ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში და გვაქვს ამბიციური ამოცანა შემდეგი 4 წლისთვის, გვინდა, რომ 2028 წლისთვის 36 ათას დოლარს გადააჭარბოს ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის ეკონომიკამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2012 წელს ეკონომიკა იყო უმძიმეს მდგომარეობაში, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო მხოლოდ 28 მილიარდ ლარზე ნაკლები და 2020 წლისთვის კი, 50 მილიარდ ლარამდე გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა.

„ეკონომიკა არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორიც. ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. გახსოვთ, რა ვითარება დაგვხვდა 2012 წელს, ეკონომიკა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი იყო მხოლოდ 28 მილიარდ ლარზე ნაკლები და 2020 წლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ ორი  რეგიონული, გლობალური კრიზისი, მოვახერხეთ და 28 მილიარდი ლარიდან, 2020 წლისთვის 50 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა. ბოლო 4 წელიწადი განსაკუთრებით წარმატებული იყო ამ თვალსაზრისით. მხოლოდ ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 2021 წლიდან მოყოლებული, ჩვენ მოვახერხეთ და ეკონომიკა გავზარდეთ. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი გავზარდეთ 40 მილიარდი ლარით, 50 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე, რაც არის ძალიან დიდი მიღწევა. სამომავლოდაც შემდეგი ოთხი წლისთვის, ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, გვინდა, 130 მილიარდ ლარს გადააჭარბოს ქვეყნის ეკონომიკამ, ანუ დამატებით სულ მცირე 40 მილიარდი ლარით უნდა გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკა, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა და მიზნის შესრულებაზე ქართული საზოგადოების წინაშე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემები უკავშირდება მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით ეკონომიკის დაანგარიშებას.

„ჩვენ ძალიან მძიმე ვითარება გვქონდა ასევე 2012 წელს. დაახლოებით 10 000 დოლარს შეადგენდა ჩვენი ეკონომიკა მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით ერთ სულ მოსახლეზე 2012 წლისთვის და ქვეყნების ასეულშიც კი არ ვიყავით ამ მაჩვენებლით. ჩვენ გადავინაცვლეთ უკვე 77-ე ადგილზე წლევანდელი მონაცემებით, რაც ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ ჩვენი ეკონომიკა იზრდება, არამედ ჩვენ იმაზე ბევრად სწრაფად ვიზრდებით, ვიდრე სხვა ქვეყნები. 25 ათას დოლარს გადააჭარბებს წელს ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი პარიტეტის უნარის მიხედვით. აქაც გვაქვს ამბიციური ამოცანა შემდეგი 4 წლისთვის, გვინდა, რომ 2028 წლისთვის 36 ათას დოლარს გადააჭარბოს ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის ეკონომიკამ. 

ძალიან საინტერესოა შედარება სხვა ქვეყნებთან. 2012 წლისთვის ჩვენ საფრანგეთი გვისწრებდა 4-ჯერ მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით. მშპ-თი იანგარიშება თუ რამდენად დიდია სხვაობა მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობებს შორის სხვადასხვა ქვეყანაში. ამ კუთხით ოთხმაგი იყო სხვაობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის, ანუ ფრანგები ცხოვრობდნენ 4-ჯერ უფრო უკეთესად, ვიდრე ქართველები 2012 წელს. ეს სხვაობა არის არსებითად შემცირებული და სხვაობა არის მხოლოდ 2,5. 2028 წლისთვის ორმაგიც კი არ იქნება სხვაობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ ეკონომიკას ვზრდით, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც გვაქვს ძალიან სწრაფი ზრდა და იმაზე სწრაფი ზრდა, ვიდრე აქვთ სხვა სახელმწიფოებს. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ თანდათანობით დავეწიოთ წამყვან, ყველაზე განვითარებულ ეკონომიკებსაც კი. ეს არის ჩვენი ამოცანა და მთავარია, შევინარჩუნოთ ის ტემპი, რომელიც გვაქვს აღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება სიღარიბის შემცირებაზე და მმართველ გუნდს აქვს ძალიან ამბიციური მიზნები ამ მიმართულებით, არსებული პოზიტიური ტენდენციების გათვალისწინებით.

