უძრავი ქონების სექტორს ეკონომიკურ ზრდაში უკავია განსაკუთრებული ადგილი. გასულ წელს უძრავი ქონების სექტორში ეკონომიკურმა რეალურმა ზრდამ 10 პროცენტს გადააჭარბა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიმართულებით.
„ამ ყველაფერს ხელს უწყობს ის საერთო გარემო, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში, გვაქვს სათანადო საინვესტიციო გარემო, გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს დაბალი გადასახადები, რაც ბუნებრივია, ქმნის სტიმულს საქართველოში ეკონომიკური აქტივობისთვის და კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული მოწინავე ქვეყანა ამ მაჩვენებლით. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე რეგიონში და წინ ვუსწრებთ ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხელს უწყობს სათანადო გარემოს შენარჩუნებას ჩვენს ქვეყანაში. ასევე საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს უკავია მაღალი ადგილი. გამოვყოფდი მსოფლიო ბანკის რეიტინგს ბიზნესისთვის მზაობა, ე.წ. B-READY, სადაც საქართველოს არის ერთ-ერთი ლიდერი და მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის იკავებს მეოთხე ადგილს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საერთო ტენდენციები, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, პირდაპირ პროპორციულად აისახება უძრავი ქონების სექტორის დინამიკაზე.
„ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორი ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას. ასევე ეს სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. ცალკე მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი, რომლის განხორციელება დაწყებულია ჩვენს ქვეყანაში, ეს არის უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ის უპრეცედენტო საინვესტიციო პროექტი, რომლის საერთო მოცულობა არის 6,6 მილიარდი დოლარი. ასეთი მასშტაბური ინვესტორის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში ადასტურებს საერთო ნდობას ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ და იმ გარემოს მიმართ, რომელიც არის საქართველოში ჩამოყალიბებული. მარტო ეს კონკრეტული ინვესტიცია დაახლოებით 11 მილიარდი ლარით გაამდიდრებს საქართველოს ეკონომიკას, რაც მის მასშტაბებზე თავისთავად მეტყველებს.
გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ საქართველოს დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, რისთვისაც დიდი ინვესტიციები იდება. დაგეგმილია მასშტაბური მშენებლობები ამ მიმართულებით. ესეც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის მეტად დაჩქარებას. მინდა, კიდევ ერთხელ გისურვოთ ნაყოფიერი დისკუსიები. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ამ ფორუმის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესასოციაციას და ფორუმის თითოეულ ორგანიზატორს, ამ ფორუმის ორგანიზებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოში ეკონომიკური აქტივობის კიდევ უფრო მეტად ზრდას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო რუმინეთში, ქ. ბუქარესტში ,,Invest In Network”–ის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში - ,,ენერგეტიკული კვირეული შავი ზღვა 2026“ (Energy Week Black Sea 2026).
სემეკის თავმჯდომარემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი - მარეგულირებელი ჩარჩო". დავით ნარმანიამ ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი მარეგულირებელი მექანიზმების, საქართველოს ენერგეტიკულ კანონმდებლობაში ევროპის ენერგეტიკული პაკეტის დირექტივებისა და რეგულაციების ჰარმონიზების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლსა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე.

საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრები, ესკოს, ენერგეტიკის განვითარების ფონდის წარმომადგენლები.
გარდა ამისა, სემეკის თავმჯდომარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ინგა ფხალაძესთან ერთად, დაესწრო ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ ორმხრივ სამუშაო შეხვედრას, ასევე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და რუმინეთის ეროვნული ელექტროენერგიის გადაცემის კომპანია Transelectrica S.A.-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების მიზნით თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

იტალიაში მცხოვრები ქართველებისთვის!
შეიცვალა საგადასახადო კანონი!
აქამდე, საქართველოს მოქალაქეს (და სხვა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის) რომელიც იტალიაში ლეგალურად ცხოვრობდა, 7 30-ს შევსებისას, უფლება ჰქონდა, საქართველოში მცხოვრები ოჯახის წევრები, თავის კმაყოფაზე დაეფიქსირებინა და მიეღო მთელი რიგი ფინანსური შეღავათები.
