საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ საკვირაო ქადაგებისას მრევლს სიყვარულისა და ღვთის მცნებების დაცვისკენ მოუწოდა. მეუფე შიომ წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია, ჰეროდეს მიერ ბეთლემში მოკლულ 14 ათას ჩვილს იხსენებს, რომლებიც ქრისტესთვის მოწამებრივად აღესრულნენ.
„გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. ვიცხოვროთ უფლის მცნებებით, ვეცადოთ ყველანაირად, რომ ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ ჩვენ. წმინდა ანგელოზები გვეხმარებიან ჩვენ, რომ ჩვენს სულში გავხსნათ ყველაზე ძვირფასი და უაღმატებულესი თვისება - სიყვარული. ეს არის სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანის. ეს ის სიყვარულია, რომელიც გვიბიძგებს ჩვენთან მოსული ღმერთის შესახვედრად, რომელიც მოვიდა დედამიწაზე იმისთვის, რომ ყოველი ჩვენგანი გახდეს ისეთი, როგორიც იგი თავდაპირველად გამოვიდა შემოქმედის ხელიდან", - თქვა მეუფემ.
Passport Index-ის 2026 წლის მონაცემებით, საქართველო ყველაზე ძლიერი პასპორტების ჩამონათვალში 33-ე ადგილზეა მსოფლიოში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ 133 ქვეყანაში უვიზოდ ან გამარტივებული წესით შესვლა.
აქედან 79 ქვეყანაში მოქალაქეები სრულიად უვიზოდ შედიან, 50 ქვეყანაში აეროპორტშივე იღებენ ვიზას, ხოლო ოთხ ქვეყანაში ელექტრონულ ნებართვას საჭიროებენ. საქართველოს მოქალაქეებს ვიზის მიღება ესაჭიროებათ 65 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-სა და იაპონიაში.
2023-2024 წელს იმავე რეიტინგში საქართველო 32-ე ადგილს იკავებდა 135 ქვეყნაში უვიზოდ შესვლის ხელმისაწვდომობით.
2022 წელს საქართველო ამავე რეიტინგში 34-ე ადგილზე იყო, ხოლო 2021 წელს – 35-ე.
ამასთან, 2017 წელს საქართველო რეიტინგში 45-ე ადგილს იკავებდა.
„ალილოს“ ტრადიციული მსვლელობა გაიმართა ქვეყნის მასშტაბით. ქრისტესშობის მახარობლებმა გალობით მოიარეს ბათუმის ქუჩები და შეაგროვეს შესაწირი. ხალხს შეუერთდა ადგილობრივი ხელისუფლება.
ალილოს ტრადიციული მსვლელობა დადიანების ისტორიული მუზეუმის ეზოდან დაიწყო სამეგრელოში. ალილოს მონაწილეებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ და შობის მახარობლებს საჩუქრები გადასცეს. მსვლელობა ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო პარაკლისით დასრულდა.
მსვლელობა გაიმართა ქუთაისშიც. ის მერიის შენობიდან დაიწყო, სადაც თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შობის მახარობლებს ნობათი გადასცეს.
გორში მომლოცველები ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძართან შეიკრიბნენ. სასულიერო პირებმა, მახარობლებმა, სტიქაროსნებმა და მრევლმა ქალაქის ყველა ცენტრალური ქუჩა ლოცვით და გალობით შემოიარეს და მოსახლეობას ქრისტესშობა ახარეს.
საშობაო მსვლელობა გაიმართა გურჯაანში. სასულიერო პირებმა, სტიქაროსნებმა და შობის მახარობლებმა მოსახლეობას ქრისტესშობა მიულოცეს და საშობაო ნობათი შეაგროვეს. აკურთხეს ქალაქის ქუჩები. ალილოს შეუერთდა ადგილობრივი ხელისუფლებაც.
ქრისტესშობას, თბილისსა და მთელ საქართველოში, სადღესასწაულო საზეიმო მსვლელობა „ალილო“ გაიმართება.
თბილისში მსვლელობა 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. სადღესასწაულო მსვლელობის დროს „ალილოს“ მონაწილეებს პრეზიდენტი, პარლამენტის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები შეხვდებიან.
„ალილოს“ მონაწილეები შობას მიულოცავენ პატრიარქს და მსვლელობა დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც შობის პარაკლისი შესრულდება.
„ალილოს“ დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით 2 000 წელს აღდგა. მსვლელობისათვის სპეციალურად იკერება ბაირაღები და ალილოს მონაწილეებისთვის - განსხვავებული შესამოსელი.