ბილ გეიტსი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმე და ბიზნესმენია, რომლის ქონების შეფასება $165 მილიარდს შეადგენს, მის მიერ დაფუძნებული Microsoft-ის კაპიტალიზაცია კი $3 ტრილიონის ფარგლებშია, რაც სახელმწიფოების უმეტესობის მშპ-ის მოცულობას აღემატება.
გეიტსის წარმატება ტექნოლოგიურ ინდუსტრიას, განსაკუთრებით პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებას უკავშირდება და შეიძლება ითქვას, ამ საქმეში მას ბადალი არ ჰყავს, თუმცა უკვე დიდი ხანია, რაც გეიტსი Microsoft-ს ჩამოშორდა და ახალი მიმართულებით დაინტერესდა, რაც მდგრადი ენერგიის წყაროების განვითარებას უკავშირდება. წლების განმავლობაში, მწვანე ენერგიის მხარდაჭერისათვის ბილ და მელინდა გეიტსების საქველმოქმედო ფონდს არაერთი პროექტი დაუფინანსებია, თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოოდ, ამერიკელმა ინოვატორმა გლობალური ენერგეტიკული პრობლემის გადაჭრა თავად გადაწყვიტა და ამ მიზნით კომპანია TerraPower დააფუძნა.
TerraPower-ის საქმიანობა ულტრა-თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ბირთვული სადგურების შექმნას და მწვანე ენერგიის განვითარებას მოიცავს. ის ტექნოლოგია, რომელზედაც TerraPower-ის გუნდი მუშაობს, იმდენად ახალი და კომპლექსურია, რომ მის დასამტკიცებლად და შესაფასებლად აშშ-ში ჯერ რეგულაციებიც კი არ არსებობს, ანუ კანონმდებლებს გეიტსის სტარტაპთან დაწევა მოუწევთ. მარტივად რომ ვთქვათ, კომპანია მცირე ზომის ბირთვულ რეაქტორებს ქმნის, რომელთა დაკვეთა, დაფინანსება და მოხმარება კერძო კომპანიებს შეუძლიათ. ძირითადი პარადიგმული ცვლილება აქ სწორედ კერძო სექტორის ჩართულობას უკავშირდება, რადგან ბირთვულ სადგურებს, როგორც წესი, სახელმწიფოები აშენებდნენ, რაც ამ პროექტების მასშტაბებით და სირთულეებით იყო განპირობებული. გეიტსი და მისი თანამოაზრეები კი ფიქრობენ, რომ ენერგეტიკული პრობლემის გადაჭრა ბირთვული სადგურების ზომის შემცირებას და მათ განვითარებაში კერძო სექტორის ჩართვას შეუძლია, რადგან კერძო სექტორი, როგორც წესი, ყველაფერს უფრო იაფად, სწრაფად და ხარისხიანად ქმნის, ვიდრე ქვეყნის მთავრობა.
ცოტა ხნის წინ, TerraPower-მა და Sabey Data Centers-მა, თანამშრომლობა დაიწყეს, რაც მონაცემთა ცენტრების გამოსაკვებად საჭირო ბირთვული სადგურების მშენებლობას მოიცავს. სწორედ Data-ცენტრებია ის მიმართულება, რომელსაც, ამ ეტაპზე, გეიტსის კომპანია უმიზნებს, რადგან ამისათვის არაერთი მიზეზი არსებობს, მთავარი კი ტექნოლოგიური გიგანტების გააქტიურებაა.
ხელოვნური ინტელექტის მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები საკუთარი ბირთვული სადგურების მშენებლობას იწყებენ. Google-ის, Microsoft-ისა და Amazon-ის შემდეგ, ანალოგიური გადაწყვეტილება მარკ ცუკერბერგის Meta-მ მიიღო, რომელიც საჯარო ტენდერს აცხადებს და დეველოპერულ კომპანიებს ბირთვული სადგურების მშენებლობის კონტრაქტს სთავაზობს, თანაც რეკორდულად სწრაფ ტემპში.
შესაძლოა გაჩნდეს შეკითხვა, თუ რატომ მაინცდამაინც ბირთვული ენერგია? - პასუხი მარტივია, Data-ცენტრების მოსამარაგებლად და ტექნოლოგიური გიგანტების ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო მზის პანელების განთავსება კოლოსალურ ხარჯებთან და ლოგისტიკურ გამოწვევებთანაა დაკავშირებული; ჰეს-ების აშენება კი ზედმეტად რთულია და გამომუშავებული სიმძლავრის შედარება ბირთვულ ენერგიასთან უბრალოდ შეუძლებელია, ამიტომ ატომის გახლეჩა დამშეული AI-ის გამოსაკვებად საუკეთესო გზად რჩება. თანაც, ხელოვნური ინტელექტის ენერგომოხმარება ისეთი ტემპით იზრდება, რომ მის დასაკმაყოფილებლად ამჟამად არსებული ინფრასტრუქტურა საკმარისი ვერ იქნება, ამიტომ საქმეში ენერგიის ყველაზე ეფექტიანი წყაროს ჩართვაა საჭირო, რომელიც სწორედ ბირთვული რეაქტორია.
