აზერბაიჯანში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, პაციენტი ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" წერს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის 22 წლის მოქალაქე მიმდინარე წლის 2-დან 11 იანვრამდე საზღვარგარეთ ტურისტულ მოგზაურობაში იმყოფებოდა. დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში ის ბაქოს კლინიკაში მივიდა სისუსტის, სიცხის, გენიტალიებთან გამონაყარის, გადიდებული ლიმფური კვანძების და კუნთების ტკივილის ჩივილით.
"ინფექციონისტმა, რომელიც ეჭვობდა, რომ პაციენტი დაინფიცირდა მაიმუნის ვირუსით, ანამნეზის დროს აღმოაჩინა, რომ მოგზაურობის დროს პაციენტს ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც გამონაყარი ჰქონდა. სიმპტომების არსებობა ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების საფუძველი გახდა. PCR ტესტის შედეგებმა დაადასტურა მაიმუნის ვირუსის არსებობა," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პაციენტი ჰოსპიტალიზებულია და სტაციონარულ მკურნალობას გადის. ოჯახის წევრებს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ პაციენტთან, არ აღენიშნებათ დაავადების ნიშნები. ისინი ტერიტორიული ამბულატორიული სამედიცინო სამსახურისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის ორგანიზებით შინ დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
"მათ ჩაუტარდათ პროფილაქტიკური მკურნალობა და გადაეცათ საჭირო მედიკამენტები," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პაციენტისა და მასთან კონტაქტში მყოფთა სამკურნალო და პროფილაქტიკური ღონისძიებები გაგრძელდება ინკუბაციური პერიოდის დასრულებამდე.
"მთავარი არხი"
სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება ე.წ უწყვეტი სამედიცინო განათლების ქულებთან დაკავშირებით 2025 წლის პირველ მარტამდე შეჩერდა.
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის დადგენილებით, 2024 წელს მოპოვებული ქულების შემოწმება 2025 წლის 1 მარტიდან დაიწყება. ამას გარდა, პირველ მარტამდე შესაძლებელია 2024 წელს მოსაპოვებელი ქულების შევსებაც, თუმცა აღნიშნული ქულები არ იქნება ჩათვლილი 2025 წელს მოსაპოვებელი ქულების ჯამურ რაოდენობაში.
"დაწესებულების/ერთეულის ყველა ექიმ-სპეციალისტი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში საქმიანობის პროფილის შესაბამისად, ასევე გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის, ალერგიული რეაქციებით გამოწვეული) მართვის საკითხებზე და ყოველწლიურად აგროვებდეს არანაკლებ 20 უსგ ქულას წელიწადში", - აღნიშნულია დადგენილებაში.
სტომატოლოგებს უწყვეტ სამედიცინო განათლების (უსგ) სისტემაში ჩართვისა და ტრენინგებზე დასწრებით 20 ქულის დაგროვების ვალდებულება 2025 წლის 1-ლი იანვრიდან უჩნდებოდათ. რეგულაციის გადავადებას წინ უძღოდა სფეროს წარმომადგენლების პროტესტი. 700-ზე მეტმა სტომატოლოგმა 2024 წლის სექტემბერში კობახიძეს განცხადებითაც მიმართეს. სტომატოლოგები ეთანხმებოდნენ უწყვეტი გადამზადების მოთხოვნებს, თუმცა მიიჩნევდნენ, რომ ამ ეტაპისთვის რთულად მისაღწევი იქნებოდა, განსაკუთრებით კი რეგიონში მცხოვრები ექიმებისთვის, რადგან მოთხოვნილ ტრენინგებში მონაწილეობა წლის განმავლობაში 10 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობდა, რაც რიგ შემთხვევაში სტომატოლოგიური საქმიანობის მიწისქვეშეთში გადასვლას, რიგ შემთხვევაში კი მომსახურების გაძვირება გამოიწვევდა.