 

„ეკონომიკური ზრდა, ბუნებრივია, პირდაპირ აისახება სიღარიბის შემცირებაზე. აქაც გვაქვს ამბიციური მიზნები. საქართველოში 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს. გახსოვთ, მათ ტელევიზიებში როგორ იყო წარმოჩენილი რეალობა, იყო ვირტუალური სინამდვილე, რეალურად კი ხდებოდა ეს - 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, 30 % იყო სიღარიბე საქართველოში 2012 წელს.

2023 წლის მონაცემებით, სიღარიბე  უკვე შემცირდა 11.8%-მდე, შესაბამისად, დღეს, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს 440 000 ადამიანი. პროგრესი არის ძალიან დიდი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს ჩვენ არც დამშვიდების და არც მოდუნების საშუალებას, იმ პირობებში, როდესაც 440 000 ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერც ბედნიერი და ვერც დამშვიდებული ვიქნებით. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა არის, ბუნებრივია, სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში. ამ კუთხით, როგორც უკვე აღინიშნა გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები და ჩვენი ამოცანაა, რომ 2028 წელს სიღარიბე ჩამოცდეს 4 %-ს. ანუ, 300 000 ადამიანი, ჩვენი პროგრამის შესაბამისად, დააღწევს თავს სიღარიბეს და ეს მიზანიც აბსოლუტურად შესრულებადია,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში 1,5 მილიარდი ლარი ჩაიდება ბიუჯეტში ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებისთვის და მხოლოდ ამ ინიციატივების ფარგლებში 70 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს. ამოქმედდება სპეციალური საგადასახადო შეღავათები ამ სფეროში, 160 ახალი სტარტაპის მომზადება და დაფინანსება არის გათვალისწინებული ყოველწლიურად, 12 ათასი მსმენელის გადამზადება, ხელოვნური ინტელექტი, ფაგები, აგროტექნოლოგიები, ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული ინვესტიციები განხორციელდება. ჩვენ უკვე გავაკეთეთ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტის პრეზენტაცია, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია ჩვენი ქვეყნისა და ქალაქ ქუთაისისთვის და ამ პროექტის განხორციელებაც უზრუნველყოფს არაერთი მიმართულებით პროგრესს, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილის შექმნას, ხელს შეუწყობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების განვითარებას და ამ პროექტის განხორციელებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 2028 წლისთვის,  პროგრამის მიხედვით, 4 %-ს ჩამოცდება უმუშევრობა საქართველოში, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით უსწრებს, არის გაიანა, რომელმაც ნავთობი აღმოაჩინა ქვეყნის ტერიტორიაზე.

 

„ჩვენ ნავთობის გარეშეც ვახერხებთ იმავეს, რასაც ეს ქვეყანა ახერხებს ნავთობის აღმოჩენის პირობებში. რაც შეეხება ქვეყნის ბიუჯეტს, ქვეყნის ბიუჯეტიც გაიზრდება შესაბამისად. ჩვენ დაგვხვდა მხოლოდ 8.5 მლრდ ლარი ბიუჯეტი 2012 წელს, ანუ ამ კუთხითაც იყო უმძიმესი ვითარება. ჩვენ უკვე მოვახერხეთ და წელს, დაახლოებით, 28 მლრდ ლარს შეადგენს უკვე ბიუჯეტი და ჩვენი ამოცანაა, რომ 2028 წელს ბიუჯეტმა შეადგინოს 40 მლრდ ლარზე მეტი, ესეც რეალისტური ამოცანაა და ამაზეც ვართ პასუხისმგებლები საზოგადოების წინაშე,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება დაუთმო ქვეყანაში უმუშევრობის დონეს და აღნიშნა, რომ 2028 წლისთვის, 4 %-ს ჩამოცდება უმუშევრობა საქართველოში, რაც არის ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი.