ზოგადად, ბირთვული სადგური ენერგიას ატომების გახლეჩის გზით გამოიმუშავებს, გამოყოფილი სითბო წყალს ორთქლად გარდაქმნის, რომელიც, თავის მხრივ, გენერატორების ტურბინებს ამუშავებს. ერთი შეხედვით, აღნიშნული პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და რთული წარმოსადგენია, ის ყველაზე ეფექტიანი იყოს, თუმცა თუ საწვავის მოხმარებას და გამომუშავებულ ენერგიას შევადარებთ, შემდეგ სურათს დავინახავთ: ბირთვული სადგური 100-ჯერ უფრო ენერგოეფექტიანია, ვიდრე თბოელექტროსადგური.
წმინდად ტექნიკური თვალსაზრისით, ბირთვული ენერგია არ არის სრულად განახლებადი, რადგან თავად ურანი ამოწურვადი რესურსია, მისი უსასრულოდ გამოყენება კი შეუძლებელია, მზის, ქარისა თუ წყლისგან განსხვავებით. მიუხედავად ამისა, მაღალი ენერგოეფექტიანობის გათვალისწინებით, დედამიწაზე არსებული ურანის მოცულობა იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ კაცობრიობა ენერგიის ამ წყაროს გამოყენებას ასწლეულების განმავლობაში შეძლებს, ტექნოლოგიური პროგრესი კი სადგურების ეფექტიანობის ზრდას გამოიწვევს, ანუ მეგავატი ელექტროენერგიის მისაღებად შედარებით ნაკლები ურანი იქნება საჭირო, ვიდრე ახლა.
საგულისხმოა, რომ ბირთვული ენერგიის არქაულობა სწორედ ტექნოლოგიური პროგრესით, უფრო სწორად, შეფერხებული პროგრესითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, ბირთვული ენერგიის მიმართ ინტერესმა პიკს მსოფლიო მასშტაბით „ატომური ეპოქის” დროს მიაღწია, კერძოდ, 1970-იან წლებში, მაშინ როდესაც მსოფლიო არა მდგრადი ენერგიის განვითარების გლობალურ ინიციატივაში, არამედ ცივ ომში იყო ჩართული. ბირთვული ელექტროსადგურების რეკორდული ტემპით მშენებლობის მიღმა საკმაოდ მარტივი მიზეზი იდგა – ის იძლეოდა როგორც ენერგიის ეფექტიანად გამომუშავების, ისე ურანის გამდიდრების და შემდეგ უკვე მისი დახმარებით ატომური იარაღის შექმნის საშუალებას.
მართალია, ამჟამად ბირთვულ სადგურებს ატომური იარაღის შესაქმნელად ნაკლებად იყენებენ, თუმცა ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებით საზოგადოებაში მაინც რჩება უნდობლობისა და შიშის გრძნობა, რასაც განსაკუთრებით ამწვავებს რამდენიმე ტრაგიკული კატასტროფა, მათ შორის, ჩერნობილისა და ფუკუშიმას ინციდენტები.
ბირთვული ენერგია რომ მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს, დავის საგანი არ არის, რადგან ყველანაირი რისკის ნულამდე დაყვანა - შეუძლებელია. თუმცა ენერგეტიკულ საკითხებზე საუბრისას აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ რისკების ანალიზის კომპლექსური მოდელი, რომელიც ითვალისწინებს არამხოლოდ კონკრეტული პროექტის, არამედ ალტერნატიული წყაროების რისკებს.
ბირთვული კატასტროფა, მართალია, გაცილებით უფრო „სანახაობრივია”, ვიდრე ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურის მუშაობისგან მიღებული ეკოლოგიური ზიანი, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ წიაღისეული საწვავი გარემოს ნომერ პირველი დამბინძურებელია. თბოსადგურის მრავალწლიანი ფუნქციონირება და მის მიერ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ნელი გაფრქვევა, საბოლოო ჯამში, ბუნებას და დედამიწას უფრო დიდ ზიანს აყენებს, ვიდრე ბირთვული ავარია, რომელიც 20-30 წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ დედამიწა დგას არამხოლოდ ენერგორესურსების ამოწურვის რისკის წინაშე, არამედ კლიმატის ცვლილების გარდაუვალობასთანაც…
რეალურად, ბირთვული ენერგიის მთავარი პრობლემა არის არა მისი უსაფრთხოება, არამედ ელექტროსადგურის, რეაქტორისა და სპეციალური სარკოფაგის მშენებლობის ხარჯი. ბირთვული ელექტროსადგურის ასაშენებლად მრავალმილიარდიანი ინვესტიციაა საჭირო, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი დაკვირვებისა და შეფასების ხანგრძლივი პროცესი იწყება, რომელიც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში გრძელდება. მშენებლობის დაწყებიდან ექსპლუატაციაში შესვლამდე საჭირო პერიოდი და ხარჯები ის ორი მთავარი ფაქტორია, რომელთა გამო კერძო ინვესტორები ასეთი ამბიციური პროექტების განხორციელებისგან თავს იკავებენ, თუმცა საქმე როცა ტექნოლოგიურ გიგანტებთან გვაქვს, მაშინ თანხის მოცულობა პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან Microsoft-ს, Meta-ს, Amazon-სა თუ Google-ს ფაქტობრივად ულიმიტო რესურსებთან აქვთ წვდომა, შესაბამისად, ისინი ყველაფერს იზამენ AI-ს გამოსაკვებად, რომელსაც ყოველდღიურად მეტი ენერგია სჭირდება.
წყარო: bm.ge
ავტორი: გიორგი თოლორდავა