საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის სამიზნეც ებრაული თემის წევრები იყვნენ, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, ანტისემიტიზმის აქტები ძირს უთხრის საერთო ღირებულებებს.
„საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის სამიზნეც ებრაული თემის წევრები იყვნენ, რომლებიც ხანუქას აღსანიშნავად შეიკრიბნენ.
ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ დაზარალებულებს და დაშავებულებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრალიის ხალხსა და მთავრობას. ანტისემიტიზმის აქტები ძირს უთხრის ჩვენს საერთო ღირებულებებს და მტკიცედ უნდა დავუპირისპირდეთ მათ, სადაც არ უნდა ხდებოდეს”, - აღნიშნავს პრემიერი.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვევით, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი, ოჯახთან ერთად, თეთრი სახლის საშობაო-სადღესასწაულო ტურს ეწვია. ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, საქართველოს ელჩმა ღონისძიებაზე მიწვევასა და პრეზიდენტისა და პირველი ლედის მისალოც ბარათთან დაკავშირებით მადლიერება გამოხატა.
„თეთრი სახლი სტუმრებს აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ შემუშავებული თემატიკით – „სახლი არის იქ, სადაც შენი გულია“ – დახვდათ მორთული. წლევანდელი დეკორაციები ამერიკის სულისკვეთებას განასახიერებს და ხაზს ოჯახურ ღირებულებებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ საქმიანობას უსვამს, რომელიც მოქალაქეთა კეთილდღეობას ემსახურება.
ღონისძიება დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გაიმართა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პოზიტიურ დინამიკას.
ხაზი გაესვა მზარდ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას და რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ.
მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივაზე, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, დიალოგის გზით ხელი შეუწყოს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა თურქმენეთში, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
საქართველო და აზერბაიჯანი რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად და თანამშრომლობას აგრძელებენ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, საქართველო აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების იდეის ერთგულია.
“აშხაბადში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შევხვდი. საქართველო და აზერბაიჯანი რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად და თანამშრომლობას აგრძელებენ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების იდეის ერთგულნი ვართ”, - აღნიშნავს პრემიერი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, მხარეებს შორის საუბარი კონცენტრირებული იყო ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავებაზე.
„პროდუქტიული შეხვედრა მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან.
ჩვენი საუბარი კონცენტრირებული იყო ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავებაზე, რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად თანამშრომლობის გააქტიურებაზე“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ყურადღება დაეთმო სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიდან საქართველოს საზღვაო პორტების მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის პოტენციალს.
პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას.
ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
ირაკლი კობახიძემ სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.