 

„რაც შეეხება უმუშევრობას - რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს გადათარგმნილი, პირველ რიგში, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში და აქ ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი არის დასაქმება, უმუშევრობა. უმუშევრობა იყო 26.7 % 2012 წელს, ჩვენ უკვე მოვახერხეთ და გავანახევრეთ უმუშევრობა ამ წლების განმავლობაში საქართველოში, 14 %-ზე ნაკლებია დღეს უმუშევრობა ქვეყანაში. 2028 წლისთვის, ჩვენი პროგრამის მიხედვით, 4 %-ს ჩამოცდება უმუშევრობა საქართველოში, რაც არის ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი. ეს ამოცანაც არის რეალისტური, 4 წლის თავზე, ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც ჩავაბარებთ ანგარიშს საზოგადოებას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებზე და აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტორების მზარდი ნაკადია, რასაც ხელშეწყობა სჭირდება.

„ტურიზმი ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ბუნებრივია, სააეროპორტო ინფრასტრუქტურა უნდა დაეწიოს ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ოთხი მილიონიდან 18 მილიონამდე გაიზრდება მგზავრთნაკადი მას შემდეგ, რაც აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში. ამ მეგაპროექტის განხორციელება სათანადო ვადებში იქნება უზრუნველყოფილი. ასევე, დაწყებულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება. დღევანდელი მგზავრთნაკადი 1,7 მილიონი ადამიანია და დაგეგმილია 5 მილიონამდე რესურსების გაზრდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება 2030 წლისთვის დასრულდება.

„აქ საუბარია როგორც ელექტროენერგიის ტრანზიტზე, ასევე ინტერნეტის ტრანზიტზე. ჩვენ გვექნება ელექტროენერგიის პირდაპირ ტრანსპორტირების საშუალება მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებში, მას შემდეგ, რაც დასრულდება ეს პროექტი. პროექტი ხორციელდება პარტნიორებთან ერთად, მათ შორის არის ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყანა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, 2029 წელი არის მაქსიმალური ვადა, როდესაც  შევძლებთ ანაკლიის პორტში 600 ათასი კონტეინერის მიღებას წელიწადში.

„იმედი გვაქვს, 2028 წლისთვისაც დასრულდება ეს პროექტი, თუმცა 2029 წელი არის მაქსიმალური ვადა პროექტის დასრულებისთვის და ამ დროისთვის ჩვენ უკვე შევძლებთ 600 ათასი კონტეინერის მიღებას წელიწადში და მხოლოდ პირველი ფაზის ფარგლებში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ბელგიური კომპანია უკვე აწარმოებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და  ეს სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შეფასებით, ეს პროექტი ხელს შეუწყობს უამრავი ადამიანის დასაქმებას, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას და იის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ასევე მალე დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი.

მისი თქმით, ტურიზმიდან შემოსავლები 2012 წელს იყო 1,4 მილიარდი დოლარი და 4,5 მილიარდ დოლარამდე იზრდება წელს და 2028 წლისთვის მთავრობის მიზანია, ტურიზმიდან შემოსავლები 6,4 დოლარამდე გაიზარდოს.

„ესეც აბსოლუტურად მიღწევადი მიზანია. რაც შეეხება სასტუმროებს, 2012 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა მხოლოდ 777 განთავსების ობიექტი 23 ათასი ადგილით. წელს უკვე გვექნება 2363 განთავსების ობიექტი, სასტუმრო 108 ათასი ადგილით. ხედავთ, რამდენად დიდია პროგრესი, დაახლოებით 4,5-ჯერ არის გაზრდილი განთავსების ადგილების რაოდენობა ქვეყანაში. 2028 წლისთვის გვექნება 2680 სასტუმრო 142 ათასზე მეტი ადგილით. ესეც აბსოლუტურად რეალური მიზანია. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.