მოლაპარაკებების გახსნით შანტაჟი უნდა დასრულდეს, კეთილი ინებონ, თუ უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოვაწერ ხელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველ გუნდს შეეძლო, ბრიფინგზე ეთქვა, რომ უარს ამბობს ოთხი წლის განმავლობაში მოლაპარაკებების გახსნაზე, თუმცა ეს არ უთქვამს.
„ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი მხრივ დღის წესრიგიდან ვხსნით ამ საკითხს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ამდენი ხნის განმავლობაში, ორი წელი კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის. კატასტროფა იყო, რაც ხდებოდა ჩვენი ქვეყნის თავზე, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა სიმშვიდე ქვეყანაში. უკრაინაში ომის დაწყების დროს. სწორედ იმ დროს დაიწყეს ჩვენი ქვეყნის დაშანტაჟება კანდიდატის სტატუსით და ეს გაგრძელდა თითქმის ორი წელი. 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის დეკემბრამდე გვაშანტაჟებდნენ კანდიდატის სტატუსით. შემდეგ გაცვდა ეს შანტაჟის ინსტრუმენტი, მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი და დაიწყეს შანტაჟი უკვე მოლაპარაკებების გახსნით. ეს ყველაფერი გრძელდება უკვე სამი წელი და არის ხელოვნური ინსტრუმენტი, რითაც ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას, პოლარიზაციის გაღვივებას, რადიკალიზმის გაღვივებას. ეს ხომ უნდა დასრულდეს. ამიტომ ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს, დასრულდეს შანტაჟი ამ ყველაფრით, კეთილი ინებონ, თუ უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოვაწერ ხელს. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, ჩვენი მხრიდან, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ეს საკითხი არ დადგება დღის წესრიგში იმისთვის, რომ არავის დავუტოვოთ შანტაჟის ინსტრუმენტი.
ევროკავშირის ელჩი პირდაპირ, უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი პარტიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვას, რა იგულისხმება დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმაში იმ შემთხვევაში, თუ ქცევის ცვლილება არ იქნება ელჩის მხრიდან, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ პირველი დიპლომატიური რეაქცია, რაც შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას, არის საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის დაბარება.
„პირველ რიგში, საუბარია ასეთ ნაბიჯზე, რაც უნდა გადაიდგას, თუ ჩვენ არ ვიხილავთ ქცევის ცვლილებას. ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებოდით ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმას. მათ შორის, ასეთი მარტივი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმას, თუმცა არ შეწყდა დღემდე ჩვენი ქვეყნის შანტაჟი და არ შეწყდა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ ევროკავშირის ელჩი პირდაპირ, უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი პარტიის წინააღმდეგ. ის აცხადებდა, რომ თუ რადიკალები, ადამიანები, რომლებიც გამოირჩეოდნენ მკვლელობით, წამებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით, ომით და ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დაკარგვით, თუ ეს ადამიანები არ დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში, შეჩერებული იყო ქვეყნის ევროინტეგრაცია. ამას აცხადებდა ევროკავშირის ელჩი. მაშინ, რა თქმა უნდა, თავს ვიკავებდით, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. თუ ჩვენ არ ვიხილავთ ქცევის ცვლილებას, რა თქმა უნდა, მოგვიწევს კონკრეტული დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.