 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობდა, რაც რიგ შემთხვევაში სტომატოლოგიური საქმიანობის მიწისქვეშეთში გადასვლას, რიგ შემთხვევაში კი მომსახურების გაძვირება გამოიწვევდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში გრიპის, განსაკუთრებით A H1p წილი გრიპისმაგვარი ინფექციებით ავადობაში ბოლო 4 კვირაა მატულობს. NCDC-ში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ასევე ცირკულირებს სხვადასხვა ტიპის გრიპებიც:
"ქვეყანაში ბოლო კვირის მონაცემებით გრიპისმაგვარი დაავადებებით მიმართვიანობა და მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციების წილი საერთო ჰოსპიტალიზაციაში სეზონური არაეპიდემიური მაჩვენებლების ფარგლებშია. გრიპის, განსაკუთრებით A H1p წილი გრიპისმაგვარი ინფექციებით ავადობაში ბოლო 4 კვირაა მატულობს, რაც დეკემბრისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.
ასევე, ცირკულირებს გრიპის სხვა ტიპისა და პარაგრიპის, რინო, ადენო, რესპირაციულ სინციტიური ვირუსი და სხვა გამომწვევები (მ.შ. იშვიათად - ადამიანის მეტაპნევმოვირუსიც, რომლის შემთხვევები ყოველწლიურად აღირიცხება) და მათი გავრცელება ტიპურია მიმდინარე სეზონისთვის.
ჩინეთში დაფიქსირდა გრიპის და სხვადასხვა რესპირაციული ინფექციის (მ.შ. HMPV-ით გამოწვეული) შემთხვევების ზრდა, რის გამოც ზოგიერთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ჯანმოს ევროპის რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში აღწერილია HMPV-ით ავადობის უმნიშვნელო მატება.
HMPV (ადამიანის მეტაპნევმოვირუსი) რესპირაციული ვირუსია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადება ყველა ასაკის ადამიანში, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში, ხანდაზმულებში და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში. დამახასიათებელი სიმპტომებია: ხველა, ცხელება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება/შეშუპება და დაღლილობა.
დაავადების ინკუბაციის პერიოდი 3-დან 6 დღემდეა. შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს და დაახლოებით ერთ კვირაში გამოჯანმრთელებით სრულდება, იშვიათად ვირუსმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გართულება, მაგ.: ბრონქიტი და პნევმონია, განსაკუთრებით, ჩვილებში, ხანდაზმულებში ან სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებში.
ვირუსი თავდაპირველად დაფიქსირდა 2001 წელს. HMPV მიეკუთვნება Pneumoviridae-ს ჯგუფს. მოლეკულური დიაგნოსტიკური ტესტირების ფართო გამოყენებამ შესაძლებელი გახადა HMPV-ის, როგორც ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციის გამომწვევი ვირუსის იდენტიფიკაცია.
HMPV ვირუსი, დაავადებული ადამიანიდან ჯანმრთელზე ვრცელდება რესპირაციული სეკრეტებით - ხველის და ცემინების დროს, დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტით და ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხებით. განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ბავშვები, ხანდაზმულები, იმუნოდეფიციტის მქონე პირები. საყურადღებო სიმპტომებია - მუდმივი ცხელება, ლეთარგია ან სუნთქვის გაძნელება. სიმპტომების გამწვავების შემთხვევაში რეკომენდებულია სასწრაფოდ მიმართოთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს.
HMPV-სთვის არ არსებობს სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა ან ვაქცინა. მკურნალობა ძირითადად მოიცავს სიმპტომების მართვას, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების დაცვა. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაა, რადგან გრიპისა და HMPV-ს აქტიური გავრცელების სეზონი თანხვედრაშია და ორივე ვირუსით ერთდროულმა ან ურთიერთთანმიმდევრულმა ინფიცირებამ შესაძლოა დაამძიმოს დაავადების მიმდინარეობა ან გაახანგრძლივოს გამოჯანსაღების პროცესი.
