17 თებერვალს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ილსკის რაიონში, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს.

რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, უკრაინული დრონებით შეტევა იყო სწორედ ამ ქარხანაზე, რომლის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა დაადასტურა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ილსკის რაიონზე, თუმცა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ უხსენებია. გუბერნატორის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, დრონების ნამსხვრევებმა დააზიანა 12 სახლი, დაშავდა ერთი ადამიანი.

2024 წელს და 2025 წლის დასაწყისშიც უკრაინის თავდაცვის ძალებმა კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, მათ შორის ილსკის საწარმოს, უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთხელ შეუტიეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 17 თებერვალს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 90 უკრაინული დრონი, მათგან 38 - აზოვის ზღვის თავზე, 24 - კრასნოდარის მხარეში, 15 - ყირიმში, 7 - შავი ზღვის თავზე, 2-2 - კურსკის და როსტოვის ოლქებში და 1-1 - ბრიანსკსა და ბელგოროდში.

დამოუკიდებელი წყაროებით ეს მონაცემები გადამოწმებული არ არის.

რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.