განახლება 12.00, 7 დეკემბერი, 2024:
7 დეკემბერს, წინასწარი შეთქმულების გზით, უცხოური ვალუტის კონტრაბანდის ბრალდება წაუყენეს ონლაინ გამოცემა Meydan TV-ის ხუთ თანამშრომელს და დამოუკიდებელ ჟურნალისტ რამინ დეკოს, რომლებიც წინა ღამით ბაქოში დააკავეს.
გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულების სია ასეთია:
- აინურ ელგუნესი
- აიტაჯ ტაპდიგი
- ხაიალია აგაევა
- ნათიგ ჯავადლი
- აისელ უმუდოვა
- რამინ დეკო
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ საქმეზე სულ 13 ადამიანია დაკავებული, დანარჩენის ვინაობა ჯერ არ სახელდება.
ჟურნალისტების ხაიალი აგაევას, აისელ უმუდოვასა და აიტაჯ ტაპდიგის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათი კლიენტები ბრალს არ აღიარებენ და სისხლის სამართლის საქმეს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებენ.
აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი, წინასწარი შეთქმულების გზით ჯგუფური კოტრაბანდის შესახებ, რომლითაც ჟურნალისტები არიან ბრალდებული, თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ითვალისწინებს.
აზერბაიჯანში ათობით ჟურნალისტია დაკავებული. უმეტეს შემთხვევაში ყველას ბრალად ედებოდა კონტრაბანდა. მხოლოდ პოპულარული ონლაინ გამოცემის Abzas Media-ს შემთხვევაში, 2023 წლის ნოემბრის შემდეგ დააკავეს მისი თითქმის ყველა თანამშრომელი, მათ შორის, დირექტორი და მთავარი რედაქტორი, ასევე რამდენიმე ექსპერტი და უფლებადამცველი.
2024 წლის 6 დეკემბერი, 22.00 საათი
აზერბაიჯანული ონლაინ გამოცემა Meydan TV 6 დეკემბერს იტყობინება, რომ ბაქოში მისი ექვსი თანამშრომელი დააკავეს. რამდენიმე მათგანის სახლები გაჩხრიკეს. დაკავების მიზეზი აზერბაიჯანში უცხოური ვალუტის უკანონო შემოტანა გახდა. აღნიშული ფაქტი Meydan TV-მ გააპროტესტა.
Meydan TV-ის განცხადება
„დაახლოებით 13:00 საათზე Meydan TV-ის ზოგიერთ თანამშრომელთან კონტაქტი დაიკარგა. შემდეგ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტები გადაიყვანეს ბაქოს ქალაქის პოლიციის სამმართველოში:
- აინურ განბაროვა
- აიტაკ ახმედოვა
- ხაიალა აგაევა
- ნათიგ ჯავადლი
- აისელ უმუდოვა
- რამინ ჯაბრაილზადე (თავისუფალი ჟურნალისტი)
ზოგიერთი მათგანის სახლები გაჩხრეკეს. მათ აღჭურვილობა და პირადი ნივთები ჩამოართვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტი რამინ ჯაბრაილზადე (დეკო) პოლიციამ ქვეყანაში უცხოური ვალუტის უკანონო შემოტანასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავა. გამოძიების ფარგლებში კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული.
ტელეკომპანია Meydan TV-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ჟურნალისტების დაკავება და დაკითხვა უკანონოა და ყველა ბრალდებას უარყოფს.
ჩვენი საქმიანობის დაწყებიდან ჩვენს ჟურნალისტებს აკავებდნენ, ავიწროებდნენ არა მხოლოდ მათ, არამედ – მათ ოჯახებს. მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ზეწოლასა და მუქარას. ჩვენთან მომუშავე ჟურნალისტებს უკანონოდ აეკრძალათ ქვეყნიდან გასვლა.
ჩვენი ვებგვერდი 2017 წლიდან ოფიციალურად დაბლოკილია აზერბაიჯანში. არხის სოციალური მედიის ანგარიშებზე არაერთხელ განხორციელდა კიბერშეტევები, წაიშალა ინფორმაცია და მასალები.
Meydan TV დაარსების დღიდან ცდილობს სათანადოდ გააშუქოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, მოქალაქეების პრობლემები, მათი საჩივრები და მიმართვები. მედიასაშუალების მიზანია ქვეყანაში დამოუკიდებელი და ალტერნატიული მედიის შექმნა და ხალხის ინფორმირება. ზეწოლა და ბრალდებები, რომლებიც ჩვენი შექმნიდან მოყოლებული გვაქვს, უსაფუძვლოა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ გავაგრძელებთ ჟურნალისტურ საქმიანობას.
წყარო:jamnews