საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთა საქმიანობაშიც კოვიდის პერიოდში არსებობდა ნაკლოვანებები და აქვთ სახელმწიფოს წინაშე ფინანსური ვალდებულებები, სახელმწიფო გარკვეულ საშეღავათო პირობებს სთავაზობს.
კერძოდ, სარჯველაძის თქმით, შეთავაზება მდგომარეობს იმაში, რომ სამედიცინო დაწესებულებები დღევანდელი მდგომარეობით დავალიანებული თანხის 25 პროცენტს თუ აანაზღაურებენ ბიუჯეტის სასარგებლოდ, დანარჩენი პასუხისმგებლობისგან პირდაპირ გათავისუფლდებიან.
მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ჯამური ვალდებულებების ოდენობა დაახლოებით 26 მილიონ ლარს შეადგენს.
„რამდენიმე საკითხზე მინდა გავაკეთო კომენტარი. პირველი უკავშირდება კოვიდის პერიოდში სამედიცინო დაწესებულებების მიერ განხორციელებული სამედიცინო მომსახურების საკითხს. მოგეხსენებათ, ამასთან დაკავშირებით არსებობდა გარკვეული არაერთგვაროვანი შეხედულებები საზოგადოებაში, ინფორმაციაც, რომ სამედიცინო სერვისების ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით იყო წარმართული და არსებობდა გარკვეული პრობლემები თვითონ სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობაში. მათ შორის, ეს ასახულია არაერთ აქტში, რომლითაც შემოწმდა ასეთი დაწესებულებების იმ პერიოდის საქმიანობა და რომელთან დაკავშირებითაც გამოვლენილი იქნა კონკრეტული ნაკლოვანებები.
მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ყველა ამ დაწესებულებას, რომელსაც აქვს გარკვეული ფინანსური ვალდებულებები წარმოშობილი სახელმწიფოს წინაშე, ფინანსური პასუხისმგებლობის სახით, შეეთავაზება, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელი მდგომარეობით დავალიანებული თანხის 25 პროცენტს აანაზღაურებენ ბიუჯეტის სასარგებლოდ, დანარჩენი პასუხისმგებლობისგან პირდაპირ გათავისუფლდებიან. ეს შეთავაზება, პრაქტიკულად, უკვე ძალაში შევა დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ.
სამედიცინო დაწესებულებებს მიეცემათ გარკვეული პერიოდი, რომ მომართონ სახელმწიფოს და სწორედ ამგვარად წარიმართება ეს ურთიერთობები. მოგახსენებთ, რომ ჯამური ვალდებულებების ოდენობა გახლავთ დაახლოებით 26 მილიონი ლარი. რაც შეეხება შეთავაზებას, მასთან დაკავშირებით მოგახსენეთ და ვფიქრობთ, რომ ეს არის სამართლიანი შეთავაზება. აღნიშვნას იმსახურებს ასევე ის გარემოებაც, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა საკმაოდ აქტიური კონსულტაციები თვითონ სამედიცინო დაწესებულებებთან, მათ შორის ბიზნეს სუბიექტებთან, რომლებიც ამ სფეროში ოპერირებენ და ვფიქრობ, მათი მხრიდანაც ამას ექნება პოზიტიური განწყობა, პოზიტიური დამოკიდებულება და არაერთი სამედიცინო დაწესებულება შეძლებს, რომ მინიჭებული შეღავათით ისარგებლოს. ჩვენთვის მთავარი ამოცანა, რომელსაც ვისახავთ ამ ინიციატივის განხორციელების შედეგად, არის მეტი შესაძლებლობის მინიჭება სამედიცინო დაწესებულებებისთვის, რათა მათ შორის ეს ფინანსები წარმართონ და მოახმარონ სწორედ იმას, რასაც ჰქვია პაციენტის საუკეთესო ინტერესის დაკმაყოფილება, ექიმებისთვის უკეთესი პირობების შექმნა, პროფესიული მოვალეობების განსახორციელებლად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო 2022 წლის 1 თებერვლიდან 2025 წლის 1 ივლისამდე საქართველოში შემოსულ და საქართველოში უწყვეტად მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფს, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
„დოკუმენტის თანახმად, უკრაინის მოქალაქეები 2025 წლის პირველ ივლისამდე ისარგებლებენ შემდეგი სამედიცინო სერვისებით: იმუნიზაცია; ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის/შიდსის მკურნალობა, მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი; ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა, მათ შორის, მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დიალიზი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა;რეფერალური მომსახურება - გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის, მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს, მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ. სახსრის ნაწილობრივი ან სრული ჩანაცვლებისთვის, მათ სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე, ერთჯერადად, უარის თქმა აღარ მოუწევთ. პაციენტი მხოლოდ სასურველი იმპლანტირებადი მოწყობილობის თანხას გადაიხდის, ოპერაციის სხვა ხარჯებს კი, პაკეტის შესაბამისად, კვლავ სახელმწიფო აუნაზღაურებს.
ცვლილება სამინისტროსა და სექტორის ერთობლივი, აქტიური მუშაობის შედეგად ამოქმედდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სიახლე პაციენტების ინტერესებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით ამოქმედდა.
შეხვედრაზე განიმარტა, რომ პაციენტებს თავისუფალი არჩევანის საშუალება რჩებათ. თუ ბენეფიციარს თანაგადახდით სარგებლობა არ სურს, ოპერაციის ხარჯებთან ერთად, პროგრამით გათვალისწინებული იმპლანტირებადი მოწყობილობის ხარჯსაც სახელმწიფო დაფარავს. აღსანიშნავია, რომ მოქმედი რეგულაციის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების - FDA, MDR ან CE სერტიფიკატის მქონე მასალებს იყენებს.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები - ირაკლი სასანია და ირინე წაქაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე. ასევე - ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში თანაგადახდის სისტემა ცოტა ხნის წინ ამოქმედდა - პირველ ეტაპზე, სიახლე არჩეული, ე.წ. VIP პალატით სარგებლობას შეეხო. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად, სხვა სერვისებზეც გავრცელდება.