HMPV-ს პრევენცია ისეთივეა, როგორც სხვა გრიპისმაგვარი ინფექციების:
• ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში ან დაიმუშავეთ სპირტისშემცველი ხსნარით.
• მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს რესპირაციული სიმპტომების მქონე ადამიანებთან.
• დარჩით სახლში, თუ ავად ხართ, რათა თავიდან აიცილოთ ვირუსის გავრცელება.
• ატარეთ პირბადე ხალხმრავალ ან ცუდად ვენტილირებად სივრცეებში.
• ხშირად გაანიავეთ შიდა სივრცეები და მოერიდეთ არასაჭირო მჭიდრო კონტაქტს.
• დაიფარეთ პირი და ცხვირი ხველის და ცემინების დროს.
• მოერიდეთ ჭურჭლის სხვებთან გაზიარებას"
ჯანდაცვის სამინისტრო, სამედიცინო დაწესებულებებს, საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის, დამატებით ვადას აძლევს. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო პროგრამებში ჩართული კლინიკების უდიდესმა ნაწილმა, საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე მოიპოვა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დაწესებულების გარკვეული ნაწილი, ვერ ახერხებს ვალდებულებების ვადებში სრულად შესრულებას,
მოქალაქეებისთვის გადაუდებელ სამედიცინო სერვისზე ხელმისაწვდომობის უწყვეტობის მიზნით, მათ საშეღავათო პერიოდი მიეცათ.
„მიმდინარე წელს, დღის წესრიგში იყო დაყენებული ამოცანა, რომ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2024 წლის ბოლომდე, უნდა მოეპოვებინათ საერთაშორისო აკრედიტაცია. სამედიცინო დაწესებულებების უდიდესმა ნაწილმა, თავი გაართვა ამ გამოწვევას და მათ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. თუმცა რჩება გარკვეული ნაწილი კლინიკებისა, რომელთაც ეს პროცესი ჯერ არ დაუსრულებია და ამ მოთხოვნებს უახლოესი თვეების განმავლობაში დაკმაყოფილებას. შესაბამისად, სამინისტრომ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება და კლინიკებს მიეცემათ საშეღავათო პერიოდი, იმისათვის, რომ ერთის მხრივ, სამედიცინო მომსახურების ხარისხი იყოს სათანადოდ უზრუნველყოფილი და მეორეს მხრივ, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, გეოგრაფიული ან პროფილური ხელმისაწვდომობა არ გახდეს პრობლემა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის“, - განაცხადა მიხეილ
სარჯველაძემ.
საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის მოადგილემ, ირინე ჩიხლაძემ "შპს იმერმედი – იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში (თერჯოლამედი)" არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი მოინახულეს, დაათვალიერეს დაწესებულების ინფრასტრუქტურა, გაესაუბრნენ პაციენტებსა და განყოფილების პერსონალს.
ომბუდსმენის აპარატი დაწესებულებაში მძიმე ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თერჯოლის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, პაციენტებს სუფთა ჰაერზე გასვლის შესაძლებლობა არ აქვთ.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, გამოწვევაა სანიტარულ-ჰიგიენური პირობებიც.
"ცენტრი გათვლილია 18 საწოლზე და სრულად დატვირთულია; უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებულებაში გამოიკვეთა ინფრასტრუქტურული პრობლემები. იქ მყოფ პაციენტებს არ აქვთ სუფთა ჰაერზე გასვლის შესაძლებლობა; შენობაში გამოწვევაა სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა. ამასთან ხშირია ერთი და იგივე პირების სტაციონირების შემთხვევები, რაც გამოწვეულია რეგიონში სათემო სერვისების ნაკლებობით.
მკურნალობის პროცესში პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილნი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციური ინტერვენციებით და ნაკლებადაა გათვალისწინებული მათი ინდივიდუალური საჭიროებები. ცენტრი განიცდის საჭირო პერსონალის/სპეციალისტების სიმცირეს.
სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები განაგრძობენ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განთავსებული პირების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას და მონიტორინგის შედეგები აისახება საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში", - ვკითხლობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.