ცვლილება აღარ იძლევა უფლებას, ახალი წლიური დეკლარაციის, 730-ის შევსებისას საქართველოში მცხოვრები ოჯახის წევრები დაარეგისტრიროთ, როგორც თქვენს კმაყოფაზე მყოფი, რაც არ უნდა დაბალი შემოსავალი ჰქონდეთ მათ.
საგადასახადო შეღავათები გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხართ იტალიის, ან ევროკავშირის სხვა ქვეყნის მოქალაქე, ან ოჯახის წევრები ცხოვრობენ იტალიაში ან ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყანაში.
წყარო: ©️ERMES TV - ერმესი მედია - ნინა მამუკაძე
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრონომიულ კონგრესსა და გამოფენაში Madrid Fusión მიიღო მონაწილეობა.
ესპანეთის დედაქალაქში კონგრესზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქართველ შეფ-მზარეულებთან დავით ნარიმანიშვილთან და გურამ ბაღდოშვილთან ერთად წარდგა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მადრიდში ქართული რესტორანი „ნუნუკა“.
ქართველმა შეფ-მზარეულებმა საქართველოს სტენდზე და კონგრესის მულტიფუნქციურ სცენაზე მასტერკლასები ჩაატარეს. გასტრო კონგრესის მონაწილეები, კულინარიის საერთაშორისო ექსპერტები ქართულ სამზარეულოსა და გასტრონომიულ ტრადიციებს გაეცნენ.
მადრიდის საერთაშორისო გასტრო კონგრესის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებმა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებმა ქართული კერძები და ღვინო დააგემოვნეს.
კონგრესში მსოფლიოში ცნობილი და გავლენიანი შეფმზარეულები შეიკრიბნენ ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ქართულ სამზარეულოს გაეცნენ.
Madrid Fusión-ზე, საქართველოს კულინარიული სტენდი ესპანური ტელეკომპანიების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.
გასტრო კონგრესი Madrid Fusión 24 წელია იმართება. კონგრესს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან 26 ათასზე მეტი სტუმარი ჰყავდა. საერთაშორისო კულინარიულ ღონისძიებაში 2000-მდე პროფესიონალი მონაწილეობდა.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მეტალების საერთაშორისო ბირჟაზე უკიდურესად მკვეთრი დაღმასვლის დინამიკა ფიქსირდება – რეკორდული შედეგის მიღწევის შემდეგ, ვერცხლმა მყისიერი 40%-იანი კოლაფსი განიცადა.
უფრო კონკრეტულად, გასულ ხუთშაბათს ვერცხლის ფასმა უნციაზე რეკორდულ 121 დოლარს მიაღწია, დღეს კი ბირჟაზე 72-დოლარიანი მინიმუმი დაფიქსირდა, რაც 40%-იან კლებას გულისხმობს და მას ინვესტორები ტექნიკურ დონეზე არა უბრალოდ ვარდნას, ან კორექციას, არამედ კოლაფსს უწოდებენ.
უკიდურესად ნეგატიური შედეგი აქვს ოქროსაც, რომლის ფასმა ხუთშაბათს რეკორდულ 5,600 დოლარს მიაღწია, დღეს კი ის 4,400-დოლარიან მინიმუმს აფიქსირებს, რაც 21%-იან კორექციას წარმოადგენს.
ანალოგიური დინამიკა იკვეთება პლატინასთან მიმართებითაც, რომელიც ამავე პერიოდში 35%-ით არის გაუფასურებული.
საერთო ჯამში, ოქროსა და ვერცხლის გაუფასურების შედეგად, ძვირფასი მეტალების საბაზრო შეფასება ჯამურად $10 ტრილიონით შემცირდა, რაც ამ შემთხვევას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მკვეთრ კორექციად აქცევს.
ექსპერტების შეფასებით, ძვირფასი მეტალების ბაზრის ჩამოშლა სპეკულაციური ბუშტის გაჩენით, არარაციონალური ვაჭრობით, ლევერიჯირებული პოზიციებით და მუდმივი ზრდის იმედით დამწყები ინვესტორების ჩართულობით არის განპირობებული. მარტივად რომ ვთქვათ, ბაზარი კრიტიკულად გადახურდა და სამარადჟამო აღმასვლის მოლოდინი გაქრა, რასაც ბუნებრივად მოჰყვა აქტივების მკვეთრი გაუფასურება, რადგან ოქროსა თუ ვერცხლზე არსებული რეალური მოთხოვნა აცდენაში იყო საბაზრო შეფასებასთან.
bm.ge